მოიგე ომი!

159

გაზაფხულია… და ქუჩაში იასამნის სურნელი ბუდობს…
გაზაფხულია და შენ შიგნით წვიმს, თოვს და ბარდნის…
გაზაფხულია… შენ კი სუსხი გიორთქლავს სუნთქვას…
გაზაფხულია და შენ ისევ… ზამთარში ჩარჩი…

სიყალბის გახდას გაყინული თითებით ცდილობ,
სულში სიწმინდის ჩამოფლეთილ ნაგლეჯებს ეძებ…
როგორ გჭირდება აქ და ახლა ღვთიური სითბო,
შენ კი ღამეულ, არაფრისმთქმელ ზმანებას ენდე…

იცი, რომ არ გაქვს გასაქცევი, სხვა გზა მითია,
იცი, ოდესღაც უკვე დაწვი ძველი ხიდები,
იბრძვი და გტკივა… დაცემულიც იმაზე ფიქრობ,
რომ უფლის ძალას და მის სიტყვას შეეხიდები.

იბრძვი და გტკივა, სულის ოხვრას ვერ იტევს განცდა,
ეცემი, დგები და დაცემის ტკივილზე დარდობ,
ხვდები: ცდებოდი, რომ ამბობდი: არასდროს! არსად!..
და აღსარებას საკუთარ თავს ცრემლებით ანდობ.

ცივი ქარივით დაგივლიან სულში ცრემლები,
გაცრუებული იმედების ჯარი გაშინებს,
ომია გულში, საკუთარ თავს ებრძვი, ეცემი….
და ელოდები, ტკივილი ხელს როდის გაგიშვებს…

გაუშვი ხელი! ტკივილს ხელი თავად გაუშვი,
ომი მოიგე! ძლიერი ხარ უფალში, რადგან…
ის, ვინც არასდროს დაცემულა, ვერასდროს შეძლებს,
წარმოიდგინოს წამოდგომის იმედის ძალა.

არ დაიჯერო, რომ სუსტი ხარ! რომ დამარცხდები,
რადგან მოგებულ ომში იბრძვი, გჯეროდეს უნდა!
გაბედულება არ დაკარგო, ჩასჭიდე ხელი
და თავი გედოს გამუდმებით იესოს გულთან!

იბრძვი და გტკივა, ჩაფრენილხარ იმედს თითებით,
არასდროს დათმო, რაც უფალმა შენ ჯვარზე მოგცა,
და გადაივლის ეს გრიგალიც და ქარიშხლებიც,
ერთ დღეს კი იტყვი, ყველაფერი დამთავრდა, მორჩა!

იცი, რომ არ გაქვს გასაქცევი, სხვა გზა მითია,
იცი, ოდესღაც უკვე დაწვი ძველი ხიდები,
იბრძვი და გტკივა… დაცემულიც იმაზე ფიქრობ,
რომ უფლის ძალას და მის სიტყვას შეეხიდები…

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...