მომიახლოვდი

282

მომიახლოვდი, მოდი, შორს არ ვარ,
გიხმობ სახელით, იცნე ჩემი ხმა,
დიდი ხანია, გელი იმედით,
დიდი ხანია მინდა, რაღაც ვთქვა.

ერთი ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგი,
შენკენ მომავალ ორს მე გადმოვდგამ,
მომიახლოვდი, შორს ნუღარ დგახარ,
ნუღარ იფარავ სახეს ხელებით…

ჩემკენ მომავალ გზას რომ ადგახარ,
ნაბიჯებს ნუღარ ანელებ, მოდი!
ადამიანო, შენ რომ იცოდე,
სასიკეთოა ჩემს სულთან ყოფნა,
ნეტავ იცოდე, მწირო სოფლისა,
შენივე სულის მცველი რომ მე ვარ.

კიდევ გეძახი, ისევ მოგიხმობ,
მანამ ახლოს ვარ, შეძლებ ჩემს პოვნას…
ამდენი ხვეწნის, მუდარის შემდეგ
ხომ ხედავ კიდეც, სულგრძელი რომ ვარ.

რუსუდან შატაკიშვილი

ჩატვირთვა...