ნუ გეშინია, არამედ გწამდეს

457

რატომ გგონია, რომ მიგატოვე,

რახან ტალღების ღელვამ იმატა?

რატომ გგონია, რომ დაგივიწყე,

რახან გულს შენსას დარდი ემატა?

ერთხელ მითხარი: „მეიმედები,

უშიშარი ვარ, უფალო, შენთან.“

ახლა რა მოგდის, რატომ ვერ უძლებ,

მცირე განსაცდელს, დაშვებულს ჩემგან?

„ნუ გეშინია, არამედ გწამდეს!“

მე არ გითხარი? ნუ წახვალ ჩემგან!

არ უკუგაგდე, ბრალი რომ დამდეს,

არ დამიგდიხარ მე არც ჯვარცმისას

და რა გგონია, მამის მარჯვნივ მჯდომს,

ახლა ვიტყოდი მე შენზე უარს?

არც ახლა გტოვებ ჩემ პირისპირ მდგომს.

მშვიდობას ითხოვ? არ გეტყვი უარს.

წყალობას მოგცემ მარად ჩემში მყოფს.

სიცოცხლე გინდა? მოგმადლებ უხვად.

ამის სანაცვლოს ერთ რამეს ვითხოვ:

„ნუ გეშინია, არამედ გწამდეს!“

უძლურ სულს კი არ,

მტკიცე გულს ვითხოვ!

ნუ მიეცემი სასოწარკვეთას,

დაიმახსოვრე: სახელით გიცნობ!

 

რუსუდან შატაკიშვილი

ჩატვირთვა...