საით წავიდე, სად დაგემალო?

126

სად დავემალო მე შენს წმინდა სულს
და სად გავექცე შენს მამობრივ გულს?
ან სად წავიდე, რომ ვეღარ მომწვდეს
შენი მარჯვენა წყალობის მქნელი?
და როგორ შევძლო, რომ ავიცილო
სამსჯავრო შენი, სიმართლის მთქმელი?

ჯერ ართქმულ სიტყვას ჩემსას შენ ისმენ
და ჯერ არნახულს წინასწარ ხედავ,
იკვლევ ჩემს გულს და გონების ფიქრებს,
ხედავ ჩემს გზებს და წონი ჩემს საქმეს.

საოცარია, როგორ შემიცან
და როგორ მიცნობ, ჩემო უფალო,
საკვირველია, მე მას ვერ ვხვდები,
ეს ფრიად ღრმაა ჩემთვის, უკვდავო.

ვიფიქრე, იქნებ ბნელმა დაფაროს
ჩემი საქმე და ჩემი აზრები,
მაგრამ შენ, ღმერთო, ყველგან ანათებ,
წყვდიადსაც ფანტავ, უქრობი ნათელი.

კიდევ ვეცადო? ისევ გავიქცე?
ამაოდ ვდიო ქარს დასაჭერად?

ახლა კი ვიცი, ყველგანმყოფი ხარ,
ყოვლისმცოდნე და ყოვლისმხედველი,
ახლა მე მივხვდი, რომ შენი სული
უხრწნელია და ყოვლისმომცველი.

რუსუდან შატაკიშვილი

ჩატვირთვა...