სიჩუმის ხმა…

159

წუხელ მარტო დავრჩი საკუთარ თავთან და მივხვდი:

თურმე სიჩუმესაც საკუთარი ხმა ჰქონია…

კალენდრის ფურცლებზე წერს თურმე მუსიკას

და უხმოდ დაკვრას იწყებს სიცოცხლის პირველი ნოტიდან…

გამგონმა გაიგოს…

ყური დაუგდე…

ცხოვრება რაღაცით პიანინოს ჰგავს: დაფიქრდი –

პიანო, ფორტე, პიანო, ფორტე,

თუმცა ტაქტი და მელოდია ხშირად არასწორია…

რა მნიშვნელობა აქვს?

არავის ესმის, რომ ირგვლივ დროსა და დუმილს შორის ომია…

სული დამილპა ამდენი წვიმით,

ბილიკს ვეღარ ვხედავ, უფსკრული მგონია…

ღმერთო! როდისღა დავასრულებ უმიზნო ბორიალს,

თვალებით გევედრები, გულით უხმოდ ვკივი:

გამეცი პასუხი კითხვებზე, დავიბენი!

შენამდე თითქოს უსაზღვროდ შორია!

გუშინ დავიბადე,

დღეს უკვე გავიდა სიცოცხლის ნახევარი,

ხვალ იქნებ სუნთქვის ბოლო აკორდია…

ბუნდოვნად ვხედავ დასისხლულ მზერით:

ჩემ წინ გზაა და ეს გზა ორია…

თურმე არჩევანსაც ორი გზა ჰქონია…

სულის ნანგრევებს ცეცხლი წაეკიდა,

ვიხრჩობი: ჩემ ირგვლივ მყრალი ბოლია…

ბილწი დემონები ჩემკენ მოცოცავენ,

სიჩუმე აწივლდა – იწყება აგონია….

დათვლილი წამები მრისხანედ უკრავენ,

ქუხს სიმფონია, მეცხრე სიმფონია…

იწყება აგონია,

იწყება აგონია!!!

ეს აღსასრულია თუ მხოლოდ მე მგონია?

არა, არ შევმცდარვარ,

თურმე სიჩუმესაც თავისი ხმა ჰქონია!

ბოლო წამები სინანულის

ჯარისკაცებივით მწყობრად მოდიან!

უფალო, მოდი აქ!

ხელი ჩამჭიდე!

შენი პატიება, გთხოვ, მეც მაღირსე…

სიჩუმე…

ცხადად ვხედავ თუ მხოლოდ მე მგონია?

ეს ჩემი ცოდვების სირცხვილის ბოძია…

უფალო, ეს სისხლის წვეთები თუ სიმწრის ოფლია?

ჩემთვის დაღვრილი სისხლი და ოფლია…

უფალო! სისხლით შესვრილი შენი ჯვრის წინაშე

ცოდვით დაცემულს,

გატეხილს,

დაშრეტილს,

გოდებით მუხლებზე დაცემა მომინდა…

სიცოცხლით ნაწამები ტკივილით მოვდივარ…

ეს ჩემთვის დაღვრილი სისხლი და ოფლია…

შენი სისხლია…

წუხელ მარტო დავრჩი საკუთარ თავთან და მივხვდი:

უფალო…

შენკენ მოვდიოდი თურმე ოდითგან…

 

05. 09. 2013

ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...