შენი სამარხი ცარიელია

124

სამარხში მყოფი დავეძებ სხეულს
ნატანჯს, ნაფურთხს და სისხლად ქცეულს.
სამარხში მყოფი ვეძებ მის სახეს
ნაცემს, ნაგვემს და ეკლებით ნაჩხვლეტს.

სად არის ქრისტე, ჩემი მკურნალი,
ჯვარს რომ გააკრეს გოლგოთის მთაზე?
სად არის კაცი, ბრალი რომ დასდეს,
ავაზაკივით მალულად გასცეს?

სად არის ის, ვინც სიმართლე თვისი
ღატაკთათვის რომ სიუხვით გასცა?
არ დაინანა სასწაულები,
ხალხთა კურნებით არ დაიქანცა.

ვინც მხოლოდ ერთმა მითხრა: „მიყვარხარ“
და „გეპატია, შვილო, ცოდვები”,
ის, ვინც შეეხო კეთროვან სხეულს
და მომიშუშა ცოდვილს წყლულები.

სამარხში მყოფი დავეძებ სხეულს,
მაგრამ სამარხი ცარიელია…

ო, ღმერთო ჩემო, მხსნელი ყოფილხარ,
მოდი, შემეხე, განკურნე სული!
ო, ღმერთო ჩემო, მეფე ყოფილხარ,
მე შენ წინ ვდგავარ მორჩილი გულით…

ვერ დაგაკავა შენ ვერც ტკივილმა,
ვერც ბნელმა ძალამ და ვერც სიკვდილმა.
ქრისტევ, შენ აღსდექ ჩემი გულისთვის,
რომ კიდევ მითხრა, როგორ გიყვარვარ.

რუსუდან შატაკიშვილი

ჩატვირთვა...