ძე შეცდომილი

205

როცა ცხოვრების შუაგზაზე დაგიღამდება,

როცა სათქმელი ბევრი გაქვს და ხმა არ ამოგდის,

როცა ოცნება გაგიტაცებს, ფრთებს ვერ შეასხამ,

ტირილი გინდა და ცრემლებიც კი არ ჩამოგდის…

როცა ცხოვრების შუაგზაზე დაგიღამდება,

როცა სათქმელი ბევრი გაქვს და არავინ გაცდის,

როცა იცი, რომ ერთხელ ხვალე არ გათენდება,

სული გტკივა და ამ ტკივილში ცხოვრებაც გადის…

რა უცნაური რამ ყოფილა ჩვენი სიცოცხლე,

სასოწარკვეთა ენაცვლება თავდავიწყებას,

რა საჭიროა ჯოჯოხეთი ანდა სამოთხე?!

დედამიწაზე თავად ღმერთიც კი გვავიწყდება…

 

ასე ვფიქრობდი, ვცხოვრობდი ბნელეთში,

ღამე მიჭერდა მტანჯველ მარწუხებს,

მიყვარდა ბნელი, მძულდა ნათელი,

ვერ ვპოულობდი სულის პასუხებს.

ღამე გადაიქცა ჩემთვის თავშესაფრად,

მეგონა ვუშველიდი სულის სიმარტოვეს,

კვამლში გახვეული ვსვამდი აისამდე…

ბოლოს მეგობრებმაც მიმატოვეს…

დღე გაილევა ასეთ ფიქრში და ასეთ დარდში,

დაღამდება და ჩემს სიხარულს არ აქვს საზღვარი,

ყოველ დღეს მოაქვს ტანჯვა, წამება, მსხვერპლი,

ღამე კი ნატვრას და ოცნებას არ აქვს სამანი.

რა დამრჩენია იმის ნაცვლად, ღამე მიყვარდეს

და ხეტიალი წვიმისფერი ღრუბლების მარშში,

თუ ვერ ამოვხსნი ქვეყნად მოსვლის დიდ საიდუმლოს,

მაშ, რაღა მინდა სამყაროში, რა მინდა მაშინ?!

დავკარგე თავი, თითქოს სამყაროს აღარ ჰქონდა ადგილი ჩემთვის,

სულის ტკივილი სიცარიელეს მიასმაგებდა,

და გადავწყვიტე, დავასრულებ ქვეყნად სიცოცხლეს…

და სწორედ მაშინ უზენაესმა ხელი ჩამჭიდა…

 

ჩვენ გვინდა ჩავწვდეთ მიუწვდომელ ღვთის საიდუმლოს,

რადგან კაცნი ვართ ჯიუტნი და შეუპოვრები,

სულში დაგროვილ შეკითხვებზე დავეძებთ პასუხს

და პასუხია: უფალია შეუცნობელი!!!

 

ერთ დღეს დავიბადე ღვთის ოჯახში,

იმ დღეს მეც დამერქვა უფლის შვილი,

იმ დღეს სიბნელეზე გავიმარჯვე,

იმ დღეს ანგელოზებს ჰქონდათ ლხინი.

იმ დღეს ყველა ცოდვა მეპატია,

იმ დღეს ჯვარზე ვაცვი ძველი კაცი,

იმ დღეს ბორკილები დავამსხვრიე,

იმ დღეს მე ვიწამე ქრისტეს ჯვარი.

იმ დღეს გაცვლა მოხდა ქრისტეს ჯვარზე,

და მე გავმართლდი და აღვდექი მკვდრეთით,

ყველა სირცხვილი ჩამომშორდა მე სამუდამოდ,

წმინდა გამხადა საუკუნოდ მან ერთი მსხვერპლით.

 

ედემის ბაღში ცოდვისათვის მიყიდულ მონას,

მქონდა პატივი, რომ მიმეღო ღმერთის შვილობა,

უღირსი ვიყავ და უფალმა ღირსად ჩამთვალა,

რომ მომცემოდა შვილობაც და მემკვიდრეობაც…

დრო გადიოდა, მე უდარდელად ვცხოვრობდი მადლში,

ვერც ვიგრძენ, გულში სიამაყე შემომეპარა,

ყურთან ჩურჩულებს ლუციფერი გესლიან სიტყვებს:

“უზენაესმა მართლა გითხრა, როგორ უყვარხარ?!”

მეგონა, ევა იყო ერთი უჭკუო ქალი,

რომ მე ამგვარად არასოდეს მოვტყუვდებოდი,

მაგრამ ჩემს გულშიც გათამაშდა ძველი სცენარი,

ეჭვი მიპყრობდა და მეც ევას ვემსგავსებოდი…

უიარაღო ეშმაკს თვითონ მივეც ადგილი,

მეჩვენებოდა, თითქოს უფალს აღარ ვუყვარდი,

ან ჩემი და-ძმა უფრო მეტად აკურთხა რამით,

ბრაზი მიპყრობდა და შურისგან ვეღარ ვსუნთქავდი..

დღე დღეს მისდევდა, ეშმაკი კი არ ჩუმდებოდა,

გული ნელ-ნელა ივსებოდა ბრაზით, ამბოხით,

ვეღარ იტევდა წვეთწვეთობით დაგროვილ ბოღმას

და მეც ვუძღვენი გამცემივით უფალს ამბორი….

მეგონა, თუკი წავიდოდი მამის სახლიდან,

თუ მოვითხოვდი ჩემს კუთვნილ წილ მემკვიდრეობას,

ქვეყნიერება მიმიღებდა ხელებგაშლილი

და ვიპოვიდი სამუდამო ბედნიერებას.

 

ქვეყნიერებამ სიხარულით ჩამიკრა გულში,

ის მთავაზობდა უსასრულო თავისუფლებას,

არც მსახურება, არც მოთმენა, არამედ ეგო,

მხოლოდ მეობა, გართობა და სიამოვნება.

 

მე გვიან მივხვდი, რომ ეს იყო ეშმაკის ხრიკი,

თავისუფლების აბრის მიღმა ტყვეობა იდგა,

იგი ნელ-ნელა მახვევდა მე ცოდვის ბადეში

და ჩემში მყოფი ძველი კაცი ძალას იკრებდა.

კიდევ ცოტაც და სადღა იყო თავისუფალი?!

ჩემი სხეული გადაიქცა ცოდვის სხეულად,

მარიონეტად გადავიქეც ეშმაკის ხელში,

ისევ დამტოვეს მეგობრებმა, ვიქეც ეულად…

დატყვევებული მოგონებებს ვეფერებოდი,

მახსენდებოდა მამის სახლი და სიყვარული,

მე მონად ვიქეც, როცა უფლის ვიყავი შვილი,

ვნანობდი, რადგან უარვყავი მე მისი გული…

 

თავიდან მთელი ძალით ვებრძოდი სირცხვილს,

გაუსაძლისი გახდა ჩემი უაზრო ყოფა,

მცემდნენ, მათრევდნენ დემონები დღისით და ღამით,

და გადავწყვიტე, ყველაფერი დამთავრდა, მორჩა.

 

…მამაო ჩემო, რომელი ხარ ცათა შინა,

წმინდა იყოს უკუნისამდე სახელი შენი,

ძე შეცდომილი გადაღლილი ვბრუნდები შინა,

გამომიწოდე მადლიანი, წყალობის ხელი..

უიმედობა თან დამდევდა უცხო მხარეში,

სირცხვილი მკლავდა, ფეხს ვითრევდი დაბრუნებისას,

უკან მომდევდა ჯოჯოხეთის მწველი ალმური,

და გამოვიქეც ცოდვისგან და სიმარტოვისგან…

მამაო, კარი გამიღე, შენი მსახური ვიქნები,

ეს მე ვარ, თვალს ვერ გისწორებ,

შენ წინ ცრემლებად ვიღვრები…

 

მამაო ჩემო, შენ წინაშე ვდგავარ მუხლმოყრით,

ცოდვებით სავსე პატიებას მოველი შენგან,

ბევრჯერ გატკინე გული, ჩემი შენთან ურჩობოთ,

მოვედი, რათა “მაპატიე” ათასჯერ მეთქვა…

 

მეგონა, რისხვას დამატეხდა უფალი თავზე

გამახსენებდა სათითაოდ, ჩადენილ ცოდვას,

მაგრამ მე თურმე მის მამობრივ გულს არ ვიცნობდი

და მის შესახებ გაგონილი ყურმოკვრით მქონდა.

დასჯის მაგიერ თვალებიდან მომწმინდა ცრემლი,

და მივხვდი, მთელი ეს დრო როგორ მელოდა,

ჩამკიდა ხელი, სიყვარულით ჩამიკრა გულში,

ვგრძნობდი, ზეცაში ანგელოზთა გუნდი გალობდა.

ის არის მამა, ვინც წამოვა შენ მოსაძებნად,

მწყემსი, რომელიც ერთი ცხვრისთვის თავსაც გადადებს

და გაგრძნობინებს, რომ შენ მისთვის არ ხარ სულ ერთი

და კვერთხის ნაცვლად, ის სამყაროს რწმენით განაგებს.

დატოვებს ზეცას, გამოჰყვება ვიწრო ბილიკებს,

ის არ დაგტოვებს, ყველამ ერთად რომც მიგატოვოს,

ის არ მოძებნის შენს ნაკლსა და დაცემის ადგილს,

მას მიზეზები არ სჭირდება, რომ გაგამართლოს.

არ მიგატოვებს, ხელს ჩაგჭიდებს, რადგან უყვარხარ,

რადგან იესო შენთვის ევნო გოლგოთის მთაზე,

ის არ დაგტოვებს, არასოდეს, შენც რომ დატოვო,

ის არ დაგითვლის, თუ რამდენჯერ დაეცი გზაზე…

ის არის მამა, მწყალობელი უკუნისამდე,

არ მიგატოვებს, არ დაგტოვებს ამქვეყნად ობლად,

თვალყურს ადევნებს თავის აღთქმებს ერთგული ღმერთი,

ის ევლინება ტვირთდამაშვრალს შემწედ, მწყალობლად.

ის არ დაგტოვებს, ყველამ ერთად რომც მიგატოვოს,

ის არ მოძებნის შენს ნაკლსა და დაცემის ადგილს,

ის კართან დგას და ელოდება, როდის გაუღებ,

ის უფალია! ის მეფეა! მამაა! ამინ!!!

 

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...