კრავი (საშობაო მოთხრობა)

307

ერთხელ, ერთ მზიან ველზე ცხოვრობდა პატარა კრავი, სახელად ჯოშუა. მას ჰქონდა შავი ფეხები, თეთრი მატყლი შავი კოპლებით და… სევდიანი თვალები. ჯოში მაშინ მოიწყენდა ხოლმე, როცა დაინახავდა სხვა კრავებს თოვლივით თეთრი მატყლით, რაიმე კოპლების გარეშე და მაშინ, როცა ხედავდა მათ მშობლებთან ერთად – რადგან თავად ობოლი იყო.

ყველაზე მეტად ჯოშუა მაშინ ნაღვლიანდებოდა, როცა ხედავდა, თუ როგორ დარბოდნენ და დახტოდნენ კრავები – რადგან თავად არ შეეძლო ამის კეთება. დაბადებიდან მას ერთი ფეხი დაზიანებული ჰქონდა და იგი კოჭლობდა.

ალბათ ამიტომაც, ყოველთვის აკვირდებოდა, როგორ დარბოდნენ და თამაშობდნენ სხვა კრავები. იგი მოწყენილი იყო და მარტოდ გრძნობდა თავს. ერთადერთი, ვისთანაც თავს კარგად გრძნობდა, ეს იყო აბიგაილი.

აბიგაილი იყო ჯოშის საუკეთესო მეგობარი. იგი ნაკლებად ჰგავდა კრავის მეგობარს. ეს იყო მოხუცი, ჭრელი ძროხა. მისი თეთრი ტყავი დაფარული იყო დიდი შავი ლაქებით, რომლებიც წვიმის შემდეგ წარმოქმნილ ტლაპოებს ჰგავდა. მუცელი კასრივით მრგვალი ჰქონდა, ხოლო ხმა კი რბილი და კეთილი.

ჯოშს ყველაზე მეტად აბიგაილთან მოსწონდა დროის გატარება. ისინი მრავალ საათს ატარებდნენ გორაზე ველის თვალიერებით; მაგრამ ჯოშუას განსაკუთრებით უყვარდა იმის მოსმენა, თუ როგორ უყვებოდა მას აბიგაილი ვარსკვლავებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი კარგი მეგობრები იყვნენ, აბიგაილის მსგავს მეგობართანაც კი, ჯოში ზოგჯერ მოწყენილი იყო. იგი დანაღვლიანდებოდა ხოლმე, რადგან ერთადერთი კრავი იყო, რომელსაც არ შეეძლო სირბილი, ხტუნვა და ბალახზე თამაში.

ასეთ წუთებში აბიგაილი მას მიუბრუნდებოდა და ეუბნებოდა: „ნუ მოიწყენ, პატარა ჯოშუა. ღმერთს განსაკუთრებული ადგილი აქვს მათთვის, ვინც თავს მიტოვებულად გრძნობს.“

ჯოშს სურდა მისი დაჯერება, მაგრამ ეს რთული იყო. ზოგჯერ იგი თავს სრულიად მარტოდ გრძნობდა.

ასე იყო იმ დღესაც, როცა მწყემსებმა გადაწყვიტეს, გაერეკათ ცხვრები და კრავები მეზობელ ველზე, სადაც უფრო მეტი ბალახი იყო. ფარა იმდენ ხანს ჩერდებოდა ერთ ადგილზე, რომ ველზე ბალახი თითქმის აღარ რჩებოდა. ცხვრებს გაუხარდათ, როცა მწყემსმა გამოაცხადა, რომ ისინი ახალ საძოვარზე მიდიოდნენ.

და აი, ყველა მზად არის, ჯოშიც კოჭლობით მოვიდა და დაიკავა თავისი ადგილი ფარის ბოლოში. ყველამ დაიწყო მასზე სიცილი:

– შენ ძალიან ნელა დადიხარ, შენ ვერ მიხვალ მეზობელ ველამდე.

– წადი, ზოზინა. ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ საძოვარს, თუ შენ დაგელოდებით!

– წადი, ჯოშუა.

მაშინ მან შეხედა მის წინ მდგარ მწყემსს. „ისინი მართლები არიან, ჩემო პატარა ჯოშუა. შენთვის ეს საკმაოდ გრძელი გზაა. წადი, გაატარე ღამე ბოსელში.“

ჯოში დიდხანს უყურებდა ადამიანს. შემდეგ შებრუნდა და ნელ-ნელა კოჭლობით წავიდა იქიდან. ავიდა გორაკის თავზე და იყურებოდა დაბლა, იქ, სადაც მიდიოდნენ ცხვრები და მიემართებოდნენ მწვანე საძოვრისაკენ. აქამდე არასოდეს უგრძნია მას თავი ასე მიტოვებულად. დიდი ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან, ჩამოსრიალდა ცხვირზე და დაეცა ქვას.

ამ დროს უკან გაიგონა აბიგაილის ხმა. მან უთხრა ის, რასაც ყოველთვის ეუბნებოდა, როცა ჯოშუა მოწყენილი იყო: „არ მოიწყინო, პატარა ჯოშუა. ღმერთს განსაკუთრებული ადგილი აქვს მათთვის, ვინც თავს მიტოვებულად გრძნობს.“

და ორი მეგობარი ერთად გაეშურა ბოსლისკენ. იმ დროისთვის, როცა ისინი მივიდნენ თავლასთან, დიდი ფორთოხლის მსგავსი მზე უკვე ჩადიოდა. ჯოში და აბიგაილი შევიდნენ თავლაში და დაიწყეს ბაგიდან თივის ჭამა.

მათ ძალიან მოშივნოდათ და იგი გემრიელი ეჩვენებოდათ.

„დაწექი, დაიძინე, მეგობარო.“ – უთხრა აბიგაილმა, როცა ჭამა დაასრულეს. „შენ ძალიან რთული დღე გქონდა.“

ჯოში დაიღალა. იგი კუთხეში თივაზე დაწვა და თვალები დახუჭა.ზურგს უკან იგი გრძნობდა აბიგაილს და უხაროდა, რომ იგი მისი მეგობარი იყო.

მალე ჯოშუას დაეძინა მრგვლად მოკალათებულს აბიგაილის ზურგთან. სიზმარში ის ხედავდა, თითქოს დარბოდა და დახტოდა სხვა კრავების მსგავსად, თითქოს სეირნობდა აბიგაილთან ერთად ველზე, თითქოს იქ იყო, სადაც თავს მიტოვებულად არ გრძნობდა.

უეცრად იგი გააღვიძა უცნაურმა ხმაურმა.

„აბიგაილ“, – ჩასჩურჩულა მან – „გაიღვიძე, მეშინია“.

აბიგაილმა წამოსწია თავისი დიდი თავი და მიმოიხედა ირგვლივ.

ბოსელში ბნელოდა და მხოლოდ პატარა ლამპარი ეკიდა კედელზე. „აქ ვიღაც არის“. – ჩაიჩურჩულა ჯოშმა.

მათ გაიხედეს სათივის იმ კუთხეში, რომელიც მკრთალად იყო განათებული ლამპრით. იქ ბაგაში ახალ თივაზე იწვა ბავშვი. ხოლო ბაგის გვერდით თივაზე ისვენებდა ახალგაზრდა ქალი.

ჯოშმა შეხედა აბიგაილს, იმის მოლოდინით, რომ იგი აუხსნიდა მომხდარს. მაგრამ აბიგაილი მასზე არანაკლებ იყო გაკვირვებული.

ჯოშმა კვლავ შეხედა ბავშვიან ქალს. შემდეგ კოჭლობით გადაკვეთა ბოსელი. იგი გაჩერდა ქალის გვერდით და დახედა ბავშვს სახეზე. ბავშვი ტიროდა. მას სციოდა. ქალმა აიყვანა და დააწვინა იგი თავის გვერდით.

ჯოშმა მიმოიხედა სათივეში, რომ რაიმე ისეთი ეპოვა, რაც ბავშვს გაათბობდა. ჩვეულებისამებრ, იქ იყო ხოლმე გადასაფარებლები. მაგრამ დღეს მწყემსებს წასვლისას ყველაფერი წაეღოთ.

და მაშინ ჯოშმა გაიფიქრა თავის რბილ, თბილ მატყლზე. იგი ფრთხილად მიუახლოვდა და მრგვლად მოკალათდა ბავშვის გვერდით.

„მადლობა, კრავო“. – ნაზად უთხრა დედამ.

ბავშვმა მალე შეწყვიტა ტირილი და დაიძინა.

იმ დროისთვის თავლაში შემოვიდა მამაკაცი, რომელსაც ხელით მოჰქონდა რამდენიმე ჭილოფი.

„მაპატიე, მარიამ, სულ ეს არის, რაც შევძელი, რომ მეპოვა“. – თქვა მან.

„ყველაფერი რიგზეა“. – უპასუხა ქალმა. – „ამ პატარა კრავმა გაათბო ახალი მეფე.“

მეფე? ჯოშუამ შეხედა ჩვილს და გაუკვირდა მოსმენილი.

„მას ჰქვია იესო“. – ამბობდა მარიამი, თითქოს გაიგო ჯოშუას კითხვა. „კაცის ძე. იგი მოვიდა ზეციდან, რათა მოგვიყვეს ჩვენ ღმერთის შესახებ.“

კარში გაისმა ხმები. ესენი იყვნენ მწყემსები, რომლებმაც დატოვეს ჯოშუა სახლში. მათ ჰქონდათ დიდი გაკვირვებული თვალები და იყვნენ ძალიან აღელვებულნი.

„ჩვენ ვიხილეთ სინათლე და გავიგონეთ ანგელოზთა ხმა!..“ – ალაპარაკდნენ ისინი.

შემდეგ დაინახეს ჯოშუა ბავშვთან ერთად. „ჯოშუა! შენ იცი, ვინ არის ეს ბავშვი?“

„ახლა უკვე იცის“ – უპასუხა ახალგაზრდა ქალმა. იგი უყურებდა ჯოშუას და იღიმოდა: „ღმერთმა შეისმინა შენი ლოცვები, პატარა კრავო. ეს ბავშვი – მისი პასუხია.“

ჯოშუამ შეხედა ბავშვს. იგი უეცრად მიხვდა, რომ იგი განსაკუთრებული ბავშვი იყო და ეს  მომენტიც უნიკალური გახლდათ. გარდა ამისა, იგი მიხვდა, თუ რატომ დაიბადა კოჭლად. სხვების მსგავსი რომ ყოფილიყო, ისიც ახლა მინდვრებზე იქნებოდა წაყვანილი. ხოლო რადგანაც იგი სხვებს არ ჰგავდა, ამიტომაც დარჩა ბოსელში, მათთან ერთად, ვინც პირველები მიესალმნენ იესოს მოსვლას ამ ქვეყანაზე.

ჯოშუა მივიდა აბიგაილთან და დაწვა თავისი მეგობრის გვერდით. „შენ მართალი იყავი.“ – უთხრა მან. – „ღმერთს განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩემთვის“.

(ავტორი: მაქს ლუკადო)

(თარგმანი: ალექსანდრე გაბარაშვილი)

(რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე)

ჩატვირთვა...