მაცხოვარი სტუმრად… (საშობაო მოთხრობა)

601

იყო ერთი მეწაღე, რომელიც თავის ბიჭუნასთან ერთად პატარა ქოხში ცხოვრობდა. ერთხელ, შობის ღამეს ბიჭმა უთხრა მამას:

– დღეს ჩვენთან სტუმრად მაცხოვარი მოვა. უფალმა იესომ თავად მითხრა ეს სიზმარში.

ბიჭი ძვირფას სტუმარს დილიდანვე ელოდებოდა და გამუდმებით ფანჯარაში იყურებოდა. უეცრად, მან შეამჩნია, რომ ქუჩის ეზოში ორი ბიჭი ურტყამდა ვიღაც ბიჭს და ის არც კი ეწინააღმდეგებოდა მათ. მეწაღის შვილი ქუჩაში გაიქცა, მჩაგვრელები გაყარა, ნაცემი ბიჭი კი სახლში შეიყვანა. მამა-შვილმა დააპურა და გაათბო საწყალი ბიჭუნა. ცოტა ხნის შემდეგ მეწაღის შვილმა თქვა:

– მამიკო, მე ორი წყვილი ჩექმა მაქვს, ჩემს ახალ მეგობარს კი ფეხსაცმლიდან თითები უჩანს. მოდი, მე მას ჩემს ფეხსაცმელებს მივცემ, გარეთ ხომ ძალიან ცივა.

– როგორც გინდა, – დაეთანხმა მამა.

მათ ბიჭუნას ფეხსაცმელები მისცეს და ისიც გახარებული და სახეგაბრწყინებული წავიდა სახლში.

გავიდა რამდენიმე ხანი, მეწაღის შვილი კი ჯერ კიდევ ფანჯარასთან იდგა და სტუმრად მაცხოვარს ელოდებოდა. ამ დროს კი სახლთან ღატაკმა ჩაიარა, რომელიც საჭმელს ითხოვდა. ბიჭმა მყისვე გასძახა მას ფანჯრიდან:

– შემოდი, პაპა, ჩვენთან. ღმერთმა დაგლოცოს და ჯანმრთელობა მოგცეს!

სახლში გულთბილად გაუმასპინძლდნენ მათხოვარს, კარგად დააპურეს და ბედნიერი გაისტუმრეს შინ. ბიჭუნა კი მაინც არ შორდებოდა ფანჯარას და ისევ ქრისტეს ელოდებოდა. ცოტათი აღელდა კიდეც. ამასობაში შეუმჩნევლად დაღამდა, ბიჭუნამ ფანჯრიდან ამჯერად სვეტთან მდგარი ქალი დაინახა, რომელსაც პატარა ბავშვი ეჭირა ხელში. მეწაღის შვილი გარეთ გაიქცა, ქალი და ბავშვი ქოხში შეიყვანა და მამას უთხრა:

– სადღა წავლენ ამ ყინვასა და სიცივეში? ხომ ხედავ როგორი ქარი ამოვარდა. მოდი, ჩვენთან გაათენონ ეს ღამე. შენ სავარძელში დაიძინე, მე სკივრზე დავწვები, მათ კი ჩვენს საწოლში დაიძინონ.

მამა დაეთანხმა. ყველანი დაწვნენ დასაძინებლად. ბიჭუნას კი ესიზმრება, თითქოს მასთან მაცხოვარი მივიდა და ტკბილი ხმით ეუბნება:

– ჩემო საყვარელო ბიჭუნავ! იყავი დალოცვილი მთელი შენი ცხოვრება.

– უფალო, მე კი შენ დღისით გელოდებოდი…

– და მერე მე ხომ სამჯერ მოვედი შენთან, ჩემო ძვირფასო, და შენც მიმიღე, თან ისე, რომ უკეთესად არც შეიძლებოდა.

– უფალო, არ ვიცოდი… და როდის მოხვედი ჩემთან?

– აი, არ იცოდი, მაგრამ მაინც მიმიღე. პირველად, შენ ის ბიჭუნა კი არა, მე დამიხსენი მჩაგვრელთა ხელიდან. როგორც ერთხელ მე ავიტანე მრავალი ტანჯვა და დამცირება ბოროტ ადამიანთაგან, ასევე იმ ბიჭუნამაც…

მეორედაც, არა ღატაკი, არამედ მე მოვედი შენთან სადილად. შენ და შენი მამიკო ნარჩენებს შეექცეოდით, მე კი სადღესასწაულო ნამცხვარი მომართვით. მესამედ, დედასთან ერთად შემომიშვი ღამის გასათევად. ერთხელ, ჩვენ მეფე ჰეროდეს გავექეცით ეგვიპტეში. შენ კი შენ ჭერქვეშ მიგვიღე. იყავი ბედნიერი და დალოცვილი მარად, ჩემო საყვარელო!

დილით ბიჭმა გაიღვიძა, მაგრამ სახლში აღარავინ იყო. ფეხსაცმელები ისევ ისე იდო კუთხეში, ხოლო მაგიდაზე კი −  სადღესასწაულო ნამცხვარი ხელუხლებელი.

გულში ბიჭუნას ისეთი ენით აღუწერელი სიხარული ჰქონდა, რომლის მსგავსიც არასოდეს ჰქონია.

(თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე)

(რედაქტირება: ნინო ხუროშვილი)

ჩატვირთვა...