ტყუილი – საბავშვო მოთხრობა

2 585

– ლუკა! – დაუძახა ერთხელ დედამ ბიჭუნას. – მაღაზიაში გაიქეცი და კარაქი იყიდე.

ლუკას უყვარდა თავისი დედიკო და მაშინვე გაიქცა მაღაზიაში.

მაღაზია ახლოს იყო და ლუკას ათიოდე წუთშიც შეეძლო დაბრუნება, მაგრამ გზად მეგობრები შემოხვდნენ. ისინი იქვე მწვანე მოლზე თამაშობდნენ და ლუკაც შეუერთდა მათ. ისე გაერთო თამაშით, რომ დაავიწყდა, სად და რისთვის მიდიოდა. მხოლოდ კოშკის საათმა გაახსენა მას დედის დავალება. თავქუდმოგლეჯილი გავარდა მაღაზიაში, იყიდა კარაქი და სახლში გაიქცა.

– სად იყავი ამდენ ხანს? – ჰკითხა დედამ.

ლუკას არ უნდოდა დედის მოტყუება, მაგრამ სიმართლის თქმისაც ეშინოდა. მან იცოდა, რომ დედა საქციელს არ მოუწონებდა და შეიძლება, დაესაჯა კიდეც ის.

– მაღაზიაში ბევრი ხალხი იყო და იძულებული გავხდი, დავლოდებოდი. ძალიან ვდარდობდი, რომ დიდხანს მომიწევდა დაყოვნება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო, – იცრუა მან და დედას უდანაშაულო თვალებით შეხედა.

დედამ, რა თქმა უნდა, დაუჯერა მას, მაგრამ უთხრა:

– სხვა დროს სხვა მაღაზიაში წადი, რომ ასე აღარ დაგაგვიანდეს, გასაგებია?

– კარგი, – თავი დაუქნია ლუკამ და სათამაშოდ გაიქცა.

ამგვარად, ლუკამ იპოვა გამოსავალი რთული მდგომარეობიდან და ყოველ შესაძლო შემთხვევაში დაიწყო ამ მეთოდის გამოყენება. როგორც კი მას რაიმე სასჯელი ემუქრებოდა, ის მაშინვე იგონებდა თავის გასამართლებელ მიზეზს.

ვერავინ ამჩნევდა, რა ცოდვა იმალებოდა მის გულში. ეს საშინელი ჩვევა ლუკას თანდათანობით სამუდამო დაღუპვამდე მიიყვანდა, უფალს რომ არ გამოეაშკარავებინა ეს ცოდვა. ეს კი ასე მოხდა.

ერთხელ, დედამ ლუკა ფოსტაში გაგზავნა, რათა გაეგო, წერილი ხომ არ იყო გამოგზავნილი თავისი მამისგან, ანუ ლუკას ბაბუისგან. დედა დარდობდა თავისი მამის ჯანმრთელობაზე, მისგან კი დიდი ხანი არაფერი ისმოდა.

ფოსტაში ლუკას წერილი მისცეს. მან წერილი ჯიბეში ჩაიდო და სახლში წავიდა. გზად, ერთ-ერთ სახლთან, შეჯგუფული ხალხი დაინახა. მიუახლოვდა მათ და დაინახა ძირს დაცემული, გონდაკარგული გოგონა. ლუკა დიდხანს იდგა იქ და უფროსების საუბარს უგდებდა ყურს.

შემდეგ „სასწრაფო დახმარების“ მანქანა მოვიდა და გოგონა საავადმყოფოში წაიყვანა. შეკრებილი ხალხიც დაიშალა. ლუკაც სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა და სახლთან მიახლოებისას ჯიბეები მოიჩხრიკა. წერილი აღარსად ჩანდა. ნუთუ დაკარგა? სად? იქნებ იმ ადგილას, სადაც ის გოგონა იყო?

ლუკა წერილის მოსაძებნად გაიქცა, მაგრამ იმ ადგილას არაფერი დახვდა. წერილი ვერსად იპოვა. სხვა გზა არ რჩებოდა: წასულიყო სახლში და მოეტყუებინა დედა. ის ასეც მოიქცა.

მეორე დღეს დედამ წერილი გაუგზავნა თავის მშობლებს. იცოდა, რომ ისინი წერილს ორიოდე კვირაში მიიღებდნენ.

ოთხი დღის შემდეგ დედას ბაბუის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს. ორ დღეში კი დედამ მიიღო თავისი საყვარელი მამიკოს წერილი. მისი წაკითხვისას დედა ხმამაღლა ატირდა.

მამამისი წერდა, რომ ძალიან უნდოდა მისი ნახვა და რომ წინამორბედ წერილში ფულს უგზავნიდა. ბოლო წუთამდე მამას იმედი ჰქონდა, რომ მისი გოგონა ჩავიდოდა მასთან. მისი სანუკვარი ოცნება იყო, რომ ახლობლები ზეციურ სასუფეველში ენახა, სადაც არ იქნება არც სიკვდილი, არც განშორება. იმავე კონვერტში იყო კიდევ ერთი წერილი შვილიშვილისთვის.

დედამ დაუძახა ლუკას, გულზე მიიკრა და წაუკითხა მისი გარდაცვლილი ბაბუის ბოლო სურვილი.

„ჩემო პატარა ლუკა! – წერდა ბაბუა. – უფალი მიხმობს ზეცაში. გარკვეული დროის განმავლობაში შორს ვიქნები თქვენგან, მაგრამ როცა უფალი იესო ქრისტე დაბრუნდება და მკვდრეთით აღადგენს თავის შვილებს, მაშინ მინდა ჩაგიკრა გულში. დაუჯერე მშობლებს და უფალი გაკურთხებს. განსაკუთრებით კი ტყუილისაგან დაიცავი თავი, რომელიც ხშირად შენნაირი ბიჭუნების ჩვევა ხდება. მიიღე ჩემი ბოლო რჩევა. გკოცნი.“

ბაბუის სურვილის მოსმენისას ლუკა ატირდა. მას დედიკოსთვის აღარ დაუმალავს თავისი ტყუილების ამბავი. უამბო, როგორ დაკარგა ბაბუის წერილი ფულთან ერთად. აღიარა, რომ ხშირად ატყუებდა დედას, რათა სასჯელისათვის აერიდებინა თავი.

ლუკა მთელი გულით ინანიებდა ტყუილს და დედამაც აპატია მას. დედა მადლობას უხდიდა ღმერთს, რომ მან შთააგონა მის მომაკვდავ მამას, დაეწერა მისი ბიჭუნასთვის ასეთი სიტყვები: „ერიდე ტყუილს.“

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

წყარო

ჩატვირთვა...