ქურდბაცაცა – საბავშვო მოთხრობა

0

დათო მხიარულად ახტებოდა გუბეებს და სახლისკენ მიიჩქაროდა. დღეს ის, ჩვეულებისამებრ, ფოსტაში მიდიოდა, სადაც მამამისი მუშაობდა. იქ ყოფნა დათოს ძალიან უყვარდა. იქ გამუდმებით რეკავდნენ ტელეფონები, მიდი-მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც გზავნიდნენ ან ღებულობდნენ ამანათებს, წერილებს, ტელეგრამებს. გარდა ამისა, ყოველდღე დიდი მანქანით მოჰქონდათ წერილები და ჟურნალ-გაზეთები.

დათო ყველას უყვარდა ფოსტაში. მისთვის ყოველთვის მოიძებნებოდა საქმე. წვრილმანი დავალებების შესრულებას მას ანდობდნენ და დათოც თავს საჭირო ადამიანად გრძნობდა. ბიჭუნას განსაკუთრებით საფოსტო მარკების დახარისხება უყვარდა. ამას ის ხელმძღვანელთან ერთად აკეთებდა და შემდეგ საწერ მაგიდაზე ალაგებდა. ძია გიორგი მარკებს ითვლიდა და სეიფში ინახავდა. ეს იყო რკინის დიდი ყუთი. თან ამ დროს ჩაილაპარაკებდა ხოლმე: „აი, ჩემი შემცვლელიც იზრდება. ნამდვილი ხელმძღვანელი იქნება!“

დათოს ძალიან უხაროდა ამ სიტყვების მოსმენა და ერთი სული ჰქონდა, როდის გაიზრდებოდა, თუმცა ჯერ მხოლოდ პირველ კლასში სწავლობდა.

სკოლიდან დაბრუნებისას ბიჭუნა ტანსაცმელს იცვლიდა, სადილობდა და საშინაო დავალებას ასრულებდა. მერე კი ფოსტაში გარბოდა.

ერთხელაც დათომ ფოსტაში მიირბინა და ყველას ხმამაღლა მიესალმა. იმ დღეს მისი მისვლა, რატომღაც, არავის გახარებია. თანამშრომლები გაბრაზებულად და ნაწყვეტ-ნაწყვეტ პასუხობდნენ და აგრძნობინებდნენ, რომ არავის სჭირდებოდა მისი დახმარება. ძია გიორგიმაც კი, რომელსაც ძალიან უყვარდა ბიჭუნა, სათვალის ზემოდან ისე მკაცრად გადმოხედა, დათოს სახლში გაქცევა მოუნდა, რომ შემდეგ აქ არასოდეს არ დაბრუნებულიყო.

რა მოხდა? რატომ უყურებს ყველა ეჭვით? დათოს ვერაფერი გაეგო. არ იცოდა, რა გაეკეთებინა. რამდენიმე ფურცელი აიღო და თავისთვის დაჯდა კუთხეში, რომ დაეხატა.

მალე ყველას დაავიწყდა მისი იქ ყოფნა. ძია გიორგი მუშაობდა. შემდეგ თავაუწევლად უთხრა გვერდით მჯდომ თანამშრომელ ქალს: „არაფერი მესმის. დღეს ისევ გაქრა რამდენიმე მარკა, რომლებიც ათი თეთრი ღირს. თავიდან ორთეთრიანი მარკები ქრებოდა, ახლა უკვე ათთეთრიანი. ქურდი სულ უფრო და უფრო თავხედდება და რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ!“

„ვფიქრობ, რომ მამამისს უნდა ვუთხრათ, რათა იცოდეს, რას აკეთებს მისი შვილი“, – შესთავაზა გამოსავალი თანამშრომელმა. „თავიდან ბიჭი ისეთი პატიოსანი მომეჩვენა, ახლა კი… საერთოდ არ ჰგავს მამამისს!

„სხვას არავის შეეძლო ამის გაკეთება“, – აგრძელებდა ძია გიორგი. „თვალს ვადევნებდი. გუშინ, როდესაც სადილად გავედით, დათო მარტო დარჩა კაბინეტში. საღამოს კი რამდენიმე მარკა გაქრა. ეს უკვე ნამდვილი ქურდობაა. ბოლო უნდა მოვუღოთ ამ უმსგავსობას!“

ამის გაგონებისას დათო მიხვდა, რომ მას ქურდობაში ადანაშაულებდნენ. აი, თურმე რატომ ერიდება ყველა!

დათო ქრისტიანულ ოჯახში იზრდებოდა და კარგად იცოდა, რომ ტყუილის თქმა და სხვისი ნივთების აღება ცოდვა იყო და ის ასე არასოდეს იქცეოდა. მამა ხშირად ეუბნებოდა: „შვილო, ისე მოიქეცი, რომ არ შეარცხვინო უფალ იესო ქრისტეს სახელი. იცხოვრე ღირსეულად!“

დათოსაც ახსოვდა ეს სიტყვები და ამიტომ ძია გიორგის სიტყვებმა მას ძალიან ატკინა გული. დიახ, ის მართლაც ხშირად რჩებოდა მარტო ხელმძღვანელის კაბინეტში, მაგრამ არასოდეს აუღია რომელიმე მარკა. სად გაქრა ისინი? როგორ უნდა იპოვოს?

დათო ჩაფიქრებული ჩუმად იჯდა კუთხეში. უეცრად მოპირდაპირე კუთხეში რაღაცამ გაიფაჩუნა. სუნთქვაშეკრული ყურადღებით დააკვირდა და დაინახა, როგორ გამოძვრა სეიფის უკანა მხრიდან პატარა ნაცრისფერი თაგვი. დათომ პირზე აიფარა ხელი, რომ არ ეყვირა და თაგვი არ დაეფრთხო.

თაგვმა პირი სტაცა ქაღალდის პატარა ნაგლეჯს და მაშინვე სოროში შეძვრა.

„იქნებ, სწორედ მან შეჭამა მარკები?“ – გაიფიქრა დათომ და გადაწყვიტა დედიკოსთვის ეკითხა. ის შეუმჩნევლად გავიდა ქუჩაში და მთელი სისწრაფით გაიქცა სახლისკენ.

„დედა, მითხარი, თაგვები ჭამენ ქაღალდს?“ – ჰკითხა დათომ დედას სირბილისგან გულამოვარდნილმა.

„რა მოხდა, შვილო? რატომ მეკითხები?“ გაუკვირდა დედას, რომელმაც შენიშნა, რომ დათო ძალიან აღელვებული იყო. „რატომ დაბრუნდი ასე მალე ფოსტიდან?“

დათომ სწრაფად უამბო დედას მარკების გაუჩინარების ამბავი და ისიც, რომ ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი. შემდეგ კი მან ისევ ჰკითხა, ჭამდნენ თუ არა თაგვები ქაღალდს.

დედა არ იყო დარწმუნებული, მაგრამ კარგად იცოდა, რომ თაგვები ქაღალდით აწყობდნენ თავიანთ სოროებს. მან დათოს შესთავაზა, რომ ამ ამბის შესახებ უფალ იესოსთვის ეთქვათ, რადგან ის ხომ ყოვლისშემძლე ღმერთია. მათ ერთად ილოცეს და დედამ ბიბლიიდან ორი მუხლიც წაიკითხა:

„ღმერთს მიანდე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს. ნათელივით გამოიტანს სიმართლეს შენსას და შენს სამართალს – შუადღესავით,“ – მერე კი დაამატა: „გწამდეს ამის, ჩემო ბიჭუნა და ღმერთი დაგეხმარება!“

დედასთან საუბრის შემდეგ დათო დამშვიდდა და ფოსტაში დაბრუნდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ ღმერთი დაეხმარებოდა ქურდის პოვნაში. ბიჭუნამ თაგვის სოროს მოძებნა გადაწყვიტა.

რთული საქმე იყო ეს, რადგან დათოს მანამდე არ ენახა ნანახი თაგვის სორო. ის ყურადღებით ათვალიერებდა საკუჭნაოს ყველა ბნელ კუთხეს, სადაც თაროებზე გზავნილები და ამანათები ელაგა. შემდეგ კი სარდაფშიც ჩავიდა.

იქ ნახევრად ბნელოდა და დათოს ცოტათი შეეშინდა. შემდეგ თვალები სიბნელეს შეაჩვია და მონდომებით შეუდგა სოროს ძებნას. სარდაფში ბევრი მტვერი, ნაგავი და ქაღალდი იყო და თაგვების კვალი ბიჭუნამ ვერ აღმოაჩინა. მოულოდნელად, კიბის ქვეშ, კუთხეში, მან ქაღალდის ნაგლეჯების გროვა შენიშნა.

„ალბათ ეს არის თაგვების სორო!“ – გაიფიქრა დათომ. სწრაფად დაავლო ხელი ქაღალდების ბღუჯას და გაიქცა სარდაფიდან. კიბეზე შეჩერდა და დაინახა, რომ ეს იყო წვრილად დაგლეჯილი მარკები.

დათო ტყვიასავით შევარდა ძია გიორგის კაბინეტში.

„გავიგე, რომ მარკები დაგეკარგათ!“

„კი, ასეა და რა მოხდა?“ – ხელმძღვანელმა გაკვირვებით შეხედა აღელვებისგან გაწითლებულ ბიჭუნას.

„კიბის ქვეშ, სარდაფში ვიპოვე! აი, შეხედეთ!“ – დათომ მუჭი გაშალა და მაგიდაზე პატარა ფერადი ნაგლეჯები დაყარა.

„დედამ მითხრა, რომ თაგვები ქაღალდისგან იწყობენ სოროებს“, – თქვა მან ჩუმად.

„ყოჩაღ, დათო! ქურდი გიპოვია. დიდი მადლობა!“ – გაუხარდა ხელმძღვანელს და ჩვეულებისამებრ მხარზე დაჰკრა ხელი ბიჭუნას. „დღეს კაბინეტში კატას მოვიყვანთ და ყველაფერი რიგზე იქნება. მე კიდევ ვიფიქრე, რომ შენ იღებდი მარკებს. მაპატიე. პატიოსანი ბიჭი ყოფილხარ. ყოველთვის ასეთი იყავი!  შენგან ნამდვილი ადამიანი დადგება!“

დათო სახლში ფრთაშესხმული გაიქცა. „ახლავე დედიკოს უნდა მოვუყვე ყველაფერი!“ – ფიქრობდა ის. პატარა გული სიხარულით ჰქონდა სავსე. „ღმერთი დამეხმარა! ამიერიდან, ფოსტაში აღარავინ იფიქრებს, რომ ქურდი ვარ!“

საღამოს დათო მამიკოსა და დედიკოსთან ერთად მთელი გულით უხდიდა უფალ იესოს მადლობას იმისათვის, რომ მან შეისმინა ლოცვა, ასე სასწაულებრივად მოაშორა მათ ოჯახს სირცხვილი და არ დაუშვა, რომ უფალზე დაიმედებულნი შერცხვენილიყვნენ.

წყარო