შობის ანგელოზი (საშობაო მოთხრობა)

197

– დამეხმარეთ, დამეხმარეთ, ღვთის გულისათვის!

არავის ესმოდა ეს შესაბრალისი სიტყვები, არავინ აქცევდა ყურადღებას ღარიბულად ჩაცმული ქალის ცრემლნარევ სიტყვებს, რომელიც მარტო იდგა ქალაქის ხმაურიანი ქუჩის კუთხეში და ხელგაწვდილი ითხოვდა დახმარებას. გამვლელები სწრაფად მიაბიჯებდნენ მის სიახლოვეს, ხმაურიანად მიმოდიოდნენ ეტლები დათოვლილ, მოყინულ გზაზე. ირგვლივ ადამიანთა სიცილი და ხმამაღალი საუბარი ისმოდა. დედამიწაზე დგებოდა წმინდა და დიდებული, ვარსკვლავებით ანთებული შობის ღამე, რომელიც იდუმალი ბინდით ეშვებოდა ქალაქზე.

– გთხოვთ, დამეხმარეთ, ქრისტეს გულისთვის… ჩემთვის არა, შვილებისთვის ვითხოვ…

ქალს უეცრად ხმა ჩაუწყდა და ტირილი წასკდა. იდგა ჩამოკონკილი სამოსით შემოსილი, იყინებოდა და ჩუმად ტიროდა. გაყინული თითებით იწმენდდა ცრემლებს, რომლებიც მაინც მოგორავდნენ მის მწუხარე სახეზე. არავის ადარდებდა მისი ბედი.

არც ის ფიქრობდა საკუთარ თავზე, იმაზე, რომ მთლად გაყინულიყო, რომ დილიდან არაფერი ეჭამა… მისი ფიქრები ბავშვებს დასტრიალებდა, იტანჯებოდა მათ გამო. სხედან მისი საწყალი შვილები ცივ და ბნელ სარდაფში, სცივათ და ელოდებიან მას, რას მოუტანს ან რას ეტყვის. ხვალ დიდი დღესასწაულია, ყველა ბავშვისთვის სიხარულის მომტანი, მაგრამ მისი საცოდავი ბავშვები გაყინულები და უბედურები არიან.

რა ქნას მან? რა გააკეთოს? ბოლო დროს ქანცის გაწყვეტამდე მუშაობდა, შემდეგ ავად გახდა და სამუშაოც დაკარგა. დღესასწაული მოახლოვდა, მან კი არ იცის, სად იშოვოს თუნდაც ერთი ნატეხი პური. საცოდავი ბავშვები, საწყალი ბავშვები! მათთვის გაიწოდა ხელი პირველად ცხოვრებაში და მათხოვრობა დაიწყო. ხელს ვერ იმორჩილებდა, ენას ვერ იტრიალებდა, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ მის შვილებს საჭმელი ენატრებათ, რომ ისინი დღესასწაულს მშივრები შეხვდებიან, ეს ფიქრი მას ძალიან სტანჯავდა. ის ყველაფრისათვის მზად იყო, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ დათვლილი გროშების მოგროვება შეძლო.

ამ მტანჯველ ფიქრებში გართულს, უეცრად ეკლესიის ზარის ხმა შემოესმა. ჰო, უნდა წავიდეს და ილოცოს… იქნებ ლოცვამ შეუმსუბუქოს სულის ტანჯვა. მთელი არსებით ილოცებს შვილებისთვის და ცოტა დამშვიდდება.

გაუბედავი ნაბიჯებით მიუახლოვდა იქვე მდგომ ეკლესიას. ტაძრიდან სინათლე იღვრებოდა. ის სავსე იყო ადამიანებით, რომელთა სახეებსაც კმაყოფილება ეტყობოდა. ქალი ერთ კუთხესთან მივიდა, მუხლებზე დაეცა და გაქვავდა. უსაზღვრო დედობრივი სიყვარული და შვილებზე დარდი ლოცვად გადმოიღვარა მის ბაგეთაგან ტირილითა და ოხვრით. „უფალო, დამეხმარე! დამეხმარე, გთხოვ!“ − ტიროდა ის. სხვა ვისთვის უნდა შეევედრებინა საკუთარი თავი და თავისი შვილები, თუ არა უფლისათვის – სუსტთა და უბედურთა მფარველისა და მწყალობლისათვის. ვის წინაშე გადმოეღვარა გულისტკივილი, თუ არა ნუგეშისმცემელი ღმერთის წინაშე? ჩუმად ლოცულობდა კუთხეში და ცრემლები მდინარესავით მოედინებოდა მის დამწუხრებულ სახეზე.

მან ვერ შენიშნა, როგორ მიუახლოვდა მას ვიღაც…

– რატომ ტირით? – შემოესმა ნაზი ხმა, რომელიც მას ზეციურ მუსიკად ჩაესმა.

ქალი გონს მოვიდა, თავი ასწია და მის წინ მდგომი პატარა სუფთად ჩაცმული ლამაზი გოგონა დაინახა, რომელიც სიწრფელითა და თანაგრძნობით სავსე ბავშვური თვალებით შეჰყურებდა. გოგონას უკან კი მოხუცი გამზრდელი იდგა.

– რამე გიჭირთ? ასეა? საწყალო, საცოდავო ქალბატონო!

– დიახ, გაჭირვება მადგას, ჩემი შვილები მშივრები არიან. დილიდან არაფერი უჭამიათ… ხვალ კი ისეთი დღესასწაულია…

– რა? არაფერი უჭამიათ? მშივრები არიან? – პატარა გოგონა ძალიან შეწუხდა.

– გამზრდელო, ეს როგორ? ბავშვებს არაფერი უჭამიათ! ხვალაც მშივრები იქნებიან! ეს როგორ?!

ბავშვმა ჯიბიდან ფული ამოიღო და მტირალ ქალბატონს გაუწოდა.

– აი, აიღეთ. აქ ფულია, რამდენი – არ ვიცი… მაგრამ აჭამეთ ბავშვებს, ღვთის გულისათვის… ოჰ, გამზრდელო, საყვარელო, ეს რა საშინელებაა. მათ არაფერი უჭამიათ, წარმოგიდგენიათ?

პატარას თვალებში ცრემლები ჩაუდგა.

– სად ცხოვრობთ? რამდენი შვილი გყავთ?

– ქმარი გარდამეცვალა, აი, უკვე თითქმის ნახევარი წელია. სამი შვილი დამრჩა… მუშაობა არ შემეძლო, სულ ავად ვხდებოდი. იძულებული გავხდი მემათხოვრა… აქვე ახლოს ვცხოვრობთ, ვაჭარ ოსიპოვის ქვის სახლის სარდაფში.

– ჩემს სახლთან ახლოსაა! მე კი არც ვიცოდი. წავიდეთ, გამზრდელო, ახლა უკვე, რაღაც უნდა გავაკეთო!

გოგონა მოხუცი გამზრდელის თანხლებით სწრაფად გავიდა ეკლესიიდან. საწყალი ქალიც მათ კვალდაკვალ გავიდა გარეთ და სახლისაკენ გაემართა. აღარაფერი ახსოვდა გარდა იმისა, რომ მას ხელში ხუთმანეთიანი ეჭირა და უკვე შეეძლო შვილებისთვის შეშა და საჭმელი ეყიდა. ქალი პატარა მაღაზიაში შევიდა და ბავშვებისთვის პური, ჩაი და შაქარი იყიდა და სახლში გაიქცა. ფული შეშისთვისაც დარჩა.

ქალი თავგამეტებით გაიქცა სახლისკენ. სამი ბავშვი შემოეგება დედას, რომლებიც კოცნიდნენ მას.

– დედიკო, გვშია. რამე მოგვიტანე?

– კი, ჩემო პატარებო, უფალმა გამოგვიგზავნა, – ის  სამივეს ჩაეხუტა და ცრემლები წასკდა, – ვჭამთ და გავთბებით და ბედნიერი შობა გაგვითენდება.

ნესტიან და ბნელ სარდაფში ზეიმი იყო. ბავშვები გახარებულნი იყნენ, ჩათბნენ და ახლა მხიარულად საუბრობდნენ. დედას უხაროდა მათი გამოცოცხლება და გახალისება. მხოლოდ ხანდახან გაუელვებდა ფიქრები… რა იქნება შემდეგ? შემდეგ რაღა ვქნა?

– უფალი არ დაგვტოვებს! – ეუბნებოდა ის თავის თავს და მთელ იმედს ღმერთზე ამყარებდა.

ამ დროს პატარა გოგონა მივიდა დედასთან და ჰკითხა:

– მითხარი, დედიკო, მართალია, რომ შობის ღამეს ზეციდან მოფრინავს უფლის ანგელოზი და მოაქვს საჩუქრები ღარიბი ბავშვებისთვის?

ბიჭებიც მივიდნენ დედასთან. დედას კი ბავშვების დამშვიდება უნდოდა და ამიტომ უამბო ის, რომ უფალი ზრუნავს გაჭირვებულ ბავშვებზე და უგზავნის მათ თავის ანგელოზს შობის ღამეს, რომელსაც ბავშვებისთვის საჩუქრები და ტკბილეული მოაქვს.

– ნაძვისხეც მოაქვს, დედი?

– კი, ნაძვისხეც მოაქვს, კარგი და ლამაზი, კოხტა ნაძვისხე…

სარდაფის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ბავშვები კარს მისცვივდნენ. კართან კაცი იდგა, პატარა მწვანე ნაძვისხით ხელში. მის უკან კი პატარა, თეთრი, ლამაზი გოგონა კალათით ხელში. გოგონას თან ახლდა გამზრდელიც, რომელსაც სავსე ჩანთები და საჩუქრები მოჰქონდა.

ბავშვები უხმოდ მიეკვრნენ დედას.

– ეს ანგელოზია, დედა, ანგელოზია? – ჩუმად ეკითხებოდნენ დედას პატარები და თვალს ვერ აშორებდნენ პატარა ლამაზ გოგონას.

ნაძვის ხე იატაკზე დადგეს. მოხუცმა გამზრდელმა ჩანთები გახსნა და იქიდან ამოალაგა გემრიელი ფუნთუშები, სხვადასხვა ტკბილეული, ყველი, ზეთი, კვერცხი; შემდეგ კი ნაძვისხე სანთლებითა და სათამაშოებით მორთო.

ბავშვები ჯერ კიდევ ვერ მოსულიყვნენ გონს. ისინი ტკბებოდნენ „ანგელოზით“ და ჩუმად, გაუნძრევლად იდგნენ ერთ ადგილას.

– ეს თქვენ. სიხარულით შეხვდით შობას! – გაისმა ბავშვის ხმა, – გილოცავთ!

გოგონამ მაგიდაზე კალათი დადო და გაუჩინარდა, სანამ დედა და მისი პატარა შვილები გონს მოეგებოდნენ.

„შობის ანგელოზი“ მოვიდა, მოუტანა ბავშვებს საჩუქრები და საჭმელი, სიხარული და ბედნიერება და გაუჩინარდა, როგორც ლამაზი, კაშკაშა მოჩვენება. პატარა გოგონას სახლში დედა ელოდებოდა. დედამ ის გულში ჩაიკრა და აკოცა.

– ჩემო კეთილო გოგონავ! – ეუბნებოდა დედა პატარას და უკოცნიდა ბედნიერ სახეს. – შენ უარი თქვი ნაძვის ხესა და საჩუქრებზე და ყველაფერი გაჭირვებულ ბავშვებს მიეცი! ოქროს გული გაქვს, ჩემო პატარა! უფალი დაგაჯილდოებს და გაკურთხებს…

პატარა გოგონა ნაძვის ხისა და საჩუქრების გარეშე დარჩა, მაგრამ სიხარულისგან ბრწყინავდა. ის ძალიან ბედნიერი იყო და თავისი ლამაზი ოქროსფერი თმებითა და ნაზი სახით მართლაც „შობის ანგელოზს“ ჰგავდა.

(თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე)

(რედაქტირება: ნინო ხუროშვილი)

ჩატვირთვა...