დიტრიხ ბონჰოფერის 11 უმნიშვნელოვანესი გამონათქვამი  

172

თავიდან დიტრიხ ბონჰოფერის მშობლებს არ უნდოდათ, რომ მათ ვაჟს ღვთისმეტყველება ესწავლა.

ბონჰოფერები შეძლებულ საშუალო კლასს მიეკუთვნებოდნენ. ეს იყო ექიმებისა და სწავლულთა ოჯახი და ამიტომაც სასულიერო პირის პროფესიას „შეუფერებლად“ მიიჩნევდნენ თავიანთი მეექვსე შვილისათვის.

კარგია, რომ ბონჰოფერმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. უდავოა, ბონჰოფერი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ღვთისმეტყველია.

ბონჰოფერის გამოთქმებში უდიდესი სიღრმე და ძალაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვიცით მის ცხოვრებაში არსებული გარემოებანი. ის პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ხუცესად მსახურობდა და მისთვის კარგად შესამჩნევი იყო გერმანიის ეკლესიასა და გერმანულ ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებები.

ბონჰოფერის  ბევრი ქმედება, შეიძლება, არაკეთილგონივრულად მოგვეჩვენოს ობიექტურ მიზეზთა გამო. მან ხელი შეუწყო გერმანიის ეკლესიის გაყოფას და დააარსა თავისი, აღმსარებლობითი ეკლესია (Confessing Church); მონაწილეობდა ჰიტლერის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში; დატოვა აშშ, სადაც უსაფრთხოდ ცხოვრობდა და გერმანიაში დაბრუნდა მაშინ, როცა ომი თავის პიკს აღწევდა. თუმცა თუ ამ ყოველივეს ერთად განვიხილავთ, დავინახავთ მტკიცე შეხედულებათა მქონე ადამიანს, რომელიც მზად იყო შეწინააღმდეგებოდა არსებულ ნორმებს, ეტანჯა საკუთარი ხალხისა და ღმერთისათვის, რომელსაც მან მთლიანად მიუძღვნა საკუთარი თავი. ის გახლდათ კაცი, რომელსაც, თავისი ცხოვრების დასასრულს, კარგად ესმოდა, რას ნიშნავს ქრისტეს მოწაფეობა და ამის შესახებ მას არაერთი წიგნი აქვს დაწერილი.

1945 წლის 9 აპრილს, ბონჰოფერი საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს, ცოტა ხნით ადრე, სანამ 39 წლის გახდებოდა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა დღესაც ცოცხალია. ბონჰოფერი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ჩვენც ვიბრძოდეთ სამართლიანობისთვის, ვიბრძოდეთ მაშინაც კი, როდესაც ეს არავის აღარ სჭირდება, ვიცავდეთ და ვზრუნავდეთ დევნილებზე, დაუღალავად მივყვებოდეთ ღმერთს, საითაც არ უნდა მიგვიძღოდეს იგი.

დიტრიხ ბონჰოფერი ძალიან ბრძენი ადამიანი იყო. მისი წიგნები არცთუ ადვილად გასაგებია, თუმცა ნამდვილად ღირს მათი წაკითხვა. ქვემოთ მოტანილი მისი თერთმეტი გამონათქვამი გვაიძულებს ბევრ რამეზე დავფიქრდეთ.

განკითხვის შესახებ:

„სხვების განკითხვა გვაბრმავებს, სიყვარული კი გონებას გვინათებს. განკითხვით თავს ვიბრმავებთ და ვერ ვხედავთ საკუთარ ბოროტებას და მადლს, რომლის მიღების  უფლება სხვებსაც აქვთ.“

მადლიერების შესახებ:

„ჩვეულებისამებრ, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად ბევრს ვიღებთ იმასთან შედარებით, ვიდრე გავცემთ, ვერ ვხვდებით, რომ ცხოვრება არ იქნება სრული მადლიერების გარეშე. ადვილია, გადაჭარბებულად შევაფასოთ საკუთარი მიღწევები, ხოლო სხვათა მიერ ჩვენთვის გაწეული დახმარება სათანადოდ არ დავაფასოთ.“

(„წერილები და შენიშვნები ციხიდან“)

უსამართლობის შესახებ:

„ჩვენ არა მხოლოდ ჭრილობები უნდა შევუხვიოთ უსამართლობის მსხვერპლთ, არამედ ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ შევაჩეროთ კიდეც ეს უსამართლობა.“

ბიბლიის „დაცვის“ შესახებ:

„ნუ ეცდებით, რომ ბიბლია ‘აქტუალური’ გახადოთ. მისი აქტუალურობა აქსიომატურია. ნუ დაიცავთ ღვთის სიტყვას, არამედ დაამოწმეთ მის შესახებ. მიენდეთ ღვთის სიტყვას. ეს არის ბოლომდე სავსე ხომალდი.“

ნამდვილი ზნეობრიობის შესახებ:

„საზოგადოების ზნეობრიობის შეფასება იმის მიხედვით შეიძლება, თუ რას დაუტოვებს იგი თავის შვილებს თავისი წასვლის შემდეგ.“

სულიერების შესახებ:

„მაშინ, როცა ყველაფერი ნათქვამი და გაკეთებულია, რწმენით ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სულის დაუსრულებელი ბრძოლა ხორცის წინააღმდეგ ნებისმიერი ხელმისაწვდომი იარაღით.“

ურთიერთობის შესახებ:

„უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობისას აუცილებელია მოვუსმინოთ ადამიანს. ისევე, როგორც ღვთის სიყვარული იწყება მისი სიტყვის მოსმენიდან, ასევე, ჩვენი დებისა და ძმების მიმართ სიყვარულს მაშინ ჩაეყრება საფუძველი, როცა მათ მოსმენას ვისწავლით.“

ღმერთის არსებობის მტკიცების შესახებ:

„ღმერთი, რომელიც თავის არსებობას გვიმტკიცებს, კერპია და არა ღმერთი.“

მშვიდობის შესახებ:

„მშვიდობას უსაფრთხო გზებზე სვლით ვერ მივაღწევთ, რადგან მშვიდობისთვის ბრძოლაა საჭირო. ეს უდიდესი სახიფათო წამოწყებაა და ვერასოდეს იქნება უსაფრთხო. მშვიდობა უსაფრთხოების საპირისპირო რამაა. გარანტიების მოთხოვნა საკუთარი თავის დაცვის სურვილია. მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ მთლიანად მიუძღვნა საკუთარი თავი ღვთის მცნებებს და სანაცვლოდ უსაფრთხოება არ მოითხოვო, არამედ რწმენითა და მორჩილებით გადასცე ხალხთა ბედი ყოვლისშემძლე ღმერთს ხელთ და არ ცდილობდე ბედის განკარგვას ეგოისტური მიზნების მისაღწევად. ბრძოლათა მოგება შესაძლებელია არა იარაღით, არამედ ღმერთთან ერთად. გამარჯვება შესაძლებელია მაშინ, როცა ჩვენი გზა გოლგოთისკენ მიდის.“

ღვთის სიყვარულის შესახებ:

„ღმერთს ვიღაც იდეალური პიროვნება კი არ უყვარს, არამედ უყვარს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან ისინი. უყვარს არა იდეალური ქვეყნიერება, არამედ რეალური.“

(„ფიქრები ჯვრის შესახებ“)

დუმილის შესახებ:

„დუმილი ბოროტების წინაშე თავად არის ბოროტება. ღმერთი ამას დანაშაულად ჩაგვითვლის. უთქმელობა თქმას ნიშნავს. უმოქმედობა მოქმედებაა.“

წყარო: http://www.relevantmagazine.com/

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...