ბიბლიური ციტატები ბედნიერებაზე

321

ბედნიერების ძიება ქარის დევნას ჰგავს, ყოველი ჩვენგანი ცნობიერად თუ არაცნობიერად მივილტვით მისკენ და მიზნების ნუსხაში უამრავი მისაღწევი რამ იყრის თავს, ბედნიერებისთვის რომ გვჭირდება. მერე ვხვდებით, რომ ეს საკმარისი არ არის და კვლავ რაღაც აღმატებულს ვეძებთ…

ბიბლია ამბობს, რომ “დიდი შენაძენია ღვთისმოსაობა და კმაყოფილება.” ბედნიერების სრულყოფილი შეგრძნება თავის თავში მოიცავს არა მარტო სიხარულს, არამედ კმაყოფილების განცდასაც, იმის დაფასებას, რაც გვაქვს. ბიბლია ლაპარაკობს სიხარულზე, რომელსაც იძლევა ღმერთი, კმაყოფილებასა და მშვიდობაზე, რომელსაც ქმნის არა გარემო ფაქტორები და სიტუაციები, არამედ შინაგანი მდგომარეობა. უფალი გვპირდება მშვიდ ნავსაყუდელს მაშინაც, როცა გარშემო ყველაფერი ინგრევა, როცა ქარიშხლები და მდინარეები მძვინვარებენ ჩვენს ცხოვრებაში, ის მოგვცემს თავის მშვიდობას და იქნება ჩვენი თავშესაფარი.

თუ ბედნიერება მხოლოდ იდეფიქსი გგონიათ, “აიღეთ ღვთის სიტყვა და გაიხარეთ უფალში ახლა და ამ წამს, იგავებში ვკითხულობთ: “მოიშორეთ ჭმუნვის საბურველი და შეიმოსეთ ქება-დიდების შარავანდედით…” იხარეთ იმ აღთქმებით, რაც ქრისტეში მოგვეცა და გწამდეთ, მთელი გულით გწამდეთ, რომ იხილავთ მათ აღსრულებას თქვენს ცხოვრებაში. გაიხარეთ დახსნილი ადამიანების გამო; გაიღიმეთ, თუ რთული დრო გიდგათ, რადგან იცით, რომ არის იმედი; რომ არ ვართ მიტოვებულნი და დაობლებულნი. ღმერთი თავისი აღთქმების უკან დგას, იგი არარსს უწოდებს არსს…

მოსემ რწმენით თქვა უარი ეგვიპტის საგანძურებზე, რადგან ხედავდა აღთქმულს. თქვენც გაიხარეთ, რადგან ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულებს, რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და ადამიანს გულზე ფიქრად არ მოსვლია. გახსოვდეთ, რომ ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი მარადიულად…

„სიხარულით ვიხარებ უფალში, მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან ჩამაცვა მე ხსნის ტანსაცმელი, სიმართლის სამოსლით შემმოსა მე, როგორც ნეფე იდგამს ჯიღას და როგორც სასძლო ირთვება თავისი სამკაულებით.”

ესაია 61:10

“ბედნიერია შენი ხალხი. ბედნიერები არიან შენი მსახურნი, მუდამ შენ წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს.”

3 მეფეთა 10:8

“აჰა, ღმერთია ჩემი მხსნელი! მას მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან უფალია ჩემი ძლიერება, ის არის ჩემი ძალა! ის არის ჩემი მხსნელი. და თქვენ სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან.”

ესაია 12:2-3

“თქვენც დამწუხრებულნი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ.”

იოანეს 16:22

“თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანონ, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი, მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას. უფალი ღმერთია ჩემი ძალა. ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს.”

აბაკუმი 3:17 – 19

“ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ჩემმა სულმა; ჩემი ხორციც მოისვენებს იმედიანად. რადგან შენ არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას.”

ფსალმუნი 15:9-10

“უფალი იყოს შენი სიხარული, ის აგისრულებს გულის საწადელს. წარმართე უფლისკენ შენი სავალი გზა, მიენდე მას და ის აღასრულებს. გამოავლენს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს – შუადღესავით. დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს. მოეშვი რისხვას და მიატოვე გულისწყრომა! ნუ გამძვინვარდები, რათა არ გაბოროტდე. რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან, ხოლო უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.”

ფსალმუნი 36:4-13

ჩატვირთვა...