ბიბლიური ციტატები პატიებასა და წყალობაზე

510

მთელი ცხოვრება ვიღწვით, ვშრომობთ და ვაშენებთ ღირსეულ წარმოდგენებს საკუთარ თავზე, ვუფრთხილდებით რეპუტაციას და სწორად სიარულს ვცდილობთ, თუმცა ერთ დღესაც, შესაძლოა, ჩვენმა პრინციპებმა და შეკოწიწებულმა ღირებულებებმა მარცხი განიცადონ, ეს მტკივნეულია და ზოგჯერ იმდენად, რომ ადამიანებს ცხოვრების გაგრძელება უჭირთ, საკუთარ თავს ვერ პატიობენ და წარსულსა და მომავალს შორის გაჩერებულები აწმყოსაც კარგავენ.

ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველა ადამიანი დგება პატიების საჭიროების წინაშე, აბსოლუტურად ყველა, რადგან ადამის მოდგმა ვართ. თუ ახლა თვითგვემაში ცხოვრობ, თუ ეჭვი გეპარება, გაპატია ღმერთმა თუ არა, თუ წარმოსახვით სასწორზე საკუთარ და სხვა ცოდვების სიმძიმეს წონი… თუ იუდასავით სიმშვიდე ვერ გიპოვია… უბრალოდ დააგდე ხელიდან “სასწორი”, კარი მოუჯახუნე ეჭვებს და გაიხსენე, რომ ის ღმერთი გყავს, რომელზეც დავითი წერდა: “უკუნისამდეა წყალობა მისი!” მიბაძე პეტრეს, რომელმაც ისევე უარყო იესო, როგორც იუდამ, მაგრამ მას უფლის მიტევებაში ეჭვი არ შეუტანია. თუ იმაზე ფიქრობ, იმსახურებ თუ არა პატიებას, მაშინ იცოდე, რომ ამას ვერც ვერასდროს დაიმსახურებ, რადგან პატიება მის წყალობაზეა დამოკიდებული და არა ჩვენს დამსახურებაზე, ის კი ნამდვილად “უკუნისამდე მწყალობელია.” მიბაძე დავითს, რომელზეც უფალი ამბობს: “ჩემი გულის სანდომი კაცია ეს!” იყავი წრფელი მონანიებისას და რწმენით აღსავსე მისი წყალობისადმი. გახსოვდეს, რომ ვისაც ბევრი ეპატია, უფრო მეტადაც უყვარს. აიღე უფლის სიტყვა და გამართე დაშვებული მკლავები, რადგან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი და მას ჩვენი ცხოვრების შეცვლის უნარი შესწევს.

“წყალობითა და პატიებით განიწმინდება ცოდვა და უფლის შიშით განუდგება კაცი სიავეს.”

იგავები 16:6

“მე ვარ, მე ვარ ის, რომელიც რეცხავს შენს დანაშაულებებს ჩემი გულისათვის, და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ. გამახსენე, ერთად განვსაჯოთ; ილაპარაკე, რათა გამართლდე.”

ესაია 43:25-26

“რომლის მიერ გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით.”

ეფესელთა 1:7

„ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ.”

ებრაელთა 10:17

“რომელ ღმერთს მოუთმენია შენ გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია. კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ; დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრის ყოველ მათ ცოდვას.”

მიქა 7:18-19

“რადგან მიმატოვა ჩემმა დედ-მამამ; მაგრამ უფალი მიმიღებს მე.”

ფსალმუნი 26:10

“გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, თქვენი ღმერთი, მოდის თქვენთან ერთად. ის არ დაგაგდებთ და არ მიგატოვებთ.“

მეორე რჯული 31:6

ჩატვირთვა...