7 ბიბლიური ციტატა – როგორ დავძლიოთ დეპრესია

697

ალბათ, ხშირად მოგიწყენიათ წვიმიან ამინდში, გიტირიათ მელოდრამაზე და განგიცდიათ გამოცდაზე “ჩაჭრა”, მაგრამ ზოგჯერ გუნება–განწყობილების დაქვეითება დროში ხანგრძლივდება და დაუსრულებელი, სულიერი ტანჯვის სახეს იღებს.

ცხოვრების სწრაფი ტემპი, რუტინა და ერთფეროვნება ზოგჯერ იმდენად გვღლის, რომ გვეჩვენება, თითქოს წრეზე დავდივართ; ვცდილობთ, ჩავწვდეთ მთელი ამ წრეზე სიარულის აზრს და უაზრობად გვეჩვენება ეს დამღლელი რბოლა. დეპრესიის დროს გვიჩნდება უსაშველობის, გამოსავლის არარსებობის განცდა. გვგონია, რომ ცხოვრება დამთავრდა და თითქოს გარშემო აზრს კარგავს ყველაფერი. ზოგჯერ იმდენად მტკივნეულია ეს უიმედობისა და სასოწარკვეთის განცდა, რომ ინტერესს ვკარგავთ ყველაფრის მიმართ, მცირე დაბრკოლებაც კი უსაშველოდ გვაღიზიანებს და ძალაგამოცლილნი, გამოფიტულნი ვფიქრობთ, რომ არანაირი სარგებელი არ გაგვაჩნია და შესაბამისად, ჩვენს ცხოვრებას აზრიც აღარ აქვს…

თუ ახლა საკუთარ ცხოვრებას ჩაჰკირკიტებ და მისი გაგრძელებისთვის მიზეზს და ძალას ეძებ, უბრალოდ აიღე ბიბლია ხელში და მიიღე პასუხი, რადგან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი. მას შენი ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლის ძალა შესწევს. მიდი ღმერთთან და მოიხსენი მძიმე ტვირთი, არ არსებობს ცრემლიან ლოცვაზე დიდი თერაპია ამქვეყნად. მიანდე შენი საზრუნავი უფალს და ის იზრუნებს შენზე. (1 პეტრე 5:7). ღმერთი თავისი სიტყვების უკან დგას, ის ამბობს და აკეთებს, მიენდე მის აღთქმებს და იპოვე სიმშვიდე ღვთის სიყვარულში.

“მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.”

მათეს 11:28

“მტკიცედ ვესავდი უფალს, ყური მომაპყრო და მოისმინა ჩემი ვედრება, და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფერხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები, და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა – განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეეშინდება უფლისა, და მიენდობა მას.”

ფსალმუნი 39:1-3

“განმკურნე მე, უფალო და განვიკურნები, დამიხსენი და დახსნილი ვიქნები, რადგან შენა ხარ ჩემი საქებარი.”

იერემია 17:14

“შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე.”

ფსალმუნი 29:11

“რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.”

ფსალმუნი 41:5

“გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ წვიმები შემოდგომისა.”

ფსალმუნი 83:6

“ნუ გეშინია, რადგან მე შენთან ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.”

ესაია 41:10

ჩატვირთვა...