ბიბლიური ციტატები, რომლებიც შეცვლიან თქვენს ცხოვრებას

321

ჩვეულებისამებრ, ადამიანებს არ გვიყვარს ცვლილებები, გვაშინებს წლების განმავლობაში შექმნილი იმიჯის შეცვლა, საკუთარი ნაჭუჭის დატოვება და ახალ გამოწვევებთან შეჭიდება. „შეჩვეული ჭირი გვირჩევნია შეუჩვეველ ლხინს“ და ასე ვცხოვრობთ ჩვენთვის, მშვიდად, შეუმჩნევლად, დადგენილი გრაფიკითა და წესებით. ვცდილობთ მივყვეთ გეგმას და საკუთარ ცუდ ჩვევებსა თუ თვისებებს ისე ვეთვისებით, რომ საკუთარი „მეს“ ნაწილად აღვიქვამთ და არ ვცდილობთ ვებრძოლოთ მათ.

ზოგჯერ ვერც ვხვდებით, როგორ გვჭირდება ძირეული ცვლილებები, საკუთარი თვალთახედვის ჩარჩოებიდან გამოღწევა და თვალსაწიერის გაფართოება. ხშირად ნომინალური ქრისტიანები ვხდებით და წეს-ჩვეულებათა გროვაში ვიკარგებით. ცხოვრების ყველა საფეხურზე გვჭირდება განახლება. თუ გრძნობ, რომ ცხოვრებას ინერციით მიჰყვები, აიღე ხელში ღვთის სიტყვა და შეცვალე შენი ცხოვრება, რადგან ის ცოცხალი და მოქმედია და ჩვენი ძირეულად შეცვლის უნარი შესწევს.

რომაელთა 10:9

„თუ შენი პირით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები.“

საქმეები 2:38

„ხოლო პეტრემ უთხრა მათ: ‘მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.’“

რომაელთა 12:2

„ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.“

იაკობი 4:8-10

„მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმიდეთ გულები, ორჭოფნო. დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული – მწუხარებად. დამდაბლდით უფლის წინაშე და იგი აგამაღლებთ თქვენ.“

2 პეტრე 1:10

„ამიტომ, ძმანო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა. თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ.“

მათე 6:33-34

„თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.“

ფსალმუნი 40:1-3

„ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე; უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი. უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს; და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე; და შენ არ გადასცემ მათ მათი მტრების სურვილისამებრ. უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს.“

ნატალია ჩიქოვანი

 

ჩატვირთვა...