წიგნები

თავი მეექვსე: 1975… და შემდეგ აუხდენელი დაპირებები

  1. თავი პირველი: ღირსი მამა სანტოსი
  2. თავი მეორე: „იეჰოვა მოშურნე ღმერთია“
  3. თავი მესამე: ჭეშმარიტება, რომელსაც მარადიული ცხოვრებისაკენ მივყავართ
  4. თავი მეოთხე: სასუფევლის სახარების გამოცხადება
  5. თავი მე-5: თეოკრატიული ორგანიზაცია

1975… და შემდეგ აუხდენელი დაპირებები

რაც უფრო ახლოვდებოდა 1975 წელი, იეჰოვას მოწმეთა უმრავლესობას ათასწლეულის მოლოდინი ენთუზიაზმს მატებდა. თითქოს ხელშესახები იყო მათთვის ეს ყველაფერი. ამ ასამბლეის შემდეგ მათ დაიწყეს მოწმეების შემზადება იმისათვის, რომ 1975 წელს აღსასრული არ დადგებოდა და არაფერი მოხდებოდა, ხალხს იმედი არ გასცრუებოდა და არ აღელვებულიყვნენ. მიუხედავად ამისა, მაინც იეჰოვას მოწმეების თეოკრატიული საზოგადოების ერთგულად უნდა დარჩენილიყავი და ეს იყო ყველაზე მთავარი.

ცხადია, შემოდგომამ და მთელმა 1975 წელმა ისე ჩაიარა, რომ აღსასრული არ დამდგარა. იეჰოვას მოწმეებს განსხვავებული რეაქციები ჰქონდათ. ზოგმა სასწრაფოდ მიატოვა საზოგადოება, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ წლების განმავლობაში მწარედ ატყუებდნენ. უმალ გაიცა ბრძანება იმის შესახებ, რომ მათთვის ხმა არ გაეცათ. დემორალიზაციის პროცესი იქამდე მივიდა, რომ იეჰოვას მოწმეთა ახალი უარმყოფელნი გაჩნდნენ. სხვებმა ფორმალურად უარყვეს აღსასრულის გამოცხადება (ასეთი იყო „საგუშაგო კოშკის“ ოფიციალური პოზიცია). ზოგმაც, ჩემსავით, იფიქრა, რომ ადრე თუ გვიან აღსასრული მაინც დადგებოდა და რომ თარიღს (1975) დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ასეა თუ ისე, არ მივიჩნევდით, რომ ასეთი გარემოება დიდ ვნებას მოუტანდა თეოკრატიული ორგანიზაციის რეპუტაციას. ვფიქრობდით, რომ ჯობდა ეს ამბავი დავიწყებისთვის მიგვეცა.

ყოველ შემთხვევაში, „საგუშაგო კოშკმა“ მკაცრი ზომები გაატარა, თავიდან რომ აერიდებინა კრიტიკა, თუ შესაძლო სულიერი დაცემა და კიდევ უფრო განემტკიცებინა თავის წევრთა შინაგანი სიფხიზლე.

ახალი კონგრეგაცია

1976 წელს კონგრეგაცია, რომლის წევრი მეც გახლდით, გაიყო და ათასობით ადამიანის მსგავსად, იძულებული გავხდი, ანტრევიარის კონგრეგაციაში გადავსულიყავი. ამ ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა, რადგან უნდა დავშორებოდი ხალხს, რომელთან ერთადაც დავიწყე მონაწილეობა სასუფევლის საქმეში, მაგრამ განაჩენს უსიტყვოდ დავემორჩილე. ასე იყო მიღებული სამეფო დარბაზებში.

სწორედ იმ დროს ჩავირიცხე უნივერსიტეტში. ხელიდან არ ვუშვებდი შესაძლებლობას, რომ ამხანაგებს თანამედროვე სისტემის აღსასრულზე დავლაპარაკებოდი. ამისათვის ნაკლებად შესაფერისი გარემოცვა მქონდა. გენერალი ფრანკო რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო და სტუდენტურ წრეებში დიდი სოციალური და პოლიტიკური მღელვარება სუფევდა.

სახელმწიფო მეთაურის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ პალომეროსის კონგრეგაციის ერთმა უხუცესმა გამიმხილა თავისი სურვილი იმის შესახებ, რომ ძველებურად გაეგრძელებინა საქმე. თავიდან ვერ გავიგე. როგორ შეიძლებოდა ყველაფერი უცვლელად დარჩენილიყო, როცა სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ასობით იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს? განა უმჯობესი არ იქნებოდა, სიტუაცია შეცვლილიყო და ახალ ეპოქაში ნება დაერთოთ მსურველებს, რომ სამხედრო სამსახურის ნაცვლად სამოქალაქო სამსახური გაევლოთ?

ეს კითხვები სულ თავში მიტრიალებდა, პასუხს კი რამდენიმე წლის შემდეგ მივაგენი.

კონგრეგაციის დარბაზი

1976 წელს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რასაც მომდევნო თავში გიამბობთ. როგორც იეჰოვას მოწმეს, დიდი კმაყოფილება მომგვარა მადრიდში, ამანდიერსის ქუჩაზე კონგრეგაციის დარბაზის გახსნამ.

კოგრეგაციის დარბაზის გეგმა „საგუშაგო კოშკის“ მიერ ერთ-ერთი ყველაზე უკეთ მოწყობილი საქმე იყო. მან ბრძანება გასცა შეეძინათ დარბაზი, რათა კონგრეგაციები მორიგეობით, დაახლოებით, კვირაში ერთხელ შეკრებილიყვნენ. ეს კონგრეგაციების პროპაგანდის საშუალებას იძლეოდა და თან კარს უღებდა ლიტერატურით, საქაღალდეებით, რვეულებით, კალმებითა და სხვა ისეთი ნივთებით ვაჭრობას, რასაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ამზადებდა.

ბრძანება რომ მიიღეს, კონგრეგაციებს შენობის ხარჯების დასაფარად საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდათ. მაშინ „საგუშაგო კოშკი“ დასთანხმდა მათთვის 10%-ის მოგებით ფული ესესხებინა. უკეთეს საქმეს ძნელად თუ წარმოიდგენთ! ჯერ თავის ფულს იბრუნებდა 10%-ის მოგებით, შემდეგ კი ამ დარბაზის მესაკუთრე ხდებოდა. ოსტატურად იმოქმედა მცირეოდენი თანხით: ეს თანხა მოგებით ამოიღო და თან საკუთრებაში მიიღო უძრავი ქონება. გასაგებია, რომ ჩვენ ამაზე ისე დავთანხმდით, რომ აზრადაც არ მოგვსვლია იეჰოვას მოწმეთა საზოგადოების ხრიკი, რომლის მსხვერპლიც ჩვენ შევიქენით, ფონდის საშოვნელად გაღებული შეწირულობით რომ შევუწყვეთ ხელი. ისინი იმავე ხერხს იყენებდნენ, რასაც ლიტერატურის გასავრცელებლად მიმართავდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მრავალ მილიონ პესეტად ღირებული უძრავი ქონება დაისაკუთრეს… და ეს მოხდა სულ რამდენიმე თვეში იმ თარიღიდან, რომელიც გათვალისწინებული იყო აღსასრულის ჟამად და რომელიც არ დადგა.