იეჰოვას მოწმის მოგონებები – სეზარ ვიდალ მანზანარესი (წიგნი)

228

თავი პირველი

ღირსი მამა სანტოსი

წმინდა ანტონის კოლეჯში საღვთო რჯულს ერთი მღვდელი ასწავლიდა. მას 1936 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომში უბრძოლია და მუსოლინისთვის ხელი ჩამოურთმევია. ამ ორი ნიშნის გარდა, რაც ბევრ მის თანამედროვეს ჰქონდა, მამა სანტოსი, ვფიქრობ, ამაოდ ცდილობდა, ჩვეულებრივზე უფრო სასიამოვნოდ ექცია საღვთო რჯულის გაკვეთილები. მისი წყალობით კოლეჯის სასულიერო წიგნების ტექსტებმა ღრმა ცვლილებები განიცადა, გაკვეთილი უფრო ცოცხალი და უშუალო რომ ყოფილიყო, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ჩვენი საღვთო რჯულის გაკვეთილები ისეთივე მძიმე იყო, როგორც ნებისმიერ იმჟამინდელ სასულიერო სასწავლებელში.

რისი მოწმენი?

ერთი მხრივ, რელიგია, ძირითადად, წმინდა მარიამისადმი ერთგულებაში მდგომარეობდა. კოლეჯის მღვდლები ადევნებდნენ თვალყურს ბავშვების ღვთისმოსაობას. ეს კი შეუცნობელი გრძნობის რაღაც არაგულწრფელ ელემენტს აღვიძებდა. მოჩვენებითი რელიგიურობა შეიძლება იმაში წაგდგომოდა, რომ წლის ბოლოს საკმარისი აკადემიური ცოდნა თუ არ გექნებოდა, შეიძლება ღვთისმოსაობის გამო მაინც გადასულიყავი შემდეგ კლასში.

მეორე მხრივ, მორწმუნეთა დამოკიდებულება ყოველივე ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. მათზე ვერაფერს ცუდს ვერ იტყოდი და მათი სწავლების ხარისხიც შესანიშნავი იყო, მაგრამ ისინი ყოველთვის როდი იყვნენ იმ სიწმინდის ნიმუში, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა გვეცხოვრა.

მათი მერჯულეობა უფრო ინდიფერენტულობას იწვევდა, ვიდრე მგზნებარე ენთუზიაზმს სასულიერო ამბების მიმართ. ამის შესანიშნავი მაგალითი იყო მამა სანტოსი. იგი დაჟინებით ცდილობდა ჩვენი ყურადღების მიპყრობას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მამა სანტოსი ჩემი მონათხრობის ნაწილია, რადგან პირველად მისგან მოვისმინე საუბარი იეჰოვას მოწმეებზე.

მომიტევეთ, თუ უფრო მეტად ვერ დავაზუსტებ ჩვენი პირველი შეხვედრის გარემოებებს. როგორც მახსოვს (მაშინ თოთხმეტიოდე წლისა ვიყავი), გაკვეთილის დაწყებისას მამა სანტოსმა გამოგვიცხადა რამდენიმე საინტერესო თემა (რომლებიც, სხვათა შორის, ჩვენ სულ არ გვაინტერესებდა), რომელთა შესახებაც გაკვეთილებზე უნდა ესაუბრა და გაკვრით ახსენა იეჰოვას მოწმეები. იმჟამინდელ ესპანეთში არსებული ვითარების გამო მეგონა, საქმე რომელიღაც პოლიტიკურ ჯგუფს შეეხებოდა.

14 წლის ბიჭის უცოდველი გულუბრყვილობა! მახსოვს, კლასიდან რომ გამოვედი, მღვდელს ვკითხე ამის შესახებ და ისიც დამპირდა, რომ რომელიმე გაკვეთილზე, რამდენიმე კვირის შემდეგ, უფრო დაწვრილებით მოგვითხრობდა მათზე. მეტად არაზუსტი სამრევლო ჟურნალიდან ამომიკითხა იეჰოვას მოწმეთა თეოლოგიის ძირითადი შტრიხები. ინფორმაცია არათანმიმდევრული და ბუნდოვანი იყო, თუმცა რამდენიმე მახასიათებელი კარგად დამამახსოვრდა და მოგვიანებით, იეჰოვას თითოეულ მოწმეში ვცდილობდი ამ მახასიათებელთა აღმოჩენას.

მამა სანტოსმა სიფრთხილე არ გამოიჩინა და ისეთი პოზიცია დაიკავა, რომელიც იეჰოვას მომხრეებს ათასობით მიმდევარს შესძენდა. უპირველეს ყოვლისა, იგი მათ პროპაგანდას უწევდა. დარწმუნებული ვარ, ბევრ ესპანელს არაფერი ეცოდინებოდა იეჰოვას მოწმეთა შესახებ, მათსავე მღვდლებს უდიერად რომ არ ესაუბრათ მათზე. ეს გამოუსწორებელი შეცდომაა.

მეორეც ის, რომ მამა სანტოსმა ისინი არასწორად, ტენდენციურად და ბიბლიური მოძღვრებისგან განდგომილებად წარმოგვიდგინა. იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ ასეთი ვერსიები რამდენიმე წუთში დაამსხვრიონ და თანამოსაუბრე დაარწმუნონ, რომ ჭეშმარიტი ღმერთის მტრები უსამართლოდ სწამებენ ცილს.

ბოლოს, მამა სანტოსმა იმითაც დააკნინა მათი მნიშვნელობა, რომ საშუალება არ მოგვცა, მათთან ბიბლიაზე დაყრდნობით გვესაუბრა. იეჰოვას მოწმეები, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სექტა, ისეთ ხიფათს წარმოადგენენ, რომ მათი უგულებელყოფა არ ღირს. ის, ვინც უფლის სიტყვას არ იცნობს, შეიძლება ადვილად დაიბნეს და გზა აერიოს. მამა სანტოსს ასეთი ცოდნა ჩვენთვის არ მოუცია და ისეთ მტერთან ჩაგვაბა ბრძოლაში, სუსტად რომ მიგვაჩნდა, სინამდვილეში კი ჩვენ ვიყავით განიარაღებულნი.

მალე გავიგე, რა ძვირად დამიჯდა ეს შეცდომა.

 

თავი მეორე

„იეჰოვა მოშურნე ღმერთია“

გაკვეთილი დამთავრდა. საღვთო რჯულში მაღალი შეფასება მივიღე და კომისიამაც მომილოცა. მაშინ ჩვეულებრივი კათოლიკე ბიჭი ვიყავი, ყოველ კვირას წირვაზე სიარული მოსაბეზრებლად მიმაჩნდა და ვფიქრობდი, რომ ბიბლია, ყოველ შემთხვევაში, ძველი აღთქმა, მითების კრებული იყო, სხვა რელიგიების მითებთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებული; ვფიქრობდი, რომ მისი ჭეშმარიტი თუ ყალბი ელემენტები კარგად ჰქონდა განსაზღვრული ვატიკანს.

პირველი მოწმეები მოდიან

აგვისტოში, შუაგულ საზაფხულო არდადეგებზე, იეჰოვას ორმა მოწმემ კარზე მოგვიკაკუნა. კარი მათთვის მე არ გამიღია. გუშინდელივით მახსოვს, შემოსასვლელში დედაჩემმა მათ ორიოდე სიტყვა უთხრა და მე რომ გამოვედი, ისინი უკვე წასვლას აპირებდნენ. მათთან დალაპარაკება მოვინდომე. დედაჩემი გავიდა, ალბათ, იმედოვნებდა, რომ მეც მალე მოვიცილებდი თავიდან.
ორი ბიჭი, ედუარდი და ავგუსტინე, რომელთა სახელებიც მოგვიანებით შევიტყვე, შეეცადა ჩემთვის შემოეჩეჩებინა ჟურნალი, რომლის გამორთმევის არავითარი სურვილი არ გამაჩნდა, რადგან მინდოდა, მამა სანტოსის თეორია დამეცვა.

მე მათ ვუთხარი, რომ მათი ბიბლია აბსოლუტურად ყალბი იყო, თუმცა ვერც ერთი ბიბლიური ადგილის დასახელება ვერ შევძელი (მამა სანტოსს არც ერთი მსგავსი ადგილი არ უსწავლებია). მაშინ ერთმა მოწმემ მთხოვა, გასაგებად მეთქვა, რომელი მოძღვრება იყო გაყალბებული ბიბლიაში. სამება ვახსენე. ბიჭმა თავაზიანად და მოწყალედ გამიღიმა და მთხოვა, ჩემი ბიბლია გამომეღო.

სასადილო ოთახში შევედი. თაროდან ბიბლია ავიღე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ბიჭები ბაქიობდნენ და ადვილად მოვიცილებდი თავიდან. რას წარმოვიდგენდი, რომ საფუძველი ეყრებოდა ურთიერთობას, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდებოდა.

ჩემი ბიბლია რომ ავიღე, ერთმა მათგანმა მთხოვა წამეკითხა მარკოზის სახარების 13:32. როგორც კი ჩავიკითხე, მითხრა: „თუ ქრისტე ღმერთი იყო, ყველაფერი უნდა სცოდნოდა და თუ დღისა და ჟამის დასასრული არ იცოდა, მაშ, ღმერთი არ ყოფილა, არა?“ არგუმენტი ისეთი დალაგებული იყო, ყოველ შემთხვევაში ასე მეჩვენებოდა, რომ ხმა ვერ ამოვიღე.

ბიჭმა დაფიქრებაც არ დამაცადა და დასძინა: „გინდა, ახლა იოანეს სახარების 14:28 წაიკითხო?“ როგორც კი კითხვა დავამთავრე, მითხრა: „თუ ქრისტე მამაზე მცირე იყო, იგი ღმერთი ვერ იქნებოდა, არა?“ ეს არგუმენტები ისე ლოგიკური მეჩვენა (თან იმდენად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მამა სანტოსისგან მსმენოდა), რომ გადავწყვიტე, ცოტა კიდევ მომესმინა მათთვის.

ვთხოვე, დამსხდარიყვნენ და მათი მოძღვრების სუსტი მხარეების შესახებ შევეკითხე.

საინტერესო კავშირი

სისხლი? ამისათვის მოციქულთა საქმების 15:28-29 წაკითხვაც კმაროდა. სისხლის სმა აკრძალული იყო, არა? ამის გასაგებად საკმარისი იყო წაგეკითხა.

წუთისოფლის აღსასრული? საკმარისია ჩაიხედო მათეს სახარების 24-ე თავში. განა იქ ლაპარაკი არაა ომებზე, ერებზე, რომლებიც სხვა ერებს ებრძვიან, სხვა სახელმწიფოებს ებრძვიან? ამის წაკითხვა საკმარისი იყო.

ორი საათის შემდეგ გაოგნებამ მომიცვა. მამა სანტოსის ნათქვამი უსაფუძვლო და უწყვეტი ცნებების ჯაჭვი იყო. ყოველივე ეს კათოლიკურ ბიბლიაში დავინახე. აქ იყო ქრისტეს სიმცირე, წუთისოფლის აღსასრულის სიახლოვე, სისხლის დაღვრისგან თავის შეკავების აუცილებლობა. ამ ხალხს აშკარად ცილს სწამებდნენ, რადგან კარდაკარ დადიოდნენ და ბიბლიას ასწავლიდნენ.

უცებ, მამა სანტოსის ნათქვამი გამახსენდა, იეჰოვას მოწმეები რელიგიას ებრძვიანო. ლოგიკური არ იყო სხვა რელიგიის ქადაგება.

– თქვენ ებრძვით სხვა რელიგიებს. რატომღა ქადაგებთ კიდევ ერთ რელიგიას? – ვკითხე მე. ბიჭმა კვლავ გაიღიმა.

– ჩვენ რელიგიებს არ ვებრძვით. აკი ნახე, რომ კათოლიკური ბიბლია გამოვიყენეთ, – მიპასუხა მან. თავი დავუქნიე, ყოველივე აშკარა იყო.

– ესე იგი, – განაგრძო მან, – რადგან ერთმანეთს ეწინააღმდეგება, შეუძლებელია, ყველა რელიგია ჭეშმარიტი იყოს და ღმერთ იეჰოვასაც არ შეუძლია საკუთარ თავს შეეწინააღმდეგოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვქადაგებთ ჭეშმარიტ რელიგიას, ბიბლიიდან აღებულ ერთადერთ რელიგიას, ღმერთისათვის სასურველ ერთადერთ რელიგიას, რადგან უფალი მოშურნე ღმერთია.

ვცდილობდი, თავი დამეცვა მათი არგუმენტებისაგან. „კარგი, სულიერი მნიშვნელობით… მაგრამ ძველი აღთქმა ჩვეულებრივი ამბების კრებულია, რომლებიც, ალბათ, არც არასოდეს მომხდარა და…“

ბიჭს სახე შეეცვალა, თითქოს ჩემი ნათქვამი ეწყინა.

„შეხედე“, – მითხრა მან. „ბიბლია ღვთის სიტყვაა და ღმერთი არ შეიძლება ტყუოდეს და თუ ასე არ ყოფილა, ისე მოგვითხრობდნენ, როგორც იქნებოდა. რა საჭიროა ჭეშმარიტება ლეგენდებით შეიცვალოს? ცუდია, რელიგიის მსახურნი ღვთის სიტყვას ნდობას რომ ურყევენ ადამიანებს და ღმერთს მატყუარად წარმოსახავენ.“

ამ ახალმა არგუმენტმა საბოლოოდ დამარწმუნა მათ ლოგიკურობაში. კათოლიკური ეკლესია თუ აცხადებს, რომ მთელი კათოლიკური ინსტიტუტი ემყარება ბიბლიას, ბიბლია კი ლეგენდების კრებულია, რატომ უნდა ვირწმუნოთ ამ ინსტიტუტების?

ეს ხალხი გონიერი ჩანდა. ბიბლია თუ ჭეშმარიტებაა, მაშინ მასში ჩახედვა საკმარისია, რომ გაიგო, რას ამბობდა, ან როგორი იყო ღმერთი.

ერთმანეთს რომ დავშორდით, ჩემში ბევრი რამ შეიცვალა. შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას კვლავ შევხვდებოდით ერთმანეთს. ეგებ ღმერთმა მომიკაკუნა კარზე.

 

თავი მესამე: 

ჭეშმარიტება, რომელსაც მარადიული ცხოვრებისაკენ მივყავართ

შემდეგ კვირას, როცა ავგუსტინე მოვიდა, შინ არ გახლდით. გული დამწყდა. ბებიამ მითხრა, შეწუხდა და თქვა, ორ დღეში მოვალო. მართლაც მოვიდა. ცხელი აგვისტოს ნაშუადღევი იდგა. მამაჩემმა და მე ის სასტუმრო ოთახში შევიყვანეთ. აივნის კარი ღია იყო და გარედან გრილი ჰაერი შემოდიოდა. ჩვენი საუბარი პირვანდელზე საინტერესო გამოდგა, რადგან მასში ახალი ელემენტი შემოიჭრა.

წუთისოფლის აღსასრული 1975 წელი

წუთისოფლის აღსასრულზე შევეკითხე. გამოგიტყდებით, ეს საკითხი ძალიან მაინტერესებს. „ამას წინათ მითხარი, აღსასრული მოახლოვდაო, როდის მოხდება ეს?“

– ჩვენი საზოგადოება ფიქრობს, რომ აღსასრული 1975 წელს დადგება.

– მამამ და მე გაოცებით გადავხედეთ ერთმანეთს. მახსოვს, მამამ დამცინავი მზერა ესროლა ავგუსტინეს.

– რა მოხდება, – ჰკითხა მან, – 1975 წელს წუთისოფლის აღსასრული რომ არ დადგეს?

ავგუსტინემ ისე გაიღიმა, თითქოს ბავშვის შეკითხვას პასუხობდა.

– 1975 წელს კაცობრიობის ისტორიის 6000 წელი შესრულდება და ახალი ათასწლეული დაიწყება.

მამას სახეზე შეწუხება გამოეხატა. „კაცობრიობის ისტორიის 6000 წელი?“

წამოდგა, წიგნების კარადასთან მივიდა, ანთროპოლოგიის წიგნი გამოიღო და თანამედროვე ადამიანებამდე არსებული ადამიანურ არსებათა ამსახველი სქემა მოძებნა. „ნეანდერტალელი 100 000 წლის წინ გაჩნდა, კრომაგნონი კი 50 000 წლის წინ“, – თქვა მან. შემდეგ ცოტა ხანს შეიცადა, წიგნს თავი ანება და ავგუსტინეს შეხედა: „თქვენ ამბობთ, რომ კაცობრიობის ისტორიიდან 6000 წელიც არ გასულა?“

ავგუსტინეს სახეზე ისეთივე სევდა გამოკრთა, როგორც მაშინ, დარწმუნებით რომ ვამბობდი, ბიბლია ლეგენდარულ ამბებს შეიცავს-მეთქი.

„ამას მე კი არა, ბიბლია ამბობს. უფლის სიტყვა ამტკიცებს და საეჭვო არაფერია, რომ 1975 წელს კაცობრიობის ისტორიიდან 6000 წელი სრულდება. ეს წიგნი კი, – მამას მოტანილ წიგნზე მიუთითა, – ადამიანის შექმნილია. ეს ადამიანის სიტყვებია და თუ მე უნდა ავირჩიო ან ადამიანის სიტყვა ან ღმერთის სიტყვა, ანუ ბიბლია, მე ბიბლიას ვამჯობინებდი.“

მან მარჯვენა ხელით თავისი ბიბლია ასწია და ამით ხაზი გაუსვა საკუთარი არგუმენტების მნიშვნელობას.

– კი, მაგრამ ბიბლია და მეცნიერება ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, – შევეცადე ჩემი მოსაზრება გამომეხატა.

– მისმინე, მეცნიერება ადამიანის შექმნილია და ამდენად, არასრულყოფილია. გასულ საუკუნეში უარყოფდნენ ხეთების არსებობას, რადგან ბიბლია ამბობდა ამის შესახებ. შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ხეთები მართლაც არსებობდნენ. 1975 წელს ადამიანი 6000 წლის გახდება.

ავგუსტინეს მტკიცე სიტყვამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა. გამახსენდა ისტორიის გაკვეთილზე ნასწავლი, როგორ შემთხვევით აღმოაჩინეს ხეთების იმპერია და გავიფიქრე, იქნებ ეს ბიჭი მართალია-მეთქი.

როგორც ჩანს, მამაჩემი ამან ვერ დაარწმუნა. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს სისულელეების მოსმენა ართობდა და სიცილს ძვლივს იკავებდა.

„1975 წლის რომელ თვეს?“ – იკითხა მან ირონიულად. „ალბათ შემოდგომით,“ – ისე მიუგო ავგუსტინემ, თითქოს მამაჩემის ტონი ვერ შეამჩნია. „ადამი შემოდგომით შეიქმნა და აღსასრულის ჟამიც, ალბათ, შემოდგომით დადგება. უფრო დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით, ბოლოს და ბოლოს, ძემ, რომელიც მამაზე მცირეა, აღსასრულის არც დღე იცის და არც საათი. არც ჩვენ ვიცით.“

მოსმენილზე ვფიქრობდი, როცა კარში დედა გამოჩნდა და იკითხა, ფორთოხლის წვენს ხომ არ მიირთმევთო.

ვიწყებთ სწავლას

ამ საუბარს გადამწყვეტი შედეგი მოჰყვა. იეჰოვას მოწმეების მიმართ გარკვეული სიმპათია გამიჩნდა და ახლა დამატებით საბაბს ვეძებდი. წუთისოფლის აღსასრული ახლოვდებოდა. მამაჩემს მიაჩნდა, რომ საკმაოდ გონიერი ვიყავი იმისათვის, ასეთი სისულელეები რომ არ დამეჯერებინა.

ის ცდებოდა.

ამის შემდეგ ავგუსტინე ყოველ კვირა დილით მოდიოდა ჩვენთან. რამდენიმე წიგნიც მომიტანა. ამ პუბლიკაციებმა იმედი გამიცრუა. მათი ტონი აგრესიული და შეურაცხმყოფელი იყო. გულუბრყვილობის გამო მათი არგუმენტები გამაღიზიანებელი მეჩვენა. არც ლიტერატურული სტილი იცავდა ესპანური ენის სინტაქსს.

კოლეჯში გრამატიკას მკაცრად გვასწავლიდნენ და მიჭირდა ისეთი ესპანურის კითხვა, რომელშიც ოკეანისგაღმური ინგლისურის გრამატიკული კონსტრუქციები ჭარბობდა.

ჩემი აზრი ავგუსტინეს გავუზიარე, მაგრამ მას ამისათვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. შეეცადა ჩემთვის გაეგებინებინა, რომ ეს წიგნი უბრალო ხალხისთვის იყო დაწერილი და ძირითადად, ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის იყო გათვალისწინებული. თანაც, სტილსა და რედაქციაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ აღსასრულის ჟამი ახლოვდებოდა.

არ მომეწონა, მაგრამ დავეთანხმე, როგორც ნაკლებ ბოროტებას. ბოლოს და ბოლოს, ახალი აღთქმის ბერძნული, პლატონისა თუ ესქილეს კლასიკური ბერძნული კი არა, ჩვეულებრივი ხალხის სალაპარაკო ენაა.

რამდენიმე კვირაში იეჰოვას მოწმეთა მრავალი თხზულება და რამდენიმე წიგნი მქონდა წაკითხული. მაგალითად, „ნამდვილად ღვთის სიტყვაა თუ არა ბიბლია?“ „მარადიული ცხოვრება ღვთის ძეთა თავისუფლებაში“ და სხვა. წავიკითხე ჟურნალების „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ პირველი ეგზემპლარები.

ამ ჟურნალების წაკითხვამ იმედი გამიცრუა და ჩემი თავდაპირველი ენთუზიაზმი გაანელა. უბრალოების საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, მაგრამ უცოდინრობა უბრალოება არ იყო. ძალადობა, რომელიც ამ ჟურნალების ფურცლებიდან გამოსჭვიოდა, უბრალო მხილებაზე მეტი იყო.

ახალი სასწავლო წელი დაიწყო და მეცადინეობამ ხელი შემიშალა იმავე ტემპში მეყლაპა იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციები. ავგუსტინემ მირჩია, მასთან ერთად შემესწავლა წიგნი – „ჭეშმარიტება, რომელსაც მარადიული ცხოვრებისკენ მივყავართ“, მაგრამ ჩემს თვალში იეჰოვას მოწმეებს თავდაპირველი შარავანდედი შემოეძარცვათ.

შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი ვუთხარი და დროის ნაკლებობა მოვიმიზეზე. დავძინე, რომ შეეძლო დროდადრო მწვეოდა და ჩვენი საუბრები გაგვეგრძელებინა.

ავგუსტინემ სიტყვაზე დამიჭირა. ერთი კვირაც არ ჩაუგდია, ისე დადიოდა ჩემთან იეჰოვას მოწმეთა მოძღვრებაზე სასაუბროდ.

მამა მაქსიმილიანე

საღვთო რჯულის ახალი მასწავლებელი მამა მაქსიმილიანე მამა სანტოსზე უკეთესი არ იყო. სიმართლე რომ ვთქვა, გარკვეული თვალსაზრისით, უარესიც კი იყო. სწავლის დაწყების პირველსავე დღეს მანაც იგივე შეცდომა დაუშვა, რაც მისმა წინამორბედმა. იმ წელს შესასწავლ საინტერესო თემათა შორის მანაც იეჰოვას მოწმეები დაასახელა.

ორი-სამი დღის შემდეგ კათოლიკური თხზულება წავიკითხე იეჰოვას მოწმეებზე. მასში იმდენი შეცდომა და არასწორი ინტერპრეტაცია აღმოვაჩინე, რომ ჩემდა უნებურად ვიგრძენი, როგორ დამიბრუნდა სიმპათია იეჰოვას მოწმეების მიმართ. რამდენიმე კვირის შემდეგ მასწავლებელს ვკითხე, ხომ არ ჰქონდა რაიმე პუბლიკაცია, რომელიც იეჰოვას მოწმეთა დებულებებს გააბათილებდა. მან თანაგრძნობით შემომხედა და მხარზე ხელი დამადო.
„ვიდალ, – მითხრა მან, – ჭკვიანი კაცი ბრძანდებით. რაში გაინტერესებთ ეს ბნელი ხალხი?“

მივხვდი, რომ ამ საკითხზე აქ ვერაფერს გავაწყობდი და გადავწყვიტე, სხვაგან მეცადა ბედი.

ბერძნული ენის გაკვეთილი

არჩევანი ბერძნულის მასწავლებელზე შევაჩერე. იმ წელიწადს მამა არსეზე უკეთესი მასწავლებელი არ მყავდა. ეს მაღალი კულტურის კაცი მთელი გრძნობებით გვასწავლიდა. ბერძნული ენა ყოველდღე ბოლო გაკვეთილად გვიტარდებოდა და ჩემთვის ეს დღის საუკეთესო ნაწილი იყო. წინა სასწავლო წლის განმავლობაშიც ვსწავლობდით ბერძნულს, მაგრამ სასიამოვნო მოგონება არ შემომრჩენია, რადგან გაკვეთილები მოსაწყენი და უინტერესო გახლდათ.

მამა არსესთან საქმე სხვაგვარად იყო. შემიძლია ვთქვა, რომ მან მიბიძგა – ბერძნულის სწავლა გამეგრძელებინა. მასთან შეხვედრას ვესწრაფოდი, სხვა საკითხებზეც რომ გამოვლაპარაკებოდი. ერთმანეთს წიგნებს ვუცვლიდით ისტორიაში, ლიტერატურასა და ფილოსოფიაში და წაკითხულის შესახებ ვსაუბრობდით. ის ერთადერთი, საკმაოდ ჭკვიანი კაცი იყო, რომელსაც შეეძლო ჩემს კითხვებზე ეპასუხა. ერთხელ, კლასიდან რომ გამოვედი, მასთან მივედი.

– მამაო, ამიხსენით იოანეს სახარების მე-14 თავის 28-ე მუხლი. ტექსტში ნათქვამია, რომ ძე მამაზე მცირეა. ეს რანაირად შეიძლება, თუ ძეც ღმერთია?

– ძე კაციცაა და როგორც კაცი, იგი მამაზე მცირეა. პასუხმა დამაკმაყოფილა და შემდეგ კითხვაზე გადავედი.

– რით აიხსნება ქრისტეს ნათქვამი, რომ აღსასრულის ჟამის არც დღე იცოდა და არც საათი?

მამა არსე ცოტა ხანს დაფიქრდა.

– უფრო ნათლად რომ გიპასუხო, ტექსტი უნდა ვნახო, მაგრამ ვფიქრობ, იესოს ასეთი მტკიცება იმას ნიშნავს, რომ მიწიერი საქმიანობის დროს მას ეს თარიღი არ უნდა გაემხილა.

ამ პასუხმა ნაკლებად დამარწმუნა, ვიდრე პირველმა, მაგრამ ვიფიქრე, შესაძლოა სწორ გზაზე დგას-მეთქი.
– ხომ არ ინებებთ, გადახედოთ რამდენიმე წიგნს, რომლებიც თან მაქვს?

ჩანთიდან „ჭეშმარიტება, რომელსაც მარადიული ცხოვრებისაკენ მივყავართ“ და „დაეცა დიდი ბაბილონი“ ამოვიღე. პირველი წიგნი გავუწოდე და ვუთხარი:
– ნახეთ, მასში ძირითადი დებულებებია. დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ გადახედავთ და თქვენს აზრს გამიზიარებთ.

მამა არსემ იმ წიგნს ხელი არ ახლო და მეორე გამომართვა.

– კარგი, ვიდალ, გადავხედავ და გეტყვით ჩემს აზრს.

მეორე დღეს, გაკვეთილის შემდეგ, წიგნი მერხზე დამიდო. „გუშინ საღამოს წავიკითხე ეს წიგნი, – მითხრა მან. – მხოლოდ მეორე თავამდე მისვლა შევძელი, აქ ამომივიდა. – ხელი ყელთან მიიდო. – ვერ გამიგია, როგორ შეიძლება თქვენისთანა ჭკვიანმა კაცმა დრო ამაზე დაკარგოს. თქვენ ჩემი საუკეთესო მოწაფე ხართ და არა ვიღაც სხვა. მხოლოდ ტექსტების შესწავლით არ კმაყოფილდებით, თავად ეცნობით წიგნებს. გირჩევთ, დაივიწყოთ ასეთი რამეები. ეს თქვენი ჭკუის გაფლანგვაა.“

მან იმედი გამიცრუა. მისგან განმარტებას ველოდი და არა რჩევას, ასეთი რამეების კითხვაზე დრო არ გამეფლანგა.

– ასე საშინლად გეჩვენათ? – შევეცადე ამ გზით მეიძულებინა თავისი დასკვნა განევრცო.
„დიახ, აკი გითხარით, რომ აქ ამომივიდა, – და კვლავ ყელთან მიიტანა ხელი. – დამიჯერეთ, დაივიწყეთ ეს სიცრუე. ესპანურიც კი არ იციან წესიერად.“

კათოლიკურ ეკლესიაში დარჩენის ჩემი უკანასკნელი საბაბიც რამდენიმე საათში შემომეძარცვა.

გზა ჭეშმარიტებისაკენ

ისე არეული ვიყავი, რომ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას ვერ ვახერხებდი. ერთი მხრივ, იეჰოვას მოწმეების მოძღვრება მიზიდავდა. მათ პირველებმა წარმართეს ჩემი გული და გონება ბიბლიისაკენ. ისინი ყოველ კვირას მოდიოდნენ და 2-3  საათის განმავლობაში მოთმინებით მესაუბრებოდნენ. მეორე მხრივ, მათი მოძღვრების ბევრი არგუმენტი ჩემთვის მთლად გასაგები არ იყო, თუნდაც მათი თვალსაზრისი სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთის არარსებობაზე, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა მანამდე წაკითხულ ბიბლიურ საკითხავებს.

შემდეგ კვირებში შევეცადე, მათი მოძღვრება კათოლიკურ დოგმათა სახელმძღვანელოსთან შემედარებინა, იმ წელს რომ გავდიოდით საღვთო რჯულში. ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, არც ერთ მხარეს არ ერგო აშკარა გამარჯვება, თუმცა იეჰოვას მომხრეებმა ნამდვილად მეტი ქულები დააგროვეს.

ხატების კულტი რომ ვახსენე, ავგუსტინემ გამოსვლათა 20:4-5 შემახსენა, რომელშიც უფალი ხატების შექმნას და მათ თაყვანისცემას კრძალავს. მარიამისა და წმინდანების შუამდგომლობით რომ დავინტერესდი, ტიმოთეს მიმართ 1-ლი წერილის მე-2 თავის მე-5 მუხლის წაკითხვა მირჩიეს იმის დასამტკიცებლად, რომ ღმერთსა და ადამიანებს შორის ერთადერთი შუამავალი იესო ქრისტეა.

სალხინებლის საკითხთან დაკავშირებით საუკეთესო არგუმენტი ის იყო, რომ არც ეს სიტყვა და არც ეს ცნება არ გვხვდება წმინდა წერილში და ა.შ. ავგუსტინემ ვერ მითხრა, თუ სად ეწერა ბიბლიაში ჯოჯოხეთისა და გარდაცვალების შემდეგ სულის სიცოცხლის შესახებ, ვერც სხვა საკითხებზე მითხრა რაიმე, მაგრამ ამიერიდან ცხადი იყო, რომ კათოლიკურ ეკლესიაში დარჩენა აღარ შემეძლო.

შემდეგ თვეებში მთელ რიგ ხრიკებს მივმართე, კოლეჯის საკულტო რიტუალებს რომ არ დავსწრებოდი, ან ბიბლიოთეკაში ვიკარგებოდი, ან საკულტო დღეს სასწავლებელში არ მივდიოდი, ანდა სამლოცველოში თუ შევიდოდი, კუთხეში ავიტუზებოდი, რომ არ დამეჩოქა. ხანაც ქანდაკებასავით, გაუნძრევლად ჩამოვჯდებოდი მერხზე.

ასეთი დამოკიდებულება სარისკო იყო და ალბათ, კარგად რომ დავფიქრდეთ, არც იეჰოვას მოწმე ვიყავი, მაგრამ ჩემთვის მიუღებელი იყო სიტუაციები, რომლებიც, რამდენადაც მესმოდა, წმინდა წერილსა და მის მნიშვნელობას ბღალავდნენ.

უნდა გადაწყვიტო

ახალმა ბიძგმა კიდევ უფრო დამაახლოვა იეჰოვას მოწმეებთან. ერთხელ ავგუსტინე მესტუმრა. სახეზე ნაცნობი სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა. იმხანად მისი სახე სევდასა და ეჭვს ირეკლავდა და დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. ეს გამომეტყველება კამათს თითქოს წმინდა, საზეიმო ელფერს აძლევდა. მომდევნო წლებში სისტემატურად გამეორებული ეს გამომეტყველება იეჰოვას ასობით მიმდევარს და მოგვიანებით, საკუთარ თავსაც კი შევამჩნიე.

ავგუსტინემ მითხრა, რომ ჩემთან მეცადინეობას ვეღარ გააგრძელებდა. იეჰოვას მოწმეთა მიზანია, თავიანთი მოძღვრების გასავრცელებლად გარკვეული რეგულარობით, კვირაში ერთხელ მივიდნენ ოჯახში.

სახეზე აშკარა შეშფოთება გამომეხატა.

„ვწუხვარ სეზარ, მაგრამ წარმატება არ გაქვს. ხომ ხედავ, სულ ერთ ადგილს ვტკეპნით და წინ არ მივიწევთ. შენ არავითარ გადაწყვეტილებას არ ღებულობ, მონათვლაზეც არ გიფიქრია და ისევ კათოლიკე ხარ,“ – მითხრა მან.

მახსოვს, როგორ აღვშფოთდი.

განვაცხადე, რომ კათოლიკე აღარ ვიყავი, და რომ ძალიან ახლოს ვიყავი მასთან. საჭირო იყო, ცოტა მოთმინება გამოეჩინა ჩემ მიმართ, ცოტა კიდევ დაეცადა, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ყოველივე ამაო გამოდგა.

„არა, სეზარ, ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. ბევრი დადარდიანებული ადამიანია, რომელსაც სურს გაიგოს სასუფევლის სახარება. მე კი ყოველ კვირას შენთან ვკარგავ დროს.“

15 წლის გულუბრყვილო ბიჭს მეგონა, რომ ავგუსტინე რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში მისიონერად წასვლას აპირებდა. აკი ერთხელ მითხრა, რომ თავის კონგრეგაციაში უხუცესად გახდომა უნდოდა, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობდა. მე მის საქმეს ვაბრკოლებდი და უნდა მივეტოვებინე.

ტირილი მინდოდა. მეგონა, უფალმა მიმატოვა გულქვაობისთვის. იმის ნაცვლად, რომ მორჩილად მერწმუნა ყოველივე, შევეცადე ყველაფერი გამეგო და ახლა მას ვეღარ ვნახავდი. ავგუსტინეს სიჩქარე ლოგიკური იყო, რადგან წუთისოფლის აღსასრულის ჟამი ძალიან ახლოს იყო. აღსასრული!!! სად აღმოვჩნდებოდი აღსასრულის ჟამს?

დიდი ბაბილონი

შემდეგ კვირაში საშინელი სევდა დამეუფლა. ვცდილობდი, გამოსავალი მენახა. გამახსენდა წიგნი, მამა არსემ რომ დამიბრუნა – „დაეცა დიდი ბაბილონი“. ვიფიქრე, იქნებ მასში მივაგნო გადაწყვეტილებას-მეთქი. წიგნი თუ დამარწმუნებდა, გადაწყვეტილებას მივიღებდი, მეტი რაღა დამრჩენოდა, თუ არადა თავს დავანებებდი.

მომდევნო დღეებში სულმოუთქმელად წავიკითხე ეს პუბლიკაცია. ზოგი მტკიცება ძალიან უცნაური მეჩვენა, მაგალითად, განცხადება, რომ ქრისტე და მიქაელ მთავარანგელოზი ერთი და იგივე პიროვნებაა. მეორე მხრივ, გამოცხადების წიგნის ცოცხალმა წარმოდგენამ კიდევ უფრო დამაახლოვა მათთან.

კვირას, ავგუსტინე რომ მოვიდა, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მქონდა მიღებული.

„იქნებ, – ვევედრებოდი მე, – რამდენიმე კვირაში შეგვესწავლა  წიგნი „ჭეშმარიტება, რომელსაც მარადიული ცხოვრებისაკენ მივყავართ“ და უფრო ნათლად დავინახავდი…“

უარყოფით პასუხს ველოდი, მაგრამ ავგუსტინემ გაიღიმა და მითხრა, რომ უკანასკნელ შესაძლებლობას მაძლევდა. მისდამი მადლიერებით აღვივსე. ჩემმა წინადადებამ იგი არათუ შეაწუხა, ესიამოვნა კიდეთ. ეს, ალბათ, ხელს შეუშლიდა თავის საქმეში, კარდაკარ სიარულით ექადაგა ღვთის სასუფევლის შესახებ. უფალი გულმოწყალე იყო ჩემდამი და ამჯერად არ უნდა გამეწბილებინა იგი.

ჭეშმარიტება, რომელსაც მარადიული ცხოვრებისაკენ მივყავართ

წიგნი „ჭეშმარიტება, რომელსაც მარადიული ცხოვრებისაკენ მივაყვართ“ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ იეჰოვას მოწმეთა მძლავრ პროპაგანდისტულ იარაღს წარმოადგენდა.

წიგნი იეჰოვას მოწმეთა ძირითადი მოძღვრების ექვს თვეში სასწავლებლად იყო გამიზნული. ამ ვადის გასვლის შემდეგ ამის აღმსარებელს თავის მასწავლებელთან ერთად კარდაკარ უნდა ექადაგა, ცოტა ხნის შემდეგ კი მონათლულიყო.

წიგნი სიმარტივისა და ადამიანის დარწმუნების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენდა. ყოველი გვერდის ბოლოს რამდენიმე კითხვა იყო დასმული. მათი პასუხები კი ტექსტში შეკითხვების შესაბამისად დაყოფილ და დანომრილ პარაგრაფებში იკითხებოდა.

მკითხველი თავისთავად რწმუნდებოდა წიგნში ნათქვამში. მაგალითად, სამების თემას ორ-ნახევარი გვერდი ეკავა და რვა კითხვა ჰქონდა დასმული. მოძღვრების შინაარსი ისე იყო წარმოდგენილი, რომ გონებაში უმალ აიგივებდი ამ პარაგრაფის მტკიცებებს ბიბლიასთან.

ასეთი ფსიქოლოგიური პროცესი იეჰოვას მოწმეთათვის დარწმუნების, ზრდისა და სიმტკიცის გასაღებია.

მათი ნაწერი ჭეშმარიტებას ჰგავს, ვინაიდან მრავალ ბიბლიურ ფაქტს შეიცავს.

ამ პატარა წიგნმა სულ რამდენიმე კვირაში დამარწმუნა. მისი პირველი თავი ეხებოდა იეჰოვას მოწმეთა ყველაზე შთამბეჭდავ საკითხს აღსასრულის ჟამის მოახლოების შესახებ. მახსოვს, იმჟამად მეც შევიძინე მათი ჩვევები, რომლებიც წლების განმავლობაში შევინარჩუნე: ვცდილობდი გაზეთებში მომეძებნა ის ცუდი ამბები, რომლებიც დამარწმუნებდა, რომ აღსასრულის ჟამი გიგანტური ნაბიჯებით გვიახლოვდებოდა.

მეორე თავი საკუთარი მრწამსის შემოწმების საჭიროებას ეხებოდა. ესეც გავაკეთე, როგორც კათოლიკემ და ანტიბიბლიურად მივიჩნიე იგი. ეს შემოწმება საკმარისი არაა, იეჰოვას მოწმედ რომ იქცე. ანტიბიბლიურმა ხასიათმა ისინი მომავალში უნდა აიძულოს, უფრო დაწვრილებით გააანალიზონ თავიანთი რელიგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება.

მაშინ, როცა ადამიანი იეჰოვას მოწმე ხდება, მიაჩნია, რომ უკვე საკმაოდ კარგად შეისწავლა საკუთარი რელიგია და მისკენ მიბრუნება საჭირო აღარაა. ხსენებული წიგნის ეს თავი ეხებოდა მათ, ვინც მათი წევრი არ იყო. იეჰოვას მოწმეთა სწავლების წყალობით ადამიანი ორ კვირაში საბოლოოდ სწყდება თავდაპირველ რელიგიურ გარემოს.

კიდევ უფრო დამარწმუნებელია მესამე ნარკვევი ღმერთის შესახებ. გამახსენდა პირველივე დღეს ნასწავლი, რომ ქრისტე არ შეიძლება იყოს ღმერთი. ამან ჩემს წისქვილზე დაასხა წყალი.

მეოთხე თავი ადამისა და ევას ცოდვაზე გვასწავლიდა. აქაც ვერაფერი ვნახე ბიბლიის საწინააღმდეგო. ამრიგად, სწავლის დაწყებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო დავუახლოვდი იეჰოვას მოწმეებს.

მომდევნო თვეში თვალის დაუხამხამებლად მივიღე მოძღვრებანი ქრისტეზე, დემონებზე, უსამართლობასა და მიცვალებულთა შესახებ.

წიგნის შესწავლა სასწავლო წლის ბოლოს დავამთავრე.

ჩემი აზრით, იეჰოვას მოწმეებისთვის ლიტერატურა ძირითადი მეთოდია ახალი მიმდევრების გამოსაჭერად. ეს ბიბლიის შესწავლა კი არაა, როგორც ამას თავად ამბობენ, არამედ მათი ერთადერთი წიგნის შესწავლა, თუმცა ზოგჯერ აცხადებენ, რომ „თემატურად სწავლობენ ბიბლიას“. მათი მოთმინება უსაზღვრო არაა და ადრე თუ გვიან ადამიანს აიძულებენ თავიანთი პუბლიკაციების შესწავლას და ემუქრებიან, რომ მიატოვებენ, როცა აღსასრულის ჟამი ასე ახლოსაა. სამიდან ორ შემთხვევაში სტრატეგია ამართლებს. ასე მოხდა ჩემთანაც. მესამე შემთხვევაში პიროვნება ამჩნევს უსირცხვილო შანტაჟს და წყვეტს მათთან ურთიერთობას.

ცხადია, მათი ლიტერატურის ბადეში გახვეულ ადამიანს უჭირს თავისუფლების დაბრუნება და ზოგჯერ ვერც ვერასოდეს იბრუნებს მას.

 

თავი მეოთხე

სასუფევლის სახარების გამოცხადება

ახალი სასწავლო წლის დასაწყისი დაემთხვა ჩემს უდიდეს სურვილს იმისას, რომ კარდაკარ მექადაგა. ჭეშმარიტება აშკარა იყო და აღსასრული – ისე მოახლოებული, რომ სულთა მოპოვების საქმეში მონაწილეობის სურვილი მკლავდა.

ავგუსტინემ ამიხსნა, რომ მანამდე სამეფო დარბაზში უნდა მივსულიყავი და იქაურ გარემოცვას შევჩვეოდი. უფრო მეტიც, გამაგებინა, რომ თუ სისტემატურად არ დავესწრებოდი შეკრებებს, ამ საქმეს ვერ დავიწყებდი.

ამაზე არ მიფიქრია და შეშინებული ვეკითხებოდი საკუთარ თავს, რას იტყოდნენ ამაზე ჩემი მშობლები. სიმართლე რომ გითხრათ, საკმაოდ მომთმენნი აღმოჩნდნენ მაშინაც და შემდგომშიც, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება არ მოსწონებიათ.

სამეფო დარბაზი

მახსენდება დილა, პირველად რომ მივედი მადრიდის ჰალომერასის კონგრეგაციის სამეფო დარბაზში. შეკრება დილით იწყებოდა, მე კი არცთუ ისე ადრე გამეღვიძა. ავგუსტინემ რომ გამომიარა, ჯერ კიდევ ლოგინში ვიყავი. დარცხვენილმა სწრაფად ჩავიცვი და ჩქარი ნაბიჯით გავწიეთ, რომ არ დაგვეგვიანა.

დაახლოებით ნახევარი საათი, შესაძლოა, ცოტა მეტიც, ფეხით ვიარეთ. თხუთმეტიოდე წუთი ციცაბო ფერდობს მივუყვებოდით. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ნაბიჯით მივდიოდით და გული აჩქარებით მიცემდა, ბედნიერი, მსუბუქი და აღელვებული გახლდით.

დარბაზი პატარა თეთრი სახლებით იყო გარშემორტყმული. არ ვიცი, დღესაც არსებობს თუ არა ისინი.

შევედი და დარბაზის სიღრმეში დავჯექი, რადგან კრება რამდენიმე წუთის დაწყებული იყო და წინა რიგები უკვე დაეკავებინათ.

ერთი საათის განმავლობაში ერთი იეჰოვას მოწმის ქადაგებას ვისმენდი. მისი მერხი შემაღლებულზე იდგა. მახსენდება, მოახლოებულ აღსასრულზე ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ ღმერთი იეჰოვა ცოდვილებს არმაგედონში შემუსრავს, თავის მიმდევრებს კი დაიფარავს და აქ, დედამიწაზე, ახალ სამოთხეს მოავლენსო.

ქადაგების შემდეგ საგალობელი წამოიწყო. ხალხმა ჩანთებიდან მომცრო ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ ამოიღო. სხვათა შორის, ყველა ჩანთით იყო. დაიწყო შეკრების მეორე ნაწილი, როცა „საგუშაგო კოშკის“ სტატიას სწავლობდნენ კითხვა-პასუხის მეშვეობით (ისევე, როგორც წიგნში „ჭეშმარიტება, რომელსაც მარადიული ცხოვრებისაკენ მივყავართ“).

პირველი შეკრებები

იეჰოვას მოწმეთა შეკრებები მეთოდებითა და მიზნებით საოცრად ჰგავდა საშინაო მეცადინეობას. ერთი შეხედვით, ისინი ბიბლიას სწავლობდნენ, მაგრამ საქმე სხვა რამეში იყო. ჯგუფების მეცადინეობა ხან სახლებში ტარდებოდა, ხანაც სამეფო დარბაზში. ამ მეცადინეობებზე იეჰოვას მოწმეთა რომელიმე წიგნის ერთ-ერთ თავს ამუშავებდნენ. შუა კვირაში ერთი საათი გვიქადაგებდნენ. ქადაგებაზე მოწმეთა პუბლიკაციებსაც იყენებდნენ. მეორე საათის განმავლობაში კი იმავე სისტემით გვასწავლიდნენ „თეოკრატიული სამსახურის საფუძველს.“

კვირაობით ერთი საათი საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ გეგმას ვიმეორებდით (ეს იეჰოვას მოწმეთა საზოგადოებაა), მას რამდენიმე ბიბლიური ტექსტით შეამკობდნენ და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე გადავდიოდით. ამრიგად, კვირაში ხუთი საათი ეთმობოდა შეკრებებს და აქედან ოთხ საათს უშუალოდ მათი პუბლიკაციების შესწავლას ვანდომებდით. მოწმეს მთელი ეს მასალა წინდაწინ უნდა შეესწავლა, ამას ემატებოდა კარდაკარ სიარული და მეცადინეობათა ჩატარება. სწორედ ამიტომ, დრო აღარ გვრჩებოდა შესწავლილის ჭეშმარიტების გასარკვევად. ეს იყო ნამდვილი აგიტაცია.

შეკრება რომ დამთავრდა, რამდენიმე ადამიანი მომიახლოვდა, მომესალმა და მკითხა, ვმეცადინეობდი თუ არა, რომელ წიგნს ვსწავლობდი და ვისთან ერთად. შევეცადე, პირველი ქადაგების შესახებ მეკითხა რამე, მაგრამ მიპასუხეს, რომ ეს შეკითხვები იმისთვის უნდა დამესვა, ვინც მამეცადინებდა. ამასობაში ავგუსტინეც მოვიდა, დარბაზიდან გამოვედით და სახლამდე მიმაცილა.

კარდაკარ

რამდენიმე კვირა მტანჯავდა კარდაკარ საქადაგოდ სიარულის სურვილი. კვირაობით, როცა სამეფო დარბაზში მივდიოდი (ამჯერად უკვე ავგუსტინეს გარეშე), სიამოვნებით ვფიქრობდი იმაზე, თუ რამდენი წელი, თვე ან კვირა რჩებოდა აღსასრულამდე. კრებებზე ბეჯითად დავდიოდი და სხვა აღარაფერი მაინტერესებდა.

ერთ დღეს, ციცაბო ფერდობს რომ მივუახლოვდი, კოკისპირულად გაწვიმდა. სახლთან უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე სამეფო დარბაზთან და ლოგიკური იქნებოდა დავბრუნებულიყავი, რადგან არც ქოლგა მქონდა და არც საწვიმარი, მაგრამ მაინც გზა განვაგრძე. ფერდობიდან ნიაღვარი ჩამოდიოდა. მალე ფეხსაცმელი წყლით ამევსო და შარვალიც მუხლებამდე დამისველდა. ფერდობის თავში ნაცნობი დები ცხოვრობდნენ. მათთან დავაკაკუნე იმ იმედით, რომ ცოტას გავთბებოდი და წვიმას თავს შევაფარებდი. ნაშუადღევს ერთ-ერთი მათგანის მამის შარვალში გამოწყობილი დავესწარი შეკრებას, ჩემი შარვალი კი ღუმელთან შრებოდა.

ხშირად, რომ არ დამეგვიანა, შეკრების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მივდიოდი და დარბაზის გაღებამდე მთელი საათით ადრე მიხდებოდა მისვლა. სამეფო დარბაზის ვესტიბიულში შევდიოდი, გასათბობად ასკინკილა დავხტოდი და უბედნიერესი კაცი ვიყავი. ასე რომ, ვიწმინდებოდი და ვემზადებოდი სამეფოსთვის, რომელიც წუთი წუთზე უნდა მოსულიყო. „ამ წუთს რომ დადგეს აღსასრული“, – ვფიქრობდი მე. – აქვე ვარ, ერთ-ერთ დარბაზში და შეუძლებელია უკეთესი ადგილი ვინატრო.“

ყოველივე ეს უმნიშვნელო იყო იმ ენთუზიაზმთან შედარებით, საქადაგოდ წასვლის აზრთან ერთად რომ გამიჩნდა.

საკვირაო ქადაგების შემდეგ ავგუსტინემ და ჯენი გამაცნო. ის კარდაკარ მქადაგებელი მოწმე იყო. იეჰოვას მოწმეთათვის ეს იგივეა, რაც მისიონერი. სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები თავიანთ ხალხს გზავნიდნენ, მათაც გარკვეული საათების განმავლობაში უნდა ექადაგათ კარდაკარ (თვეში 100 საათზე მეტი). ასეთ მქადაგებელთა მრავალი ჯგუფი არსებობდა, ისინი მხოლოდ კარდაკარ ქადაგების დროითა და საათებით განსხვავდებოდნენ.

მეორე დღეს, სასწავლებლიდან გამოსვლისას, ჯენის შევხვდი. ის დღე არასოდეს დამავიწყდება. კაშკაშა მზე ანათებდა. თხელი ქსოვილის ქურთუკი და მაღალყელიანი, ყავისფერი სვიტერი მეცვა. ლურჯ ჩანთაში ჩემი წიგნების გარდა იეჰოვას მოწმეთა ბიბლიაც მედო. ერთ ქალბატონთან მივედით. იგი შინ არ დაგვიხვდა. ჯენიმ გამომიცხადა, რომ ახალი ტერიტორია უნდა შეეთვალიერებინა. ეს ჩემი პირველი დღე იყო და ხმის ამოღების უფლებას არ მაძლევდა.

დააკაკუნებდა, 20-30 წამში მოკლე ცნობას აწვდიდა ხალხს და აქეზებდა, რომ ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ“ ეყიდათ. იმასაც დასძენდა, რომ აღებული საფასური მხოლოდ გამოცემის ხარჯების დასაფარად იყო განსაზღვრული, რათა უფრო მეტი მკითხველისთვის დაებეჭდათ ჟურნალები. პირველ დღეს მხოლოდ ერთხელ ამოვიღე ხმა, ყმაწვილ ქალს ტექსტს რომ ასწავლიდა და როცა შემდეგ ჯენიმ მადლობა გადამიხადა, დიდი კმაყოფილება ვიგრძენი.

ჯენიმ კარდაკარ ქადაგების არაერთი ხერხი იცოდა. შეეძლო ხალხის ყურადღების მიპყრობა, მათთვის ჟურნალების შეჩეჩება ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რას ართმევდნენ. მაშინ, როცა რომელიმე კარი არ იღებოდა, ჭუჭრუტანაში თითს შეყოფდა ან ჩალის ჭილობს გადასწევდა და ასე ადგენდა, დიდი ხნის გასულები იყვნენ, თუ საერთოდ არავინ ცხოვრობდა იქ.

შემდეგ კვირაში უფრო საფუძვლიანად ამიხსნა კარდაკარ ქადაგების სისტემა. ქალაქის თითოეული ზონა იეჰოვას მიმდევართა გარკვეულ ჯგუფს ეკუთვნოდა. ზონას მსახური უბნებად ყოფდა და ძმებს უნაწილებდა. კარდაკარ მოსიარულე მქადაგებელს შეიძლებოდა სამი ან მეტი უბანიც ჰქონოდა ჩაბარებული.

ვინმესთან რომ მივიდოდით, თუ მასპინძელი ინტერესს გამოიჩენდა ან რაიმე ლიტერატურის შეძენაზე დაგვთანხმდებოდა, მის სამოქალაქო მდგომარეობას (ასაკი, სქესი, დამახასიათებელი ნიშნები) და შენაძენს პატარა რვეულში ვინიშნავდით. რამდენიმე დღის შემდეგ „კვლავ ვესტუმრებოდით“. ამჯერად ჩვენი მიზანი იყო მისთვის წიგნი „ჭეშმარიტება, რომელსაც მარადიული ცხოვრებისაკენ მივყავართ“ დაგვეტოვებინა, რათა მაშინვე დაგვეწყო მისი სწავლება. სერიოზულად უნდა მემუშავა, რადგან მომავალ წელს უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებდი. პირველ თვეებში კვირაში, საშუალოდ, 20-30 საათს და ზოგჯერ მეტსაც ვქადაგებდი.

პირველი ანგარიში

უკვე ორი კვირა ვქადაგებდი, ანგარიშის წარდგენა რომ მომთხოვეს. ამისთვის, რაღაც დაბეჭდილი ბლანკები უნდა შემევსო. უნდა მიმეთითებინა იმ თვეში ჟურნალების, წიგნების, „საგუშაგო კოშკის“ გაყიდული სტატიებისა და ამაზე დახარჯული საათების რაოდენობა.

იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ამეცადინებდი, სხვა ბლანკიც უნდა შეგევსო, აღგენიშნა გვარი, მისამართი, პირადი მდგომარეობა, თვის განმავლობაში ჩატარებულ მეცადინეობათა რაოდენობა და ბოლოს, არსებითი შენიშვნები გამოგეთქვა მეცადინეობათა მიმდინარეობაზე.

ასეთი ანგარიშით „საგუშაგო კოშკი“ შესანიშნავად აკონტროლებს მისი მიმდევრების მიერ  გაწეულ მუშაობას და შესაძლოა, მიღწეული შედეგების მიხედვით წაახალისოს ან დატუქსოს ისინი. ისიც მითხრეს, რომ ჟურნალები უნდა შემეკვეთა, თუ მინდოდა მექადაგა.

„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციათა ანგარიშებში წაგებას ვერ ნახავთ, რადგან მას ბაზარი უზრუნველყოფილი აქვს. ახალი წიგნისა და სტატიის გამოცემას დარბაზში გვამცნობდნენ და ყოველი წევრი იძენდა მას, როგორც თავისთვის, ასევე მეგობრებისთვისაც. ოჯახისთვის ერთ ეგზემპლარს კი არ ყიდულობდნენ, რაც დიდად დააზარალებდა „საგუშაგო კოშკს“, არამედ ოჯახის ყოველი წევრისთვის ცალ-ცალკე, ბავშვების ჩათვლით.

ჟურნალების სისტემა უფრო რენტაბელური იყო. თითქმის ყველა მოწმეს გამოწერილი ჰქონდა ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ისინი თავიანთ ნაცნობ-მეგობრებსაც ჩაწერდნენ ხოლმე ხელმომწერთა სიაში. წიგნების არ იყოს, ოჯახის თითოეულ წევრს თავისი „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ჰქონდა და თუ შემთხვევით შემოსავალი არასაკმარისი აღმოჩნდებოდა, „საგუშაგო კოშკი“ ყოველ წევრს აქეზებდა, შეკვეთა მთელი თვით გაეფორმებინა და ნაღდი ფულით გადაეხადა.

ჟურნალი გაიყიდებოდა თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან კარდაკარ მქადაგებელი (გამყიდველი) ზარალდებოდა და არა „საგუშაგო კოშკი“. ამის გამო მას მთელი ძალისხმევა უნდა გამოეყენებინა პუბლიკაციების გასასაღებლად, მით უმეტეს, რომ ძველი ჟურნალების შეთავაზება ცოტა უხერხული იყო.

ხშირად მქადაგებლებს შინ თორმეტიოდე ჩაწოლილი ჟურნალი უგროვდებოდათ, რომელთა საფასურიც რამდენიმე თვის ან კვირის წინ „საგუშაგო კოშკს“ ჩაეჯიბა, ისინი კი გადახდილ თანხას ვერ ინაზღაურებდნენ.

იმის გამო, რომ ყოველი კონგრეგაცია წინდაწინ ყიდულობდა თავის ჟურნალებს, ზოგჯერ მყიდველზე მეტი ჟურნალი აღმოაჩნდებოდა ხოლმე და ამიტომ იგი „ჟურნალების ტურნედ“ წოდებულ სისტემას იყენებდა. მისი მიზანი კომერციული იყო და იქ არ ქადაგებდნენ. ჟურნალები ფასდაკლებით იყიდებოდა. „ტურნეში“ მონაწილე წევრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სულ მოკლე ხანში შეიძლებოდა ასობით ჟურნალის გაყიდვა.

პუბლიკაციის გასაღების ეს პირამიდული სისტემა უსამართლო იყო, რადგან უფრო ძლიერნი უფრო სუსტთა ღვთისმოსაობითა და სისუსტით სარგებლობდნენ. „საგუშაგო კოშკი“ თავის პუბლიკაციებს, უწინარეს ყოვლისა, კონგრეგაციებზე ასაღებდა, თანაც ისეთი რაოდენობით, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევდა.

კონგრეგაცია, რომელსაც თავისი ფული უნდა ამოეღო, ჟურნალებს თავის წევრებზე ასაღებდა და ზარალს ინაზღაურებდა. უკიდურეს შემთხვევაში ჟურნალების „ტურნეს“ მიმართავდა. ბოლოს, კარდაკარ მქადაგებლები ცდილობდნენ ჟურნალების განაწილებას, მაგრამ უკვე აღარ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, მოახერხებდნენ თუ არა ამას, რადგან „საგუშაგო კოშკის“ ფინანსური ინტერესები უკვე დაკმაყოფილებული იყო.

საწარმოო და კომერციული სისტემის უკეთ მოწყობისათვის ორგანიზაცია „საგუშაგო კოშკს“ სხვადასხვა მეთოდი ჰქონდა. მისი მუშახელი მინიმალურ ხელფასს იღებდა, რაც მხოლოდ საკვებსა და ბინაზე ჰყოფნიდა. მისი მდგომარეობა შუა საუკუნეების მიწაზე მიჯაჭვული ყმების მდგომარეობას წააგავს: შრომას ნატურით უნაზღაურებენ და მეოცე საუკუნისთვის დამახასიათებელ ყოველგვარ სოციალურ პროგრესს მოკლებულნი არიან.

იმის გამო, რომ „საგუშაგო კოშკი“ თავად ამზადებდა და ბეჭდავდა ნაშრომებს, მოგებაც დიდი ჰქონდა. მისი პირამიდული სტრუქტურა გასაღების სრულ კონტროლს აადვილებდა. ლიტერატურით დახუნძლული მსახური წევრებს მოუწოდებდა, გაეზარდათ ყოველდღიური შეკვეთა ჟურნალებზე. ამას უხუცესი ან კონგრეგაციის მეთვალყურე ავალებდა, ამ უკანასკნელთ კი მითითებებს აძლევდა მოხეტიალე მსახური, რომელიც მუდამ ესწრებოდა შეკრებებს.

ხუთშაბათობით ახალგაზრდების ჯგუფის შეკრებაზე ასწავლიდნენ სხვადასხვა ხერხებს ოჯახებში შესაღწევად, როგორ ჩაედგათ ფეხი კარებში, სიცხესა თუ სიცივეზე დაეჩივლათ და ასე შემდეგ. საუბრობდნენ თავიანთ ლიტერატურაზე, რომელსაც განსაკუთრებული ფასი ჰქონდა და რომელიც ოჯახებში უნდა ჩამოერიგებინათ.

მოხეტიალე მსახური

ზემოთ მოხეტიალე მსახური ვახსენე. პირველად სწორედ ის გავიცანი. მისი გამოჩენა შეკრებილთათვის ნამდვილი დღესასწაული იყო. რამდენიმე კვირით ადრე არკვევდნენ, მოხეტიალე მსახური იქ მცხოვრებ ძმებთან ერთად ისადილებდა, თუ მხოლოდ იქადაგებდა.

საერთოდ, ის ერთი კვირით რჩებოდა კონგრეგაციაში და ამ ერთი კვირის განმავლობაში იგი ურჩევდა, დამატებითი ხალხი მოეზიდათ და მეტი პუბლიკაცია გაეყიდათ. ასამბლეის ანგარიშებს ამოწმებდა და უხუცესად ან დიაკვნებად რეკომენდებულ ხალხსაც მას უმორჩილებდნენ (1975 წლიდან).

მაგონდება, ხალხი მას აღმერთებდა. ეს თაყვანისცემა მისდამი კი არ იყო მიმართული, არამედ მის მიერ გაწეული საქმის მიმართ. პირველად, როცა ჯენიმ მოხეტიალე მსახური ახსენა, ისეთი სიხარულით ლაპარაკობდა მასზე, მეგონა განსაკუთრებულ არსებაზე ლაპარაკობს-მეთქი. რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა იგი ვნახე, შევნიშნე, რომ არაფრით განსხვავდებოდა ნებისმიერი ჩემი ნაცნობი უხუცესისაგან, არ მესმოდა და არც ახლა მესმის, რა ჰქონდა განსაკუთრებული. ალბათ „საგუშაგო კოშკი“ მას მარკეტინგული და კომერციული მიზნებით თუ იყენებდა, რათა ჩვენ იაფ მუშახელად გამოვეყენებინეთ და დავერწმუნებინეთ, რომ უკეთესს ვერას მოვიმოქმედებდით.

 

თავი მეხუთე

თეოკრატიული ორგანიზაცია

პირველი ასამბლეა

1975 წლის 7-10 აგვისტოს დავესწარი იეჰოვას მოწმეთა პირველ ეროვნულ ასამბლეას. იგი ბარსელონის სპორტის სასახლეში იყო მოწვეული. ასამბლეის მთავარი თემა ღვთაებრივი უზენაესობა გახლდათ.

ვფიქრობ, კონფერენციის თემა და მიზანი წააგავდა ყველა ასამბლეას, რომელსაც ოდესმე დავსწრებივარ, როგორც იეჰოვას მოწმე. ასეთი შეკრებანი შემდგომშიც გრძელდებოდა.

ცხადია, აღსასრულის ჟამის მოახლოება მთავარი საკითხი იყო. ახლაც შენახული მაქვს ამ ასამბლეის პროგრამა და ჩემი ნათქვამის დასადასტურებლად ზოგიერთი  მოხსენების სათაურს გავიხსენებ: „ფხიზლად იყავით, გაქცევა რომ შეძლოთ“, „ნდობით მიუახლოვდით დიდ სატანჯველს“, „აღსასრულის ჟამს მთელი ოჯახი ერთად შეხვდით“, „ჩვენი თავშესაფარი ცათა უზადო სამეფოში“, „ერთადერთი სამყარო, ერთადერთი ხელმწიფება უფლის უზენაესობის ქვეშ“ და ასე შემდეგ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო კარდაკარ სიარულის ვალდებულება: „იეჰოვას სამსახურის ნეტარება“, „ნუ დაკარგავთ კურთხევას“ და ასე შემდეგ. ამრიგად, ისინი მთელი ძალით ცდილობდნენ თეოკრატიულ ორგანიზაციასთან, როგორც ხსნის ერთადერთ საშუალებასთან, ჩვენს დაკავშირებას.

ტრადიციული რელიგიის ალტერნატივა

ვფიქრობ, ეს საკითხი უმრავლესობისთვის გასაგებს ხდის ორგანიზაციის გაფართოებას იმჟამინდელ ესპანეთში. ესპანელები შეჩვეულები არიან კათოლიკური ეკლესიის წევრობაზე ლაპარაკს და არა იესო ქრისტესთან პირადი ურთიერთობის საფუძველზე ხსნის შესახებ საუბარს. 1936 წლის სამოქალაქო ომში შესრულებულმა როლმა და ფრანკოს რეჟიმის მხარდაჭერამ კათოლიკური ეკლესია არასასურველად აქცია ბევრისთვის. არსებობდა აზრი, რომ ხსნა განსაკუთრებულ ორგანიზაციაში უნდა ყოფილიყო. სწორედ ამას სთავაზობდნენ ხალხს იეჰოვას მოწმეები. ერთი მხრივ, ისინი ბევრ მიმდევარს იძენდნენ და ამით უტევდნენ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს და მეორე მხრივ, ჭეშმარიტი რელიგიის პრეტენზია ჰქონდათ.

ხალხს სრულ უსაფრთხოებას ჰპირდებოდნენ და თან აცნობდნენ რომაული კათოლიციზმის მნიშვნელოვანი ხარვეზების შესახებ. მაგალითად, აკრიტიკებდნენ ბერ-მონაზვნების ექსპლუატაციას, თუმცა საგუშაგო კოშკის ეკონომიკური იმპერია თავისი წევრების ეკონომიკურ ექსპლუატაციას ემყარებოდა, რაც უკეთესი ნამდვილად არ იყო. ებრძოდნენ იერარქიასა და პაპობის სისტემას, თუმცა „საგუშაგო კოშკის“ იერარქიული სტრუქტურა გაცილებით დახვეწილი იყო და კონგრეგაციების სიმცირე აბსოლუტური კონტროლის საშუალებას იძლეოდა, ხოლო რაც შეეხება პრეტენზიებს უცოდველობის შესახებ, „საგუშაგო კოშკი“ არანაკლები იყო კათოლიკურ ეკლესიასთან შედარებით.

იეჰოვას მოწმეები ამაყობდნენ იმით, რომ მათი რელიგია ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია იყო. აცხადებდნენ, რომ სულ მალე არმაგედონში ღმერთი იეჰოვა შემუსრავდა ყველას, ვინც იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას არ ეკუთვნოდა.

გამოგიტყდებით, მეც გადამედო ეს სიამაყე. იეჰოვას მოწმედ ყოფნა ჩემში აღმატებულობის გრძნობას იწვევდა. სულ რამდენიმე თვეში (1975 წლის შემოდგომა მოახლოებული იყო) ღმერთი თანამედროვე სისტემას მოსპობდა, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი განადგურდებოდა, მე კი იეჰოვას სხვა მოწმეებთან ერთად ახალ წყობაში გადავინაცვლებდი.

მანამ, სანამ კაცობრიობა ცოდვაში იყო ჩაფლული, ჩვენ კარდაკარ დავდიოდით და ვაცნობდით მათ მომავალ ხვედრს. იმ ზაფხულს ხალხი სანაპიროზე ერთობოდა. ჩვენც ვიკრიბებოდით და ველოდით ახალ წყობას, რომელიც ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლის ჯილდოდ გველოდა. ეს ასამბლეაც მსხვერპლის გაღება იყო. ყველა მუშაკი მოხალისე იყო, იეჰოვას მოწმეები გასამრჯელოს არავის უხდიდნენ.

ფეხზე მდგომნი ვჭამდით, რადგან „საგუშაგო კოშკს“ ერთი სანტიმის გაღებაც არ სურდა სკამების შესაძენად. თვით ასამბლეაში ვჭამდით ხოლმე, მონაგებით კი სასუფევლის ქადაგებას განვაგრძობდით. ცუდად გვეძინა, არადა უთენია უნდა მივსულიყავით, დასაჯდომი ადგილისთვის რომ მიგვესწრო, თუმცა ჩვეულებრივი საფასური გვქონდა გადახდილი.

საშინელი მატარებლით ვიმგზავრეთ, „საგუშაგო კოშკმა“ ასამბლეისთვის რომ იქირავა. მიუხედავად ამისა, ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებდით. ეს ინტელექტუალური კმაყოფილება გახლდათ. მახსოვს, მთელ ასამბლეაზე მე ერთადერთი სტუდენტი გახლდით და მთელ ესპანეთში თორმეტიოდე იეჰოვას მოწმესაც არ  ჰქონდა უნივერსიტეტის დიპლომი. მიუხედავად ამისა, მწამდა, რომ ეს აღუზრდელი და გაუნათლებელი ხალხი გაცილებით უფრო ჭკვიანი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა. მათ იცოდნენ, რომ აღსასრული ახლოს იყო და ისინი ახალ წყობაში გადავიდოდნენ.

ამ ასამბლეას ჩემი ძმა და მშობლებიც დაესწრნენ. ახლა, ამ ამბებს რომ ვიხსენებ, ვნანობ, რომ მათ შვებულება გავუფუჭე. ცუდად ვიმგზავრეთ. „საგუშაგო კოშკის“ მიერ დაქირავებულ მატარებელს თითქმის ათი საათი მივყავდით ბარსელონისკენ. იძულებულები ვიყავით აგვეტანა სიცხე, დაღლილობა და ბევრი სხვაც, მაგრამ ასამბლეის არც ერთ ქადაგებას არ ვაცდენდით.

მიუხედავად ყველაფრისა, ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მამაჩემს თუ ეს ასამბლეა თვალის ახვევად მიაჩნდა, მე ნანახით აღფრთოვანებული ვიყავი. ათასობით შეკრებილი ადამიანი ამტკიცებდა, რომ აღსასრული რამდენიმე კვირაში დადგებოდა, რომ მხოლოდ იეჰოვას მოწმეები შეაბიჯებდნენ ახალ წყობაში და იმჟამინდელი სისტემიდან არაფერი გადარჩებოდა.

 

თავი მეექვსე

1975… და შემდეგ აუხდენელი დაპირებები

რაც უფრო ახლოვდებოდა 1975 წელი, იეჰოვას მოწმეთა უმრავლესობას ათასწლეულის მოლოდინი ენთუზიაზმს მატებდა. თითქოს ხელშესახები იყო მათთვის ეს ყველაფერი. ამ ასამბლეის შემდეგ მათ დაიწყეს მოწმეების შემზადება იმისათვის, რომ 1975 წელს აღსასრული არ დადგებოდა და არაფერი მოხდებოდა, ხალხს იმედი არ გასცრუებოდა და არ აღელვებულიყვნენ. მიუხედავად ამისა, მაინც იეჰოვას მოწმეების თეოკრატიული საზოგადოების ერთგულად უნდა დარჩენილიყავი და ეს იყო ყველაზე მთავარი.

ცხადია, შემოდგომამ და მთელმა 1975 წელმა ისე ჩაიარა, რომ აღსასრული არ დამდგარა. იეჰოვას მოწმეებს განსხვავებული რეაქციები ჰქონდათ. ზოგმა სასწრაფოდ მიატოვა საზოგადოება, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ წლების განმავლობაში მწარედ ატყუებდნენ. უმალ გაიცა ბრძანება იმის შესახებ, რომ მათთვის ხმა არ გაეცათ. დემორალიზაციის პროცესი იქამდე მივიდა, რომ იეჰოვას მოწმეთა ახალი უარმყოფელნი გაჩნდნენ. სხვებმა ფორმალურად უარყვეს აღსასრულის გამოცხადება (ასეთი იყო „საგუშაგო კოშკის“ ოფიციალური პოზიცია). ზოგმაც, ჩემსავით, იფიქრა, რომ ადრე თუ გვიან აღსასრული მაინც დადგებოდა და რომ თარიღს (1975) დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ასეა თუ ისე, არ მივიჩნევდით, რომ ასეთი გარემოება დიდ ვნებას მოუტანდა თეოკრატიული ორგანიზაციის რეპუტაციას. ვფიქრობდით, რომ ჯობდა ეს ამბავი დავიწყებისთვის მიგვეცა.

ყოველ შემთხვევაში, „საგუშაგო კოშკმა“ მკაცრი ზომები გაატარა, თავიდან რომ აერიდებინა კრიტიკა, თუ შესაძლო სულიერი დაცემა და კიდევ უფრო განემტკიცებინა თავის წევრთა შინაგანი სიფხიზლე.

ახალი კონგრეგაცია

1976 წელს კონგრეგაცია, რომლის წევრი მეც გახლდით, გაიყო და ათასობით ადამიანის მსგავსად, იძულებული გავხდი, ანტრევიარის კონგრეგაციაში გადავსულიყავი. ამ ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა, რადგან უნდა დავშორებოდი ხალხს, რომელთან ერთადაც დავიწყე მონაწილეობა სასუფევლის საქმეში, მაგრამ განაჩენს უსიტყვოდ დავემორჩილე. ასე იყო მიღებული სამეფო დარბაზებში.

სწორედ იმ დროს ჩავირიცხე უნივერსიტეტში. ხელიდან არ ვუშვებდი შესაძლებლობას, რომ ამხანაგებს თანამედროვე სისტემის აღსასრულზე დავლაპარაკებოდი. ამისათვის ნაკლებად შესაფერისი გარემოცვა მქონდა. გენერალი ფრანკო რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო და სტუდენტურ წრეებში დიდი სოციალური და პოლიტიკური მღელვარება სუფევდა.

სახელმწიფო მეთაურის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ პალომეროსის კონგრეგაციის ერთმა უხუცესმა გამიმხილა თავისი სურვილი იმის შესახებ, რომ ძველებურად გაეგრძელებინა საქმე. თავიდან ვერ გავიგე. როგორ შეიძლებოდა ყველაფერი უცვლელად დარჩენილიყო, როცა სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ასობით იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს? განა უმჯობესი არ იქნებოდა, სიტუაცია შეცვლილიყო და ახალ ეპოქაში ნება დაერთოთ მსურველებს, რომ სამხედრო სამსახურის ნაცვლად სამოქალაქო სამსახური გაევლოთ?

ეს კითხვები სულ თავში მიტრიალებდა, პასუხს კი რამდენიმე წლის შემდეგ მივაგენი.

კონგრეგაციის დარბაზი

1976 წელს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რასაც მომდევნო თავში გიამბობთ. როგორც იეჰოვას მოწმეს, დიდი კმაყოფილება მომგვარა მადრიდში, ამანდიერსის ქუჩაზე, კონგრეგაციის დარბაზის გახსნამ.

კოგრეგაციის დარბაზის გეგმა „საგუშაგო კოშკის“ მიერ ერთ-ერთი ყველაზე უკეთ მოწყობილი საქმე იყო. მან ბრძანება გასცა, შეეძინათ დარბაზი, რათა კონგრეგაციები მორიგეობით, დაახლოებით, კვირაში ერთხელ შეკრებილიყვნენ. ეს კონგრეგაციების პროპაგანდის საშუალებას იძლეოდა და თან კარს უღებდა ლიტერატურით, საქაღალდეებით, რვეულებით, კალმებითა და სხვა ისეთი ნივთებით ვაჭრობას, რასაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ამზადებდა.

ბრძანება რომ მიიღეს, კონგრეგაციებს შენობის ხარჯების დასაფარად საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდათ. მაშინ „საგუშაგო კოშკი“ დასთანხმდა მათთვის 10%-ის მოგებით ფული ესესხებინა. უკეთეს საქმეს ძნელად თუ წარმოიდგენთ! ჯერ თავის ფულს იბრუნებდა 10%-ის მოგებით, შემდეგ კი ამ დარბაზის მესაკუთრე ხდებოდა. ოსტატურად იმოქმედა მცირეოდენი თანხით: ეს თანხა მოგებით ამოიღო და თან საკუთრებაში მიიღო უძრავი ქონება. გასაგებია, რომ ჩვენ ამაზე ისე დავთანხმდით, რომ აზრადაც არ მოგვსვლია იეჰოვას მოწმეთა საზოგადოების ხრიკი, რომლის მსხვერპლიც ჩვენ შევიქენით, ფონდის საშოვნელად გაღებული შეწირულობით რომ შევუწყვეთ ხელი. ისინი იმავე ხერხს იყენებდნენ, რასაც ლიტერატურის გასავრცელებლად მიმართავდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მრავალ მილიონ პესეტად ღირებული უძრავი ქონება დაისაკუთრეს… და ეს მოხდა სულ რამდენიმე თვეში იმ თარიღიდან, რომელიც გათვალისწინებული იყო აღსასრულის ჟამად და რომელიც არ დადგა.

 

 

თავი მეშვიდე

„უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“

წინა თავში მოგახსენეთ, რომ 1976 წელი ჩემთვის არაფრით ყოფილა გამორჩეული, თუ არ ჩავთვლით ერთ მოვლენას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემს სულიერ ცხოვრებაში და ცალკე თავად გამოყოფას იმსახურებს.

მოულოდნელი გამოძახება

1976 წლის დამდეგს ანტრევიასელმა მოწმემ – რაულმა – დამირეკა და მკითხა, შემეძლო თუ არა, რომ ნაშუადღევს დაგეგმილ ვიზიტზე გავყოლოდი.

ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ კარდაკარ ქადაგებისას შეხვედრია ერთ ქალბატონს, რომელსაც თავისი ხუცესისთვის დაურეკავს, ამ უკანასკნელს კი რაულისთვის უთქვამს, თქვენი ბიბლია გაყალბებულიაო.

რაულის ნაცნობთა შორის ბერძნულის ერთადერთი მცოდნე ვიყავი და მას ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ვუთხარი, რომ გადაჭრილ პასუხს ვერ გავცემდი, რადგან თუ დავთანხმდებოდი, ენების სასწავლებელში რუსული ენის ლექციის გაცდენა მომიხდებოდა. ვკითხე, წასვლას თუ გადავწყვეტდი, სად შეიძლებოდა მენახა.

დიდი ფიქრი არ დამჭირვებია იმის გადასაწყვეტად, რომ სინდისის ქენჯნის გარეშე შემეძლო რუსული გამეცდინა და ამ შეხვედრას დავსწრებოდი.

რაულმა დაურეკა პალომერასის უხუცესს, ჟოზეს, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, ცოტა ესმოდა ბერძნული. უფრო სწორად, ამ ენასთან შეხების ერთადერთი წერტილი ის ჰქონდა, რომ „საგუშაგო კოშკის“ მიერ ინგლისური თარგმანით გამოცემული ბერძნული ახალი აღთქმა ჰქონდა შესწავლილი. რამდენადაც მახსოვს, ბერძნული ანბანიც კი არ იცოდა. სიტყვასაც ვერ წაიკითხავდა და, მით უმეტეს, ვერ თარგმნიდა.

არ ვიცოდი, რამდენ კაცს უნდა შევხვედროდით, მაგრამ შევცბი, როცა რაულის, ჟოზეს, ჯენისა და ჩემ პირისპირ მხოლოდ ოჯახის დიასახლისი და მცირე მისაღები ოთახის დივანზე ჩამომჯდარი ერთი კაცი აღმოჩნდნენ. კიდევ უფრო მეტად გამაოცა იმან, რომ ხელთ მხოლოდ ბიბლია ჰქონდათ, ისიც ესპანურ ენაზე. მახსოვს, ჩვენი ჩანთები წიგნებით, პუბლიკაციებით იყო გატენილი და ყოველივე ეს ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ოთხი გიგანტი, ჯუჯის დასამარცხებლად შემზადებულიყო.

ბუნდოვნად მახსენდება პირველი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, ანგელოზებზე ვკამათობდით. გული გამიტყდა, რადგან ამ კაცის გაცამტვერების, მასხრად აგდებისა და დისკრედიტაციის შესაძლებლობას ვერ ვხედავდი.

კამათის მიზანს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მე უკვე მივაგენი ჭეშმარიტებას. მე ქალბატონი მაინტერესებდა. თუ მას დავკარგავდით, შრომა ფუჭად ჩაგვივლიდა. იმის გამო, რომ ეს კაცი მისი ეკლესიის ხუცესი გახლდათ, ჩვენთვის მოგების ერთადერთი საშუალება მისთვის თავგზის აბნევა იყო.

სამოქმედო მეთოდი პიროვნების მიხედვით იცვლებოდა. ზოგჯერ შეურაცხყოფილის სახეს ვიღებდით და თანამოსაუბრეს ვსაყვედურობდით, რომ ბიბლიაში ჩახედვის ნაცვლად ჩვენს ორგანიზაციას უტევდა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ არ ვებრძოდით ეკლესიას („საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ შეიცვალა). სხვა შემთხვევაში ბიბლიაზე საუბარს თავს ვარიდებდით, ანდა ვაჟკაცურად გვერდზე გადავდებდით მას და ვაცხადებდით, რომ მთავარი იყო გაგვერკვია, რას ემყარებოდა თითოეული ჩვენგანის რელიგიური ორგანიზაცია. ზოგჯერ მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე ვკამათობდით და წაგების შემთხვევაში მზად გვქონდა მიზეზი, რომ კიდევ ბევრი სხვა საკითხიც უნდა განგვეხილა; ანდა ვიკამათებდით, და მერე ვიტყოდით, რომ სხვადასხვა საკითხებს მოვედეთ და ჯობდა ერთ საკითხზე გვესაუბრა.

უნდა ითქვას, რომ ასეთი მოქმედების განუსაზღვრელი რაოდენობა არსებობდა. „საგუშაგო კოშკმა“ ისეთი მტკიცე ტაქტით დაამუშავა იგი, რომ ჩვენც მის შესაბამისად ვიქცეოდით. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ასეთი შეხვედრისას მთავარი იყო მოწინააღმდეგე ჩიხში მოგვემწყვდია და ჭეშმარიტება არ გვეძებნა (სხვათა შორის, რა საჭირო იყო მისი ძებნა, როცა იგი უკვე ჩვენს ხელთ იყო?)

მაშინ, როცა პირველი თემიდან არაფერი გამოდნა, რადგან ის არ იყო მთავარი, იმ კაცმა შეძლო ერთ-ერთი ჩვენგანი ბრძოლიდან გამოეთიშა: ჟოზეს ცუდად შესწავლილი 3-4 არგუმენტი ჩაუვარდა და გაბრაზებულმა 20 წუთის საუბრის შემდეგ წასვლა გადაწყვიტა. გამაოცა უხუცესმა, დასაწყისშივე რომ მიატოვა საუბარი, გაბრაზდა და ყვიროდა. უბრალოდ, ისეთ ადამიანს შეეჯახა, რომლის დარწმუნებაც ვერ შეძლო „საგუშაგო კოშკის“ მეთოდით და გამოცდილებას მისთვის უნდა დაენახებინა, რომ გამარჯვების არავითარი შანსი არ არსებობდა. ჯენიმ, რაულმა და მე იმედი არ დავკარგეთ. ყოველ შემთხვევაში, მჯეროდა, რომ ამ კაცის ჩიხში შეყვანა მხოლოდ დროის ამბავი იყო.

პირველი ჩიხი

მაშინ გაცილებით საინტერესო საკითხი შევარჩიეთ: არის თუ არა ქრისტე ღმერთი? ეს კითხვა ისეთი სიხარულით დავუსვით, როგორსაც მონადირე განიცდის ხაფანგისკენ გულუბრყვილოდ მიმავალი მსხვერპლის ხილვისას.

– უთუოდ, – გვიპასუხა მან, – ყოველივე ქრისტეს შექმნილია.

მე გამეღიმა.

– იესო შემოქმედია, ოღონდ არაპირდაპირ. ღმერთმა იეჰოვამ სამყარო მისი საშუალებით შექმნა, ამიტომ ამბობენ ქრისტე შემოქმედიაო.

კვლავ გამეღიმა დარწმუნებულს, რომ ჩემმა არგუმენტმა მისი პრეტენზია გააბათილა.

– ბიბლია გვეუბნება, რომ მხოლოდ ერთი შემოქმედი არსებობს, – დაასკვნა მან.

– შეხედეთ, – ვუპასუხე კვლავ ღიმილით, დარწმუნებულმა, რომ საქმე უფრო მარტივი იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, – ეს იგივეა, გენერალი რომ ამბობს, ქალაქი უნდა ავიღოო. ცხადია, ქალაქს ის კი არა, მისი ჯარისკაცები და ოფიცრები იღებენ, ის კი მაინც აცხადებს, ქალაქი ავიღეო. ასეა ქრისტესა და იეჰოვას შემთხვევაშიც.

ახლა ეს არგუმენტაცია უსაფუძვლოდ მეჩვენა, რადგან ლოგიკურად იმას ნიშნავდა, რომ ქრისტე თავად იყო შემოქმედი და მარადიული, რომელიც უბრალოდ ისაკუთრებდა ამ ტიტულს, მაგრამ მაშინ ღრმად ვიყავი დარწმუნებული საწინააღმდეგოში.

– დიახ, – მიპასუხა მან, – კარგი არგუმენტია, მაგრამ განა გინახავთ გენერალი, რომელიც აცხადებს, მარტო, სხვების დაუხმარებლად ავიღე ქალაქიო?

გავოცდი. არ მესმოდა, ეს კაცი საით უტევდა, რა ხაფანგს მიგებდა. მისი მსხვერპლი გავხდებოდი? ამჯერად სატანა ძალზე ვერაგი აღმოჩნდა.

კითხვა ისეთი სულელური იყო, რომ პასუხის გაცემა საჭიროდ არ მივიჩნიე. თავისთავად ცხადია, ასეთი რამ არასოდეს მინახავს.

სახეზე ნაკვთიც არ შესტოკებია, ისე მთხოვა წამეკითხა ესაია 45:8. „იწვეთოს მაღლიდან ზეცამ და ღრუბელმა ასხუროს სიმართლე, გადაიხსნას მიწა და ხსნამ ინაყოფოს, და სიმართლე აღმოცენდეს მასთან ერთად! მე, უფალმა, შევქმენი ეს.“ როგორც კი კითხვას მოვრჩი, მთხოვა ახლა ესაია 48:13 წაიკითხეო. „ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.“

– არ მგონია, – თქვა ხუცესმა, – იეჰოვას ქრისტესთვის სამყაროს შექმნაში შუამავლის როლი მიეცა. უბრალოდ, ის თავად შექმნიდა ყოველივეს. ეს თუ ასეა, ბიბლია გვეუბნება, რომ ეს ქრისტემ მოიმოქმედა, ესე იგი, ქრისტე იეჰოვა უნდა იყოს.

არგუმენტი საკმაოდ მტკიცე მეჩვენა. იგი იმდენად აშკარა იყო, რომ არავითარ კამათს აზრი არ ჰქონდა. რაული და მე შევეცადეთ თემა შეგვეცვალა, მდგომარეობის გამოსასწორებლად მაგარი დარტყმა უნდა განგვეხორციელებინა. სწორედ რომ ბრიყვულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. კამათში, რომელიც უფლის სიტყვაზეა დაფუძნებული, ვერ გაიმარჯვებ, მოკრივესავით რომ იღებდე ქულებს. რაიმე თუ ჭეშმარიტებაა, ის ჭეშმარიტებაა და შეცდომა მას ვერავითარ ზიანს ვერ მოუტანს. თუ ეკლესია ან რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც მე ვეკუთვნი, ყალბ სწავლებას ქადაგებს, მაინც მცდარია. კაცი თუ მატყუარაა, იგი, თუნდაც მკვლელი არ იყოს, მაინც მატყუარა იქნება და ის ფაქტი, რომ არავინ მოუკლავს, სიცრუისგან ვერ გაათავისუფლებს. მაშინ ჩვენ ასეთ აშკარა ლოგიკას ვერ ვხედავდით.

– ეს უსუსურობაა, – განვაცხადე მე და სიტყვის აღებამდე ნერწყვი გადავყლაპე, – ბოლოს და ბოლოს, ეს კაცი ამბობს, რომ ერთადერთი ღმერთი არსებობს, ბიბლია კი გვეუბნება, რომ ბევრი ღმერთია. იესო ერთი იმათგანია, ასევეა ეშმაკიც, როგორც ეს წერია მე-2 კორინთელთა 4:4-ში.

ანაზდად გავიფიქრე, რომ თუ ამით ჩვენს თანამოსაუბრეს ჩიხში ვერ შევიყვანდი, მის მიერ წინათ მოხდენილ ეფექტს მაინც შევამცირებდი: იეჰოვა ერთადერთი შემოქმედი იყო. ბიბლია ამბობდა, რომ ქრისტე იყო შემოქმედი. როგორ შეიძლებოდა იმის მტკიცება, რომ ქრისტე შემოქმედი ინსტრუმენტი იყო მაშინ, როდესაც იეჰოვა მარტო, თავისთავად მოქმედებდა, სხვის დაუხმარებლად.

– ფიქრობთ, რომ ბევრი ღმერთი არსებობს? – იკითხა პასტორმა. ეს კაცი ჩვენს სამიზნეში მოექცა და ეგებ იმ დღეს საბოლოოდ არ დავმარცხებულიყავით.

– ცხადია, აკი გითხარით, ბიბლია გვასწავლის, რომ არსებობს მრავალი ღმერთი: ეშმაკი, ქრისტე და სხვა, – მივუგე მე.

-არა, ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთი ერთადერთია; თუ გნებავთ, ერთად წავიკითხოთ ესაია 44:6.

მაშინ მე ჩემი „ახალი მსოფლიოს“ ვერსიიდან წავიკითხე: „ასე ამბობს იეჰოვა, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემ გარდა არ არის ღმერთი.“

– აშკარაა, რომ სხვა ღმერთები არ არსებობენ, არა? – იკითხა ხუცესმა.

– არსებობს ღმერთი აბსოლუტური მნიშვნელობით, მთავრულით რომ იწერება, პატარა ასოთი დაწერილი ღმერთი კი ბევრია, – ვუპასუხე გაღიზიანებულმა.

– გინდოდათ გეთქვათ, შექმნილი ღმერთები? – იკითხა მან.

– დიახ, – მივუგე მე, – სამყაროს შექმნის ცნება არ ეწინააღმდეგება ღმერთის ცნებას. ქრისტეც და ეშმაკიც შექმნილნი არიან და ორივე ღმერთია.

– ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი იეჰოვას შემდეგ გაჩნდნენ, არა?

– სწორედაც, – ვუპასუხე მე. იეჰოვამ შექმნა ძე და ძემ შექმნა ყოველი არსება. ზოგი ამ არსებათაგანი ღმერთია. ხუცესმა თავი ჩაქინდრა.

– იქნებ ესაია 43:10 წაგვეკითხა?

იმ ფაქტმა, რომ შემეძლო მთელი რიგი ფრაზები ჩამერთო, გამამხნევა და თითქოს ყოველგვარი ხიფათი უკან მოვიტოვეო, ციტატას ვეძებდი.

ესაია 43:10

„თქვენ ხართ ჩემი მოწმენი, – ამბობს უფალი, – და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი. მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემ შემდეგაც არ იქნება.“

არგუმენტი კვლავ გასაოცარი და უდავო იყო. თანდათანობით დავინახე, როგორ გაიმაგრეს პოზიციები ქრისტემ და უფალმა. ისევე, როგორც არსებობდა შემოქმედი, რომელიც იყო უფალი, როგორც ქრისტე, არსებობდა ღმერთი, რომელიც იყო უფალი, როგორც ქრისტე. სევდამ მომიცვა, თითქოს სული მეხუთებოდა.

ამ დროს რაულმა თავისი უკანასკნელი ბომბი ააფეთქა.

– თქვენ ერთ კითხვაზე არ მიპასუხეთ, როგორც ჩანს, თქვენებურად შეუძლებელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ბიბლიაში ლაპარაკია სხვა ღმერთებზე, როგორიცაა, მაგალითად, ეშმაკი…

– ეშმაკი ისეთივე ღმერთია, როგორც ზოგისთვის მუცელი, ასეა ნათქვამი ფილიპელთა მიმართ წერილში. შეიძლება გააღმერთო ხის ნაჭერი ან ლითონის ნივთი, მაგრამ იგი ამით ღმერთი არ გახდება, თუნდაც ხალხმა მიიჩნიოს იგი ღმერთად. იმედია, ქრისტეს ეშმაკს არ ადარებთ, ისევე როგორც მუცელს – ნაქანდაკებს?

უცებ ვიგრძენი, რომ ცოტაოდენი იმედი კიდევ იყო – ქრისტე არ შეიძლება ღმერთი იყოს, რადგან არსებობს მისთვის უცნობი რამეები, როგორც ეს მარკოზის 13:32-ში წერია, – ვთქვი მე.

– დიახ, მესმის რის თქმაც გსურთ, ბიბლიაში აშკარადაა ნათქვამი, რომ ქრისტემ ზოგი რამ არ იცის, – დასძინა რაულმა.

– ქრისტემ ყოველივე იცის.

– კარგი, თქვენ ასე მიგაჩნიათ, ბიბლია კი სხვა რამეს ამბობს, – მივუგე იმ იმედით, რომ კიდევ მოვიგებდი ბრძოლას.

იგივე ვითარება ბერძნულში

ძალზე ეფექტურ დარტყმას ვამზადებდი. ჩანთიდან ამოვიღე ბერძნულის შესასწავლად რამდენიმე თვის წინ ნაყიდი ბერძნული ახალი აღთქმა. ვაპირებდი, ამ კაცის დამოწმებული ყველა ტექსტი წამეკითხა და ასე გამეცამტვერებინა ყველაფერი, რაც ორიგინალურ ტექსტს არ შეესაბამებოდა.

– როგორ არა, – თქვა ხუცესმა, – ბიბლია ამბობს, რომ ქრისტემ ყველაფერი იცის. ჩახედეთ იოანეს 16:30-ს.

გადავშალე ჩემი ბერძნული ახალი აღთქმა და ჩუმად წავიკითხე: („ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი“) ღმერთო ჩემო, სწორი იყო. ეს ჭეშმარიტება გახლდათ. ქრისტემ ყოველივე იცოდა, მაგრამ როგორ?

– იქნებ ახლა იოანე 21:17 წაგეკითხათ, – შემოგვთავაზა მან. სასწრაფოდ მოვძებნე ტექსტი და წავიკითხე: („უფალო, შენ ყველაფერი იცი“).

აქამდე წიგნში ვიყურებოდი, თავი რომ ავწიე, დავინახე, რომ რაული თვალებით მთხოვდა დახმარებას. ჯენი თავის კუთხეში მიყუჟულიყო, ალმური მოსდებოდა და თავი ჩაექინდრა.

– დიახ, ვაღიარებ, რომ ტექსტში ასეა, – განვაცხადე მე.

– იქნებ კიდევ გვენახა ქრისტეზე, როგორც ღმერთზე. იესო ქრისტე არის პირველი და უკანასკნელი, როგორც უფალი.

სულ ახლახან, ესაია 43:10-ში წავიკითხეთ, რომ ღმერთი იეჰოვა იყო პირველი და უკანასკნელი. როგორ შეიძლება ქრისტეც პირველი და უკანასკნელი ყოფილიყო?

– იქნებ გენახათ, ვინ ლაპარაკობს გამოცხადების 22:16-ში? – ვთქვით მე და რაულმა ერთად.

– იესო.

– ახლა ვნახოთ, რას უწოდებენ იესოს მე-13 მუხლში, – თქვა ხუცესმა.

როგორც მოგვიანებით მითხრეს, ხუცესმა მთხოვა ბერძნული ტექსტი წამეკითხა, მე კი ენა ჩამივარდა. მე ამას ვერ დავამტკიცებდი, მაგრამ შესაძლებელი იყო, რადგან ხსენებულ ფრაგმენტში ქრისტე ამბობს: („მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული“).

ჯიუტი რაული

მივხვდი, რომ წავაგეთ და გაცლა ჯობდა, სანამ ჩიხი გამოუსწორებელ კატასტროფად იქცეოდა. ორი საათის კამათის შემდეგ შეგვეძლო დაღლილობა მოგვემიზეზებინა და წასვლისას გვეთქვა: „ჩვენ თქვენ პატივს გცემთ, თქვენც პატივი გვეცით.“ კამათის მოგებისას ამ ფორმულას არასოდეს მივმართავდით, ანალოგიურ სიტუაციაში კი საშუალებას გვაძლევდა, უპირატესობით გამოვმძვრალიყავით. იქნებ, რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ხუცესი მასთან არ იქნებოდა, რაიმე მიზეზით შესაძლებლობა მოგვცემოდა, ქალბატონი მოგვენახულებინა და უფრო ადვილად გადმოგვებირებინა. იქნებ უკეთაც მოვმზადებულიყავით, მაგრამ რაულმა მიიჩნია, რომ იმედი ჯერ კიდევ არ იყო მთლად გადაწურული.

– როგორც ხედავთ, ქრისტიანთა ღმერთი იყო ქრისტე, – განაგრძო ხუცესმა, რომელსაც მოგების ყველა შანსი ჰქონდა.

– იცით, ძალიან მეჩქარება, ცოტა ხანში შინ უნდა ვიყო, – ვთქვი მე ერთადერთი სურვილით მოცულმა – გავქცეულიყავი.

– ცოტა მოიცადე, სეზარ, – მითხრა რაულმა, – ქრისტიანთა ღმერთი ნამდვილად იეჰოვა იყო. არც ერთი ქრისტიანი არ უწოდებდა ქრისტეს თავის ღმერთს.

ამჯერად ხუცესმა ღიმილი ვერ შეიკავა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მან რაული ბატკანივით სასაკლაოზე მიიყვანა.

– გეთაყვა, წაიკითხეთ იოანე 20:28, – მითხრა ხუცესმა. ჩემი ბერძნული ახალი აღთქმა გადავშალე.

(„თომამ უთხრა მას პასუხად: ‘უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო!’“).

თომამ იესო ქრისტეს თავისი უფალი და თავისი ღმერთი უწოდა!!!

 

თავი მერვე

წინააღმდეგობათა წელიწადი

მთლად არ მახსოვს, როგორ დავასრულეთ ეს საშინელი შეხვედრა, მაგრამ მახსოვს, რომ მე და ჯენი კარისაკენ მივიწევდით, რაული კი ჯიუტად ცდილობდა ისეთ საუბარში ჩაბმულიყო, რომელიც კიდევ უფრო შავ დღეში ჩაგვყრიდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი, როგორ შეიძლება იყო იეჰოვას მოწმე და თან ასეთი ბრიყვი. ძალზე მესიამოვნა, გარეთ გამოსვლისას ავარვარებულ ლოყებზე გრილი ჰაერი რომ მომხვდა, იმიტომ კი არა, რომ ოთახში ცხელოდა, არამედ ამ კამათის გამო მრცხვენოდა, განსაკუთრებით, საკუთარი თავისა. უკანასკნელმა კითხვამ კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. წამოსვლისას ავკრიფეთ ჩვენი წიგნები, საუბრის დროს მაგიდაზე რომ გავშალეთ. ჩემსა და რაულს შორის მთელი მაგიდა წიგნებით იყო მოფენილი. აქ გახლდათ წიგნი „დარწმუნდით ყველაფერში“, ჩვენი „ახალი მსოფლიოს” ბიბლიები, კიდევ ერთი რედაქცია, რომელიც კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად გამოვაყოლეთ, ჩემი ბერძნული ახალი აღთქმა, „საგუშაგო კოშკის“ რამდენიმე ეგზემპლარი და … მეტს აღარ ჩამოვთვლი.

ყოველივე ამას დაუპირისპირდა ხუცესის ერთადერთი, მაგრამ უეჭველად გამარჯვებული ძველი ბიბლია. მოგვიანებით, როცა მომხდარზე ვფიქრობდი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, იმ მაგიდაზე გამარჯვების სიმბოლოდ ხომ არ იდო იგი? ქუჩაში რომ აღმოვჩნდით, მე და ჯენის ხმის ამოღება არ გვინდოდა. ვფიქრობ, თვალს ვარიდებდით ერთმანეთს და როცა ერთმანეთს დავშორდით, მხოლოდ იმ გამოცდილებასა და ხერხზე ვფიქრობდი, რომლითაც დაგვამარცხეს. ცხადია, რადგან საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ღმერთის ორგანიზაცია იყო დედამიწაზე, ყოველივე ამაზე პასუხიც უნდა ჰქონოდა და მთავარი იყო ამ პასუხის მიგნება, მაგრამ სად უნდა გვეძებნა ის?

მეორე დღეს მოკლედ დავწერე, რაც იმ შეხვედრაზე მოხდა. ვწუხვარ, რომ არ შემოვინახე. მასში ჭეშმარიტების აღმოჩენის სიხარულზე კი არ ვლაპარაკობდი, არამედ ჩემს ეჭვზე. ეგებ „საგუშაგო კოშკი“ ღმერთი იეჰოვას თეოკრატიული ორგანიზაცია არ არის, ან ჩვენ არ ვართ სათანადოდ გაწაფულნი ეშმაკის ისეთ აგენტებთან საბრძოლველად, როგორიც ხუცესი არის-მეთქი.

კარგი გადაწყვეტილებები

ეს თუ ჩემი ბრალი არ იყო, და ვფიქრობ ასეც იყო, ერთადერთი, რის გაკეთებაც შემეძლო, ის გახლდათ, რომ უნდა გამოვსწორებულიყავი და მეტი მემუშავა „საგუშაგო კოშკისთვის“. უფრო მეტი უნდა მექადაგა, მეტი მესწავლა, მოვნათლულიყავი, რადგან ეს საქმე დამრჩა, უფრო ყურადღებით უნდა წამეკითხა ერთგული და კეთილგონიერი მონის ნაწერები, უნდა ….

მთელი ის წელიწადი ჩემს სულიერ სრულყოფას მოვანდომე. ჩემი ეჭვი მასზე, რასაც „საგუშაგო კოშკი“ ასწავლიდა იესო ქრისტეს შესახებ, მხოლოდ ეშმაკის საქმე უნდა ყოფილიყო. სატანას სურდა ღმერთის საზოგადოებისთვის ჩამოვეშორებინეთ და ეს მაშინ, როცა აღსასრული, როგორც არასდროს, ისე იყო მოახლოებული.

ჩემი გადაწყვეტილებები უკლებლივ შევასრულე. სასწრაფოდ მოვინათლე. საკვირველი არაფერია, რადგან წლების განმავლობაში კარდაკარ ვქადაგებდი და როცა კარდაკარ ქადაგების თანამდებობა ვითხოვე, რამდენიმე დღეში მივიღე. ამავე დროს, ენების ოფიციალურ სასწავლებელში ნიგერიელები გავიცანი, რომლებიც ესპანურს სწავლობდნენ, მე კი რუსულს.  რომელიღაც მათგანთან დავიწყე „ჭეშმარიტება, რომელსაც სამუდამო ცხოვრებისკენ მივყავართ“  შესწავლა. გადავწყვიტე, უფრო შორსაც წავსულიყავი. იეჰოვას სხვა მოწმეებისგან შევიტყვე იმ მღვდლების მისამართები, რომლებსაც მოწმეებზე რაიმე თხზულება დაეწერათ. წერილები დავუგზავნე, ვცდილობდი კამათში გამომეწვია, საიდანაც გამარჯვებულად გამოსვლას ვიმედოვნებდი (მართლაც ასე მოხდა). ის საშინელი შეხვედრა ხუცესთან შარშანდელი თოვლივით გაქრა, მისგან არაფერი დარჩენილა.

ისტორიული გამოკვლევა

კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ. იეჰოვას მოწმეებმა სულ არაფერი იციან საკუთარი ისტორიის შესახებ. იციან მხოლოდ თავიანთი პრეზიდენტის გვარი და რამდენიმე მოკრძალებული ამბავი. ჩემი აზრით, ეს სამწუხარო ფაქტი იყო, რადგან ვერ ხედავდნენ, თუ როგორ ექცეოდა ღმერთი იეჰოვა საკუთარ ხალხს უკანასკნელ, ესოდენ მნიშვნელოვან საუკუნეში, როცა აღსასრულის ჟამი ასე ახლოს იყო. გადავწყვიტე წამეკითხა ყველაფერი, რასაც ძველ პუბლიკაციებში გადავეყრებოდი.

ეს ახალ, ჩემთვის მძიმე მსხვერპლს მოითხოვდა. დილით უნივერსიტეტში მივდიოდი, სადაც იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი, ნაშუადღევს კი − ენების სასწავლებელში. ვარჩევდი, დღის რომელ ნაწილში შემეძლო იმ საათების დაფარვა, კარდაკარ მქადაგებელმა რომ უნდა იქადაგოს. ფართო მიმოწერა მქონდა მღვდლებთან (თეორიულად მათი, სინამდვილეში კი საკუთარი თავის დასარწმუნებლად), ექვსი გაკვეთილი მქონდა წიგნის – „ჭეშმარიტება, რომელსაც მარადიული ცხოვრებისკენ მივყავართ“ – მიხედვით და ეს ყველაფერი 16 წლის ასაკში.

ბავშვობიდან სუსტი ჯანმრთელობის პატრონი, მიკვირს, ავად რომ არ ვხდებოდი და თითქოს ეს არ კმაროდა, გადავწყვიტე, „საგუშაგო კოშკის“ ძველი წიგნებიც წამეკითხა.

მათი შოვნა გამიჭირდა, რადგან იშვიათად ნახავდით კაცს, 5-6 წელზე მეტი ხნის წინ რომ ყოფილიყო იეჰოვას მოწმეთა წევრი, მაგრამ ზოგ უხუცესს 12, 15 და 20 წლის წინანდელი ტომებიც კი ჰქონდა და ვფიქრობდი, რომ თავიდან ეს დამეხმარებოდა. ერთმა უხუცესმა, სახელად ფელიქსმა, ბევრი წიგნი მათხოვა და თან გამაფრთხილა, ზოგი მოძღვრება შეიცვალა, საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ წლების განმავლობაში უფრო განათლდაო. ეს უკვე მსმენოდა, მაგრამ ცხადად ვერ წარმომედგინა, თუ რა მოხდა. ახლა კი შემეძლო, თავად შემემოწმებინა. ძნელია, მოკლედ გადმოგცეთ ძველი ნაწერების ქექვაში გატარებული კვირები. მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნო რამდენიმე საკითხი, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო.

  1. ძველი დროის მორწმუნენი 1925 წელს აღდგებიან.

იეჰოვას მოწმეები წარსულში ამ მოძღვრებას მისდევდნენ, ხოლო 1976 წელს ამას, აშკარაა, აღარ ამბობდნენ. ცნობა მოცემულია წიგნში „იეჰოვას მოწმეები ღვთაებრივ გეგმებში“. „საგუშაგო კოშკი“ დიდხანს მიიჩნევდა, რომ ძველი დროის მორწმუნენი, როგორებიც იყვნენ აბრაამი, დავითი და სხვა, არმაგედონის ბრძოლაში მკვდრეთით აღდგებოდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ ღმერთის ხალხის თანამედროვე ორგანიზაციაში. ეს წიგნი დიდი ხანია ხმარებიდან ამოღებულია.

  1. დიდი უმრავლესობა ზეცაში ამაღლდება.

იეჰოვას მოწმეები აშკარად გვასწავლიან, რომ მხოლოდ 144 000 კაცი ამაღლდება ზეცაში, დიდი უმრავლესობა კი დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში დარჩება. მიუხედავად ამისა, წიგნში „იეჰოვას მოწმეები ღვთაებრივ გეგმებში“ ვკითხულობთ: „‘საგუშაგო კოშკი’ დიდი ხნის განმავლობაში იუწყებოდა, რომ საბოლოოდ ღმერთის წყალობას სხვა ჯგუფი მიიღებდა, ზეცაში კურთხეული იქნებოდა სულიერი ცხოვრებისთვის, მაგრამ ქრისტეს მიმდევრებზე უფრო დაბალ დონეს დაიკავებდა.“ ეს ჯგუფი, როგორც ამბობდნენ, წარმოადგენდა დიდ უმრავლესობას, რომელიც ციტირებულია გამოცხადების 7:9-ში.

  1. მხოლოდ 14 000 კაცი უნდა მოინათლოს.

„საგუშაგო კოშკის“ 1965 წლის ერთ ნომერში ვკითხულობთ: „1934 წლამდე მიაჩნდათ, რომ ღმერთისათვის თავის შეწირვის გადაწყვეტილების მიღება შეეძლოთ მხოლოდ მათ, რომლებიც ზეცის იმედით შეძლებდნენ გამხდარიყვნენ ღმერთის სულიერი შვილები. იმ წლის ჟურნალი აშკარად ამბობდა, რომ სხვა კრავებსაც შეეძლოთ, შესწიროდნენ ღმერთის ნების აღსრულებას და ამით აღენიშნათ ნათლისღება.“

  1. ბიბლიური ქრონოლოგია შეიცვალა.

„საგუშაგო კოშკის“ 1970 წლის ნომერში ეწერა: „წინათ, 1925 წელს, ბიბლიის ჟამთაღრიცხვა ჯერ კიდევ სწორი იყო… ახლა კი ქრონოლოგია გადაისინჯა.“

  1. ადამი სხვადასხვა ეპოქაში შეიქმნა.

წიგნში „ახალი ცანი და ახალი მიწა“ ნათქვამი იყო, რომ ადამი შეიქმნა ძვ.წ. 4025 წელს. წიგნში „დაეცა დიდი ბაბილონი“ მითითებული იყო ძვ.წ. 4026 წელი. ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ რადგან აღსასრულის ჟამის გამოთვლა ადამის შექმნიდან ხდებოდა, თარიღს არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სწორედ აქ შევნიშნე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. როგორც მახსოვს, ოცდაათზე მეტი ცვლილება იყო შეტანილი საკმაოდ ნიუანსირებულ საკითხებში, როგორიც გახლდათ აპოკალიპსისა თუ სახარების სინოპტიკური თავების კონკრეტული ინტერპრეტაცია აღსასრულის ჟამის შესახებ.

აშკარაა, რომ იეჰოვას მოწმეების მოძღვრებათა საფუძველები ერთთავად იცვლებოდა, ამან გამოიწვია მთელი ქრონოლოგიის, და შესაბამისად, აღსასრულის თარიღის შეცვლაც.

ფელიქსის პასუხები

ყოველივე ამაზე ფელიქსს ვესაუბრე და მისი პასუხები დამაკმაყოფილებლად მეჩვენა.
„საგუშაგო კოშკი“ ერთთავად ჭეშმარიტებას ეძებდა. ამით განსხვავდებოდა იგი ბაბილონის  რელიგიებისაგან, რომლებიც მუდამ ძველ დოგმებს ებღაუჭებოდნენ და არაბიბლიური ელემენტების შეცვლის მიზნით მათ არ განიხილავდნენ.

„საგუშაგო კოშკი“, პირიქით, შესაშურ პატიოსნებას იჩენდა. დაშვებულ შეცდომას მუდამ თავმდაბლურად აღიარებდა. ცხადია, მან მაფიქრებინა, რომ სამყაროს აღსასრულის შესახებ არც ერთი განცხადება არასწორი არ ყოფილა. არასდროს არაფერი ისეთი არ გამოუცხადებიათ. მერე რა, რომ დაჟინებით ლაპარაკობდნენ აღსასრულის ჟამზე, დროზე, რომელშიც ჩვენ გვიხდება ცხოვრება. ეს ხომ უდავო ფაქტია, მეტადრე, კანონის დარღვევათა და უკანონობის მზარდ რიცხვს თუ გავითვალისწინებთ. არაფერს, რასაც ვეუბნებოდი, მისი აზრით, იეჰოვას მოწმეთათვის პრაქტიკული, რეალური თუ ავთენტური მნიშვნელობა არ ჰქონდა.

იეჰოვას ზოგიერთი მოწმე ფიქრობდა, რომ წინაპრები 1925 წელს აღდგებოდნენ, მაგრამ ეს „საგუშაგო კოშკის“ თვალსაზრისი არ უნდა ყოფილიყო. დიდ უმრავლესობას ახლა უკეთ ესმოდა, როგორი იყო საქმის ვითარება. ისინი, უდავოდ, მიწაზე დარჩებოდნენ. ბოლოს, ქრონოლოგიურმა ცვლილებებმა თუ ადამის შექმნის სხვადასხვა თარიღმა მნიშვნელობა დაკარგა. რას უნდა ნიშნავდეს რამდენიმე თვით, თუნდაც 1-2 წლით განსხვავება? რა მნიშვნელობა აქვს ამას ადამიანის ცხოვრებაში? თანაც აღსასრული ისე ახლოს იყო…

ხარბად ვყლაპავდი მის სიტყვებს. როგორ შემეპარა ეჭვი „საგუშაგო კოშკში?“ იგი ყოველივე საუკეთესოს გვასწავლიდა, რაც მის პუბლიკაციათა ახალ საზრდოში მოიპოვებოდა. ჩვენ სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით აღსასრულის ჟამს, მე კი ეჭვი არ მეპარებოდა.

ამ დროისათვის მამაჩემი ავად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავიდან ლეიკემია გვეგონა (საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა) და მახსოვს, კონგრეგაციის ბევრი უხუცესის თანაგრძნობა. ისინი წუხდნენ, ნეტავ რამდენიმე თვე იცოცხლოს, საკუთარი თვალით ნახოს დღევანდელი უვარგისი სისტემის შეცვლაო. ბრმად მჯეროდა და აზრადაც არ მომსვლია,  რომ ერთხელ შემცდარი კაცი შეიძლება ისევ შეცდეს. მახსოვს, როგორ ვილოცე, მამაჩემს ახალი სისტემის დადგომამდე რომ მიეღწია.

1976 წელი იმითაც იყო ყურადსაღები, რომ ბევრმა მიატოვა იეჰოვას მოწმეები. ჩემგან განსხვავებით, ისინი არათუ აღსასრულის ჟამის მოახლოებაზე ფიქრობდნენ, მიაჩნდათ, რომ იგი არც არასდროს დადგებოდა, რომ ეს ტყუილი, ბრიყვებისთვის დაგებული მახე იყო და ბოლოს და ბოლოს, უაზრობისთვის კარგავდნენ დროს.

საზოგადოება „საგუშაგო  კოშკმა“ მკაცრად გააგრძელა მეთვალყურეობა. ნებისმიერი საუბარი, მოქმედება, ღონისძიება იდევნებოდა. აღსასრულის მოახლოება ძალიან გაგრძელდა და დამძიმდა. ეს სამოთხეში მოხვედრის იმედი კი არა, პანიკა იყო, ღმერთისაგან შორს არ აღმოჩენილიყავი, როცა იგი არმაგედონში მთელ კაცობრიობას მოსრავდა. მთავარი გადარჩენა იყო და არა ხსნა.

საქადაგოდ წასვლის სურვილიც გაქრა და ხალხი თვეში მხოლოდ ერთხელ გამოდიოდა, ანგარიში რომ შეედგინა და არ გაეკიცხათ, რატომ არაფერს აკეთებო. ხშირად, თვეში მხოლოდ 2-4 საათს ქადაგებდნენ. მაშინ საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ მოიფიქრა ქადაგების საათების რაოდენობის განსასაზღვრად მოხერხებული სისტემა შეემუშავებინა. ამიერიდან, ანგარიშები თვეში ერთხელ კი არა, ორ კვირაში ერთხელ უნდა შეედგინათ.

ხუცესთა საყვედურის არიდება თუ სურდათ, თვეში ორჯერ მაინც უნდა ექადაგათ, მაშინ, როდესაც წინათ ამას თვეში ერთხელ აკეთებდნენ. წინათ თუ მოწმეებს 2-4 საათი უნდა ემუშავათ, ეს რიცხვი ავტომატურად იზრდებოდა 4-8 საათამდე. ამრიგად, 1976 წლის ანგარიშში არ აისახებოდა, რამდენმა კაცმა მიატოვა ორგანიზაცია, რადგან მოწმეებზე დახარჯული საათების რაოდენობა უცვლელი რჩებოდა. ეს დამატებითი საბუთი იყო იმისა, რომ „საგუშაგო კოშკმა“ რიცხვებით მანიპულირება იცოდა.

ხუან-ანტონიო წავიდა

ამ დროისათვის ჩემმა უახლოესმა მეგობარმა იეჰოვას მოწმეებიდან ორგანიზაცია დატოვა. ცხადია, ამ ფაქტს ისტორიული მნიშვნელობა არ აქვს. აღსასრულის წინასწარმეტყველება რომ არ ახდა, ათასობით მიდევარმა მასიურად მიატოვა მოძრაობა, მაგრამ ეს ფაქტი შესანიშნავად გვიჩვენებს იმჟამად გამეფებული ტერორისა და კონტროლის გარემოცვას.

ჩემი მეგობარი ხუან-ანტონიო ბავშვობიდან იეჰოვას მოწმეთა საზოგადოების წევრი იყო. დედამისი, რამდენიმე წლის წინ დაქვრივებული ქალი და მისი ერთ-ერთი ძმაც იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მე ის მაშინ გავიცანი, როცა ავგუსტინი მოდიოდა ჩემთან სამეცადინოდ და მაშინვე დავმეგობრდით. ბავშვობიდანვე იძულებული იყო ემუშავა, მაგრამ, საბედნიეროდ, სწავლის სურვილიც შემორჩა. მთელ ჩემს გარემოცვაში მხოლოდ მე ვსწავლობდი უნივერსიტეტში, მხოლოდ მე ვიცოდი ესპანურის გარდა კიდევ სხვა ენა. მხოლოდ მე მქონდა ბიბლიოთეკა, რადგან „საგუშაგო კოშკის“ წიგნებისა და ჟურნალების კოლექციას ბიბლიოთეკა არ ეთქმოდა. ხუან-ანტონიო ხშირად მოდიოდა ჩემთან და მახსოვს, საათობით ვსაუბრობდით ისტორიის, ლიტერატურისა თუ ფილოსოფიის საკითხებზე, ან მუსიკას ვუსმენდით.

ამ ღირსებებისა და კიდევ იმის გამო, რომ ხუან-ანტონიო არც ფანატიკოსი იყო და არც უზრდელი, კონგრეგაციის ყმაწვილები მას დასცინოდნენ და კიცხავდნენ. ის ტყავის ნაწარმის სახელოსნოში მუშაობდა. სახელოსნო იეჰოვას მოწმეს ეკუთვნოდა. იგი ბიჭის მდგომარეობით სარგებლობდა და უსინდისოდ უწევდა ექსპლუატაციას. მის თანამშრომელთა შორის იმავე მრწამსის სხვა ახალგაზრდებიც იყვნენ. დილით, სახელოსნოსკენ მიმავალს იმდენი უტიფრობისა და დაცინვის გადატანა უხდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ სწავლის გასაგრძელებლად რომელიმე წიგნი მიჰქონდა თან.

იეჰოვას მოწმე ყმაწვილების ამ საქციელს თავისი გამართლება ჰქონდა, რადგან მათი აზრით, აღსასრული ძალიან ახლოს იყო. ხშირად კი ამას უცოდინრობით წარმოშობილი ზიზღი განაპირობებდა.

მახსენდება შემთხვევა, როცა ხუან-ანტონიო და მე ხელოვნებაზე ვსაუბრობდით. ერთმა ბიჭმა, კონგრეგაციიდან, შეგვაწყვეტინა და გვითხრა, რომ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ახალი წყობის მოსვლა, რადგან ერთმანეთის მიყოლებით დაიწვებოდა მადრიდში, პრადოს მუზეუმში, მსოფლიოს ამ უდიდეს გალერეაში თავმოყრილი ტილოები.

ამ ვითარებაში გასაგებია ის მდგომარეობა, ჩვენ რომ გვაკავშირებდა. წასვლა რომ გადაწყვიტა, ძალიან მეწყინა, ისე განვიცდიდი, თითქოს ძალზე ახლობელი ადამიანი მომკვდომოდეს.

„საგუშაგო კოშკის“ სწავლების თანახმად, ჩვენ მისთვის ხმა არ უნდა გაგვეცა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ კეთილი და ჭკვიანი ბიჭი იყო, უბრალოდ მძიმე პერიოდი ედგა. იმ შემთხვევაში, თუ შეიწყალებდნენ, ალბათ, ფარეხს დაუბრუნდებოდა.

ამის გამო კვლავ ვხვდებოდი და სასაუბროდ ვიწვევდი.

მისი წასვლის მიზეზი მთლად აბსურდული როდი იყო. იგი ფიქრობდა, რომ აღსასრული ხალხის სატყუარა იყო, რომ საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ სულაც არ იყო ერთგული და კეთილგონიერი მონა, რომ საბოლოო ჯამში, მოძღვრებაში ცვლილებების შეტანა ვაჭრობის მეტი არაფერი იყო და ა.შ.

ამის მოსმენამ შემაშინა, სევდა დამეუფლა და უსუსურობას ვგრძნობდი. სევდა იმიტომ, რომ მთელი ჩემი არგუმენტები მის მიმართ ამაო და უშედეგო აღმოჩნდა.

ხუან-ანტონიო ისხლეტდა ფრაზებს, ნებისმიერ კაცს რომ გულს გაუპობდა. არ სჯეროდა მათი და უარყოფდა, რადგან ისეთ ზღაპრებად მიაჩნდა, ყურადღებას რომ არ იმსახურებენ.

ისტერია და ტერორი

ერთხელ, რამდენიმე კვირის წინ შეძენილ ისტორიულ წიგნებზე მელაპარაკა. მეც მომინდა მათი წაკითხვა. ჟან-ანტუანმა მითხრა, რომ დაკავებული იყო, რამდენიმე დღე ვერ მნახავდა და მომავალ ხუთშაბათს სამეფო დარბაზში დედამისის ხელით გამომიგზავნიდა წიგნებს.

იმ ხუთშაბათს, შეკრებამდე ათი წუთით ადრე, ხუან-ანტონიოს დედა უჩუმრად მომიახლოვდა და რაღაც წამჩურჩულა. მეგონა, ყელი სტკიოდა (ზამთარი იყო) და უფრო ხმამაღლა ლაპარაკი არ შეეძლო. ასეც ვუთხარი, მანიშნა გაჩუმდიო და მითხრა, რომ ჩემთვის რაღაც უნდა გადმოეცა. ვკითხე, რა არის-მეთქი, მაგრამ მიპასუხა, შეკრების დამთავრებამდე მომიცადეო. სიმართლე რომ გითხრათ, ვერ გავიგე, რატომ იქცეოდა ასე უცნაურად.

შეკრება რომ დამთავრდა, მივუახლოვდი და ვკითხე, რა უნდა გადმოეცა ჩემთვის. მანიშნა გაჩუმდიო. ირგვლივ მიმოიხედა და კვლავ მანიშნა, გარეთ გავყოლოდი.

პალტო ჩავიცვი. ამ დეტექტიური ფილმის მსგავსმა სცენამ დიდად დამაინტერესა. ქუჩაში რომ გავედით, პაკეტი მაინც არ მომცა. ათიოდე წუთი გვერდით მივყვებოდი. ბოლოს, დარბაზიდან საკმაოდ დაშორებულ გამზირზე გავედით. ქალი უცებ გაჩერდა (რისთვისაც მადლობელი დავრჩი, რადგან ძალიან ჩქარა მოდიოდა), ჩანთაში ხელი ჩაყო და გახვეული ჟურნალების დასტა ამოიღო.

გამოვართვი, კიდევ უფრო დაინტერესებულმა, და ის იყო გახსნას ვაპირებდი, რომ შემევედრა, შინ მისვლამდე ხელი არ ახლოო. მიზეზი არ მესმოდა, მაგრამ მის ნებას დავყევი, რამდენიმე ქუჩაც გავიარე და პაკეტი ჩემი მშობლების სახლში გავხსენი. ხუან-ანტონიოს დანაპირები წიგნები რამდენიმე ფენა ქაღალდში იყო გახვეული, რომ არ გამოჩენილიყო.

საბრალო ქალი ასე იმიტომ მოიქცა, რომ გაგდებისა ეშინოდა, რაკი მის შვილს იეჰოვას მოწმეთა რიგები დატოვებული ჰქონდა, მას განსაკუთრებით ადევნებდნენ თვალყურს. არ უნდოდა, მასში ეჭვი შეეტანათ და გამოეგდოთ, ამიტომაც მოქმედებდა ასე უცნაურად. როგორ უნდა შინებოდათ საზოგადოება „საგუშაგო კოშკისა,“ ასე რომ მოქცეულიყვნენ! როგორ აიძულებდნენ მისი წევრები მორჩილებს, არ გაეშვათ ხელსაყრელი შემთხვევა და ახალ სისტემამდე მიეღწიათ.

ამ ქალის მაგალითი აშკარად მოწმობდა ყოველივე ამას.

ამ და მომდევნო წელს ბევრს შევხვედრივარ, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ერთმანეთს რომ ჯაშუშობდნენ. უხუცესებს, პოლიციის ინსპექტორივით რომ უთვალთვალებდნენ კონგრეგაციის წევრებს. ოფიციალური აზრისგან განსხვავებული ნებისმიერი აზრი სასწრაფოდ მოწმდებოდა, დაკითხვას ექვემდებარებოდა და იგმობოდა. საზარელი სანახავები იყვნენ მამაკაცები, საკუთარ ცოლებსა და ქალიშვილებს რომ ემალებოდნენ შეშინებულნი, ხუცესებთან არ დაგვაბეზღონო, ვაჟები დედებს რომ ემალებოდნენ, გამოგდების შიშით. ძნელი წარმოსადგენია ამით გამოწვეული შედეგი.

დაბეზღების, ჯაშუშობის, პირფერობის ქსელი იხლართებოდა უხუცესებისა და მათი ცოლების ირგვლივ. იგივე ხდებოდა მოხეტიალე მსახურებთანაც. დაბეზღება, ინფორმირება, ჯაშუშობა იქცა გმირობად, რომელსაც დივიდენდები და უფრო მტკიცე, მშვიდი ფიქრი მოჰქონდა, რომ შენ არ გითვალთვალებდნენ…

ნავასერადა მილოცავს

სხვათა შორის, იმ წელს ჩემთვის მნიშვნელოვანი კიდევ ორი მოვლენა მოხდა. პირველი მათგანი − ზაფხულში. ესპანურმა ჟურნალმა „ბლანკო ი ნეგრომ“ (შავი და თეთრი) იეჰოვას მოწმეებზე კათოლიკე მღვდლის, სალვადორ მუნიოზ იგლეზიას, სტატია გამოაქვეყნა. შემთხვევით ვისარგებლე და სასწრაფოდ მივწერე ჟურნალის რედაქტორს, რომ ვგმობდი, რასაც სტატიის ავტორი ამტკიცებდა. სრული სახით გამოქვეყნებულმა წერილმა დიდი გამოხმაურება პოვა იეჰოვას მოწმეთა შორის. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პუბლიკაცია, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნოდა, იუწყებოდა იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობდით. იმ ზაფხულს ქალაქში, სადაც შვებულებას ვატარებდით, ადგილობრივი დარბაზის ხუცესებმა ძალზე შეაქეს ჩემი სტატია და ამ კონგრეგაციის „მოწმეთა“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანტონიო ნავასერადამ პირადად მომილოცა ეს საჯარო აღიარება.

იმ წელს ჩემს წარმატებას კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი შეემატა. თვითკმაყოფილების საკმარისი მიზეზი გამიჩნდა. ვქადაგებდი და სისტემატურად ვყიდდი პუბლიკაციებს. ჩემი ბიბლიური გამოკვლევები მრავლდებოდა, ეს წერილიც დაიბეჭდა… და აღსასრული სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა.

ამ დროს მეორე ამბავიც მოხდა.

 

თავი მეცხრე

მესია, უფალი – მე უნივერსიტეტში ვიქადაგე

პირველ კურსზე ვიგრძენი რაღაც, რაც ჩემს წარმოსახვასა თუ მსოფლმხედველობას არ ესადაგებოდა და რამაც ძლიერ გამაკვირვა. წინათ ბიბლიაზე დაყრდნობით სულ ადვილად ვმსჯელობდი ხალხთან. არავინ უარყოფდა, რომ ბიბლია უფლის სიტყვაა და იგი ჩემი ტრამპლინი იყო. ძალზე გავოცდი, როცა დავინახე, რომ ყველა არ ეთანხმებოდა ამ ჭეშმარიტებას.

ზოგს, ვინც აღმოსავლეთის კულტურით იყო დაინტერესებული, არ ესმოდა, რატომ უნდა მდგარიყო ბიბლია ინდურ თუ ჩინურ საღვთო წერილებზე მაღლა. სხვები, ვინც ცოტა ათეისტურ თუ აგნოსტიკურ პოზიციებს ამჟღავნებდნენ, მეკითხებოდნენ, რა იყო ბიბლიაში ისეთი, რომ ყველა სხვა წიგნზე მეტად ეწამათ მისი.

ამხანაგებთან საუბარმა დამანახა, რომ უფრო ღრმად უნდა შემესწავლა ბიბლიის, უფლის სიტყვის, ჭეშმარიტება. ამ საკითხთან დაკავშირებით გადავიკითხე იეჰოვას მოწმეთა ერთი წიგნი, მაგრამ, ცოტა არ იყოს, სუსტი მეჩვენა მინიმალური კულტურის მქონე კაცის დასარწმუნებლად. გადავხედე ბიბლიის, როგორც უფლის სიტყვის სასარგებლოდ არსებულ ყველა არგუმენტს. მის წინასწარმეტყველებათა აღსრულება ფრიად დამაჯერებელი მეჩვენა და არ დამავიწყდება ჩემი მეგობრის გაოცება, როცა მათ ამის შესახებ ვუთხარი.

მესიანური წინასწარმეტყველება

ბიბლია, სულ ცოტა, 500 აღსრულებული წინასწარმეტყველების შესახებ მოგვითხრობს და ცხადია, თუ მსურდა, რომ ჩემი მეგობრებისათვის გამეგებინებინა, საღვთო წერილი უნდა გამომეჩხრიკა. გადავწყვიტე, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებანი არ შემესწავლა და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებებით შემოვფარგლულიყავი; ყურადღება გამემახვილებინა მესიანურ წინასწარმეტყველებებზე.

საღვთო წერილის შთაგონების დამადასტურებელ მრავალ არგუმენტს მივაკვლიე. ჯერ ერთი, მათი რაოდენობა შემთხვევითობას გამორიცხავდა, მეტადრე, რომ ყველა წინასწარმეტყველება ერთსა და იმავე პიროვნებას ეხებოდა. ყველა ეს სიტუაცია თუ თავს იყრიდა ერთსა და იმავე ადამიანში, ეს შემთხვევითობის ნაყოფი აღარ იყო. მეორეც, შეუძლებელი იყო გაყალბება და ისინი მათი აღსრულების შემდეგ ვერ დაიწერებოდა. ზოგი მათგანი იესოს დაბადებამდე ათას წელზე უფრო ადრე იყო შექმნილი და ფალსიფიკაციის შედეგი ვერ იქნებოდა, რადგან ისინი, სულ ცოტა, 400-500 წლით წინ უსწრებდნენ მესიას. მათში ძალიან ბევრი განსხვავებული პიროვნებაა იმისთვის, რომ თქმულება ან რაიმე მსგავსი დავუშვათ. და ბოლოს, ნებისმიერმა გამვლელმა იცის იესოს ცხოვრებაში მომხდარი სასწაულები. საუბრის წამოსაწყებად საკმარისი იყო მეკითხა − იცით, რომ ეს მესიის დაბადებამდე ათასი (ან 500, ან 800) წლის წინ იყო ნაწინასწარმეტყველები?

ამ დასკვნამდე რომ მივედი, თავი უბედნიერეს კაცად ვიგრძენი, რადგან ჩემი კამათისათვის უპირველეს იარაღს მივაგენი. ისევე, როგორც ბევრი ჩემი თანამოსაქმე იეჰოვას მოწმე, კამათის ეფექტური მეთოდების შემუშავებაზე ფიქრში უამრავ დროს ვხარჯავდი. ეს იგივეა, იარაღი რომ ალესო, რათა უფრო მომაკვდინებელი გახადო; ამ დანას თითქოს სასიკვდილო დარტყმის მიყენება უნდა შესძლებოდა.

ბარათები შევიძინე და მათზე ძველი აღთქმის ზოგი წიგნის სათაური დავწერე. საქმე ის გახლდათ, რომ ყოველი მუხლი ყურადღებით უნდა წამეკითხა და აღმენიშნა ახალი აღთქმის ის ფრაგმენტები, რომლებიც მათ ქრისტეში აღსრულებას შეესაბამებოდა. ასე უნდა წარმომეჩინა ბიბლიური წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება და რომ ეს წინასწარმეტყველება ნამდვილად უფლის სიტყვას წარმოადგენდა.

ბიბლიის პირველ წიგნებთან ყველაფერი ადვილად აეწყო, რადგან მათი წინასწარმეტყველებანი, ძირითადად, ტექსტუალური ხასიათისა იყო. წინასწარმეტყველთა წიგნებამდე რომ მივედი, სამუშაომ ფართო მასშტაბი მიიღო და კვლევამაც თანდათანობით გამიტაცა. წარმოდგენილიც არ მქონდა, რა მელოდა. პირველად, ალბათ, მაშინ გავოცდი, როცა ესაია 35:4-ში წავიკითხე, ვინ უნდა ყოფილიყო მომავალი მხსნელი: „უთხარით გულშემდრკალთ: ‘გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება − ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ.’“

საგონებელში ჩავვარდი. მუხლი თუ სწორად მესმოდა, ნათქვამი იყო, რომ მხსნელი, რომელიც მოვიდოდა, იქნებოდა თვით უფალი. განა მხსნელი, რომელიც მოვა, იესო ქრისტე არ იყო?

ესაია 40:3-ის წინასწარმეტყველებამ კიდევ უფრო განამტკიცა ეს მოსაზრება: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის.’“

ეს მუხლი იოანე ნათლისმცემელზე აღსრულდა. წინასწარმეტყველი, რომელიც უდაბნოში ღაღადებდა, გზას უკვლევდა მარადისობას, ჩვენს ღმერთს, მაგრამ განა იესოს არ უკვლევდა იგი გზას?

შემდეგ ესაია 40:10-11 მუხლები წავიკითხე: „აჰა, მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი; აჰა, საზღაური მასთანაა და მის წინაშეა გასამრჯელო. როგორც მწყემსი, დამწყემსავს ის თავის ფარას; თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, წარუძღვება მეძუძურთ.“ ეს თვით უფალი უნდა მოსულიყო და ის იქნებოდა კეთილი მწყემსი; მაგრამ იოანეს სახარების მე-10 თავში განა თვით იესო არ მოვიდა და არ განაცხადა, კეთილი მწყემსი ვარო?

რაც უფრო მეტს ვკითხულობდი ესაიას წიგნს, მით უფრო მეტ უხერხულობას ვგრძნობდი. ესაია 45:22 და 23-ში მღელვარების ახალი მიზეზი გამოჩნდა: „ჩვენკენ მოექეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა. ჩემი თავი მაქვს დაფიცებული, ჩემი პირიდან გამოვიდა სიმართლე და ჩემი სიტყვა არ გადაითქმის, რადგან ყოველი მუხლი ჩემ წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცებს.“

ყოველი მუხლი მოიყრებოდა იეჰოვას წინაშე! პავლემ ფილიპელთა მიმართ 2:10-11-ში თქვა, რომ ეს აღსრულდა ქრისტეში. ანალოგიურ შემთხვევებს აღარ ჩამოვთვლი და შემოვიფარგლები შთაბეჭდილებებით, რომელიც ორმა წინასწარმეტყველმა დატოვა ჩემზე.

პირველი იყო ზაქარიას მე-2 თავის მე-10 მუხლი: „იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო, რადგან, აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენს შუაგულში, ამბობს უფალი.“ იეჰოვა კიდევ ერთხელ წინასწარმეტყველებდა, რომ სიონში დამკვიდრდებოდა. მე ვიცოდი, რომ იქ ქრისტემ დაივანა.

მეორე იყო ზაქარიას მე-11 თავის 12-13 მუხლები: „ვეტყვი მათ: ‘თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არადა, ნუ მომცემთ; და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს.’ მითხრა უფალმა: ‘ჩაყარე ისინი საგანძურში − საუკეთესო საფასური, როგორც დავფასდი მათგან.’ მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში.“

ზაქარიამ იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა 30 ვერცხლად გაიყიდებოდა! აკი იესო გაიყიდა 30 ვერცხლად!

შემაშინა იმან, რაც აღმოვაჩინე. თუ სწორად გავიგე (და რაც უფრო მეტს ვკითხულობდი ტექსტს, ეს მით უფრო აშკარა მეჩვენებოდა), იესო იყო უფალი, მესია. იგი თავად იყო უფალი, რომელიც ასრულებდა თავისსავე წინასწარმეტყველებებს: მოვიდა ჩვენ სახსნელად, წინ უძღოდა იოანე ნათლისმცემელი, დაივანა სიონში, იყო მწყემსი კეთილი და გაიყიდა 30 ვერცხლად.

ეს თუ ასე იყო, მრავალი საკითხი ღიად რჩებოდა: რატომ უფრო აშკარად არ ჩანდა ყოველივე ეს ახალ აღთქმაში? აქ იესოს არასოდეს უწოდებენ ღმერთს, არასოდეს სცემენ თაყვანს და პირიქით, ხაზგასმით ეძახიან უფლის ძეს, ტიტულს, რომელიც ხაზს უსვამს მის სიმცირეს მამასთან შედარებით და იმას, რომ ის შეიქმნა.

ჭეშმარიტი უნდა ყოფილიყო ორიდან ერთი ვარაუდი: ან იესო იყო, უბრალოდ, ძე უფლისა, შექმნილი და შემოსაზღვრული (ამ შემთხვევაში ვინმეს გასაგებად უნდა აეხსნა ჩემთვის აშკარა წინააღმდეგობა ახალი აღთქმის ფრაგმენტებთან), ან იესო იყო უფალი და მესია, რომელმაც თავად აღასრულა თავისივე წინასწარმეტყველებანი. ეს მეორე ვარაუდი თუ ჭეშმარიტი აღმოჩნდებოდა, ჩემი დღეები იეჰოვას მოწმეებთან დათვლილი იყო, რადგან არ მსურდა ჩემი ხსნა იმ ორგანიზაციისათვის მიმენდო, რომელიც ყალბ მოძღვრებას ქადაგებდა. არ ვიცოდი, როგორ განმესაზღვრა − ამ ორი პოზიციიდან რომელი იყო ბიბლიური. ბედნიერმა შემთხვევამ მიხსნა რთული მდგომარეობიდან.

 

თავი მეათე

ქრისტე…. რომელიც არის ღმერთი – მობრუნება ბერძნულისაკენ

გადავწყვიტე, ბერძნული გამემეორებინა. ორი წელი საფუძვლიანად ვსწავლობდი ამ ენას და კარგ ნიშნებსაც ვიღებდი. უაზრო იყო მისთვის თავის დანებება მაშინ, როდესაც შემეძლო წარმატებით გამომეყენებინა ახალი აღთქმის წასაკითხად. წარმოდგენაც არ მქონდა, ეს საქმე სადამდე მიმიყვანდა.

იმ შემთხვევაში, თუ ახალი აღთქმა თავიდან ბოლომდე, თავებისა და მუხლების მიხედვით უნდა მესწავლა, ჯობდა ეს ორიგინალის ენაზე გამეკეთებინა და არა თარგმანში. ამისკენ საბედნიერო ფაქტმა მიბიძგა.

რომაელთა 9:5

ერთხელ, ნაშუადღევს, შინ მარტო ვიყავი და უცებ გადავწყვიტე, ცოტა ხანს ბიბლია მეკითხა. ბერძნული ახალი აღთქმა შევარჩიე (აღარ მახსოვს, რაიმე კონკრეტულს ვეძებდი თუ არა) და მზერა რომაელთა 9:5-ზე შევაჩერე: „მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.“

მახსოვს, ამ ციტატის ბერძნულ ენაზე კითხვისას თითქოს მეხი დამეცა. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა და ზურგსა და შუბლზე ოფლი წურწურით ჩამომდიოდა. შევეცადე დივნამდე მივსულიყავი და ჩავეშვი. მეგონა, ძალიანაც რომ მდომოდა, ვერ ავდგებოდი. ამ ფრაგმენტმა გამანადგურა. ხორციელად გამჟღავნებული მესია სხვა არა იყო რა, თუ არა საუკუნოდ კურთხეული ღმერთი. ამას ხომ ათასჯერ ქადაგებდა ძველი აღთქმა: თავად უფალი მოვა ჩვენ სახსნელადო.

ცოტაოდენი დრო დამჭირდა ემოციური შოკიდან გამოსასვლელად და მაშინვე ახალი მსოფლიოს რედაქცია ავიღე. შეუძლებელი იყო არ შემემჩნია ცვლილება ამ ფრაგმენტში: „ვისგანაც ქრისტე ხორცით გამოვიდა, არის ღმერთი, რომელიც ყველაფერზე მაღლაა, საუკუნოდ კურთხეულ (იყოს), ამინ.“

გაოგნებული ვიყავი. ახალი მსოფლიოს რედაქციაში შეტანილი იყო სიტყვები, რომლებიც ორიგინალში არ გვხვდება და სავსებით ცვლის წინადადების აზრს. ბერძნულში აშკარად ეწერა: ქრისტე იყო კურთხეული ღმერთი.  ახალი მსოფლიოს რედაქციაში ქრისტე ერთ მხარეს იყო, ღმერთი კი  მეორე მხარეს. შეუძლებელი იყო მათი გაიგივება. გადავშალე ახალი აღთქმა, მათეს სახარების 1:1 და კითხვა დავიწყე.

მათეს სახარების შესწავლა

მათე 2:2-ში მოგვები ეუბნებიან ჰეროდეს: „მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ მას.“ ამ ხალხმა იცოდა, რომ ვისთვისაც თაყვანი უნდა ეცათ, მესია იყო. ახალი მსოფლიოს რედაქცია ამას ასე თარგმნიდა: „მოვედით, პატივი რომ მივაგოთ.“

მათე 2:8-ში ჰეროდე პასუხობს: „…რომ მეც მოვიდე და თაყვანი ვცე მას.“

სიტყვა „თაყვანისცემა“ მამასთან (მათე 4:10) ან ეშმაკთან (მათე 4:9) მიმართებაში ითარგმნებოდა, როგორც „თაყვანისცემა“, ხოლო ძესთან მიმართებაში − „პატივის მიგება.“ ბერძნულში კი ეს ერთი და იგივე სიტყვა იყო.

ჰეროდესა და მოგვების თვალში მესია, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, თაყვანისცემას იმსახურებდა. ის იმსახურებდა მოქმედებას, რომელსაც მხოლოდ ღმერთს მიაგებდნენ. რას ფიქრობდნენ ამის შესახებ მოციქულები?

პასუხს მათეს სახარების ბოლოში მივაკვლიე. 28-ე თავის მე-17 მუხლში მოწაფეების დამოკიდებულება აღმდგარი იესოს ხილვისას ასე იყო აღწერილი: „ნახეს იგი და თაყვანი სცეს.“ ეს უდავო იყო. იესოს თანამედროვენი ელოდნენ მესიას, რომელიც თვით განკაცებული ღმერთი იქნებოდა. ყველამ, მოგვებიდან მოყოლებული და წარმართებით დამთავრებული, ასევე განდგომილებმაც, როგორიც იყო ჰეროდე, იცოდა ეს. მაშინ, როდესაც იესოს მოწაფეები მივიდნენ და აღმდგარი ნახეს იგი, მათი ქცევა მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე ლოგიკური, სავსებით ნორმალური იყო: თაყვანი სცეს მას და აღიარეს, რომ მესია იყო უფალი.

როგორ თარგმნა ახალი მსოფლიოს რედაქციამ ეს ფრაგმენტი? „ის რომ დაინახეს, პატივი მიაგეს.“

ფრაგმენტებს თანდათანობით ეფინებოდა ნათელი. ღმერთის ყოველი გეგმა დიდებული სიწმინდით ვითარდებოდა, რაც იეჰოვას მოწმეების მიერ მოწოდებულ იდეას ეწინააღმდეგებოდა.

ვინ იყო მათთვის იესო?

თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა და სასწრაფო პასუხს თხოულობდა. იესოს მშობლებმა თუ იცოდნენ მისი ბუნების შესახებ? დარწმუნებული ვარ, რომ იცოდნენ. იცოდნენ, რომ ის, ვინც მარიამისგან იშვებოდა, იქნებოდა განკაცებული ღმერთი, უფალი, რომელიც ასრულებდა თავის დანაპირებს. ლუკას სახარების 1:68-ში იოანე ნათლისმცემლის მამა ზაქარია აშკარად იუწყებოდა, რომ ისრაელიანების მომნახულებელი მოდიოდა: „კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა თავის ხალხს და მოუმზადა მას გამოსყიდვა.“ დიახ, მას ყველა ელოდა. იესო იყო უფალი, მხსნელი. ახალი მსოფლიოს რედაქცია კიდევ ერთხელ ჩქმალავდა ამ დიდებულ ფაქტს: „კურთხეულ იყოს იეჰოვა, ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მან მოუმზადა თავის ხალხს გამოსყიდვა.“ ამ რედაქციაში ამოღებულია უზენაესი ღმერთის ჩამოსვლა თავის ხალხთან. კაცობრიობას კალმის ერთი მოსმით დაუმალეს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი.

რას ფიქრობდა იგი საკუთარ თავზე?

იესოც ასევე ფიქრობდა? ხომ არ იყო ეს მოციქულთა შეცდომა, მცდარი ინტერპრეტაცია?

ამ კითხვებმა იოანეს სახარებამდე მიმიყვანა და პასუხებიც ერთიმეორეს მიჰყვა.

უპირველეს ყოვლისა, იესომ მიიღო თაყვანისცემა (ცხადია, ახალი მსოფლიოს რედაქციამ კიდევ ერთხელ შეცვალა „თაყვანისცემა“ „პატივის მიგებით“). მას შემდეგ, რაც ბრმად შობილმა შეიტყო, რომ იესო იყო ძე კაცისა, თაყვანი სცა მას, რაც იმიტომ კი არ გაუკეთებია, რომ იესომ განკურნა იგი, არამედ იმიტომ, რომ იესომ უთხრა, რომ იყო ძე კაცისა, მესია; განკურნებულმა კაცმა კი იცოდა, რომ მესია თავად ღმერთი იყო. იოანეს სახარების 9:38 აშკარად ამბობს: „და თაყვანი სცა მას.“ იესოს შეეძლო არ მიეღო ეს თაყვანისცემა. რატომ? პეტრემ, რომელიც მხოლოდ კაცი იყო, არ მიიღო ეს კორნელიოსისგან. (საქმ. 10:25) და ანგელოზმაც, რომელიც გამოცხადების დროს ელაპარაკა იოანეს, უარი თქვა თაყვანისცემაზე და ცხადი ხდება, რომ მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს თაყვანისცემის ობიექტი. (გამოცხადება 19:10). იესო არ შეიძლებოდა მხოლოდ კაცი ან მხოლოდ ანგელოზი ყოფილიყო. იგი იყო ერთადერთი არსება, რომლისთვისაც შეიძლება თაყვანი ეცათ − თავად ღმერთი.

ასევე ფიქრობდა თუ არა იესო საკუთარ თავზე? დიახ, და ამან სულაც არ გამაოცა. იოანეს სახარების 8:24-ში მივაკვლიე იესოს მკაცრ მტკიცებას: „რადგან თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით.“ ხსნა დამოკიდებული იყო იმაზე, გეფიქრა, რომ იესო იყო „მე ვარ“. რას ნიშნავდა ეს? ეს გამოთქმა ჩემთვის ძალზე ნაცნობი იყო, მაგრამ არ მახსოვდა, სად გამეგონა. უცებ გამახსენდა რამდენიმე ლათინური სიტყვა, რომლებსაც მამა მაქსიმილიანე საღვთო რჯულის  გაკვეთილებზე იმეორებდა: მე ვარ, რომელიც ვარ. „მე ვარ“ იყო სახელი, რომელიც ღმერთმა ზოგ ვითარებაში საკუთარ თავს უწოდა. მაინც როდის?

შევეცდები გავიხსენო, როდის მოგვევლინა ღმერთი, როგორც „მე ვარ“. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. იქნებ აბრაამთან? ჩავიკითხე ადგილი აბრაამის შესახებ და სასოწარკვეთილმა დავინახე, რომ ეს მასთან არ ყოფილა. არც ისააკთან, არც იაკობთან. ვინ გაიგონა ღმერთისგან ასე ნათქვამი? მოსემ? დიახ, იქნებ მოსემ, მაგრამ სად? როდის? პასუხს მალე მივაგენი. ეს იყო გამოსვლათა წიგნის (3:14) დასაწყისში.

მოსემ მე-13 მუხლში იკითხა: „თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო?“ უფალმა მე-14 მუხლში მიუგო: „მე ვარ, რომელიც ვარ“ და დასძინა: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ: ‘მე ვარმა’ მომავლინა-თქო თქვენთან.“

„მე ვარ“ მოევლინა მოსეს და ახლა, იოანეს სახარების 8:24-ში იესო აცხადებდა, რომ ის, ვისაც არ სჯეროდა, რომ ის იყო „მე ვარ“, „მოკვდებოდა თავის ცოდვებში.“ ეს უდავო იყო. ან უნდა მიმეღო ქრისტე ისე, როგორც ის ამბობდა თავის სიტყვაში, ან იეჰოვას მოწმეთა მოძღვრებას უნდა გავყოლოდი და ჩემს ცოდვებში მოვმკვდარიყავი. ისე ცხადად გამოჩნდა არჩევანი, როგორც არასდროს.

დავინტერესდი გამეგო, როგორ თარგმნეს იეჰოვას მოწმეებმა გამოსვლათა 3:14 და იოანეს 8:24. ვაღიარებ, რომ სულაც არ გამკვირვებია იმის აღმოჩენა, რომ ორივე ფრაგმენტი გაყალბებული იყო. გამოსვლათა წიგნის 3:14-ში მარადიულობის მტკიცებამ მთელი ძალა დაკარგა: „მაშინ ღმერთმა უთხრა მოსეს: ‘მე აღმოვჩნდები’ და დასძინა: ‘აი, რა უნდა უთხრა ისრაელის შვილებს – ‘მე აღმოვჩნდებიმ’ გამომგზავნა-თქო თქვენთან.“ უსიამოვნოდ მჟღერმა „მე აღმოვჩნდებიმ“ შეცვალა დიდებული „მე ვარ“.

მაშინ იოანეს 8:24-ში ამოვიკითხე: „რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ისა ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით.“ ეს ფრაგმენტიც გაყალბებული იყო. არავის შეეძლო ამ ორი ფრაგმენტის შედარება. ახალი მსოფლიოს რედაქციით ვერავინ დაინახავდა, რომ იესო იყო „მე ვარ“-ის ინკარნაცია, რაც მოსესთან გამოვლინდა.

ბიბლიის ამ რედაქციას ერთადერთი მიზანი ჰქონდა: მხარი დაეჭირა იეჰოვას მოწმეთა მოძღვრებებისთვის, თუნდაც ამისთვის საფუძვლიანად შეეცვალათ ღმერთის ნათქვამი. მათი მოძღვრებანი წინ ეღობებოდა იმას, რაც ღმერთმა გაამჟღავნა საკუთარი თავის შესახებ.

 

თავი მეთერთმეტე

უფალო, მიშველე

ამ გარემოებებმა იქ მიმიყვანა, სადაც არასოდეს მიფიქრია მისვლა. რამდენიმე წლის შემდეგ ყველაფერმა სხვა აზრი შეიძინა და ისეთივე კავშირით წარმომიდგა, როგორიც არასოდეს მინახავს იეჰოვას მოწმეებთან. დიახ, არსებობდა ერთადერთი ღმერთი, ღმერთი, რომლის წინაც სხვა ღმერთი არ ყოფილა და არც მის შემდეგ იქნება სხვა (ესაია 43:10). ეს იყო ღმერთი, რომელმაც საკუთარი თავი წინასწარმეტყველებაში განაცხადა გარდაუვლად, უშეცდომოდ, გაამჟღავნა თავისი სურვილი − უდიდეს ფასად ეხსნა კაცობრიობა: მომკვდარიყო, როგორც კაცი. ამ განკაცებულ ღმერთს, უფალს, რომელიც თავის ხალხთან უნდა ჩამოსულიყო გამოსასყიდად (ლუკა 1:68), უდაბნოში წინ მიუძღოდა წინასწარმეტყველის მეშვეობით (ესაია 40:3), რომელიც უნდა მომკვდარიყო სიონში (ზაქარია 2:10), უნდა შეეკრიბა თავისი ხალხი, როგორც კეთილ მწყემსს (ესაია 40:10-11), გაყიდულიყო 30 ვერცხლად (ზაქარია 11:12,13) და მზერა მიეპყროთ მისკენ ჯვარზე (12:10). ამ აღსრულებულმა წინასწარმეტყველებამ – განკაცებულმა უფალმა – ჯვარზე განაცხადა, რომ აღსდგებოდა მკვდრეთით (იოანე 2:18-22), მისი მოწაფეები თაყვანს სცემდნენ მას, როცა დაინახავდნენ (მათე 28:17) და გამოაცხადებდნენ თავიანთ უფლად და ღმერთად (იოანე 20:28). ეს „მე ვარ“-ი, რომელმაც გაათავისუფლა ისრაელი ეგვიპტის მონობისაგან (გამოსვლათა 3:14), ახლა ადამის უმძიმესი ცოდვის მონობისაგან გაათავისუფლებდა (იოანე 8:24).

ეს იყო სიყვარულის ღმერთი, ჩემთვის კაცად შექმნილი, ჩემთვის განკაცებული, გაყიდული და მასხრად აგდებული, ჩემთვის ჯვარცმული. ეს იყო ღმერთი, რომელმაც აღასრულა თავისი დაპირება გამოსყიდვის შესახებ და რომლის წინასწარმეტყველებანიც სრულდება გამონაკლისის გარეშე.

პათეტიკური  „საგუშაგო კოშკი“

რეალურობის საპირისპიროდ, „საგუშაგო კოშკის“ მიერ შემოთავაზებული გარემოცვა სამწუხარო, პათეტიკური და სასტიკი მეჩვენებოდა. მათ მიერ წარმოდგენილ იეჰოვაში სიყვარულის ნატამალიც არ იყო. ამ სისხლსმოწყურებულ ღმერთს სიამოვნებდა კაცობრიობის დაშინება გამანადგურებელი განკითხვის მოლოდინით. მისი წინასწარმეტყველება არასოდეს სრულდებოდა და ერთთავად გვაიძულებდა, გვეცვალა ქრონოლოგია, თითქოს საკუთარ ორგანიზაციას დასცინის და ხარობს მისი მასხრად აგდებითო.

გასაოცარი არ იყო, რომ ჭეშმარიტი ღმერთის ესოდენ გაყალბებული სახის წინაშე საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ საკუთარი მოძღვრების შესაბამისად, თავისუფლად ამახინჯებდა ბიბლიის ტექსტს. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან ბიბლია ვერ ასწავლიდა ამ სასჯელის შიშს, სიძულვილს, სიყვარულის ნაკლოვანებას და აბსურდს.

ორგანიზაცია, რომელსაც თავი იეჰოვას ერთადერთ წარმომადგენლად მიაჩნდა დედამიწაზე, ექსპლუატაციას უწევდა დამფრთხალ მრევლს, აიძულებდა კარდაკარ გაეყიდა ლიტერატურა და შედეგები მისთვის მოეხსენებინა. საზოგადოება, ღმერთის სიტყვის შეცვლით, უზენაესის მაცნის სახელის მითვისებით, ყალბი წინასწარმეტყველებისა და დოქტრინალური მოსაზრების გამო, სასაცილოს ხდიდა უზენაესს.

ღმერთმა ჭეშმარიტება ერთხელ და სამუდამოდ მოგვცა. მას ის იმიტომ კი არ მოუცია, რომ ხალხს წლების განმავლობაში ეხეტიალა, არამედ იმიტომ, რომ დასაბამიდანვე დაენახა ნათელი.

რა გარანტია უნდა ჰქონოდა ამ საბრალო ხალხს, რომ რაც დღეს ჭეშმარიტებად მიაჩნდათ, ხვალ იმას არ ამხელდნენ და ყალბად არ გამოაცხადებდნენ? ფიქრობდნენ, რომ დიდი უმრავლესობა არ მონათლულა, მაგრამ ზეცაში ამაღლდებოდა; რომ აღსასრულის ჟამი დადგებოდა 1975 წელს; რომ მამანი აღდგებოდნენ. ყალბი იყო ყოველივე ეს! რა დააჯერებდა ამ ხალხს, რომ საზოგადოება, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სარგებლობისათვის გააყალბა უფლის სიტყვა, რწმენის ღირსი იყო?

მივდივარ

სრული შეგნებით აღარ შემეძლო ამ ორგანიზაციაში დარჩენა. ერთ საათსაც ვერ დავრჩებოდი ამ სიცრუისა და ექსპლუატაციის, მოტყუების გიგანტური მაქინაციის თანამოაზრე.

სასწრაფოდ მივწერე ანტრევიასის კონგრეგაციის უხუცესს, რომლის წევრიც ვიყავი, რომ საზოგადოებიდან გასვლის განცხადების დაწერას ვაპირებდი. „საგუშაგო კოშკს“ ვტოვებდი, რადგან არც მისი მოძღვრებანი, არც მისი ნაშრომები და არც ბიბლიის რედაქცია არ შეესაბამებოდა უფლის სიტყვას. ჩემი ხელით ჩავაგდე წერილი სამეფოს დარბაზის საფოსტო ყუთში. ორი დღის შემდეგ შეკრება იყო დანიშნული და ვიცოდი, რომ ჩემს წერილს გაეცნობოდნენ.

საით წავსულიყავი? არაფერი ვიცოდი. ეს იყო გიგანტური ნახტომი ჩემი ცხოვრების სიცარიელეში. სხვა რელიგიურ ჯგუფებში მეგობრები არ გამაჩნდა და დიდი არც არაფერი ვიცოდი ამ ჯგუფებზე. არც ის ვიცოდი, სად უნდა დამეწყო ძებნა.

ბიბლიის იმედიღა მქონდა (მაგრამ რამდენი ორგანიზაცია აცხადებდა, რომ მისი მოძღვრება ბიბლიაზე იყო აგებული!), კვლავ მწამდა ღმერთი (მაგრამ, ასეა თუ ისე, რამდენს არ სწამდა ღმერთი). თავს ვერც იმით ვინუგეშებდი, რომ ამ მდგომარეობას ვინმეს გავუმხელდი.

სწორედ მაშინ, როცა არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, მაგრამ კარგად ვიცოდი, სად არ უნდა წავსულიყავი, გულიდან და ბაგეებიდან ერთი თხოვნა აღმომხდა: უფალო, მიშველე!

 

ჩატვირთვა...