წიგნები

„უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“

„უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“

წინა თავში მოგახსენეთ, რომ 1976 წელი ჩემთვის არაფრით ყოფილა გამორჩეული, თუ არ ჩავთვლით ერთ მოვლენას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემს სულიერ ცხოვრებაში და ცალკე თავად გამოყოფას იმსახურებს.

მოულოდნელი გამოძახება

1976 წლის დამდეგს ანტრევიასელმა მოწმემ, რაულმა, დამირეკა და მკითხა, შემეძლო თუ არა, რომ ნაშუადღევს დაგეგმილ ვიზიტზე გავყოლოდი.

ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ კარდაკარ ქადაგებისას შეხვედრია ერთ ქალბატონს, რომელსაც თავისი ხუცესისთვის დაურეკავს, ამ უკანასკნელს კი რაულისთვის უთქვამს, თქვენი ბიბლია გაყალბებულიაო.

რაულის ნაცნობთა შორის ბერძნულის ერთადერთი მცოდნე ვიყავი და მას ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ვუთხარი, რომ გადაჭრილ პასუხს ვერ გავცემდი, რადგან თუ დავთანხმდებოდი, ენების სასწავლებელში რუსული ენის ლექციის გაცდენა მომიხდებოდა. ვკითხე, წასვლას თუ გადავწყვეტდი, სად შეიძლებოდა მენახა.

დიდი ფიქრი არ დამჭირვებია იმის გადასაწყვეტად, რომ სინდისის ქენჯნის გარეშე შემეძლო რუსული გამეცდინა და ამ შეხვედრას დავსწრებოდი.

რაულმა დაურეკა პალომერასის უხუცესს, ჟოზეს, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, ცოტა ესმოდა ბერძნული. უფრო სწორად, ამ ენასთან შეხების ერთადერთი წერტილი ის ჰქონდა, რომ „საგუშაგო კოშკის“ მიერ ინგლისური თარგმანით გამოცემული ბერძნული ახალი აღთქმა ჰქონდა შესწავლილი. რამდენადაც მახსოვს, ბერძნული ანბანიც კი არ იცოდა. სიტყვასაც ვერ წაიკითხავდა და, მით უმეტეს, ვერ თარგმნიდა.

არ ვიცოდი, რამდენ კაცს უნდა შევხვედროდით, მაგრამ შევცბი, როცა რაულის, ჟოზეს, ჯენისა და ჩემ პირისპირ მხოლოდ ოჯახის დიასახლისი და მცირე მისაღები ოთახის დივანზე ჩამომჯდარი ერთი კაცი აღმოჩნდნენ. კიდევ უფრო მეტად გამაოცა იმან, რომ ხელთ მხოლოდ ბიბლია ჰქონდათ, ისიც ესპანურ ენაზე. მახსოვს, ჩვენი ჩანთები წიგნებით, პუბლიკაციებით იყო გატენილი და ყოველივე ეს ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ოთხი გიგანტი ჯუჯის დასამარცხებლად შემზადებულიყო.

ბუნდოვნად მახსენდება პირველი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, ანგელოზებზე ვკამათობდით. გული გამიტყდა, რადგან ამ კაცის გაცამტვერების, მასხრად აგდებისა და დისკრედიტაციის შესაძლებლობას ვერ ვხედავდი.

კამათის მიზანს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მე უკვე მივაგენი ჭეშმარიტებას. მე ქალბატონი მაინტერესებდა. თუ მას დავკარგავდით, შრომა ფუჭად ჩაგვივლიდა. იმის გამო, რომ ეს კაცი მისი ეკლესიის ხუცესი გახლდათ, ჩვენთვის მოგების ერთადერთი საშუალება მისთვის თავგზის აბნევა იყო.

სამოქმედო მეთოდი პიროვნების მიხედვით იცვლებოდა. ზოგჯერ შეურაცხყოფილის სახეს ვიღებდით და თანამოსაუბრეს ვსაყვედურობდით, რომ ბიბლიაში ჩახედვის ნაცვლად ჩვენს ორგანიზაციას უტევდა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ არ ვებრძოდით ეკლესიას („საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ შეიცვალა). სხვა შემთხვევაში ბიბლიაზე საუბარს თავს ვარიდებდით, ანდა ვაჟკაცურად გვერდზე გადავდებდით მას და ვაცხადებდით, რომ მთავარი იყო გაგვერკვია, რას ემყარებოდა თითოეული ჩვენგანის რელიგიური ორგანიზაცია. ზოგჯერ მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე ვკამათობდით და წაგების შემთხვევაში მზად გვქონდა მიზეზი, რომ კიდევ ბევრი სხვა საკითხიც უნდა განგვეხილა; ანდა ვიკამათებდით, და მერე ვიტყოდით, რომ სხვადასხვა საკითხებს მოვედეთ და ჯობდა ერთ საკითხზე გვესაუბრა.

უნდა ითქვას, რომ ასეთი მოქმედების განუსაზღვრელი რაოდენობა არსებობდა. „საგუშაგო კოშკმა“ ისეთი მტკიცე ტაქტით დაამუშავა იგი, რომ ჩვენც მის შესაბამისად ვიქცეოდით. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ასეთი შეხვედრისას მთავარი იყო მოწინააღმდეგე ჩიხში მოგვემწყვდია და ჭეშმარიტება არ გვეძებნა (სხვათა შორის, რა საჭირო იყო მისი ძებნა, როცა იგი უკვე ჩვენს ხელთ იყო?)

მაშინ, როცა პირველი თემიდან არაფერი გამოდნა, რადგან ის არ იყო მთავარი, იმ კაცმა შეძლო ერთ-ერთი ჩვენგანი ბრძოლიდან გამოეთიშა: ჟოზეს ცუდად შესწავლილი 3-4 არგუმენტი ჩაუვარდა და გაბრაზებულმა 20 წუთის საუბრის შემდეგ წასვლა გადაწყვიტა. გამაოცა უხუცესმა, დასაწყისშივე რომ მიატოვა საუბარი, გაბრაზდა და ყვიროდა. უბრალოდ, ისეთ ადამიანს შეეჯახა, რომლის დარწმუნებაც ვერ შეძლო „საგუშაგო კოშკის“ მეთოდით და გამოცდილებას მისთვის უნდა დაენახებინა, რომ გამარჯვების არავითარი შანსი არ არსებობდა. ჯენიმ, რაულმა და მე იმედი არ დავკარგეთ. ყოველ შემთხვევაში, მჯეროდა, რომ ამ კაცის ჩიხში შეყვანა მხოლოდ დროის ამბავი იყო.

პირველი ჩიხი

მაშინ გაცილებით საინტერესო საკითხი შევარჩიეთ: არის თუ არა ქრისტე ღმერთი? ეს კითხვა ისეთი სიხარულით დავუსვით, როგორსაც მონადირე განიცდის ხაფანგისკენ გულუბრყვილოდ მიმავალი მსხვერპლის ხილვისას.

– უთუოდ, – გვიპასუხა მან, – ყოველივე ქრისტეს შექმნილია.

მე გამეღიმა.

– იესო შემოქმედია, ოღონდ არაპირდაპირ. ღმერთმა იეჰოვამ სამყარო მისი საშუალებით შექმნა, ამიტომ ამბობენ ქრისტე შემოქმედიაო.

კვლავ გამეღიმა დარწმუნებულს, რომ ჩემმა არგუმენტმა მისი პრეტენზია გააბათილა.

– ბიბლია გვეუბნება, რომ მხოლოდ ერთი შემოქმედი არსებობს, – დაასკვნა მან.

– შეხედეთ, – ვუპასუხე კვლავ ღიმილით, დარწმუნებულმა, რომ საქმე უფრო მარტივი იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, – ეს იგივეა, გენერალი რომ ამბობს, ქალაქი უნდა ავიღოო. ცხადია, ქალაქს ის კი არა, მისი ჯარისკაცები და ოფიცრები იღებენ, ის კი მაინც აცხადებს, ქალაქი ავიღეო. ასეა ქრისტესა და იეჰოვას შემთხვევაშიც.

ახლა ეს არგუმენტაცია უსაფუძვლოდ მეჩვენა, რადგან ლოგიკურად იმას ნიშნავდა, რომ ქრისტე თავად იყო შემოქმედი და მარადიული, რომელიც უბრალოდ ისაკუთრებდა ამ ტიტულს, მაგრამ მაშინ ღრმად ვიყავი დარწმუნებული საწინააღმდეგოში.

– დიახ, – მიპასუხა მან, – კარგი არგუმენტია, მაგრამ განა გინახავთ გენერალი, რომელიც აცხადებს, მარტო, სხვების დაუხმარებლად ავიღე ქალაქიო?

გავოცდი. არ მესმოდა, ეს კაცი საით უტევდა, რა ხაფანგს მიგებდა. მისი მსხვერპლი შევიქმნებოდი? ამჯერად სატანა ძალზე ვერაგი აღმოჩნდა.

კითხვა ისეთი სულელური იყო, რომ პასუხის გაცემა საჭიროდ არ მივიჩნიე. თავისთავად ცხადია, ასეთი რამ არასოდეს მინახავს.

სახეზე ნაკვთიც არ შესტოკებია, ისე მთხოვა წამეკითხა ესაია 45:8. „იწვეთოს მაღლიდან ზეცამ და ღრუბელმა ასხუროს სიმართლე, გადაიხსნას მიწა და ხსნამ ინაყოფოს, და სიმართლე აღმოცენდეს მასთან ერთად! მე, უფალმა, შევქმენი ეს.“ როგორც კი კითხვას მოვრჩი, მთხოვა ახლა ესაია 48:13 წაიკითხეო. „ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.“

– არ მგონია, – თქვა ხუცესმა, – იეჰოვას ქრისტესთვის სამყაროს შექმნაში შუამავლის როლი მიეცა. უბრალოდ, ის თავად შექმნიდა ყოველივეს. ეს თუ ასეა, ბიბლია გვეუბნება, რომ ეს ქრისტემ მოიმოქმედა, ესე იგი, ქრისტე იეჰოვა უნდა იყოს.

არგუმენტი საკმაოდ მტკიცე მეჩვენა. იგი იმდენად აშკარა იყო, რომ არავითარ კამათს აზრი არ ჰქონდა. რაული და მე შევეცადეთ თემა შეგვეცვალა, მდგომარეობის გამოსასწორებლად მაგარი დარტყმა უნდა განგვეხორციელებინა. სწორედ რომ ბრიყვულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. კამათში, რომელიც უფლის სიტყვაზეა დაფუძნებული, ვერ გაიმარჯვებ, მოკრივესავით რომ იღებდე ქულებს. რაიმე თუ ჭეშმარიტებაა, ის ჭეშმარიტებაა და შეცდომა მას ვერავითარ ზიანს ვერ მოუტანს. თუ ეკლესია ან რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც მე ვეკუთვნი, ყალბ სწავლებას ქადაგებს, მაინც მცდარია. კაცი თუ მატყუარაა, იგი, თუნდაც მკვლელი არ იყოს, მაინც მატყუარა იქნება და ის ფაქტი, რომ არავინ მოუკლავს, სიცრუისგან ვერ გაათავისუფლებს. მაშინ ჩვენ ასეთ აშკარა ლოგიკას ვერ ვხედავდით.

– ეს უსუსურობაა, – განვაცხადე მე და სიტყვის აღებამდე ნერწყვი გადავყლაპე, – ბოლოს და ბოლოს, ეს კაცი ამბობს, რომ ერთადერთი ღმერთი არსებობს, ბიბლია კი გვეუბნება, რომ ბევრი ღმერთია. იესო ერთი იმათგანია, ასევეა ეშმაკიც, როგორც ეს წერია მე-2 კორინთელთა 4:4-ში.

ანაზდად გავიფიქრე, რომ თუ ამით ჩვენს თანამოსაუბრეს ჩიხში ვერ შევიყვანდი, მის მიერ წინათ მოხდენილ ეფექტს მაინც შევამცირებდი: იეჰოვა ერთადერთი შემოქმედი იყო. ბიბლია ამბობდა, რომ ქრისტე იყო შემოქმედი. როგორ შეიძლებოდა იმის მტკიცება, რომ ქრისტე შემოქმედი ინსტრუმენტი იყო მაშინ, როდესაც იეჰოვა მარტო, თავისთავად მოქმედებდა, სხვის დაუხმარებლად.

– ფიქრობთ, რომ ბევრი ღმერთი არსებობს? – იკითხა პასტორმა. ეს კაცი ჩვენს სამიზნეში მოექცა და ეგებ იმ დღეს საბოლოოდ არ დავმარცხებულიყავით.

– ცხადია, აკი გითხარით, ბიბლია გვასწავლის, რომ არსებობს მრავალი ღმერთი: ეშმაკი, ქრისტე და სხვა, – მივუგე მე.

-არა, ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთი ერთადერთია; თუ გნებავთ, ერთად წავიკითხოთ ესაია 44:6.

მაშინ მე ჩემი „ახალი მსოფლიოს“ ვერსიიდან წავიკითხე: „ასე ამბობს იეჰოვა, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემ გარდა არ არის ღმერთი.“

– აშკარაა, რომ სხვა ღმერთები არ არსებობენ, არა? – იკითხა ხუცესმა.

– არსებობს ღმერთი აბსოლუტური მნიშვნელობით, მთავრულით რომ იწერება, პატარა ასოთი დაწერილი ღმერთი კი ბევრია, – ვუპასუხე გაღიზიანებულმა.

– გინდოდათ გეთქვათ, შექმნილი ღმერთები? – იკითხა მან.

– დიახ, – მივუგე მე, – სამყაროს შექმნის ცნება არ ეწინააღმდეგება ღმერთის ცნებას. ქრისტეც და ეშმაკიც შექმნილნი არიან და ორივე ღმერთია.

– ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი იეჰოვას შემდეგ გაჩნდნენ, არა?

– სწორედაც, – ვუპასუხე მე. იეჰოვამ შექმნა ძე და ძემ შექმნა ყოველი არსება. ზოგი ამ არსებათაგანი ღმერთია. ხუცესმა თავი ჩაქინდრა.

– იქნებ ესაია 43:10 წაგვეკითხა?

იმ ფაქტმა, რომ შემეძლო მთელი რიგი ფრაზები ჩამერთო, გამამხნევა და თითქოს ყოველგვარი ხიფათი უკან მოვიტოვეო, ციტატას ვეძებდი.

ესაია 43:10

„თქვენ ხართ ჩემი მოწმენი, – ამბობს უფალი, – და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი. მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემ შემდეგაც არ იქნება.“

არგუმენტი კვლავ გასაოცარი და უდავო იყო. თანდათანობით დავინახე, როგორ გაიმაგრეს პოზიციები ქრისტემ და უფალმა. ისევე, როგორც არსებობდა შემოქმედი, რომელიც იყო უფალი, როგორც ქრისტე, არსებობდა ღმერთი, რომელიც იყო უფალი, როგორც ქრისტე. სევდამ მომიცვა, თითქოს სული მეხუთებოდა.

ამ დროს რაულმა თავისი უკანასკნელი ბომბი ააფეთქა.

– თქვენ ერთ კითხვაზე არ მიპასუხეთ, როგორც ჩანს, თქვენებურად შეუძლებელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ბიბლიაში ლაპარაკია სხვა ღმერთებზე, როგორიცაა მაგალითად ეშმაკი…

– ეშმაკი ისეთივე ღმერთია, როგორც ზოგისთვის მუცელი, ასეა ნათქვამი ფილიპელთა მიმართ წერილში. შეიძლება გააღმერთო ხის ნაჭერი ან ლითონის ნივთი, მაგრამ იგი ამით ღმერთი არ გახდება, თუნდაც ხალხმა მიიჩნიოს იგი ღმერთად. იმედია, ქრისტეს ეშმაკს არ ადარებთ, ისევე როგორც მუცელს – ნაქანდაკებს?

უცებ ვიგრძენი, რომ ცოტაოდენი იმედი კიდევ იყო – ქრისტე არ შეიძლება ღმერთი იყოს, რადგან არსებობს მისთვის უცნობი რამეები, როგორც ეს მარკოზის 13:32-ში წერია, – ვთქვი მე.

– დიახ, მესმის რის თქმაც გსურთ, ბიბლიაში აშკარადაა ნათქვამი, რომ ქრისტემ ზოგი რამ არ იცის, – დასძინა რაულმა.

– ქრისტემ ყოველივე იცის.

– კარგი, თქვენ ასე მიგაჩნიათ, ბიბლია კი სხვა რამეს ამბობს, – მივუგე იმ იმედით, რომ კიდევ მოვიგებდი ბრძოლას.

იგივე ვითარება ბერძნულში

ძალზე ეფექტურ დარტყმას ვამზადებდი. ჩანთიდან ამოვიღე ბერძნულის შესასწავლად რამდენიმე თვის წინ ნაყიდი ბერძნული ახალი აღთქმა. ვაპირებდი, ამ კაცის დამოწმებული ყველა ტექსტი წამეკითხა და ასე გამეცამტვერებინა ყველაფერი, რაც ორიგინალურ ტექსტს არ შეესაბამებოდა.

– როგორ არა, – თქვა ხუცესმა, – ბიბლია ამბობს, რომ ქრისტემ ყველაფერი იცის. ჩახედეთ იოანეს 16:30-ს.

გადავშალე ჩემი ბერძნული ახალი აღთქმა და ჩუმად წავიკითხე: („ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი“) ღმერთო ჩემო, სწორი იყო. ეს ჭეშმარიტება გახლდათ. ქრისტემ ყოველივე იცოდა, მაგრამ როგორ ?

– იქნებ ახლა იოანე 21:17 წაგეკითხათ, – შემოგვთავაზა მან. სასწრაფოდ მოვძებნე ტექსტი და წავიკითხე: („უფალო, შენ ყველაფერი იცი“).

აქამდე წიგნში ვიყურებოდი, თავი რომ ავწიე, დავინახე, რომ რაული თვალებით მთხოვდა დახმარებას. ჯენი თავის კუთხეში მიყუჟულიყო, ალმური მოსდებოდა და თავი ჩაექინდრა.

– დიახ, ვაღიარებ, რომ ტექსტში ასეა, – განვაცხადე მე.

– იქნებ კიდევ გვენახა ქრისტეზე, როგორც ღმერთზე. იესო ქრისტე არის პირველი და უკანასკნელი, როგორც უფალი.

სულ ახლახან, ესაია 43:10-ში წავიკითხეთ, რომ ღმერთი იეჰოვა იყო პირველი და უკანასკნელი. როგორ შეიძლება ქრისტეც პირველი და უკანასკნელი ყოფილიყო?

– იქნებ გენახათ, ვინ ლაპარაკობს გამოცხადების 22:16-ში? – ვთქვით მე და რაულმა ერთად.

– იესო.

– ახლა ვნახოთ, რას უწოდებენ იესოს მე-13 მუხლში, – თქვა ხუცესმა.

როგორც მოგვიანებით მითხრეს, ხუცესმა მთხოვა ბერძნული ტექსტი წამეკითხა, მე კი ენა ჩამივარდა. მე ამას ვერ დავამტკიცებდი, მაგრამ შესაძლებელი იყო, რადგან ხსენებულ ფრაგმენტში ქრისტე ამბობს: („მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული“).

ჯიუტი რაული

მივხვდი, რომ წავაგეთ და გაცლა ჯობდა, სანამ ჩიხი გამოუსწორებელ კატასტროფად იქცეოდა. ორი საათის კამათის შემდეგ შეგვეძლო დაღლილობა მოგვემიზეზებინა და წასვლისას გვეთქვა: „ჩვენ თქვენ პატივს გცემთ, თქვენც პატივი გვეცით.“ კამათის მოგებისას ამ ფორმულას არასოდეს მივმართავდით, ანალოგიურ სიტუაციაში კი საშუალებას გვაძლევდა, უპირატესობით გამოვმძვრალიყავით. იქნებ, რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ხუცესი მასთან არ იქნებოდა, რაიმე მიზეზით შესაძლებლობა მოგვცემოდა, ქალბატონი მოგვენახულებინა და უფრო ადვილად გადმოგვებირებინა. იქნებ უკეთაც მოვმზადებულიყავით, მაგრამ რაულმა მიიჩნია, რომ იმედი ჯერ კიდევ არ იყო მთლად გადაწურული.

– როგორც ხედავთ, ქრისტიანთა ღმერთი იყო ქრისტე, – განაგრძო ხუცესმა, რომელსაც მოგების ყველა შანსი ჰქონდა.

– იცით, ძალიან მეჩქარება, ცოტა ხანში შინ უნდა ვიყო, – ვთქვი მე ერთადერთი სურვილით მოცულმა – გავქცეულიყავი.

– ცოტა მოიცადე, სეზარ, – მითხრა რაულმა, – ქრისტიანთა ღმერთი ნამდვილად იეჰოვა იყო. არც ერთი ქრისტიანი არ უწოდებდა ქრისტეს თავის ღმერთს.

ამჯერად ხუცესმა ღიმილი ვერ შეიკავა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მან რაული ბატკანივით სასაკლაოზე მიიყვანა.

– გეთაყვათ, წაიკითხეთ იოანე 20:28, – მითხრა ხუცესმა. ჩემი ბერძნული ახალი აღთქმა გადავშალე.

(„თომამ უთხრა მას პასუხად: ‘უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო!’“).

თომამ იესო ქრისტეს თავისი უფალი და თავისი ღმერთი უწოდა!!!