უფალო, მიშველე!

0

დასკვნები

ამ გარემოებებმა იქ მიმიყვანა, სადაც არასოდეს მიფიქრია მისვლა. რამდენიმე წლის შემდეგ ყველაფერმა სხვა აზრი შეიძინა და ისეთივე კავშირით წარმომიდგა, როგორიც არასოდეს მინახავს იეჰოვას მოწმეებთან. დიახ, არსებობდა ერთადერთი ღმერთი, ღმერთი, რომლის წინაც სხვა ღმერთი არ ყოფილა და არც მის შემდეგ იქნება სხვა (ესაია 43:10). ეს იყო ღმერთი, რომელმაც საკუთარი თავი წინასწარმეტყველებაში განაცხადა გარდაუვლად, უშეცდომოდ, გაამჟღავნა თავისი სურვილი − უდიდეს ფასად ეხსნა კაცობრიობა: მომკვდარიყო, როგორც კაცი. ამ განკაცებულ ღმერთს, უფალს, რომელიც თავის ხალხთან უნდა ჩამოსულიყო გამოსასყიდად (ლუკა 1:68), უდაბნოში წინ მიუძღოდა წინასწარმეტყველის მეშვეობით (ესაია 40:3), რომელიც უნდა მომკვდარიყო სიონში (ზაქარია 2:10), უნდა შეეკრიბა თავისი ხალხი, როგორც კეთილ მწყემსს (ესაია 40:10-11), გაყიდულიყო 30 ვერცხლად (ზაქარია 11:12,13) და მზერა მიეპყროთ მისკენ ჯვარზე (12:10). ამ აღსრულებულმა წინასწარმეტყველებამ – განკაცებულმა უფალმა – ჯვარზე განაცხადა, რომ აღსდგებოდა მკვდრეთით (იოანე 2:18-22), მისი მოწაფეები თაყვანს სცემდნენ მას, როცა დაინახავდნენ (მათე 28:17) და გამოაცხადებდნენ თავიანთ უფლად და ღმერთად (იოანე 20:28). ეს „მე ვარ“-ი, რომელმაც გაათავისუფლა ისრაელი ეგვიპტის მონობისაგან (გამოსვლათა 3:14), ახლა ადამის უმძიმესი ცოდვის მონობისაგან გაათავისუფლებდა (იოანე 8:24).

ეს იყო სიყვარულის ღმერთი, ჩემთვის კაცად შექმნილი, ჩემთვის განკაცებული, გაყიდული და მასხრად აგდებული, ჩემთვის ჯვარცმული. ეს იყო ღმერთი, რომელმაც აღასრულა თავისი დაპირება გამოსყიდვის შესახებ და რომლის წინასწარმეტყველებანიც სრულდება გამონაკლისის გარეშე.

პათეტიკური  „საგუშაგო კოშკი““

რეალურობის საპირისპიროდ, „საგუშაგო კოშკის“ მიერ შემოთავაზებული გარემოცვა სამწუხარო, პათეტიკური და სასტიკი მეჩვენებოდა. მათ მიერ წარმოდგენილ იეჰოვაში სიყვარულის ნატამალიც არ იყო. ამ სისხლსმოწყურებულ ღმერთს სიამოვნებდა კაცობრიობის დაშინება გამანადგურებელი განკითხვის მოლოდინით. მისი წინასწარმეტყველება არასოდეს სრულდებოდა და ერთთავად გვაიძულებდა, გვეცვალა ქრონოლოგია, თითქოს საკუთარ ორგანიზაციას დასცინის და ხარობს მისი მასხრად აგდებითო.

გასაოცარი არ იყო, რომ ჭეშმარიტი ღმერთის ესოდენ გაყალბებული სახის წინაშე საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ საკუთარი მოძღვრების შესაბამისად, თავისუფლად ამახინჯებდა ბიბლიის ტექსტს. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან ბიბლია ვერ ასწავლიდა ამ სასჯელის შიშს, სიძულვილს, სიყვარულის ნაკლოვანებას და აბსურდს.

ორგანიზაცია, რომელსაც თავი იეჰოვას ერთადერთ წარმომადგენლად მიაჩნდა დედამიწაზე, ექსპლუატაციას უწევდა დამფრთხალ მრევლს, აიძულებდა კარდაკარ გაეყიდა ლიტერატურა და შედეგები მისთვის მოეხსენებინა. საზოგადოება, ღმერთის სიტყვის შეცვლით, უზენაესის მაცნის სახელის მითვისებით, ყალბი წინასწარმეტყველებისა და დოქტრინალური მოსაზრების გამო, სასაცილოს ხდიდა უზენაესს.

ღმერთმა ჭეშმარიტება ერთხელ და სამუდამოდ მოგვცა. მას ის იმიტომ კი არ მოუცია, რომ ხალხს წლების განმავლობაში ეხეტიალა, არამედ იმიტომ, რომ დასაბამიდანვე დაენახა ნათელი.

რა გარანტია უნდა ჰქონოდა ამ საბრალო ხალხს, რომ რაც დღეს ჭეშმარიტებად მიაჩნდათ, ხვალ იმას არ ამხელდნენ და ყალბად არ გამოაცხადებდნენ? ფიქრობდნენ, რომ დიდი უმრავლესობა არ მონათლულა, მაგრამ ზეცაში ამაღლდებოდა, რომ აღსასრულის ჟამი დადგებოდა 1975 წელს, რომ მამანი აღდგებოდნენ. ყალბი იყო ყოველივე ეს! რა დააჯერებდა ამ ხალხს, რომ საზოგადოება, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სარგებლობისათვის გააყალბა უფლის სიტყვა, რწმენის ღირსი იყო?

მივდივარ

სრული შეგნებით აღარ შემეძლო ამ ორგანიზაციაში დარჩენა. ერთ საათსაც ვერ დავრჩებოდი ამ სიცრუისა და ექსპლუატაციის, მოტყუების გიგანტური მაქინაციის თანამოაზრე.

სასწრაფოდ მივწერე ანტრევიასის კონგრეგაციის უხუცესს, რომლის წევრიც ვიყავი, რომ საზოგადოებიდან გასვლის განცხადების დაწერას ვაპირებდი. „საგუშაგო კოშკს“ ვტოვებდი, რადგან არც მისი მოძღვრებანი, არც მისი ნაშრომები და არც ბიბლიის რედაქცია არ შეესაბამებოდა უფლის სიტყვას. ჩემი ხელით ჩავაგდე წერილი სამეფოს დარბაზის საფოსტო ყუთში. ორი დღის შემდეგ შეკრება იყო დანიშნული და ვიცოდი, რომ ჩემს წერილს გაეცნობოდნენ.

საით წავსულიყავი? არაფერი ვიცოდი. ეს იყო გიგანტური ნახტომი ჩემი ცხოვრების სიცარიელეში. სხვა რელიგიურ ჯგუფებში მეგობრები არ გამაჩნდა და დიდი არც არაფერი ვიცოდი ამ ჯგუფებზე. არც ის ვიცოდი, სად უნდა დამეწყო ძებნა.

ბიბლიის იმედიღა მქონდა (მაგრამ რამდენი ორგანიზაცია აცხადებდა, რომ მისი მოძღვრება ბიბლიაზე იყო აგებული!), კვლავ მწამდა ღმერთი (მაგრამ, ასეა თუ ისე, რამდენს არ სწამდა ღმერთი). თავს ვერც იმით ვინუგეშებდი, რომ ამ მდგომარეობას ვინმეს გავუმხელდი.

სწორედ მაშინ, როცა არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, მაგრამ კარგად ვიცოდი, სად არ უნდა წავსულიყავი, გულიდან და ბაგეებიდან ერთი თხოვნა აღმომხდა: უფალო, მიშველე!

  • 13
    Shares