ადრეული რენესანსის ცნობილი მხატვრის ფრა ანჯელიკოს გარდაცვალება (18 მარტი)

0

მაშინ, როცა გვიდო დი პიეტრო დომინიკანელი ბერი გახდა ფიეზოლეში, მან სახელი შეიცვალა და გახდა ჯოვანი; მას შემდეგ ის ცნობილი იყო, როგორც ფრა ჯოვანი დი ფიეზოლე. იტალიელები მას ბეატოს უწოდებდნენ, რაც „კურთხეულს“ ნიშნავს, მაგრამ სახელი, რომელითაც ჩვენ მას ვიცნობთ, მიანიჭეს გარდაცვალებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ. მას უწოდეს ფრა ანჯელიკო, ანუ „ანგელოზის მსგავსი ძმა“. სხვა ბერებისგან განსხვავებით, ის ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა ყოველ დადებულ ფიცს.

თავდაპირველად, ხელოვნებაში ბედი სცადა, როგორც მხატვარ-ილუსტრატორმა, შემდეგ კი უფრო დიდი ფორმების ხატვაზე გადავიდა. გადმოცემით, ანჯელიკო არასოდეს ხატავდა ისე, რომ თავდაპირველად არ ელოცა, ხოლო ქრისტეს დახატვისას ყოველთვის ქვითინებდა. „ადამიანმა ქრისტე რომ დახატოს, აუცილებლად უნდა იცნობდეს მას“, ამბობდა იგი. მისი ნახატები არა იმდენად მისტიკურია, რამდენადაც საგანმანათლებლო, რადგან დომიკანელთა ორდენი სწორედ სწავლებას ისახავდა მიზნად. მიუხედავად ტრადიციული ელემენტებისა, მისი ნახატები  რენესანსის ეპოქისკენ მიისწრაფოდა.

ყველგან, სადაც ცხოვრობდა – კორტონაში, ფიეზოლეში, სან მარკოში – ფრესკებსა და ნახატებს ტოვებდა. მაშინ, როცა სან მარკოს მონასტერი დომინიკანელებმა აღადგინეს, ფრა ანჯელიკომ და მისმა მოსწავლეებმა მონასტრის ოთახები ორმოცდაათზე მეტი ფრესკით მოხატეს. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების ნახვა სწორედ აქ არის შესაძლებელი.

ფრა ანჯელიკომ შექმნა ფორმა ნახატისა, რომელიც ცნობილია, როგორც Sacra Conversazione, ასეთ ნახატებზე ასახულნი არიან წმინდანები, რომლებიც გარს შემოხვევიან მარიამს, ქრისტეს დედას და ესაუბრებიან მას. სახელი რომ გაუვარდა, ანჯელიკო რომშიც მიიწვიეს ვატიკანის მოსახატად. მარადიულ ქალაქში მიეს მიერ შექმნილ ფრესკათა უმეტესობა შენობებთან ერთად განადგურდა. იმ ნახატებს შორის კი, რომლებიც დღემდე შემორჩა, გახლავთ წმ. ლორენსის და წმ. სტეფანეს ცხოვრების სცენები. ფრა ანჯელიკოს წყალობით, ვატიკანს შემორჩა ცნობილ საეკლესიო მოღვაწეთა პორტრეტები, მაგალითად, თომა აქვინელის და ალბერტუს მაგნუსის.

როგორც ამბობენ, პაპს უნდოდა, რომ ანჯელიკო ფლორენციის ეპისკოპოსად დაენიშნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა შემოთავაზებაზე. ფრა ანჯელიკო გარდაიცვალა რომში 1455 წლის 18 მარტს. ის და ფრა ფილიპო ლიპი არიან მიჩნეულნი საუკეთესო მხატვრებად მათ თაობაში.

წყარო: http://www.christianity.com