წმ. პატრიკის დღის პირველად აღნიშვნა ამერიკაში (17 მარტი)

0

1737 წლის 17 მარტს ბოსტონის საქველმოქმედო ირლანდიურმა ორგანიზაციამ ამერიკაში პირველად აღნიშნა წმ. პატრიკის დღე. მას შემდეგ ამ დღეს მთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნავენ მწვანე სამოსში გამოწყობილი ელფებით და ყოველივე ირლანდიურის გახსენებით. მთელ ამ მხიარულებასა და გართობაში ადამიანებს ადვილად ავიწყდებათ თავად წმ. პატრიკი.

წმ. პატრიკის ცხოვრების წლები ზუსტად არ არის ცნობილი. ის დაიბადა იქ, სადაც დღეს გლაზგო მდებარეობს, სავარაუდოდ, 372-390 წლებს შორის და გარდაიცვალა, დაახლოებით, 455 ან 493 წელს. მისი მშობლები, კალპურნიუმი და კონჩესა, ქრისტიანული თემის წინამძღვარნი იყვნენ სოფელ ბანავემ ტაბურნიეში, რომლის მდებარეობა დღემდე დაუდგენელია. პატრიკი სერიოზულად არ ეკიდებოდა მშობლების რწმენას, ქრისტიანობას, და თავის მეგობრებთან ერთად მხიარულად ატარებდა დროს. ერთ დღეს 16 წლის პატრიკი ზღვის ნაპირზე თავისთვის ერთობოდა, როდესაც ირლანდიელმა მეკობრეებმა ტყვედ ჩაიგდეს. მათ ყმაწვილი ერთ-ერთი ირლანდიური ტომის წინამძღოლს მიჰყიდეს მონად, რომელმაც მწყემსად განაწესა იგი.

ველ-მინდვრებში მარტო მყოფ პატრიკს თავისი მშობლების ქრისტიანობა გაახსენდა და მიიღო მათი რწმენა. მოგვიანებით წერდა, რომ 16 წლის ასაკში მან არ იცოდა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, მაგრამ უცხო მიწაზე უფალმა მას ურწმუნო თვალები აუხილა და გვიან, მაგრამ მაინც, მან გაიხსენა თავისი ცოდვები და მთელი გულით მოექცა თავისი უფლისკენ, რომელმაც შეიწყნარა მისი სიყმაწვილე და უვიცობა და ნუგეში სცა ისე, როგორც მამა სცემს ნუგეშს თავის შვილებს…

ის წერდა: „ღვთის სიყვარული უფრო და უფრო იზრდებოდა ჩემში მის რწმენასა და მისი სახელისადმი მოწიწებასთან ერთად. სულიწმიდა მიბიძგებდა, რომ ასობით ლოცვა აღმევლინა დღის განმავლობაში. ღამეც კი, ტყეებსა და მთებში, სადაც ცხვრის ფარა დამყავდა, წვიმასა და ქარში, ტანჯვასა და წვალებაში, მაინც ღმერთს ვეძიებდი…“

ექვსი წლის შემდეგ პატრიკმა მოახერხა გაქცევა და ოჯახში დაბრუნება. შემდეგ კი სიზმრად ნახა, რომ ირლანდიელი ბავშვები ევედრებოდნენ, რომ მათთან მისულიყო და სახარება ექადაგა. პატრიკს ძალიან უნდოდა, რომ დაბრუნებულიყო მათთან, ვინც შეიპყრო იგი და იესო ქრისტეს სახარება ეუწყებინა მათთვის. ის დაბრუნდა ირლანდიაში, სადაც, გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, წარმართულ ტომებს შორის სახარებას ავრცელებდა. ის მათ ირლანდიურად უქადაგებდა, რომელიც მას ტყვეობაში ყოფნისას ესწავლა.

მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნემდე პატრიკის სახელთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა შეიქმნა. მათგან ყველაზე ცნობილი ლეგენდა იმის შესახებ გვამცნობს, თუ როგორ განდევნა პატრიკმა გველები ირლანდიიდან. წმ. პატრიკი ირლანდიის მფარველ წმინდანად მიიჩნევა. მისი ხსენების დღე არის 17 მარტი.

წყარო: http://www.christianity.com