ქრისტიანული ეთიკა – სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

0

 პოლტიკური არასტაბილურობა, რევოლუციები, აჯანყებები, სამოქალაქო ომები – ესაა ის, რის შესახებაც ყოველდღიურად დიდი მოცულობის ინფორმაციას ვიღებთ. საინტერესოა, რას ამბობს ამ ყველაფერზე მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგია – ქრისტიანობა, უნდა ეურჩოს თუ არა ქრისტიანი თავის მთავრობას რაიმე მიზეზით? თუ კი, მაშინ რა შემთხვევაში? თუ არა, რატომ არა? არის თუ არა ოდესმე სწორი, აუჯანყდე უსამართლო მთავრობას ან დაეხმარო ტოლერანტულს? ეს კითხვები მნიშვნელოვანია თავისუფალი ქვეყნის მოქალაქე ქრისტიანებისთვის, თუმცა ისინი აქტუალურია რეჟიმის მქონე ქვეყნებში მცხოვრები  მორწმუნეებისთვისაც.             

 არსებობს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სამი ბაზისური პოზიცია:

1) ეს ყოველთვის სწორია;  2) არასდროს არის სწორი და 3) ხანდახან სწორია. პირველ თვალსაზრისს ანარქიზმი ეწოდება, მეორეს – რადიკალური პატრიოტიზმი, ხოლო მესამე ბიბლიური სუბმისიონიზმია. ვინაიდან პირველ თვალსაზრისს არ გააჩნია არანაირი ქრისტიანული გამართლება, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ მომდევნო ორზე.

რადიკალური პატრიოტიზმი:

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არასდროს არის სწორი.

  რადიკალური პატრიოტიზმი ძალიან ჰგავს აქტივიზმს, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველა ომი სამართლიანია, იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მთავრობა ავალებს პიროვნებას მონაწილეობას ამ ომში. თუმცა აქ ფოკუსი მიმართულია არა ომზე მეორე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ მოქალაქეთა ვალდებულებებზე თავისი ქვეყნის წინაშე. ოდესმე უნდა ეურჩოს თუ არა პიროვნება თავისი მიწის კანონს? რადიკალური პატრიოტიზმი ამბობს – არა!

რადიკალური პატრიოტიზმის  გამართლებისთვის ზოგიერთი ქრისტიანი  წმ. წერილის განსაზღვრულ ადგილებს მიმართავს:

1) ღვთისაგან დადგენილი მთავრობა.

ღმერთმა დაადგინა მთავრობა წარღვნის შემდეგ (დაბ. 9:6) და ის ელოდება, რომ ეს ხელისუფლება პატვდებული იქნება. პავლე მოციქული წერდა: “ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი” ( რომ. 13 – 1).

2) ღმერთი ელოდება საერო მთავრობისადმი მორჩილებას.

ღმერთმა არა მხოლოდ დაადგინა მთავრობა, არამედ ის მოელის ჩვენგან, რომ დავემორჩილებით მას. “შეახსენე მათ, დაემორჩილონ და მოუსმინონ განმგებელთა და ხელისუფალთ” ( ტიტ. 3–1).

3) მორჩილება საჭიროა თვით უკეთური მთავრობისადმიც.

პავლე მოუწოდებდა რომაელებს დამორჩილებოდნენ უმაღლეს ხელისუფლებას, როგორც ღვთისმსახურს (რომ. 13– 1,4) მაშინ, როდესაც იმპერატორი ნერონი იყო. მან მოკლა საკუთარი დედა, რათა ტახტზე ასულიყო, დაწვა რომი  და ცოცხალი ქრისტიანებიც კი გამოიყენა ქუჩების გასანათებლად. ის იყო სასტიკი და უზნეო კაცი და პავლე მას “ღვთისმსახურს ” უწოდებს და სთხოვს ქრისტიანებს, დაემორჩილონ მას. ღმერთმა უთხრა დანიელს, რომ “უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს” (დან. 4:29). დროდადრო ეს გულისხმობს “კაცთაგან ყველაზე დამცირებულს” (მუხ.14). თუმცა ვინც არ უნდა დაადგინოს ღმერთმა, კეთილი თუ ბოროტი, უნდა დავემორჩილოთ. პეტრემ პირდაპირ თქვა: “დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისათვის” (1პეტრ. 2–13).

ამ და წმ. წერილის სხვა თანმხვედრ ბაზისზე დაყრდნობით, ქრისტიანს სწამს, რომ მთავრობის მორჩილება ღვთის მორჩილებაა. პავლეს სიტყვების მოშველიებით, პატრიოტი ამტკიცებს , რომ: “ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას” ( რომ.13–2), ამიტომაც სამოქალაქო დაუმორჩილებობა არასდროს არის გამართლებული.

 

რადიკალური პატრიოტიზმის შეფასება

  არსებობს რამდენიმე საკამათო აზრი წმ. წერილის იმ ადგილების განმარტებისთვის, რომელიც საერო მთავრობისადმი უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს.  მათ შორის უპირველესი აღნიშნავს, რომ ეს ადგილები არაა მოხმობილი სათანადო კონტექსტში.

ღმერთმა მთავრობები დაადგინა და არა მათი ბოროტება. ის არ იწონებს მათ ბოროტებას, ამაზე მინიშნება რომაელთა 13 ; 4 – შიცაა, სადაც ნათქვამია: “ღვთისმსახურია შენდა სასიკეთოდ…” არსად ბიბლიაში არ არის იმის მინიშნება, რომ ღმერთი იწონებს ბოროტ მთავრობებს. პირიქით, ბიბლიის მკაცრ შენიშვნათა უმეტესობა, განსაკუთრებით წინასწარმეტყველთა მხრიდან, სწორედ უკეთურ მთავრობათა გაკიცხვაა (აბდია, იონა, ნაუმი…). ესაიმ თქვა: “ვაი, უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრმდებელთ” (10:1).

მორჩილება მთავრობისადმი არ არის შეუზღუდავი. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ნამდვილად მოითხოვს საერო ხელისუფლებისადმი მორჩილებას, ეს არ გულისხმობს მორჩილებას შეზღუდვების გარეშე.  პეტრემ ასეთი პასუხი გასცა იმ ხელისუფალთ, რომლებიც მოითხოვდენენ მისგან, არ ექადაგა სახარება:  “თავად განსაჯეთ, მართებულია განა ღვთის წინაშე, თქვენ უფრო გისმინოთ, ვიდრე ღმერთს” (საქ. 4 : 19 ). იოანე ლაპარაკობდა ერთგულ ნატამალზე დიდი ჭირის დროს, რომელიც არ დაემორჩილება ანტიქრისტეს ბრძანებებს (გამოცხ. 13 ). ბიბლიაში ჩვენ ვნახავთ ღვთისგან მოწონებულ ურჩობის უამრავ მაგალითს საერო ხელისუფლებისადმი (მაგ. გამოსვ. 1 –3). თითოეულ შემთხვევაში აზრი ნათელია – მთავრობას უნდა დავემოჩილოთ მანამ, სანამ ის მოქმედებს ღვთის მმართველობის ქვეშ, თუმცა არ უნდა დავემორჩილოთ მაშინ, როდესაც იგი ღვთის ადგილს იკავებს.

ჩვენ არ ვსაჭიროებთ დავემორჩილოთ მთავრობის უკეთურობებს. ბიბლია გვავალებს მთავრობის მორჩილებას, თუნდაც ისინი უკეთურნი იყვნენ, მაგრამ იგი არ მოითხოვს მორჩილებას მთავრობის უკეთურობებისადმი. სინამდვილეში, ის გვიკრძალავს ჩავიდინოთ ბოროტი, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ნათქვამითაც არ უნდა იყოს ეს. ამიტომაც სწორია ბებიაქალების მიერ უარის თქმა, მოეკლათ უდანაშაულო ყრმები, ფარაონის ბრძანებისამებრ, ისევე როგორც სამი ებრაელი ყმაწვილის ურჩობა, კერპებისათვის თაყვანისცემაზე (დან . 3 ). ქრისტიანებს შეუძლიათ დაემორჩილონ იმ მთავრობას, რომელიც უშვებს ბოროტებას, მაგრამ არა იმას, რომელიც უბრძანებს მათ ჩაიდინონ ბოროტება. ბრმა მორჩილება მთავრობის უკეთურობებისადმი არის არა პატრიოტობა, არამედ უგუნურება.

ბიბლიური სუბმისიონიზმი – მთავრობისადმი ურჩობა ხანდახან სწორია.

 არსებობს საერთო შეთანხმება ქრისტიანებს შორის, რომ არის დრო, როდესაც ქრისტიანი უნდა ჩაერთოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში. რეალური პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ სად გადის ეს ზღვარი. ამასთან დაკავშირებით არსებობს ორი პოზიცია. ერთს მიაჩნია, რომ მთავრობას უნდა ეურჩო მაშინ, როცა ის იღებს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას. მეორე შეხედულება ამტკიცებს, რომ მთავრობას მხოლოდ მაშინ უნდა ეურჩო, როდესაც ის უბრძანებს ქრისტიანებს, ჩაიდინონ ბოროტება. განვიხილოთ ორივე.

ანტიპრომულგენური პოზიცია: ურჩობა მთავრობისადმი მაშინ, როცა ის არაბიბლიურ კანონებს იღებს.

ქრისტიანებს აქვთ უფლება არ დაემორჩილონ მთავრობას, როდესაც ის იღებს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ კანონს, ანდა ინდივიდის სინდისს.

მთავრობის ძალა არ არის აბსოლუტური. მისი ძალა შეზღუდულია ღვთის სიტყვით. ყველა ადამიანი, თვით მეფეც, კანონის ქვეშ არიან, მთავრობა ღვთის კანონის ქვეშაა. ის არ არის ღვთის კანონი.

კანონი მთავრობაზე მაღლა დგას. თუ მეფე და მთავრობა არ ემორჩილება კანონს, მაშინ არც მათ უნდა დავემორჩილოთ. ნამდვილი კანონი არის ღვთის კანონი და არა მთავრობა, ის მასზე მაღლა დგას. ქრისტიანული მორჩილება უპირველესად ღვთის კანონის მორჩილებაა და მთავრობის მიმართ იმდენად, რამდენადაც შეესაბამება ხელისუფლების კანონი ღვთის კანონებს.

მთავრობა, რომელიც მართავს ქვეყანას ღვთის კანონის საწინააღმდეგოდ – ტირანულია და ქრისტიანი არ უნდა დაემორჩილოს მას. მოქალაქეები წინ უნდა აღუდგნენ ტირანულ მმართველობას. ფრანციზ შეაფერი (1980) აცხადებს, რომ მოქალაქეებს აქვთ მორალური ვალდებულება, წინ აღუდგნენ უსამართლო და ტირანულ მთავრობებს.

წინააღმდეგობა იღებს ორ ფორმას: პროტესტისა და ძალის გამოყენების ფორმას. მოქალაქეებმა ჯერ უნდა გააპროტესტონ ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო კანონები, ხოლო თუ პროტესტი მარცხით დამთავრდა, შესაძლოა ძალა გახდეს საჭირო. ძალა, შეაფერის მიხედვით, ნიშნავს იძულებას ან ზეწოლას პიროვნებაზე ან მთავრობაზე. შეაფერის მიხედვით არსებობს წინააღმდეგობის ორი დონე: რემონსტრაცია (პროტესტი) და თავდაცვის მიზნით გამოყენებული ძალა.

შეაფერს სწამდა, რომ შესაქმის სწავლების აკრძალვა საზოგადოებრივ სკოლებში არის ტირანიის მაგალითი. ამის გამო, 1982 წელს არკანზასის შტატის მცხოვრებლებს ფიზიკური ძალა უნდა გამოეყენებინათ, რათა აღედგინათ შესაქმის სწავლება საზოგადოებრივ სკოლებში…

ანტიკომულსური პოზიცია : დაუმორჩილებლობა იმ კანონებისადმი, რომლებიც გვაიძულებენ, ჩავიდინოთ უკეთურობა.

  ანტიკომულსური პოზიცია ერთ რამეში ეთანხმება ანტიპრომულგენურს, კონკრეტულად იმაში, რომ არის დრო, როდესაც ქრისტიანი უნდა ეურჩოს მთავრობას,  ოღონდ არა მაშინ, როდესაც ის უშვებს უკეთურობას, ან აქვეყნებს ბოროტ კანონებს, ან ტირანულია, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ბრძანებს უკეთურობას, როდესაც გვაიძულებს ბოროტების ჩადენას, როდესაც ის უარყოფს თავისუფლებას და როდესაც ის რელიგიურად ტირანულია.

აბორტი ის საკითხია, სადაც განსხვავება ამ ორ მიდგომას შორის ნათლად ჩანს; თუ ეთანხმები იმას, რომ აბორტი წინააღმდეგობაშია ღვთის სიტყვასთან, ანტიპრომულგენური პოზიციის თანახმად, უფლება გაქვს ჩაერთო დაუმორჩილებლობაში და აირჩიო ერთ–ერთი ბანაკი: ის, რომელიც მხარს უჭერს ძალადობრივ ქმედებებს (მაგ. კლინიკების დაბომბვა) ან ის, რომელიც მხარს უჭერს არაძალადობრივ ქმედებებს, მაგ. არალეგალური კლინიკების ბლოკირებას. ანტიკომულციონისტს, მეორე მხრივ, სჯერა, რომ არსებობს განსხვავება იმ კანონებს შორის,  რომელიც აბორტის ნებას გვაძლევს და  რომელიც ბრძანებს აბორტს,  ერთია მთავრობისათვის – ნება დართოს სხვებს, აკეთონ უკეთურობა და მეორეა – აიძულოს პიროვნება, ჩაიდინოს ბოროტება. კომულციონისტის აზრით, მხოლოდ ამ შემთხვევაშია გამართლებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.

ანტიკომულსური პოზიციის ბიბლიური საფუძველი

 არსებობს ღმერთის მიერ მოწონებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის რამდენიმე მაგალითი. თითოეულ შემთხვევაში ვხედავთ სამ არსებით ელემენტს:

1) ღმერთის მიერ დანიშნული მმართველის ბრძანებას, რომელიც  ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას;

2) ამ ბრძანების დაუმორჩილებლობას;

3) მთავრობის დაუმორჩილებლობისადმი აშკარა ან ნაგულისხმევი ღვთაებრივი მოწონების გარკვეულ სახეს.

 

ბებიაქალების ურჩობა, მოეკლათ უდანაშაულო ყრმები – გამოსვლის პირველ თავში აღწერილია ფარაონის ბრძანება, რომ ყოველი ახალშობილი ებრაელი ვაჟი უნდა მოკლულიყო ბებიაქალების მიერ, თუმცა ებრაელ ბებიაქალებს შიფრას და ფუაყს ღვთის შიში ჰქონდათ და არ ასრულებდნენ ბრძანებას. შედეგად 20 –21 მუხლებში ვნახულობთ, რომ სწყალობდა ღმერთი ბებიაქალებს, ხალხი კი მრავლდებოდა და მეტად ძლიერდებოდა.

უარის თქმა ფარაონის ბრძანებაზე, თაყვანი არ ეცათ ღვთისთვის – მოსე სთხოვდა ფარაონს ებრაელების უდაბნოში გაშვებას, რათა თაყვანი ეცათ თავისი ღმერთისადმი ( გამოს 5 ),  მაგრამ ფარაონმა თქვა: “ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ.” ამის მიუხედავად ისრაელმა დატოვა ეგვიპტე ღვთის დიდი სასწაულებითა და დამოწმებით.

უარის თქმა წინასწარმეტყველთა მხრიდან, მოკლულიყვნენ დედოფალ იეზებელის ხელით – მესამე მეფეთა წიგნში ვკითხულობთ, თუ როგორ სპობდა წინასწარმეტყველებს ბოროტი დედოფალი იეზებელი. მის ბრძანებას არ დაემორჩილა აბდია, რომელმაც წაიყვანა 100 წინასწარმეტყველი და მალავდა და კვებავდა მათ გამოქვაბულში. მიუხედავად იმისა, რომ ქმედების აშკარა მოწონება არ არის აღნიშნული, მთელი კონტექსტი და გადმოცემის მანერა სწორედ ამაზე მიუთითებს.

ებრაელი ყმაწვილკაცების დაუმორჩილებლობა, თაყვანი ეცათ კერპისთვის – დანიელის მე–3 თავში აღწერილია, თუ როგორ ბრძანა მთავრობამ, რომ ყველას თაყვანი უნდა ეცა  ოქროს კერპისათვის, რომელიც ნაბუქოდონოსორმა აღმართა. სამმა ებრაელმა ყმაწვილმა მეფეს უთხრა, რომ თაყვანს არ სცემდნენ კერპს. ღმერთმა აკურთხა ისინი და სასწაულებრივად იხსნა ცეცხლის ღუმლისგან, რომელშიც ისინი ჩაყარეს.

დანიელის დაუმორჩილებლობა, ელოცა მეფისადმი და არა ღვთისადმი –  დანიელი ღმერთმა მშიერი ლომების ხაროდან დაიხსნა, სადაც ის იმის გამო ჩააგდეს, რომ არ დაემორჩილა მეფის ბრძანებას, ელოცა თავისი ღვთისადმი.

მოციქულების თავგამოდება, ექადაგათ სახარება – მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში მთავრობა რელგიური იყო და არა სამოქალაქო, პრინციპები აქაც დაუმორჩილებლობის სხვა ღვთაებრივად მოწონებული შემთხვევების მსგავსია. მოციქულებს აუკრძალეს სახარების გავრცელება, მაგრამ ისინი მეტი მონდომებით ქადაგებდნენ ღვთს სიტყვას. პეტრეს წერილში ვკითხულობთ: “განსაჯეთ, მართებულია განა, ღვთის წინაშე, თქვენ უფრო გისმინოთ, ვიდრე ღმერთს?” … მომდევნო ტექსტებში ვკითხულობთ, რომ ყველა ადიდებდა ღმერთს მომხდარისთვის. ეს ნიშნავს, რომ მათი საქციელი ღვთაებრივად მოწონებული იყო.

უარის თქმა ანტიქრისტეს თაყვანისცემაზე  – დიდი ჭირის პერიოდში მორწმუნეთა ერთგული ნატამალი უარს იტყვის, თაყვანი სცეს ანტიქრისტეს, ანდა მის ხატებას. ისინი გაიმარჯვებენ მასზე კრავის სისხლით, რათა არ შეიყვარეს თავისი სული თვით სიკვდილამდე… და ღმერთმა დააჯილდოვა ისინი “სიცოცხლის გვირგვინით.” (გამოცხ.)

ზემოაღწერილ შემთხვევებში მორწმუნეები ძალდატანებულნი არიან, იმოქმედონ თავიანთი რწმენის საწინააღმდგოდ. ამ მაგალითებში მოთხრობილი თითოეული სამოქალაქო ბრძანება აიძულებს მორწმუნეებს, იმოქმედონ ღვთის კანონის საწინააღმდეგოდ. ეს ბრძანებანი ტირანულია და ამიტომ არც უნდა დავემორჩილოთ მათ.

 

როგორ უნდა ვეურჩოთ ტირანულ კანონებს

  ბიბლია მიგვითითებს არა მარტო იმაზე, თუ როდის უნდა ვეურჩოთ სამოქალაქო კანონებს, არამედ იმაზეც, თუ როგორ უნდა ვეურჩოთ მათ. აქაც ორი თვალსაზრისი არსებობს, რომლებიც საჭიროებენ გამოკვეთას: ერთი გვირჩევს აჯანყებას, მეორე კი უბრალოდ უარის თქმას. აჯანყება გულისხმობს აუჯანყდე მთავრობის სისასტიკეს, ებრძოლო მას და უარყო სასჯელი. უარის თქმა კი ნიშნავს მშვიდობიანად უარი თქვა დამორჩილებაზე, გაექცე მას და მიიღო მთავრობის სასჯელი.

ბიბლიური ნიმუშია არ დავემორჩილოთ მის იძულებით ბრძანებებს, მაგრამ არც ავუჯანყდეთ მას. ეს აშკარაა ყველა, ზემოგანხილულ მაგალითში. სწორი, მართალი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ძალის გამოყენებაზე უარის თქმაა და არა გააფთრებული აჯანყება. ბებიაქალებს ეგვიპტის ძალადობაზე ძალადობითვე არ უპასუხიათ. არც ისრაელს წამოუწყია რევოლუცია ფარაონის ტირანიის წინააღმდეგ; პირიქით, მათ გამოხსნა მიიღეს ღვთისგან.

ბიბლიური სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არ უარყოფს მთავრობის სასჯელს, არამედ იღებს მას კანონის დარღვევისთვის. სამმა ებრაელმა ყმაწვილმა უარი თქვა კერპების მსახურებაზე, მაგრამ მათ მორჩილებით მიიღეს სასჯელი – გახურებული ღუმელი. ასევე, დანიელი წავიდა მორჩილად ლომების ხაროში და ასევე, მოციქულებმა მიიღეს პატიმრობა სახარების ქადაგების გამო.

კანონიერი სამოქალაქო დაუმორჩილებლობაა გაექცე, თუ ეს შესაძლებელია, ტირანულ მთავრობას და არა, ებრძოლო მას. ისრაელი გაიქცა ეგვიპტიდან, ასევე აბდიაცა და ელიაც გაექცნენ ბოროტ იეზებელს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ჩართულა ომში მთავრობის  წინააღმდეგ. ამგვარად, როდესაც მთავრობა ტირანულია, ქრისტიანმა უარი უნდა თქვას, დაიცვას მისი ძალადობრივი კანონები, რასაც ბოროტების ჩადენა მოაქვს თან; მაგრამ არ უნადა აუჯანყდეს მას მისი არაბიბლიური კანონებისთვის. ეს კვლავ ბოროტების ჩადენას უწყობს ხელს.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიმოქმედოთ ტირანიის წინაღმდეგ მშვიდობიანად, კანონიერად და აქტიურად. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ კანონები ჩვენს ხელში არ უნდა ავიღოთ, რადგანაც “არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი” ( რომ. 13 – 1). როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ მათი ბრძანება ბოროტების ჩასადენად, მაშინ ჩვენ ან უნდა გავექცეთ, ან დავემორჩილოთ სასჯელს.

 

შეპასუხება ანტიკომულსურ ხედვას

  ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ბიბლია ბრძანებს გადავარჩინოთ უდანაშაულოები. იგავ. 24 – 11 მუხლი ამბობს: “იხსენი მოსაკლავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი.” ამ საფუძველზე ისინი ამტკიცებენ, რომ სწორია  ეურჩო მთავრობას, როდესაც უდანაშაულო ადამიანები სასიკვდილოდ არიან განწირულნი, როგორც, მაგალითად, ებრაელები ნაცისტურ გერმანიაში, ანდა მუცელში ჩასახული ბავშვი ისეთ საზოგადოებაში, სადაც აბორტი კანონიერია. თუმცა ამ პოზიციასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე სერიოზული პრობლემა.

იგავთა 24– 11 მხარს არ უჭერს სამოქალაქო დაუმორჩილებლობას კანონიერი აბორტების შესაჩერებლად. შედარება გერმანელ ებრაელებსა და მუცელში მყოფ ბავშვებს შორის არ არის მართებული, ვინაიდან მათ შორის არსებითი განსხვავებაა. ჰოლოკოსტი სახელმწიფოს მიერ იყო გატარებული მაშინ, როცა  ამერიკაში აბორტების ლეგალიზაცია მხოლოდ დაშვებულ იქნა სახელმწიფოს მიერ. პირველს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ მივყავართ, მეორეს – არა. მეტიც, ებრაელბს სულაც არ სურდათ შესულიყვნენ გაზის კამერებში მაშინ, როცა დედებს  (რომელნიც პასუხისმგებელნი არიან სიცოცხლეზე თავის წიაღში)  თავად სურთ აბორტი. ძალდატანებითი აბორტი სხვა საქმეა, ამან შესაძლოა გაამართლოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ამასთანავე მარცხი ებრაელების დახოცვის კანონისადმი ურჩობის საქმეში, უტოლდება დანაშაულის ხელშეწყობას; მაშინ, როდესაც მარცხი  კანონის ურჩობაში, რომელიც აბორტების ნებას იძლევა, არ არის დანაშაულის ხელშეწყობა. ზრდასრული ებრაელის ადამიანური ღირებულება ყველასათვის ცხადია მაშინ, როცა სახელმწიფო და ექიმები დედას უმტკიცებენ, რომ მუცლადმყოფი ბავშვი მხოლოდ “ქსოვილია”. ეს საკითხი მწვავე კამათის თემაა მსოფლიოში. ეს ფაქტორები არამართებულს ხდის იმის მტკიცებას, რომ რადგანაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამართლებულია ებრაელების გადარჩენისთვის, ასევე სწორია შეუერთდე სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, რათა დავიცვათ მსურველი დედები ლეგალური აბორტის გაკეთებისგან.

იმავე ლოგიკას შეუძლია მიიყვანოს ქრისტიანები იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაუშალონ ხალხს ინდუისტების, ბუდისტების ანდა მორმონების ტაძრებში სიარული, რათა დაიცვან ისინი კერპთაყვანისმცემლობისგან. ამავე მიზეზით შეიძლება ხელიდან გამოვტაცოთ სიგარეტი და ალკოჰოლი ურწმუნოებს, რათა დავიცვათ მათი ჯანმრთელობა. ამის მსგავსად შეიძლება ხელი შევუშალოთ სახელმწიფო აღმასრულებლებს სიკვდილით დასჯის დროს იმ მიზეზით, რომ ჩვენ გვჯერა პიროვნების უდანაშაულობა.

 

რევოლუცია – საბოლოო აჯანყება მთავრობის წინააღმდეგ

   გამართლებულია თუ არა ოდესმე რევოლუცია? თუკი არსებობს სამართლიანი ომები, რატომ არ შეიძლება არსებობდეს სამართლიანი რევოლუციები? (ომები და რევოლუციები სხვადასხვა კატეგორიის ცნებებია. სამართლიანი ომები იწარმოება ღვთისგან დადგენილი მთავრობების მიერ, ვისაც ღმერთმა მახვილი მისცა; რევოლუციები კი ხდება მოქალაქეების მიერ, რომლებიც მთავრობის მორჩილების ქვეშ დაადგინა ღმერთმა). აქ კვლავ ორ ბაზისურ თვალსაზრისს ვხვდებით: ის, რომელიც მხარს უჭერს ზოგიერთ რევოლუციას და ის, რომელიც ეწინააღმდეგება ყველანაირ რევოლუციას. განვიხილოთ ორივე.

რევოლუციები ხანდახან სამართლიანია

    რეფორმატორული ტრადიცია, რომელიც მომდინარეობს ჯონ კალვინის სწავლებიდან, აღიარებს რევოლუციას ტირანული მთავრობის წინააღმდეგ. ეს თვალსაზრისი ჩამოაყალიბა სამუელ რუტერფორდმა და გაიმეორა ფრანციზ შეაფერმა. ამერიკის დამაარსებლები, რომლებიც ამოდიან ჯონ ლოკის ბუნებრივი კანონის ტრადიციიდან, აგრეთვე მხარს უჭერენ სამართლიან რევოლუციას. საფუძვლები ასეთი რევოლუციებისთვის დაფუძნებულია ღვთისგან მოცემულ მორალურ უფლებებზე, როგორიცაა “სიცოცხლე”, “თავისუფლება” და “ბედნიერება”. როდესაც მთავრობა ხდება დესტრუქციული ამ მიზნებთან მიმართებაში, მაშინ ხალხის უფლებაა შეცვალოს ან გააუქმოს ის ( თომას ჯეფერსონი). ჯეფერსონი საუკუნო მტრობას უცხადებს ტირანიის ყოველგვარ ფორმას კაცთა გონებაზე და ვინაიდან ჯეფრსონს სჯეროდა, რომ გადასახადების აკრეფა წარმომადგენლობის გარეშე ასევე ტირანიაა, ამერიკული რევოლუციაც დაიბადა. იყო კი ის ბიბლიური?… გასაგებია, რომ ყველას სურს სჯეროდეს, რომ რევოლუცია მის ქვეყანაში სამართლიანი იყო, თუმცა ბიბლიურად ამერიკული რევოლუციის გამართლება არ შეიძლება. მაშინ როგორ უნდა მოიქცნენ ამერიკელები 4 ივლისს? შეუძლიათ თუ არა მათ, გულით იზეიმონ ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ბრიტანეთისგან? უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს განსხვავება იმაში, რაც დაიბადა და იმაში, თუ როგორ დაიბადა. ჩვენ გულწრფელად გვიხარია ახალი სიცოცხლის მოვლინება, მრუშობის შედეგი იქნება ის თუ გაუპატიურების. თუმცა აშკარად ვგმობთ იმ გზას, რომლითაც იშვნენ. მსგავსადვე, ამერიკელ ქრისტიანებს შეუძლიათ იზეიმონ, რაც დაიბადა ამერიკული რევოლუციის შედეგად. მიუხედავად ამისა, მათ არ უნდა მოსწონდეთ გზა, რომელი გზითაც ეს ქვეყენა გაჩნდა.

ფრანციზ შეაფერს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სჯეროდა, რომ როცა მთავრობა ბრძანებს  ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოს, მაშინ მის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა შესაფერისია და თუ ეს არ განხორციელდა მშვიდობიანად, მაშინ მისთვის ხელისუფლბის ჩამოსართმევად შესაძლოა ძალა გახდეს საჭირო. სამართლიანი რევოლუციის ეს ფორმა არ არის დაფუძნებული იმ “მოუცილებელ  უფლებებზე” შემოქმედისა, რომლებიც ცნობილია, როგორც “ბუნებრივი კანონები”, როგორც ჯეფერსონს სჯეროდა. მეტიც, ეს დაფუძნებულია მმართველობის მთავრობისეულ პრაქტიკაზე ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოდ, მაგრამ სუფთა შედეგი იგივეა – რევოლუცია იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც პიროვნება ტირანულად მიიჩნევს.

 

რევოლუციები ყოველთვის უსამართლოა

  რას ამბობს ბიბლია რევოლუციებზე? ჩამოვაყალიბოთ რამდენიმე თვალსაზრისი:

1) ღმერთმა მახვილი მთავრობას გადასცა სამართავად და არა მოქალაქეებს რევოლუციისათვის. მახვილი მიეცა ნოეს, რათა მოეთოკა უწესრიგო მოქალაქეები (დაბ. 9:6). მსგავსადვე, პავლემ მოუწოდა რომალებს, დამორჩილებოდნენ ნერონს (რომ. 13: 4). ჩვენ ვხედავთ, რომ მახვილი და მისი გამოყენების უფლება მთავრობას აქვს და არა – პირიქით.

2) ღმერთი გვაფრთხილებს არ შევუერთდეთ რევოლუციონერებს. ” შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები” (იგავ. 24:21).

3) რევოლუციები მკვეთრადაა გაკიცხული ღმერთისგან. ბიბლიაში რევოლუციების მრავალი მაგალითია, თუმცა ისინი დაგმობილია ღვთისგან. კორახმა მოაწყო ამბოხი მოსეს წინააღმდეგ და მიწამ უყო პირი მას და მის მომხრეებს (რიცხ. 16). აბესალომის აჯანყებამ დავითის წინააღმდეგ, მარცხი განიცადა და აბესალომი მოკლეს (2მეფ. 15). იერობოამმაც მოაწყო ჩრდილოეთის შტოს ამბოხი სამხრეთელი იუდას შტოს წინააღმდეგ, რაც ღვთისგან მკაცრად დაიგმო (3მეფ. 12).

4) ღვთისგან მოწონებული ერთადერთი რევოლუცია იყო თეოკრატიული რევოლუცია ბოროტი დედოფლის, ღოთოლიას წინააღმდეგ, რადგანაც ეს საჭირო იყო ქრისტეს ხაზის შესანარჩუნებლად. ეს იყო ღვთაებრივად სანქცირებული სპეციალური თეოკრატიული შემთხვევა, ზუსტად ისეთი, როგორ ომებსაც აწარმოებდა იესო ნავეს ძე ქანაანელების წინააღმდეგ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ღოთოლიას მოკვლის ბრძანება გაიცა ღვთის მსახურის მიერ (2ნეშტ. 23:14) და იკურთხა ღვთის სიტყვით (მუხ. 21). მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაგალითი არ შეგვიძლია კანონიერად გამოვიყენოთ დღევანდელი რევოლუციის გასამართლებლად, ზუსტად ისევე, როგორც ღვთის ბრძანებანი, გაცემული ყველა ქანაანელის დასარისხებლად, არ შეგვიძლია  გამოვიყენოთ დღევანდელ სამართლიან ომებში ქალებისა და ბავშვების კვლის გასამართლებელ საბუთად.

5) მოსე გასამართლდა თავისი ძალადობისთვის ეგვიპტეში. მოსეს მიერ ეგვიპტელის მკვლელობის შემდეგ იგი იძულებული გახდა გაქცეულიყო და 40 წელი უდაბნოში გაეტარებინა. ამის შემდეგ ღმერთმა გამოიყენა მოსე ეგვიპტიდან ისრაელის გამოსაყვანად რევოლუციის გარეშე.

6) ისრაელი არ ებრძოდა ფარაონს, არამედ გაექცა მას. თუკი როდისმე ყოფილა სიტუაცია რევოლუციის გასამართლებლად, ეს იყო ისრაელის მდგომარეობა ფარაონის უღელქვეშ. მიუხედავად ამისა, ეს არც მოწონებული და არც შემოთავაზებული არ ყოფილა ღვთისგან. ისრაელი არ შებრძოლებია ფარაონს, ის გაექცა მას. მართლია ღმერთი სასწაულებრივად ჩაერია და გამოიხსნა ისრაელი, მაგრამ გაკვეთილი იგივეა: მიანდე ღმერთს ბოროტი ტირანების გასამართლება, არ აუჯანყდე მათ. ღმერთმა სუვერენულად დაადგინა ისინი და ასევე სუვერენულად დაამხობს მათ (დან. 4:17).

7) იესომ გაგვაფრთხილა მახვილის გამოყენების გამო. მან თქვა: “…ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება…” (მათ. 26:52). ის არ იყო მახვილის თავდასაცავად გამოყენების წინააღმდეგი. (გამოს. 22: 2), მაგრამ არსებული ხელისუფლების მსახურის ხელყოფა სხვა საქმე იყო.

8) იესო ლაპარაკობდა შურისძიების წინააღმდეგ. მან თქვა: “თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა : თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. მე კი გეუბნებით თქვენ – წინ ნუ აღუდგებით ბოროტს” (მათ. 5 :38–39). ეს ქადაგება მხარს არ უჭერს ტოტალურ პაციფიზმს, თუმცა აშკარად კიცხავს რევოლუციურ სულს, რომელიც ისწრაფვის შური იძიოს ტირანულ მთავრობაზე. ” ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი ” ( რომ. 12:19).

 

როგორ ვუპასუხოთ ჩაგვრას

   ბიბლია იძლევა გზას, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ქრისტიანებმა უსამართლო მთავრობის დამოკიდებულებას. განვიხილოთ ამ გზის სხვადასხვა მიმართულება.

 

დაემორჩილე მის კანონებს ღვთის მოშიშებით

 სულ ერთია ქრისტიანს სამართლიანი მთავრობა ჰყავს თუ უსამართლო, დემოკრატიული თუ მონარქიული, ის უნდა დაემორჩილოს მის კანონებს (ტიტ. 3:1; რომ. 13:1). პეტრე ამბობდა: “დაემორჩილეთ ყველა ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისათვის, ვინაიდან ასეთია ნება ღვთისა – კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება” (1პეტრ. 2: 15). სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ცუდი მოწმობაა ქრისტეს მიმდევარისთვის. ქრისტიანები უნდა იყვნენ კანონმორჩილი მოქალაქეები და არა მეამბოხენი. საუკეთესო გზა, გავლენა იქონიო უსამართლო მთავრობაზე, არის სულიერი მაგალითის ჩვენება და არა რევოლუცია. მხოლოდ მაშინ, როდესაც მთავრობა იკავებს ღმერთის ადგილს, შეგვიძლია უარი ვთქვათ მორჩილებაზე და მაშინაც კი არ უნდა ავჯანყდეთ მის წინააღმდეგ.

ვილოცოთ ტირანული მთავრობისთვის

 პავლე სთხოვდა ქრისტიანებს: “შეგაგონებთ ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის, მეფეებისა და მბრძანებლებისთვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით” ( 1ტიმ. 2:1–2). ლოცვა ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური გზაა მთავრობის შესაცვლელად. ლოცვაა ის შემართული “ნერვი”, რომლის წინაშეც ძალა უკან იხევს. ღმერთმა შეისმინა თავისი დაჩაგრული ხალხის ღაღადი წინა დროებში (გამოს. 2:23) და ის მოისმენს და უპასუხებს დღესაც.

იმუშავე მშვიდობიანად და კანონიერად მისი შეცვლისთვის.

  პოლიტიკურად, ახალი აღთქმის დროს, არც თუ ისე ბევრ ქრისტიანს შეეძლო შეეცვალა რომის მთავრობა. დღეს კი დასავლეთში ქრისტიანთა უმეტესობისთვის ასე არ არის. ჩვენ არა მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია მთავრობისათვის, არამედ  მისი არჩევაც. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ტირანიას ჩვენს მთავრობაში საარჩევნო ბიულეტენებით და არა ტყვიებით.

ეურჩე უკეთურ ბრძანებებს

  ქრისტიანებს შეუძლიათ რაღაც მოიმოქმედონ ტირანულ ბრძანებებთან დაკავშირებით – მათ შეუძლიათ ეურჩონ მათ. არავის შეუძლია გვაიძულოს, არ დავემორჩილოთ ღმერთს. ის არის უმაღლესი ავტორიტეტი და მხოლოდ მისი სიტყვა კრავს ჩვენს სინდისს აბსოლუტურად. ამგვარ ბიბლიურ და გაბედულ უარს ბოროტების კეთებაზე, თავისთავად  კეთილი ზემოქმედება ექნება უკეთურ მთავრობაზე. ბაბილონის მეფეებმაც ასეთი მნიშვნელოვანი ზემოქმედება განიცადეს დანიელისა და სამი ებრაელი ყმაწვილის გაბედული უარით.

გაექეცი ტირანულ მთავრობას

   ქრისტიანებს არ სჭირდებათ, რომ ტირანიის პასიური სამიზნეები იყვნენ. ჩვენ არ გვჭირდება დესპოტების სათამაშოებად გადავიქცეთ. როდესაც წნეხის ქვეშ ვექცევით, თავისუფლებისაკენ უნდა ვისწრაფოთ. წინასარმეტყველები გაურბოდნენ იეზებელს, ისრაელიც გაექცა ეგვიპტეს, თვით იესოს ოჯახიც გაექცა ჰეროდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ძალას უსამართლო მთავრობის წინააღმდეგ, ჩვენ თავს ვიხსნით ჩვენ წინააღმდეგ მომართული მისი ძალისაგან.

ავიტანოთ ტანჯვა

ცნობილია, რომ გაქცევა ყოველთვის არ არის შესაძლებელი ან წარმატებული. ხანდახან ქრისტიანებმა უნდა აიტანონ ტანჯვა ქრისტეს გულისათვის.

პეტრე წერდა: “საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი…” (1პეტრ. 4:12–13). ზოგჯერ ჩვენ უნდა დავითმინოთ ტანჯვა ქრისტეს გულისათვის, მოწამეობაც კი, იოანემ თქვა: “ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა… ამაშია წმინდათა მოთმინება და რწმენა” (გამოცხ. 13:10).

 

უნდა დავემორჩილოთ თუ არა დე ფაქტო მთავრობას?

  არსებობს აზრი, რომ ჩვენს ღვთაებრივ მოვალეობად არ უნდა მივიჩნიოთ დე ფაქტო მთავრობისადმი მორჩილება. ეს მცდარია ორი მიზეზის გამო, პირველი – ბიბლია ამბობს, რომ არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი” ( რომ.13:1). ეს ზუსტად ისაა, რაც იგულისხმება დე ფაქტო მთავრობის ქვეშ. მეორე –  თუ დავუშვებთ, რომ დე ფაქტო მთავრობისადმი მორჩილება არ მოგვეთხოვება, ვერ მოვნახავთ კანონიერებასა და წესრიგს მსოფლიოს მრავალ კუთხეში. ერთ-ერთი პრაქტიკული გზა, რომ თავი ავარიდოთ ანარქიას, არის ის, რომ მოვითხოვოთ მორჩილება დე ფაქტო მთავრობისადმი, რადგან ყველას იოლად შეუძლია მისი აღქმა; ეს არის მთავრობა, რომელსაც ხელში უჭირავს ძალაუფლება ამ დროს.

 

შეჯამება და დასკვნა

  არსებობს სამი ბაზისური თვალსაზრისი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით. რადიკალური პატრიოტიზმი არასდროს მიიჩნევს მოსაწონად მთავრობისადმი ურჩობას; ბიბლიური სუბმისიონიზმი კი ამბობს, რომ ხანდახან ეს სწორია და თუმცა ქრისტიანთა უმეტესობას სჯერა, რომ ბიბლია მხარს ამ უკანასკნელ თვალსაზრისს უჭერს, არ არსებობს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის არის დაუმორჩილებლობა გამართლებული. ანტიპრომულგაციონისტები, ერთი მხრივ, ამტკიცებენ, რომ სწორია ეურჩო ყველა კანონს, რომელიც იძლევა ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო მოქმედების ნებას. ანტიკომულციონისტები კი, მეორე მხრივ, მიიჩნევენ, რომ დაუმორჩილებლობა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას აიძულებენ ჩაიდინოს ბოროტება.

მათ შორისაც კი, ვინც მიიჩნევს, რომ მთავრობისადმი ურჩობა ხანდახან საჭიროა, არსებობს სხვადასხვა აზრი, თუ როგორ უნდა ეურჩოს პიროვნება სახელმწიფოს. ზოგიერთს სჯერა, რომ ამას შესაძლოა აჯანყების (ძალის გამოყენების) სახე ჰქონდეს, თუმცა ბიბლიური თვალსაზრისი მოგვიწოდებს, შევეწინააღმდეგოთ მთავრობას აჯანყების გარეშე. ეს შეწინააღმდეგება არ არის უსამართლო მთავრობის პასიური მიღება, არამედ ის შეიცავს აქტიურ სულიერ, მორალურ და პოლიტიკურ კამპანიას მის წინააღმდეგ.

ნორმან გეიზლერი