დამოწმება

ჰომოსექსუალიზმიდან ქრისტიანობამდე – ხუცესის შვილის დამოწმება

ჯორჯის მამა ტენესის შტატში სამხრეთის ბაპტისტურ ეკლესიაში მსახურობდა. ჯორჯი, რომელიც უფროსი იყო ოთხ და-ძმას შორის, ოჯახთან ერთად მოვალეობის მოხდის მიზნით ესწრებოდა ღვთისმსახურებებს.

„7 წლის ასაკში ვიგრძენი, რომ უფლის წინაშე უნდა მომენანიებინა“, – მოგვითხრობს ჯორჯ   კერნილი თავის წიგნში (From Queer to Christ: My Journey Into the Light). ეკლესიის წინაშე თავისი რწმენის აღიარების შემდეგ იგი მამამისმა მონათლა.

სიმორცხვის და სინაზის გამო მას სკოლაში დასცინოდნენ. სპორტულ შეჯიბრებათა დროს გუნდის წევრების არჩევისას ყოველთვის ბოლოს ირჩევდნენ ხოლმე. ამის გამო გოგონებთან არჩევდა დროის გატარებას.

სხვების მხრიდან აბუჩად აგდება მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. სკოლაში თვითგადარჩენისთვის უწევდა ბრძოლა.

უფროს კლასებში კერნილი გოგონებს ხვდებოდა, მაგრამ რომანტიკულ ურთიერთობებს ერიდებოდა. „ბიჭები მიზიდავდენ, მაგრამ არ ვიცოდი, რატომ“, – ამბობს ის.

სკოლის დამთავრების შემდეგ მან პირველად გააბა ურთიერთობა სხვა ჰომოსექსუალისტ მამაკაცთან. ამის გამო ჯორჯის მამას ეკლესიაში პრობლემები შეექმნა და იძულებული იყო, რომ ეკლესიის ხუცესის თანამდებობიდან გადამდგარიყო .

ამის გამო კერნილმა ღმერთს უთხრა, რომ სძულდა იგი. „რატომ მოექცნენ ქრისტიანები მამაჩემს ასე?“ – უკვირდა მას. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეკლესიისაგან შორს დაეჭირა თავი.

ორი წლის შემდეგ მამამისი კენტუკიში ერთ-ერთი ეკლესიის ხუცესად მიიწვიეს. თავად ჯორჯი კი ფლორიდაში დარჩა.

ჯორჯმა დამატებითი შემოსავლის საშოვნელად მეძაობას მიჰყო ხელი, რასაც ზოგჯერ ძალადობაც ახლდა თან. ერთ ღამეს, როდესაც  ის თავის მეგობრებთან ერთად ჰომოსექსუალისტთა ცნობილ ბარში შედიოდა, ღმერთის ხმა გაიგონა.

„უეცრად სიჩუმე ჩამოწვა ირგვლივ და მკაფიოდ გავიგონე ყურთან ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები: ‘ამ ღამეს რომ მოკვდე, ჯოჯოხეთში წახვალ?’“

კერნილს ამის შესახებ მეგობრებისთვის არაფერი უთქვამს. გადაწყვიტა, რომ ამ ხმისთვის ყურადღება არ მიექცია, თუმცა მის სულს მოუსვენრობა არ შორდებოდა.

„ვცდილობდი ჩემში არსებული სიცარიელე ამომევსო, მაგრამ არ შემეძლო ამის გაკეთება. სასოწარკვეთილებაში ვიყავი. ტკივილს ნარკოტიკები და ალკოჰოლიც ვეღარ მიხშობდა“, – წერს ჯორჯი.

შემდეგ თვითმკვლელობაზე დაიწყო ფიქრი. აბებით სავსე ბოთლი აიღო, მაგრამ მერე გადაწყვიტა, ეს არ უნდა გაეკეთებინა.

მეორე დღეს მამამ დაურეკა. „იშვითად ვეხმიანებოდი ჩემს ოჯახს. მამაჩემის ზარმა გამაკვირვა. მითხრა, რომ სახლში დაბრუნების დრო იყო და მეც აღარ შევკამათებივარ.“

სახლში დაბრუნების შემდეგ ჯორჯი საბოლოოდ გამოუტყდა მშობლებს თავისი ორიენტაციის შესახებ. „მამაჩემს დასაშვებად არ მიაჩნდა ჰომოსექსუალიზმი, მაგრამ ძალიან ცუდი რეაქციაც არ ჰქონდა. ჩანდა, რომ არ სურდა ამაზე საუბარი. ვგრძნობდი, რომ ამ ამბავმა უსიამოვნება მოუტანა, ამიტომ გადავწყვიტე, არც მე მესაუბრა ამ საკითხის შესახებ.“

ოჯახის ძველი მეგობარი, ბეტი, კერნილს სამუშაოს პოვნაში დაეხმარა. ის ბეტის ოჯახში გადავიდა საცხოვრებლად და მსახურებებზეც დაიწყო სიარული.

„არ ვიცოდი, როგორ უნდა შემეთავსებინა ჩემი სექსუალური ორიენტაცია ჩემს სულიერ ცხოვრებასთან, მაგრამ ვიცოდი, რომ მსურდა ღმერთის მოსაწონად მეცხოვრა“, – აღნიშნავს ის.

„მადლობას ვუხდიდი ღმერთს, რომ მშვიდობა და იმედი მომცა, ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მსურდა, თუმცა ჩემი იმედი ხანმოკლე გამოდგა, რადგან ისევ ჰომოსექსუალიზმთან მიწევდა ბრძოლა“, – წერს ჯორჯი.

მან ისევ განაგრძო ბარში სიარული და სიყვარულის ძიება. დეპრესიის გამო თვითმკვლელობაზე ფიქრი აეკვიატა. მან თავის მეგობართან, პოლთან ერთად, ლოს-ანჯელესში გადასვლა გადაწყვიტა.

„ამ დროის განმავლობაში ეკლესიაში მინდოდა ყოფნა. სიცარიელეს ვგრძნობდი, თითქოს რაღაც მაკლდა. ღმერთთან ყოფნის დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ მეგონა, რომ მას არ უნდოდა ჩემთან ურთიერთობა. მე ხომ ჰომოსექსუალისტი ვიყავი“.

ჯორჯმა ჩრდილოეთ ჰოლივუდში მდებარე ერთ ეკლესიაში დაიწყო სიარული, რომელიც ამართლებდა ასეთ ურთიერთობებს. წმინდა წერილის ასეთმა ინტერპრეტაციამ ის დააბნია და აღარ იცოდა, რა დაეჯერებინა. მან მამამისიც მიიყვანა ერთხელ ამ ეკლესიაში, რის შემდეგაც კამათი მოუვიდათ, მამა უმტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალიზმი არასწორი იყო.

ჯორჯი თვითმკვლელობის ზღვარზე იდგა. 4 წლის დუმილის შემდეგ მამამ დაურეკა. ჯორჯი ატირდა და უთხრა მას, რომ ძალიან სჭირდებოდა იგი. ცოტა ხნის შემდეგ ის სახლშიც დაბრუნდა და ეკლესიაშიც.  

„ღმერთმა გამათავისუფლა სექსუალური დამოკიდებულებისაგან. გადავწყვიტე, რომ უქორწინობის პირობა დამედო. აღარ ვიტანჯები ჩემი წარსულით. მოვინანიე, პატიება ვთხოვე ღმერთს… მშვიდობას ვგრძნობ ღვთისა და საკუთარი თავის წინაშე“.

წყარო: http://blog.godreports.com

About the author

ანა ხუბაშვილი

Leave a Comment