ნავიგაცია
ახალი ამბები
რა არის თეოლოგია?

რა არის თეოლოგია?

სიტყვა „თეოლოგია“ წარმოდგება ორი ბერძნული სიტყვისაგან: Τheos (Θεός) – „ღმერთი და -logia (-λογία) – სიტყვა, ანუ ეს არის „სწავლება ღმერთის შესახებ“. ქრისტიანული თეოლოგია არის მცდელობა იმისა, რომ ჩასწვდეს ღმერთს, როგორც გაცხადებულია ბიბლიაში. ვერანაირი თეოლოგია ვერ განმარტავს ღმერთს და მის გზებს სრულად, რადგანაც ღმერთი უსასრულოდ და მარადიულად აღმატებულია ჩვენზე. სწორედ ამიტომ, მისი აღწერის ნებისმიერი მცდელობა სისრულეს იქნება მოკლებული.

„ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება. ვინ იყო მისი მრჩეველი? ან ვინ რა მისცა მას წინასწარ, რომ უკან დაუბრუნოს? რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ!“ (რომ 11:33-36).

მიუხედავად ამისა, ღმერთს სურს, რომ შევიმეცნოთ იგი იმდენად, რამდენადაც შევძლებთ ამას. ამრიგად, თეოლოგია არის ხელოვნება და მეცნიერება იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია ვიცოდეთ და გავიგოთ ღმერთის შესახებ ორგანიზებული და გასაგები ფორმით.

ზოგიერთი ადამიანი თეოლოგიისათვის თავის არიდებას ცდილობს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობას თესავს, თუმცა თეოლოგიის სათანადო გაგება აერთიანებს ადამიანებს. სწორი, ბიბლიური თეოლოგია სასარგებლოა; ეს არის ღვთის სიტყვის შესწავლა: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16-17).

თეოლოგიის შესწავლა სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის სიტყვაში ჩაღრმავება, რათა აღმოვაჩინოთ ის, თუ რა გაგვიცხადა მან საკუთარი თავის შესახებ. ამ დროს ჩვენ მას შევიმეცნებთ, როგორც ყოველივეს შემოქმედს, ყოვლისმპყრობელს და ყოვლისგანმკითხველს. ის არის  ანი და ჰაე, ყოველივეს დასაწყისი და დასასრული.

მაშინ, როდესაც მოსემ ჰკითხა ღმერთს, თუ ვინ გზავნიდა მას ეგვიპტეში, ღმერთმა უპასუხა: „მე ვარ, რომელიც ვარ“ (გამოსვლა 3:14). სახელი „მე ვარ“ მიუთითებს პიროვნებაზე – თავისუფალ, მიზანსწრაფულ, თვითკმარ პიროვნებაზე. ღმერთი არ არის უბრალოდ საუკუნო ძალა ან კოსმიური ენერგია. იგი არის ყოვლისშემძლე, თვითარსი, თვითგანსაზღვრული არსება გონებით და ნებით – „პიროვნული“ ღმერთი, რომელმაც თავისი თავი კაცობრიობას თავის სიტყვასა და თავის ძეში, იესო ქრისტეში გაუცხადა.

თეოლოგიის შესწავლა მიზნად ისახავს მის განდიდებას სიყვარულითა და მორჩილებით. ყურადღება მიაქციეთ თანმიმდევრობას: ჩვენ უნდა ვიცნობდეთ მას იმისათვის, რომ გვიყვარდეს იგი და უნდა გვიყვარდეს იგი, რათა გვქონდეს სურვილი მისი მორჩილებისა. ჩვენი ცხოვრება აღივსება სიმშვიდითა და იმედით, რომლებსაც ის ანიჭებს მათ, ვინც იცნობს მას, უყვარს და ემორჩილება.

თეოლოგიის სიმწირე და ღვთის შესახებ ზედაპირული, არასწორი გაგება ჩვენს ცხოვრებას უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს, ნაცვლად სიმშვიდისა და იმედის მონიჭებისა, რომლებიც ესოდენ გვწადია. ღმერთის შესახებ ცოდნას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ჩვენივე თავს ვუმტრობთ, თუ შევეცდებით, რომ ღვთის შესახებ ცოდნის გარეშე ვიცხოვროთ ამქვეყნად.

ცხოვრება ქვეყნიერებაზე ტკივილით, იმედგაცრუებითა და უსიამოვნებით არის აღსავსე. თეოლოგიის უარყოფით საკუთარ თავს გასწირავთ სიცოცხლისათვის, რომელიც მოკლებულია აზრს და მიმართულებას. თეოლოგიის გარეშე ჩვენ ამაოდ გავფლანგავთ ჩვენს სიცოცხლეს და დავღუპავთ ჩვენს სულებს.

ყოველი ქრისტიანი უნდა უღრმავდებოდეს თეოლოგიას და ცდილობდეს ღმერთის შეცნობას, რათა იცნობდეს, უყვარდეს დს ემორჩილებოდეს მას, ვისთან ერთადაც უნდა გაატაროს მარადისობა.

წყარო: