ბილი გრემი – “შეიძლება, რომ ადამიანმა მოინანიოს სიკვდილის შემდეგ?”

98

ბილი გრემმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ადამიანები ვერ მიიღებენ მონანიების მეორე შანსს გარდაცვალების შემდეგ.

ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რჩევების სვეტში ერთ-ერთმა მკითხველმა ცნობილ მახარებელს დაუსვა კითხვა იმის შესახებ, აქვს თუ არა ადამიანს ხსნის მეორე შანსი გარდაცვალების შემდგომ.

„გვექნება მეორე შანსი, რომ ღვთისკენ მოვექცეთ გარდაცვალების შემდეგ? ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ მას ამის იმედი აქვს,“ – დასვა კითხვა ერთ-ერთმა პიროვნებამ.

„ის აღიარებს, რომ არ სურს ღმერთთან ურთიერთობა ახლა, მაგრამ არც ის უნდა, რომ ჯოჯოხეთში მოხვდეს. რა ვუპასუხო ამაზე?“

გრემმა მიუგო, რომ ბიბლიაში არსად არ წერია, რომ „ჩვენ შეიძლება მეორე შანსი მოგვეცეს იმისათვის, რომ ცოდვები მოვინანიოთ და მივიღოთ ხსნა სიკვდილის შემდეგ.“

„ბოლოს და ბოლოს, თუ ჩვენ დღეს არ გვინდა ღმერთთან ურთიერთობა, რატომ უნდა გაგვიჩნდეს ამის მოთხოვნილება სიკვდილის შემდეგ?“ – წერს გრემი.

„უგუნურებაა იმაზე ფიქრი, რომ ადამიანი, რომელიც დღეს ზურგს აქცევს ღმერთს, შეძლებს მთელი მარადისობა მის თაყვანისცემაში გაატაროს, ემსახუროს მას და ემადლიერებოდეს მისი სიყვარულისათვის.“

ბილი გრემმა თავის მკითხველს ურჩია, რომ ილოცოს თავისი მეგობრისთვის, რათა „სულიწმიდამ ამხილოს იგი ცოდვასა და ურჩობაში და დაარწმუნოს, რომ მას ახლავე სჭირდება ქრისტე.“

გრემმა ადრეც ისაუბრა ამ საკითხის შესახებ და თავის ერთ-ერთ მკითხველს აუხსნა, რომ არაკეთილგონივრულია, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წუთებისათვის შემოიტოვოს ადამიანმა მონანიება და ხსნის მიღება.

„არაკეთილგონივრულია, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ უკანასკნელ წუთს ღვთისაკენ მოექცევა და ხსნას მიიღებს. სინამდვილეში, ასეთი ადამიანი სერიოზულ სულიერ საფრთხეშია,“ – წერს გრემი.

„ერთი მხრივ, არ შეგვიძლია ქრისტე მივიღოთ, თუ გულწრფელად არ მოვინანიებთ ჩვენს ცოდვებს, მაგრამ თუ ადამიანს არ სურს ამის გაკეთება დღეს, რა ალბათობა არსებობს იმისა, რომ მოგვიანებით გაუჩნდება ამის სურვილი?“

„უეცარი გულის შეტევა ან ინსულტი… ავტოკატასტროფა… სტიქიური უბედურება… ადამიანები ყოველდღიურად მოულოდნელიან იხოცებიან… ილოცეთ, რომ თქვენმა დაუხსნელმა ახლობლებმა ზურგი არ აქციონ უფალს და დღესვე მიუძღვნან საკუთარი ცხოვრება ქრისტეს,“ – თქვა გრემმა.

წყარო: https://cnl.news

ჩატვირთვა...