ერიკ ლუდი – „სახარება”

281

ახლა ვაპირებ, რომ სახარება წარმოგიდგინოთ.

შენ ხარ ამბოხებული და გინდა თუ არა ამის გაცნობიერება, მე გეტყვი შენ, რომ შენ ამბოხებული ხარ ცოცხალი ღვთის წინააღმდეგ. ეს შენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან შენ ცოდვილი დაიბადე.

ჩვენ ციხის საკანში ვართ და ღვთის გამომაფხიზლებელი მადლი გვჭირდება იმის მისახვედრად, რომ დაკარგულნი ვართ და თავის გათავისუფლება არ შეგვიძლია.

დაღუპვის გზას ვადგავართ. იმის გამო, რომ ამბოხებულნი ვართ ღვთის წინააღმდეგ, მტერს კანონიერი უფლება აქვს, დააზიანოს და ხელყოს ჩვენი ცხოვრება.

ასე, ზიხარ ციხის საკანში და ყვირი: „მიშველეთ, გამომიშვით!“

ვერ გამოდიხარ. საკნის გისოსები ყოველგვარ დაბრკოლებაზე ურყევია, ისინი ალმასზე მტკიცეა და გადაულახავია. ვერსად გაიქცევი. განწირული ხარ.

ბოლოს კი მტერი მოვა და ბოლოს მოგიღებს, რადგან მას ამის კანონიერი უფლება აქვს და ის დატკბება შენი კვდომის ყოველი წამის ყურებით.

მაგრამ მოდის შენი შუამდგომელი და დგება შენსა და იმ ბრალმდებელს შორის. ის იტანს დარტყმას შენ ნაცვლად, დარტყმა, რომელიც შენთვის იყო განკუთვნილი, რომელსაც შენ იმსახურებდი. ეს არაჩვეულებრივი სინამდვილეა.

ძვალი და რბილი არეული ჰქონდა ერთმანეთში, ისე იყო დამახინჯებული შენი გულისათვის. ის მოკვდა. ღმერთი მოკვდა შენთვის. შენი ციხის საკანთან ეწერა: “მსჯავრდებული”, “სამუდამოდ განცალკევებული ღვთისაგან”,  “დამნაშავე”.

უეცრად ყველაფერი იცვლება. ხვდები, რა გააკეთა იესო ქრისტემ. წაწერა იცვლება: “გამართლებული ხარ”, “ცოდვები მოგეტევა”, “გამოსყიდული ხარ”.

აი, რა პრობლემაა. მრავალი ჩვენგანი ამ კეთილი უწყების მოსმენის შემდეგ არაფერს ისმენს, მაგრამ გავაგრძელოთ.

იესო ქრისტეს სისხლი დაიღვარა, ის მოკლეს და ეს საოცარი ამბავია, მაგრამ ჩვენ ისევ ციხის საკანში ვართ. საკანში ვსხედვართ და ღმერთს ვადიდებთ: „მადლობა, რომ მაპატიე! მადლობა, რომ საკნის გარეთ არსებული წარწერა შეცვალე.“

ღმერთი გეუბნება: „კარის გაღება არ გიცდია? რადგან ჩემი სისხლი გაცილებით აღმატებული მიზნისთვის დაიღვარა, ვიდრე უბრალოდ მიტევებაა.“

მიტევება გზაა, რომელიც თავისუფლებისკენ მიდის. ღმერთს მხოლოდ ცოდვის სასჯელი როდი აინტერესებს, არამედ მან ცოდვის პრობლემაც გადაჭრა. კართან მიდი. ის ღიაა. საკნის კარი ღიაა. გადი გარეთ.

ჩაისუნთქე თავისუფლების ჰაერი და იგრძენი სიცოცხლე იესო ქრისტეში. გარეთ რომ გახვალ, ნახავ, რომ ეტლი გელოდება. მეფის მხლებლები გელოდებიან, რადგან მეფე გიხმობს თავისთან.

იცი, რაოდენ უცნაურია ეს? უცნაურია, როცა იცი, რომ ამბოხებული ხარ, არაფერს იმსახურებ და ცოცხალმა ღმერთმა სიცოცხლე გაიღო შენთვის, გაგათავისუფლა და ახლა გიხმობს თავისთან.

იქნებ ფიქრობ: „მე ამბოხებული ვარ. ღვთის წინააღმდეგ ვმოქმედებ და ნუთუ მართლა მე მიხმობს?

მეფე გიხმობს. ჩაჯექი ეტლში და წადი. მიდიხარ და იყურები აქეთ-იქით. ფიქრობ, სად ჩამოგსვამენ. რაღაც ღარიბული ქუჩის დანახვას ელი. სად მიგყავართ? მეფის თანდასწრებაში, მის წინაშე უნდა წარდგე.

მას უნდა, რომ შენ იქ იცხოვრო, სადაც თავად არის. არა უბრალოდ სასჯელი, არა უბრალოდ პრობლემა, არამედ მიწვევა მეფესთან. შედიხარ და მეფის მხლებელი გეუბნება: „მეფეს სურს, რომ შვილად მიგიღოს.“

„თავის შვილად მიმიღოს?“

ჩვენ აქ მეფემ იმისათვის მოგვიხმო, რომ თავისი სიყვარული გაგვიზიაროს. მიდიხარ მის წინაშე, ეუბნები, რომ გამაოგნებელია ის, რაც მან შენთვის მოიმოქმედა. ეუბნები: „არ ვიმსახურებ ამას. რატომ გააკეთე ეს ჩემთვის? მიყვარხარ, უფალო.“

უფალი გეუბნება: „მე დავალება მაქვს შენთვის.“

„ჩემთვის? გინდა, რომ შენთვის რაიმე გავაკეთო?“

„დიახ, მინდა, რომ ჩემთვის იშრომო, ჩემი წარმომადგენელი იყო.“

„მითხარი, ყველაფერს გავაკეთებ.“

„მინდა იმ ციხის საკანში დაბრუნდე, საიდანაც გამოგიყვანე, რადგან იქ სხვებიც არიან. მათ უნდა იცოდნენ ჩემ შესახებ, ჩემი სიყვარულის და ჭეშმარიტების შესახებ.  წახვალ ჩემი გულისათვის?“

გული გამალებით გიცემს: „დიახ, უფალო, სიხარულით გემსახურები. ისე, როგორც გსურს, ისე, როგორც მთხოვ.“

„უნდა გაგაფრთხილო, მე გგზავნი ქვეყნიერებაზე და შენ იქნები, როგორც ცხვარი მგლებს შორის. ისინი მოგკლავენ. ისინი განადგურებას დაგიპირებენ, შეგიძულებენ, გაგდევნიან. ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაგაზიანონ.“

„კარგი, ღმერთო. მე ამას გავაკეთებ. არ მაღელვებს, რა მომივა. შენ შენი სისხლი ჩემთვის დაღვარე და მეც სიხარულით დავღვრი ჩემს სისხლს შენთვის. წაიღე ჩემი სხეული, წაიღე ჩემი სისხლი. გამოიყენე, როგორც გსურს. მე შენ გეკუთვნი. აიღე ჩემი ცხოვრება, უფალო იესო, გამგზავნე შენი დავალების შესასრულებლად.“

არა მხოლოდ სასჯელი, არა მხოლოდ პრობლემა, არა მხოლოდ მიწვევა თავის თანდასწრებაში, არა მხოლოდ მეფის შვილად მიღება, არამედ უფრო მეტი: ჩვენ მისი წარმომადგენლები ვართ და ეს არის ყველაფერზე აღმატებული პრივილეგია: ვატაროთ სახელი, ხატება მისი, ავტორიტეტი მისი, ვინც არის ყოვლისშემძლე ღმერთი.

და ის ამბობს: „მე გთხოვ, რომ წახვიდე. წადი და დაიმოწაფე ადამიანები. წადი და ნუ შეგრცხვება ჩემი სახარების. იქადაგე ის. წადი. გადაარჩინე დაღუპულნი ჩემი სახელის ძალით, რადგან ღრსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ჯილდო თავისი ტანჯვის სანაცვლოდ.“

„წავალ.“

და როცა დაადგები გზას ამ კურთხევასთან ერთად, უფალი ამბობს: „მოიცადე. კიდევ ერთი რამ უნდა გითხრა. რის გასაკეთებლადაც გაგზავნი, შეუძლებელია.“

„ვიცი.“

„და თუ ამის გაკეთებას შენი ძალით შეეცდები, დამარცხდები.“

„არ ვდარდობ. მინდა გავაკეთო ყოველივე, რასაც მთხოვ და თუ გინდა, რომ წავიდე და მოვკვდე, დაე, ასეც იყოს.“

„მე შენ გგზავნი იმისათვს, რომ გაიმარჯვო. ჩემი შვილები არ დამარცხდებიან. მომიძღვენი შენი სხეული და მე დავმკვიდრდები შენში. შენს ხელებს ჩემს ხელებად ვაქცევ. შენი ფერხნი იქნება ჩემი ფერხნი. შენი ბაგეებით ვილაპარაკებ ჩემს სიტყვებს. შენი თვალებით დავიწყებ ყურებას და დაინახავ იმას, რასაც უნდა ხედავდე ამ წუთისოფელში. შენი ქვის გულს ხორცის გულად ვაქცევ, რათა ის ძგერდეს ჩემი გულივით და გაწუხებდეს ის, რაც მე მაწუხებს. შენი ლოცვები გახდება ჩემი ლოცვები. შენი ცხოვრება, შენი დამოკიდებულებანი, შენი ქცევები ყოველ წუთს, ყოველდღე იქნება ღვთის ქცევები. ნებას მომცემ, რომ მე გავხდე შენი ცხოვრების პატრონი?“

მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენ წუთისოფელში გასვლას, როგორც პატარა კრავები ლომების სახეებით, რამეთუ ყოვლისშემძლე და ცოცხალი ღმერთი, უზენაესი, ყოვლადძლიერი ღმერთი მკვიდრობს თავის შვილებში. უფლის დაცვის კედელია ჩვენ გარშემო აღმართული. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უფალ იესოს სახელის ძალაუფლებით და უკან არ დავიხევთ, რადგან იმიტომ კი არ ჩავებით ბრძოლაში, რომ დავმარცხდეთ, არამედ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ. ჩვენი ღმერთი თავის ძალაუფლებას ამყარებს დედამიწაზე უღონო კრავების მეშვეობით, რადგან მისი კრავები ამარცხებენ მგლებს. ეს არის სახარება. სახარება არის აღმატებული ძალა მიწისა და ჯოჯოხეთის ყველა ძალაზე და მთელ სამყაროს ამცნობს უფლის დიადი სიბრძნის შესახებ, რომელიც ყოველივეს განაგებს.

მიუხედავად იმისა, რომ სუსტნი ვჩანვართ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად და ბუნებრივად სუსტნი ვართ, სულიერად კი ის, ვინც ჩვენშია, დიდია იმაზე, ვინც წუთისოფელშია და ეს კარგი ამბავია.

ჩვენ, ეკლესია, უნდა აღვდგეთ და განვაცხადოთ სახარება ისე, რომ არ შეგვრცხვეს მისი. ძვირფასო უფალო იესო, აიღე ის, რაც შენ გეკუთვნის, უბრალოდ კი არ გაგვაგზავნო, არამედ გაგვაგზავნე შენი ძალით, რადგან ვერ შვძლებთ შენი საქმის გაკეთებას შენ გარეშე, თუნდაც გვინდოდეს შენი განდიდება. თუ გინდა, რომ წამოხვიდე ჩვენთან ერთად, რატომ გვენდომება მარტო წასვლა?“

არც წახვალთ მარტონი. არ მოგიწევთ, რომ შეუძლებელს მარტონი შეეჭიდოთ. აღარ დამარცხდებით მეტად. თქვენი ღმერთი ამას თქვენში და თქვენი მეშვეობით აღასრულებს. თქვენ ვერ შეძლებთ დისციპლინის ჩამოყალიბებას; ვერ შეძლებთ საკმარისი გამჭრიახობის გამოვლენას; საკმარისი ძალის გამოჩენას; ვერ შეძლებთ, იყოთ დაჟინებულნი და გამძლენი. მას კი შეუძლია. თქვენ არ შეგიძლიათ, გიყვარდეთ დაღუპვის გზაზე მდგარნი. ვერ შეძლებთ, გიყვარდეთ ისინი, ვინც სახეში გაფურთხებენ. მას შეუძლია.

ნუ ილოცებთ, რომ ღმერთმა შეგაძლებინოთ ისეთი სიყვარული, როგორი სიყვარულიც მას შეუძლია. ილოცეთ, რომ მან აგავსოთ  თავისი სულით და ის გამოავლენს ამ სიყვარულს თქვენი მეშვეობით. ნუ ილოცებთ, რომ უფალმა გასწავლოთ, როგორ გქონდეთ გული სიხარულით სავსე. ილოცეთ, რომ მარადიული სიხარულის ღმერთი შემოვიდეს თქვენს გულში. ნუ ილოცებთ, რომ მან გასწავლოთ მშვიდობა. სთხოვეთ მშვიდობის მთავარს, მშვიდობის ღმერთს, რომ აღავსოს თქვენი სული, რადგან თუ საკუთარი ძალებით შეეცდებით ღმერთის მიბაძვას, საცოდავი რეპროდუქცია იქნებით მხოლოდ.

მაგრამ თუ იესო ქრისტეს მისცემთ ნებას, რომ დაიკავოს თქვენი ცხოვრება, ყველაფერი გამოვა, რადგან  ის თავად მიჰბაძავს თავის თავს და მას კი ძალიან კარგად გამოსდის ის, რომ იყოს ღმერთი.

ჩატვირთვა...