იუდა სმიტი – „იესოს უყვარს ბარაბა”

263

ჩვენ ვხედავთ, რომ იესო მალე გოლგოთის გზას დაადგება, ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს და უცებ, ამ ამბავში, თითქოს ერთი პიროვნება ერევა. მისი სახელია ბარაბა. ჩვენ მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ ის იყო მკვლელი და მეამბოხე. რატომაა იგი ნახსენები, ზოგჯერ ვერც კი ვხვდები. აქ ხომ იესოს შესახებაა საუბარი, რომელიც ჯვარს უნდა ეცვას.

ამ დროს პილატე ფიქრობს: „ამ ორი ადამიანის ბედი ჩემს ხელთაა. მე ვიცი, ებრაელებს აქვთ ტრადიცია, რომ წმინდა დღეს ერთ-ერთი სიკვდილმისჯილი პატიმარი გავათავისუფლო.“ ჩვენ ამ უტიფარ სცენას ვხედავთ – პილატე ხალხის წინაშე წარადგენს ერთ მხარეს, იესოს, ღმერთის ძეს, ხოლო მეორე მხარეს – ბარაბას, რომელიც ავაზაკი და მეამბოხეა. და ის ამბობს: „ვინ გინდათ, რომ გავათავისუფლო?“ ეს მკრეხელობაა, ეს ყველაფერი უკვე მეტისმეტია, მათი შედარება არ შეიძლება, იგი კანონიერადაა დაპატიმრებული, ის არის ადამიანი, რომელიც იმსახურებს სასიკვდილო განაჩენს. ბარაბა ხომ მეამბოხეა, რომის წინააღმდეგ აჯანყებული, ის ხოცავს ადამიანებს, ბოროტი, ავაზაკი და გაიძვერაა. ის იმსახურებს ბორკილებსა და ჯვარცმით სიკვდილს. იესო?! კი მაგრამ, განა რა გააკეთა მან? გარდა იმისა, რომ კურნავდა, აღადგენდა, იხსნიდა, ათავისუფლებდა, ბრმას თვალს უხელდა და ყრუს სმენას უბრუნებდა, კურნავდა კოჭლს და კეთროვანს… კი მაგრამ, რა გააკეთა იესომ? ვინ გინდათ, რომ გავათავისუფლო? ჩვენ გვინდა ბარაბა, მოგვეცი ბარაბა…

ისინი ამბობენ: „მოგვეცი ბარაბა“ და ჯარისკაცები გამოდიან, იღებენ გასაღებს და ათავისუფლებენ ბარაბას ჯაჭვებისა და ბორკილებისაგან, ის ჩადის დაბლა. მას ესალმებიან მისი ავაზაკი მეგობრები. „დიახ, ხალხს მე ვუყვარვარ, ხალხს მე ვუყვარვარ. არც კი ვიცი, ვინაა ეს იესო, მაგრამ, რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ ჩემს ხალხს ვუყვარვარ.“ ბარაბას სინდისის ნასახიც კი არ გააჩნია. არაფერი წერია იმის შესახებ, რომ იგი შემოუბრუნდა იესოს და უთხრა: „უზარმაზარი ვალი მმართებს შენ წინაშე, შენ ხომ გამათავისუფლე.“ არა, თქვენ მსგავსს ვერაფერს წაიკითხავთ ბარაბას შესახებ. ღმერთმა ეს იცოდა.

 

იესო ჩუმად იდგა, რადგან მან იცოდა მამის ნება და ამიტომაც თქვა: „კარგი, მამაო, დაე, მათ ჰყავდეთ ბარაბა.“ იესომ იცოდა, რომ მამა ღმერთი ისე უნდა მოჰქცეოდა იესოს, როგორც ბარაბას, იმისათვის, რომ შემდეგ ბარაბას მიმართ ისეთი დამოკიდებულება ჰქონოდა, როგორიც იესოსადმი. ბარაბა ფიქრობდა, რომ ეს ხალხმა გაათავისუფლა იგი, მაგრამ არა, ზეციერი მამის სიყვარულმა მისცა მას თავისუფლება….

ამ ისტორიაზე ფიქრისას გავაცნობიერე, ვინ იყო სინამდვილეში ბარაბა. ეს მე ვარ. ეს შენ ხარ. ეს ჩვენ ვართ. რამდენიმე დღის წინ, როცა ამ ამბის შესახებ ვკითხულობდი, ვიგრძენი, როგორ დამელაპარაკა ღმერთი და მითხრა:

„მე მიყვარს ბარაბა… მე მიყვარს ის…“

მე შევეკამათე: „კი მაგრამ, ღმერთო, ის ხომ ბოროტი ადამიანია.“

„მე მიყვარს ის და მე მინდოდა, რომ ის გამეთავისუფლებინა.“

„მაგრამ, ნუთუ არ იცოდი, რომ იგი ვერასდროს გააცნობიერებდა უსასყიდლო საჩუქრის ფასეულობას.“

„დიახ… მაგრამ მე მიყვარს ბარაბა…“

„რადგან ქრისტე მოკვდა ჩენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელთა 5:8). ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა ბარაბასთვის, მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, ის ზურგს აქცევდა იესოს, მის უსასყიდლო საჩუქარს და არასოდეს დაბრუნდებოდა…

მას უყვარს ბარაბა. ზოგიერთი მორწმუნე ფიქრობს: „მადლით ვარ დახსნილი, მაგრამ ახლა შებორკილი ვარ და სიბნელეში ვიმყოფები. ჯობს, თავად ვცადო გამოსავლის პოვნა.

რა? ეს ხომ ეწინააღმდეგება სახარებას. შებორკილი ხარ? საცდურის, ცოდვის, სექსუალური საცდურის ძალაუფლება გმართავს? გრძნობ, რომ ის გაკონტროლებს? რის გაკეთებას აპირებ? „ვაპირებ, რომ თავი გავითავისუფლო.“ შეწყვიტე!!!

არა, შენ ვერ შეძლებ. შენ ვერ დაუპირისპირდები ჯოჯოხეთის ძალებს, ცოდვის შემოტევებს, სექსუალურ საცდურს. შენ ვერ დაძლევ მას, ვერასოდეს შეძლებ ამას. არ არსებობს პასუხი შენში. შენი ქორწინება, შენი პირადი სიკეთე, შენი პირადი დისციპლინა, შენი პირადი ერთგულება ვერ გადაარჩენს შენს ქორწინებას და ვერ იხსნის შენს ბავშვებს. არსებობს ერთადერთი, ვისაც შეუძლია შენი ხსნა. ის არის ერთადერთი, ვინც შენი ადგილი დაიკავა.

ეს ის არის, ვინც მდუმარედ იდგა პილატეს გვერდით და ფიქრობდა: „დიახ, დაე, ჰყავდეთ ბარაბა… წამიყვანეთ მე.“ რამდენჯერ ვმდგარვარ იმავე ადგილას პილატესა და იესოს გვერდით. მე ვარ ბარაბა.

როცა იწყებდნენ ჩემთვის ბორკილების შეხსნას, ვყვიროდი: „არა, არა! მე დავიმსახურე მსჯავრი, მე დავიმსახურე სირცხვილი, მე დავიმსახურე ცოდვის შედეგი. მე დავიმსახურე ეს.“ იესო შემომხედავს და ამბობს: „არა, შვილო, ნება მომეცი, ავიღო ეს ჩემს თავზე. ნება მომეცი, ავიღო შენი ცოდვა, შენი ტკივილი.“

მე კი ვამბობ: „არა, უფალო, ეს მე გავუკეთე ჩემს თავს… მე დავიმსახურე ეს. მე დავიმსახურე გაყრა. მე დავიმსახურე სიღარიბე. მე დავიმსახურე ავადმყოფობა. მე დავიმსახურე ეს ყველაფერი.“

„არა!“

„ღმერთო, ძალიან მრცხვენია!“

ის მეუბნება: „მომეცი შენი სირცხვილი…“

„კი მაგრამ, ღმერთო, კიდევ რომ ჩავიდინო იგივე?“

ის ამბობს: „მე კვლავ აქ ვიქნები…“

„ო, ღმერთო, მე არ მინდა, რომ გული გატკინო, მე შენ მიყვარხარ, აღარ მინდა, რომ კვლავ ჩავიდინო იგივე…“

ის ამბობს: „მომეცი შენი ცოდვები…“

ეს არის ყველაფერი, რაც გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ეკლესიობანა. შეგვიძლია, თავი მოვიკატუნოთ, თითქოს ზოგიერთი ადამიანი სხვებზე უკეთესია და ამიტომაც არის ის კურთხეული. შეგვიძლია გულწრფელად დავასკვნათ, რომ ეს ღმერთი მოქმედებს. მხოლოდ ის. შენ წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევა არ არის დისციპლინის, ერთგულების, სიბეჯითის შენარჩუნება. უდიდესი გამოწვევა არის სახარების რწმენა და მისით ცხოვრება.

არსებობს ღმერთი, რომელსაც შეუძლია, ასეთი დიდი, ღრმა, წარმოუდგენელი, ჩაუწვდომელი, განუსაზღვრელი სიყვარულით ვუყვარდეთ!

„მომეცი შენი ცოდვა, ჩემო შვილო…” და მე მას ვაძლევ ჩემს ცოდვას და ვდგები თავისუფალ ადგილზე, სადაც პატიების მიღება შემიძლია. იესო კი ჯვრისკენ მიდის, ჯვრისკენ, რომელიც მე დავიმსახურე.

ვხედავ მას… ვხედავ, როგორ მიდის იქითკენ, სადაც უნდა გაშოლტონ. მე კი ვდგავარ, როგორც თავისუფალი შვილი და მთელი ყურადღება უფლისკენ მაქვს მიმართული. ვგრძნობ, როგორ მეუბნება ღვთიური სიყვარული: „წადი, ჩემო შვილო, იცხოვრე. მე გადავიხდი საფასურს…“ როდის დავანებებთ თავს იმაზე ფიქრს, რომ თავად შეგვიძლია საკუთარი თავის გათავისუფლება? იესოს გარდა ეს არავის ძალუძს და ყოველთვის ასე იქნება. ეს ყოველთვის იესოს ძალაუფლებით იქნება შესაძლებელი. მისი სისხლი საკმარისია შენი ხსნისთვის. მისი სისხლი საკმარისია იმისათვის, რომ წინ აღუდგე ყველა ცოდვასა და საცდურს, ყველა გამოწვევას გაბედულად შეხვდე.

იესო საკმარისია!

ჩატვირთვა...