ლოცვის სამი გაკვეთილი პავლესგან

207

ხშირად, როდესაც აღმოვაჩენ იმას, რომ არ ვიცი, როგორ ვილოცო მეგობრისთვის, მივმართავ მოციქულ პავლეს ლოცვებს.

პავლე უბრალოდ არ ამბობდა: „მე ვლოცულობ შენთვის.“ იგი წერდა მშვენიერ ლოცვებს და ახალგაზრდა მორწმუნეებს ეუბნებოდა, სახელდობრ, როგორ ლოცულობდა მათთვის. პირველი ეკლესიებისადმი მიმართული წერილები მოშურნე ლოცვებით იწყება.

„რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად, და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის; და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი ყოვლისმპყრობელი ძალის მოქმედებით“ (ეფესელთა 1:17-19).

აი, სამი მაგალითი პავლეს ლოცვითი ცხოვრებიდან, რომლებიც შეგვიძლია ჩვენს ლოცვებში გამოვიყენოთ:

ყოველთვის და უპირველეს ყოვლისა, იყავით მადლიერნი

„არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლიერებას თქვენთვის, გიხსენებთ რა ჩემს ლოცვებში“ (ეფესელთა 1:16).

„ყოველ ჩემს ვედრებაში სიხარულით ვლოცულობ ყოველი თქვენგანისთვის“ (ფილიმონი 1:4).

მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით სწერდა პავლე ეკლესიას − დასამოძღვრად, გასამხნევებლად თუ შესაგონებლად − ის უჩვენებდა მათ, რამდენად მადლიერია მათთვის და როგორ გამოხატავს ამას ღმერთისადმი ლოცვებში.

ადვილია ყურადღების გამახვილება პრობლემურ საკითხებზე და დაუყოვნებლივ ლოცვის დაწყება: „ღმერთო, გთხოვ გამოასწორე ეს.“ მადლიერების გამოხატვით თუ ვიწყებთ ლოცვას, უფალს ჩვენი მზერა საკუთარი პრობლემებიდან თავის კეთილ საქმეებზე გადააქვს. ძალიან ადვილია, დაგვავიწყდეს ის, თუ როგორ ზრუნავს იგი ჩვენზე, როდესაც გვტკივა ან სირთულენი გვაქვს. მადლიერება თვალს გვიხელს და პრობლემების მორევში მდგართ უფლის სიკეთეს შეგვახსენებს.

სცადეთ: მადლობა გადაუხადეთ ღმერთს რომელიმე ნაცნობი ადამიანისთვის, მადლობა შესწირეთ მას იმისთვის, რომ ღმერთის მოქმედებას ან მზარდ რწმენას ხედავთ ამ ადამიანის ცხოვრებაში.

განუწყვეტლივ ილოცეთ

„ვმადლობთ ღმერთს მარადის ყველა თქვენგანისათვის და გიხსენიებთ ჩვენს ლოცვებში“ (1 თესალონიკელთა 1:2).

„ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით“’ (კოლასელთა 1:9).

პავლე იმეორებდა, როგორ ლოცულობდა ეკლესიებისთვის განუწყვეტლივ. ადრე მიკვირდა, როგორ შეეძლო განუწყვეტლივ ლოცვა და ამავდროულად, უბრალო, ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრება.

ახალგაზრდობაში ერთ მეგობართან ურთიერთობისას გარკვეული პრობლემა გაჩნდა. ამაზე ფიქრისას უცბად მივხვდი, რომ შინაგანი საუბარი, რომელიც ჩემს გონებაში მიმდინარეობდა დერეფანში სეირნობის დროს, შესაძლოა, ლოცვა ყოფილიყო. იმ დღიდან, საკუთარ თავთან საუბრის ნაცვლად, ღმერთთან საუბარი დავიწყე. ხშირად დავდივარ მანქანით, არ ვრთავ რადიოს, ვტკბები სიჩუმით, მივმართავ ჩემს აზრებს ღმერთისკენ; ვლოცულობ ჩემი ოჯახის წევრებისთვის, როდესაც სარეცხს ვფენ ან ჭურჭელს ვრეცხავ.

სცადეთ: მთელი დღის განმავლობაში, სიჩუმის ხანმოკლე მომენტებისას, როდესაც მართავთ მანქანას ან ემზადებით შეხვედრისთვის, რთავთ სარეცხ მანქანას თუ ამზადებთ ვახშამს, მიმართეთ თქვენი შინაგანი აზრები ღმერთისკენ.

ყურადღება გაამახვილეთ იესოზე

„რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად“ (1 ეფესელთა 1:17).

„ყოველ ჩემს ვედრებაში სიხარულით ვლოცულობ ყოველი თქვენგანისთვის, სახარებაში თქვენი თანამონაწილე­ო­ბისთვის, პირველი დღიდან აქამდე“ (ფილიპელთა 1:4-5).

პავლე, თავის ლოცვებში, ყურადღებას ქრისტესა და მამა ღმერთის ძალაზე ამახვილებდა, მამა ღმერთისა, რომელიც ქრისტესა და სულიწმიდის მეშვეობით მოქმედებდა. მოციქული ამ ლოცვებში გამოხატავდა სურვილს იმის შესახებ, რომ ადამიანებს უფრო მეტად შეეცნოთ ქრისტე და დაენახათ ღვთის ძალა და მორწმუნეთა ცხოვრებაში განხორციელებული უფლის ნება. ის ყურადღებას არ ამახვილებდა ადამიანთა ცხოვრებაში არსებულ წარმატებასა თუ პრობლემებზე. ნაცვლად ამისა, მისი ლოცვები გამოხატავდა დაუძლეველ სურვილს იმის შესახებ, რომ ადამიანებს უფრო კარგად გაეცნოთ ქრისტე და მის ღირსად ეცხოვრათ ყოველთვის, განსაკუთრებით განსაცდელთა დროს.

სცადეთ: გაატარეთ რამდენიმე წუთი იესოზე ფიქრში. იფიქრეთ მის სიკვდილზე, აღდგომასა და სულიწმიდის ძალაზე, რომელიც შეგახსენებთ იესოს სიტყვებისა და თქვენს ცხოვრებაში აღსრულებულ მის საქმეთა შესახებ.

დაინახეთ, როგორ ცვლის ღმერთი თქვენს ლოცვით ცხოვრებას მაშინ, როდესაც მადლიერნი ხართ?

ავტორი: ამელია როდესი

წყარო: http://ieshua.org/

ჩატვირთვა...