მაქს ლუკადო: „ბოროტება და ტრაგედია სამუდამოდ არ გაგრძელდება“

306

მასობრივი მკვლელობები, ძალადობა, სიძულვილი

ისე ჩანს, თითქოს ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, სროლიდან სროლამდე, დაბომბვიდან დაბომბვამდე... ბავშვები ასეთ სიკვდილს არ იმსახურებენ, მათი მშობლები კი – ასეთ მწუხარებას... და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ცხოვრება უსამართლობითაა სავსე.

როდის ისწავლეთ სიტყვა უსამართლობა? ავტოავარიამ დაგტოვათ უმამოდ? მეგობრებს დაავიწყდით? მასწავლებელმა არ მოგაქციათ ყურადღება? თქვენზე ასაკით ან სტატუსით უფროსი გჩაგრავთ?

ოდესმე თქვენც გილოციათ უფლის წინაშე ისე, როგორც დავითი ამბობს ფსალმუნებში: უფალო, რამდენ ხანს უყურებ?“ (ფსალმუნი 35:17). ბოლოს როდის გაიმეორე წინასწარმეტყველის სიტყვები:რატომ ემართება ხელი ბოროტმოქმედს? (იერემია 12:1).

მართლაცდა რატომ? რატომ მდიდრდებიან ნარკოტიკების გამყიდველნი? რატომ არ ისჯებიან სექსუალურ დანაშაულებათა ჩამდენნი? რატომ ირჩევენ თაღლითებს? რატომ ათავისუფლებენ მკვლელებს? რატომ ემართებათ ხელი მატყუარებს? რატომ ანიჭებენ უპირატესობას პირმოთნეებს?

რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს უსამართლობა? უფლის პასუხი პირდაპირია: იმდენ ხანს არა, რამდენსაც ფიქრობთ. ბიბლია ასეთ დაპირებას იძლევა: რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას.“ (მოციქულთა საქმეები 17:31).

ის არ არის უმოქმედოდ და კრიალოსანს არ მარცვლავს. ყოველდღე ვუახლოვდებით იმ დღეს, როდესაც უფალი თავისი სამართლიანობით განსჯის ყოველ ბოროტებას. განკითხვის დღე შერჩეულია, საათი და წუთი ჩანიშნულია. განკითხვა მძიმე რეალობაა და არა შესაძლო მომავალი.  

ქადაგება „განკითხვის დღეზე“ არც ისე პოპულარულია. ჩვენ არ გვხიბლავს ანგარიშსწორების დიდებული დღის წარმოდგენა და არ მოგვწონს ლოდინი იმ წუთისა, თუ როდის ჩამოჰკრავს ეს დიდებული საათი. ხშირად ირონიითაც კი მოვიხსენიებთ, აბუჩად ვიგდებთ განკითხვას, მაგრამ ვითხოვთ სამართლიანობას. როგორ წარმოგიდგენიათ სამართლიანობა სამართლიანობის გარეშე?

ვინაიდან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა კეთილს თუ ბოროტს.“ (2 კორინთელთა 5:10).

ქრისტეს მიმდევრებს ამ პირობის სწამთ: იესო მოგვიტანს სამართლიანობას. ის დღე ახლოვდება, როდესაც ეშმაკი პასუხს აგებს ყოველი ბოროტებისთვის, რომელიც სამყაროს მიაყენა. ეშმაკი და ყველა მისი მიმდევარი  გაიგონებს ამ სიტყვებს: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის.

მართლმსაჯულება გაიმარჯვებს!

ეს დაპირება, შესაძლოა, თქვენთვის არაფერს ნიშნავს. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ცხოვრება სამართლიანია და თუ თქვენი თავი ამ უკანასკნელთა შორის ამოიცანით, მადლობელნი იყავით ყოველი კურთხევისთვის.

სხვებიც არსებობენ, ყოველდღიურად რომ ებრძვიან სიმწარესა და მრისხანებას. ისინი განძარცვულნი არიან. ბოროტმა ადამიანებმა მოიპარეს მათი  ბედნიერი დღეები, რომლებიც თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა გაეტარებინათ; დაავადებებმა დაასუსტა მათი ჯანმრთელობა, მაგრამ მათ სწამთ, რომ სამართლიანობა აღსრულდება.

მე ერთერთი ვარ ამ ადამიანთაგან. ჩემი ძმაც განძარცვულია… ალკოჰოლმა წაართვა მის ცხოვრებას სიხარული. იგი თავისი 57-წლიანი ცხოვრების 2/3-ის განმავლობაში სვამდა. ეს კი ოჯახის, ფინანსებისა და მეგობრების დაკარგვის ფასად დაუჯდა. მან ასე ცხოვრებით თავისი არჩევანი გააკეთა. უმანკო რომ არაა, ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სატანამ გამოგზავნა ბოროტმოქმედნი მის საცდუნებლად. როდესაც მათ ჩემი ძმის სისუსტეები აღმოაჩინეს, ხელი აღარ გაუშვეს,  საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინეს.

მზად ვარ, ვნახო, როგორ აგებს პასუხს სატანა თავისი  დანაშაულებისათვის, რაც ჩემს ძმას დამართა. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც მე ვიდგები ჩემი ძმის გვერდით, ჩვენი სხეულები გამოსყიდული და სულები დაცული იქნება. ერთად ვნახავთ ეშმაკს – შებორკილსა და ჩაგდებულს ცეცხლის ტბაში და იმ მომენტიდან დავიწყებთ ყველაფრის უკან დაბრუნებას, რაც ეშმაკმა წაგვართვა.

რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას…“ (საქმეები 17:31).

დაე, ამ აღთქმამ „განკითხვის დღეზე“ შეასუსტოს ის ბრაზი, რომელსაც მტანჯველი სამყაროს მიმართ გრძნობთ. უბედურებამ დაანგრია მრავალი ოჯახი. ჯერ კიდევ გასულ კვირას შევხვდი ოჯახს, რომლის 6 წლის ტყუპები ნათესავის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ. 2 დღის წინ ჩვენს მეზობლებს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ და გაძარცვეს. ჩვენი ეკლესიის ერთერთმა წევრმა 2 წელი გაატარა ციხეში დანაშაულისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, დამნაშავე კი გაათავისუფლეს.

ეს არაა მართებული, ეს არაა სწორი; უსამართლობაა, რომ ბოროტი წარმატებას აღწევს. როდესაც ფიქრობ, რომ ბოროტება დაუსჯელი დარჩება, დაე, აღთქმამ „განკითხვის დღეზე“ დააკმაყოფილოს თქვენი სამართლიანობის წყურვილი, რადგან უფალი იტყვის ბოლო სიტყვას.

ღმერთი მართალი მსაჯულია, ღმერთი, რომელიც ყოველდღე აფრქვევს რისხვას. (ფსალმუნი 7:11).

წყარო

თარგმანი: თამარ ცხოვრებაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...