პოლ ვოშერი: „უფლის მადლი ჩვენს ცხოვრებაში”

587

დღეს ვიქადაგებ იმის შესახებ, რომ მე თავადაც გავდივარ განსაცდელებს ცხოვრებაში. ღმერთმა არ მომცა უფლება, ვყოფილიყავი ფარისეველი და ადამიანთა თვალში წარმოვჩენილიყავი იმად, ვინც არ ვარ. ვიცი, უფალო, რომ ასეთი რამ შეუძლებელია. შეუძლებელია, რომ დიდებული და მოწყალე ღვთის კაცი იყოს სუსტი და საბრალო. მადლობელი ვარ შენი, რომ მომცემ სულიწმიდის ძალას, რომ ამ გზავნილის მეშვეობით შევცვალო ჩემი ცხოვრება და უფრო მეტად დავემორჩილო ქრისტეს.

ყველას დაგვეხმარე, უფალო, იესოს სახელით, ამინ. ძალიან დავიღალე ფუჭი საქმიანობით. დავიღალე, რომ ჩემი ქრისტიანული ცხოვრება მუდმივად სუსტდება ჩემი არასწორი ქმედებებისა და მცდელობების გამო. იესო ქრისტე კი მოდის ჩემთან. მისი ტვირთი მსუბუქია და მისი უღელი საამური, და აი, რას მეუბნება იგი: „ეს არ არის ის, რასაც შენ უნდა აკეთებდე, მე შემიძლია ვიტვირთო ეს სიმძიმე შენ ნაცვლად, პოლ, ეს შენი ტვირთი არ არის, მე შემიძლია მისი ზიდვა შენზე უკეთ. ჩემი მცნებები და იმედი არის ის, რაც მორჩილებაში გამყოფებს.“

მორჩილებაა ის, რაც მას სურს და გარწმუნებთ, რომ დღეს ყველა პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, პრობლემათა უმეტესობა, თქვენი შინაგანი ბუნებიდან მომდინარეობს! ვინ ხარ, როგორც პიროვნება?

ქორწინებაში ჩვენს კინკლაობებს ჩვენი თავშეუკავებლობა იწვევს. ეს არ არის უფლის ნება. მისი მიმდევარი ასე არ უნდა იქცეოდეს. პრობლემები ძმებს შორის, პრობლემები ცხოვრებაში, პრობლემები… სინდისის ქენჯნა… ყველაფერი იქიდან მოდის, რომ საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ იმას, რასაც უნდა ვუკვირდებოდეთ – უნდა ვემსგავსებოდეთ იესოს.

ყველას სურს, რომ გააკეთოს რაიმე ღირებული; ყველას სურს, რომ ადამიანთაგან მიღებული და დაფასებული იყოს. მისმინეთ, ამან შეიძლება ზოგიერთი თქვენგანის ცხოვრება შეცვალოს. დგებით ხოლმე დილით სრულ სიმშვიდეში და გრძნობთ ღმერთის თანდასწრებას? სწავლობთ ღვთის სიტყვას და თითქოს ღმერთი გელაპარაკებათ. შემდეგ გარეთ გადიხართ, უყურებთ სხვა ადამიანებს და მათი მსგავსნი ხდებით. და შენ, ადამიანო, სწორედ ესაა ის, რაც დღეს გააკეთე.

შენ სამყაროს ცენტრში იყავი, გიყვარდა შენი მეუღლე, ქუჩაში კატისთვის ფეხი არ ამოგირტყამს. უფალი შენთან ერთადაა და შენ სიხარულით სავსე ხარ დღის ბოლოს. მეორე დღეს დგები… ზედმეტად დიდხანს გეძინა… იმ გადაცემისთვის არ უნდა გეყურებინა წინა ღამეს… ბიბლია უნდა გეკითხა… იქ არ იყავი, სადაც უნდა ყოფილიყავი… და ჩნდება გრძნობა, რომელიც მწუხარებით გავსებს. იცით, ეს რა არის? კერპთაყვანისმცემლობა!

თქვენ თქვენივე სიხარულის წყარო ხდებით. თქვენი სიხარული თქვენგან მომდინარეობს. ჩემი სიხარულის წყარო კი ისაა, რაც იესო ქრისტემ უკვე გააკეთა ჩვენთვის. ახლა მინდა ვიყო მორჩილი, მინდა ვიყო მორწმუნე, მინდა მიყვარდეს ჩემი ცოლი და ვგრძნობ, რომ სულიწმიდა მსჯავრს დამდებს, როდესაც არასწორად მოვიქცევი.

მაგრამ საკითხი შემდეგია, სულის სიღარიბე მშვენიერი რამაა იმიტომ, რომ როცა აანალიზებ… ეს ისეთივე საკითხია, მე რომ ახალგაზრდა მქადაგებლებს ვეუბნები ხოლმე: იმისთვის, რომ იქადაგო, უფლის ძალა უნდა იყოს შენს ცხოვრებაში. იმისთვისაც კი, რომ შეიკრათ ფეხსაცმლის თასმა, თქვენ უფლის ძალა გჭირდებათ. თქვენ სუნთქვაც კი არ შეგიძლიათ მის გარეშე!

ხანდახან მიწვევენ ხოლმე საეკლესიო კონფერენციებზე.  ყველა ლაპარაკობს იმ დიად საქმეებზე, რის გაკეთებასაც აპირებენ, მე ვდგები და ვამბობ: „ნება მომეცით, გკითხოთ: საიდან ჩნდება ყოველი სუნთქვა?“ „ღმერთისგან.“ „საიდან ჩნდება გულის ყოველი ფეთქვა, საიდან?“ „ღმერთისგან.“

და თქვენ, ვინც ახლა მისმენთ, თქვენ, ხუცესებო და მქადაგებლებო, მახარებლებო და მისიონერებო, თქვენი დიადი გეგმებით რომ ხართ გარემოცულნი, მითხარით… თქვენ სუნთქვაც კი არ შეგიძლიათ! თქვენი გულიც კი ვერ შეძლებს ფეთქვას უფლის ძალის გარეშე. რომ არა უფლის მადლი ჩემს ცხოვრებში, მე დღეს აქ ვიქნებოდი, როგორც საკუთარ თავზე შეყვარებული არსება და მეტი არაფერი. ესაა ის, რაც ვიქნებოდი.

ამ დილით ვკითხულობდი გალატელთა მიმართ წერილს და მსჯავრდადებას ვგრძნობდი. აქ იყო საუბარი შეუთანხმებლობაზე, დავაზე… და გავაანალიზე, რომ ხანდახან ჩემს ცოლთან ვიქცევი ასე. დავინახე, რომ ყველაფერი არ არის ისე კარგად… იცით, ჩვენ გვაქვს პრობლემები ან არ ვეთანხმებით ხოლმე ერთმანეთს. ფაქტია, რომ მე ვარ ხორციელი ადამიანი, უბრალოდ ხორციელი და არ ვარ ღმერთზე მინდობილი, ამის მიზეზი კი ისაა, რომ არ ვარ სულით ღარიბი. ვიღაც იტყვის: „მე ვარ სულით ღარიბი.“ „რამდენს ლოცულობ?“ “რამდენად კრთი უფლის წინაშე?“ „რამდენად ხარ დამოკიდებული უფლის სიბრძნეზე, რომელიც მის სიტყვებში მჟღავნდება?”

სულის სიღარიბე… განა მშვენიერი არაა, მეგობრებო, რომ არ გიწევთ, იბრძოდეთ საკუთარი თავის განდიდებისთვის. რაც თითოეულ ჩვენგანს ევალება არის ის, რომ ვიყოთ უმცირესნი და დამდაბლებულნი უფლის წინაშე. დაიკავეთ უკანა ადგილი, თავმდაბლობით მოემსახურეთ ერთმანეთს, იყავით მოკრძალებულნი, დაფიქრდით ნებისმიერი თქვენ წინაშე მდგომი ამოცანის გადაჭრისას, რათა არ დაგამარცხოთ მან. ვხვდები, როცა დილით ვიღვიძებ, შეიძლება ვერ შევძლო გადაბრუნება 1 სანტიმეტრითაც კი, რადგან უფლის ძალის გარეშე, ჭეშმარიტად, არაფერი ძალმიძს.

ეს არის მლოცველის გზა, რომელსაც ცდუნებისკენ არ მივყავართ. ეს არის სისუსტეების აღიარება და აღიარება ღვთის მადლის უსაზღვრო საჭიროებისა. “ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა.” (მათე 5:3) რა დიდებული სიტყვებია, რა მშვენიერი აღთქმაა!..

თარგმანი: თამარ ცხოვრებაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...