პოლ ვოშერი: „ქორწინება უფლის დიდებისთვის”

309

 „ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკრობა თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთხორცად“ (დაბადება 2:24).

ქორწინების შესახებ ეს იყო ძირითადი მუხლი იესოსთვის მთელ ბიბლიაში. ის წარმოადგენდა ქორწინების შესახებ მთელი მისი სწავლების ერთგვარ საძირკველს. მარკოზი 10:8,9 – „და ორნი იქნებიან ერთხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან. ამრიგად, ვისაც ღმერთი შეაუღლებს, კაცი ნუ განაშორებს.“

ეს უზარმაზარი და საპასუხისმგებლო რამ არის. გრძნობთ მის წონას? დანიშნულო წყვილებო, დაქორწინებულებო, როდესაც წყვილი საქორწინო ფიცს ამბობს და ამ ფიცს ამტკიცებენ სექსუალური გაერთიანებით, არც კაცი, არც ქალი, არც ხუცესი ან მშობელი არ არის მთავარი მოქმედი, არამედ მხოლოდ უფალი. ღმერთი აერთიანებს ქმარსა და ცოლს ერთხორცად! უფალი აკეთებს ამას!

უფალი ყურადღებას ამახვილებს არაჩვეულებრივ დასკვნაზე: „ამრიგად, ვისაც ღმერთი შეაუღლებს, კაცი ნუ განაშორებს.“ ღმერთი, უმრავლეს შემთხვევაში, გაკავშირებთ იმ ადამიანთან, რომელიც არა მხოლოდ შეუთავსებადია თქვენთან, არამედ ამავე დროს სუსტიცაა. ძალიან სუსტი სწორედ იმ საკითხებში, რომლებშიც გინდოდათ, რომ ძლიერი ყოფილიყო. რატომ აკეთებს ასე? გეტყვით რატომაც. გაიხსენეთ რომაელთა მე-8 თავის 28 და 29 მუხლები: „ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევათ. ვინაიდან, ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის.“

რა არის იმ ყველაფრის მიზანი, რასაც უფალი თავისი მზრუნველობით აკეთებს თავისი შვილებისათვის? რათა შეესაბამებოდნენ და ემსგავსებოდნენ იესოს სახეს. როდესაც ქრისტეს სახეზე ფიქრობთ, პირველ რიგში, მისი ხასიათის რომელი თვისებები გაფიქრდებათ? პირადად მე, სამი რამ მახსენდება:

1. უპირობო სიყვარული;

2. წყალობა;

3. მადლი.

თუ სამი ისეთი რამის არჩევა მომიწევდა, რომლებითაც მეტყოდნენ, რომ ქრისტეს იმიტაცია უნდა მომეხდინა, ამ სამზე ვიფიქრებდი: უპირობო სიყვარული, წყალობა და მადლი.

ნება მომეცით, რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ: როგორ ისწავლიდით უპირობო სიყვარულს, თუკი ისეთ ადამიანზე იქნებოდით დაქორწინებული, რომელიც ყველა პირობას აკმაყოფილებს?

როგორ ისწავლიდით: მოწყალებას, მოთმინებას, ხანგრძლივ ტანჯვას, გულწრფელ თანაგრძნობას, თუ ისეთ ადამიანზე დაქორწინდებოდით, ვისაც არასოდეს გაუცრუებია თქვენთვის იმედი? ვისაც არასოდეს გამოუვლენია ხასიათის სირთულე თქვენთან? ვისაც თქვენ წინააღმდეგ არასოდეს შეუცოდავს? ვინც გვიან არ ხვდება თავის შეცოდებას და შემდეგ ითხოვს პატიებას? როგორ შეიცნობთ მადლს, თუ არ დაეხმარებით იმას, ვინც ამას არ იმსახურებს? ხედავთ?

ქორწინების მთავარი მიზანი ის არის, რომ მისი მეშვეობით დაემსგავსოთ იესო ქრისტეს. მე მჯერა, რომ ქორწინება განწმენდის უდიდესი ინსტრუმენტია. შენ დაქორწინებული ხარ ადამიანზე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ყველა პირობას, რათა ისწავლო უპირობო სიყვარული. შენ დაქორწინებული ხარ ადამიანზე, რომელსაც სჭირდება წყალობა, რომ ისწავლო მისი გაცემა. დაქორწინებული ხარ ადამიანზე, რომელიც არ იმსახურებს, რათა შენ ისწავლო, მიუძღვნა მთელი შენი არსება ადამიანს, ვინც სათანადოდ არ გპასუხობს. ამგვარად შენ გახდები იმ უფლის მსგავსი, რომელსაც თაყვანს სცემ. შენ თაყვანს სწორედ ამ თვისებების გამო სცემ უფალს, მაგრამ არ გინდა, რომ შენც იმავენაირად მოექცე სხვას. შენ თაყვანს სცემ უფალს მადლისთვის, მაგრამ მოითხოვ, რომ შენმა ცოლმა ისე იცხოვროს, რომ მადლის საჭიროება არ ჰქონდეს. შენ თაყვანს სცემ ღმერთს მისი უპირობო სიყვარულისთვის, მაგრამ ბრაზდები საკუთარ ცოლზე, როდესაც შენს ყველა პირობას ვერ აკმაყოფილებს.

ღმერთმა ქორწინებით შეაერთა ინდივიდები, კაცს არ შეუძლია დააშოროს ის, რაც ღმერთმა შეაერთა! ერთხორცად შეკავშირებული ქორწინება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მთლიანობაა. ამიტომაც არ ვამბობთ ასე საქორწინო ფიცის სიტყვებს? იმიტომ, რომ თუ მე არ ვგავარ ბიჭს, რომელიც მზადაა მუდმივი კავშირისთვის, მაშინ საქორწინო ფიცი უნდა შევცვალო, რადგან ეს ფიცი სამუდამოა. „სიმდიდრესა და სიღარიბეში, ავადმყოფობასა და ჯანმრთელობაში, ლხინსა თუ ჭირში.“ ამას ჩაეჭიდეთ იესო ქრისტეს ძალით! ამას ჩაეჭიდეთ!

თქვა უფალმა ღმერთმა: „არ არის კარგი კაცის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე“ (დაბადება 2:18).


თარგმანი: ხატია ბარბაქაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

გახმოვანება: ბაჩუკი დოდაშვილი

ხმის ინჟინერი: ბაჩუკი დოდაშვილი

ხმის რეჟისორი: ნატალია ჩიქოვანი

მონტაჟი: დავით წულუკიანი

ჩატვირთვა...