რაზეა დამოკიდებული ჩვენი თვითშეფასება?

371

ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას დამხმარე სახელმძღვანელოდან „თვითშემეცნება სულიერი კანონების შუქზე.“

ჩემი პირადი დამოკიდებულება ღვთისადმი რაღაც იდუმალი, მისტიკური გზით ზრდის ჩემი თვითშეფასების სკალას. ეს არის თვითშეფასება, რომელიც პირდაპირ აყალიბებს საკუთარი ღირსების გრძნობას ჩემში. საკუთარი ღირსების გრძნობა განსაზღვრავს ჩემს დამოკიდებულებას გარე სამყაროსთან. მარტივად რომ ვთქვათ, რა არის ჩემი ღირსი და რა არ არის. როგორც ხალხი ამბობს, ღირს თუ არა ამ საკითხზე დროის დახარჯვა?

არსებობს ასეთი გამოთქმაც: „გახვრეტილი გროშის ფასად არ ღირს,“ ანუ ასეთია ადამიანების დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხზე, გამომდინარე იქიდან, არის თუ არა ეს რაღაც მისთვის შესაფერისი.

დააკვირდით, როდესაც იოანე ნათლისმცემელმა საკუთარ თავზე თქვა, რომ ის, როგორც ადამიანი, იესო ქრისტეს სანდლებზე თასმის შეხსნის ღირსიც კი არ იყო, ამით მან გამოხატა თავისი პირადი დამოკიდებულება ქრისტესადმი. შემოქმედის პატივისცემის საზომი განსაზღვრავს მისი ქმნილების სიდიადეს.

ბიბლია ამბობს, რომ იოანე იყო ყველა წინასწარმეტყველთაგან უდიდესი, რაც მან, სავარაუდოდ, იცოდა, ანუ საკუთარი თავისადმი შესაბამისი დამოკიდებულება ჰქონდა. იმავენაირად, არაფერი ისე არ ამცირებს ადამიანს, როგორც მისი შემოქმედის დამცირება. არ არის რთული ამის შემოწმება, უბრალოდ, შესაძლოა, ჩვენ ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ.

დაუკვირდით, როდესაც იუდამ ქრისტე 30 ვერცხლად შეაფასა, მან ამით შეაფასა საკუთარი თავი. შედეგად, იუდა ვერ გაუმკლავდა ესოდენ დაბალ თვითშეფასებას და თავი მოიკლა. მას არ სჯეროდა, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც თვითონ იყო, იმსახურებდა პატიებას და ცხოვრების კვლავ გაგრძელებას. სიკვდილი იყო ერთადერთი რამ, რის ღირსადაც მიაჩნდა საკუთარი თავი, იმის გამო, რაც მან გააკეთა და როგორც შეაფასა ღმერთი.

ეცადე, იპოვო ურთიერთკავშირი ღვთისადმი და საკუთარი თავისადმი შენს პირად დამოკიდებულებას შორის. ნუ ეცდები პრობლემის მოგვარებას ბოლოდან, დაიწყე სათავიდან, ანუ შემოქმედის პატივისცემით და მისადმი მოწიწებითა და შიშით. საკუთარი სიტყვებით დაწერე, რას წარმოადგენს შენთვის ქრისტე. როგორია შენი პირადი დამოკიდებულება მისდამი.

გმადლობთ, რომ ჩემთან ერთად გაატარეთ ეს დრო ღმერთის სიტყვის შესახებ მსჯელობაში. ეს იყო გაკვეთილი დამხმარე სახელმძღვანელოდან „თვითშემეცნება სულიერი კანონების შუქზე“ – ღმერთთან ჰარმონიაში, სამშვინველთან თანხმობაში, ცოდვასთან მტრობაში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.

ალექსანდრე შევჩენკო

(ეკლესია „პურის სახლის” ხუცესი)

_________________________________

თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ხმის ინჟინერი: ბაჩუკი დოდაშვილი

მონტაჟი: მათე თხელიძე

ჩატვირთვა...