რვა გზა, რომელთა მეშვეობითაც ღმერთი ცდუნებას კურთხევად აქცევს ჩვენთვის

124

ღმერთმა აღგვითქვა, „რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევათ“ (რომ. 8:28).

ეს გვარწმუნებს, რომ ღმერთს მართლაც შეუძლია ჩვენდა სასიკეთოდ შემოატრიალოს ყველაფერი. არ არსებობს ისეთი საშინელი სიტუაცია, იმდენად ძლიერი მტერი და იმდენად დიდი ცდუნება, რომ ეს აღთქმა უძლური აღმოჩნდეს. დიახ, ცდუნებებიც კი შეიძლება გამოიყენოს ღმერთმა, რომ მათ სარგებელი მოგვიტანონ, ნაცვლად ზიანისა. როგორც ხე, რომელიც ქარის ზემოქმედების შედეგად უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვებს და მტკიცდება, ასევე ქრისტიანის ცხოვრებაში მოსული ცდუნებანი ხელს უწყობს მის განმტკიცებას ღვთიურ მადლში. აი, რვა გზა იმისა, თუ როგორ გვაძლევს უფალი სიკეთეს ცდუნებათა მეშვეობით:

  1. ცდუნება სულს ლოცვისკენ უბიძგებს. რაც უფრო გაშმაგებით გვცდის ეშმაკი, მით უფრო მეტი მოშურნეობით ლოცულობს ღვთის წმიდა. ირემი მაშინვე გაურბის საფრთხეს, როგორც კი მონადირეს მოჰკრავს თვალს; სწორედ ასევე, სულიც უმალ მიდის მადლის ტახტის წინაშე, როცა სატანის ცეცხლოვანი ისრები წვიმასავით ცვივა მის თავზე. მაშინ, როდესაც პავლე დათრგუნული იყო „სატანის ანგელოზის“ მიერ, ის „სამჯერ შეევედრა ღმერთს… რათა განეშორებინა იგი“. ყველაფერი, რაც ლოცვისკენ გვიბიძგებს, ჩვენდა სასიკეთოდაა.
  2. ცდუნება ავარჯიშებს უნარს იმისას, რომ წინ აღვუდგეთ ცოდვას. რაც უფრო მეტად იცდება ღვთის შვილი, მით უფრო ხშირად ებრძვის ის ცდუნებას. რაც უფრო ხშირად გვაცდუნებს სატანა ღვთის გმობით, მით უფრო ძლიერ უფრთხის მკრეხელურ აზრებს ღვთის წმიდა და ამბობს: „განვედ ჩემგან, სატანავ!“ ფოტიფარის ცოლმა, როგორც კი უფრო მეტად მოინდომა იოსების ცდუნება, იოსებიც უფრო მეტად შეეწინააღმდეგა მას. ცდუნებას, რომელსაც ეშმაკი „დეზებივით“ იყენებს და გვიბიძგებს ცოდვის ჩადენისკენ, ღმერთი იყენებს „ლაგამივით“, რომელიც ცოდვის ჩადენისგან გვაკავებს.
  3. ცდუნება კურნავს სიამაყეს. პავლე ამბობდა თავის სხეულში არსებული „ეკლის“ შესახებ, რომელიც მას მიეცა, რათა არ გამედიდურებულიყო (2 კორ. 12:7). ეს ეკალი ღმერთმა პავლეს იმისათვის გაუგზავნა, რომ სიამაყით არ აღვსებულიყო. გაცილებით უკეთესია, როდესაც წარუმატებლობის ეკალი გვასწავლის მორჩილებას, ვიდრე ის, როდესაც წარმატებას ზეცამდე ავყავართ. ქრისტიანის ქედმაღლობისგან დასაცავად ღმერთმა შეიძლება დაუშვას, რომ ის სატანის კლანჭებში მოხვდეს გარკვეული დროით, ვიდრე სიამაყისგან არ განიკურნება.
  4. ცდუნება სცდის ჩვენს გულებს. ეშმაკი გვცდის, რათა გვაცდუნოს ცოდვით და მოგვატყუოს, მაგრამ ღმერთი უშვებს ცდუნებას იმისათვის, რომ შეგვამოწმოს. ცდუნება სცდის ჩვენს გულწრფელობას და მოწიფულობას და გვიცხადებს, რამდენად გვაქვს მიძღვნილი ჩვენი გული ქრისტესადმი. სუსტი ქრისტიანი სატანის პირველივე ცდუნებისას თმობს, უკან იხევს მსგავსად ბავშვისა, რომელიც მისთვის სადილისთვის მიცემულ ფულს ქურდს აძლევს პირველივე მოთხოვნისას. ძლიერი ქრისტიანი კარგად ფლობს სულიერ მახვილს და უმალ მოკვდება, ვიდრე დანებდება ცდუნებას. ქრისტიანის მამაცობა არსად ისე არ ვლინდება, როგორც სულიერი ბრძოლის ველზე.
  5. ცდუნება გვაძლევს უნარს იმისას, რომ ვანუგეშოთ სხვები. ქრისტიანმა უნდა გამოიაროს სატანის ცდუნებათა ქარბუქი, ვიდრე ისწავლის „დროული“ სიტყვის თქმას მათთვის, ვინც მსგავს ცდუნებათაგან არის გაწამებული. ის, ვინც უკვე გაიარა ამა თუ იმ საშიშ და ხვეულ გზებზე, ყველაზე კარგად არის შეიარაღებული იმისათვის, რომ დაეხმაროს მათ, ვინც იმავე გზებით დადის. ასევე, ვისაც ეშმაკის მიერ მიყენებული ჭრილობებიდან სისხლი სდის, ჭეშმარიტად შეუძლია სატანის სხვა მსხვერპლთა ნუგეშისცემაც. არავის აქვს ისეთი უნარი ეშმაკის ფარულ, მზაკვრულ ჩანაფიქრთა გამოვლინებისა, როგორც მას, ვინც უკვე გამოიარა მის ცდუნებათა სკოლა.
  6. ცდუნება კარს უღებს ღვთის მამობრივ თანაგრძნობას. ყველაზე დიდ ყურადღებასა და სიყვარულს ავადმყოფი ბავშვი ღებულობს, რომელმაც რაღაც დაიზიანა. მაშინ, როცა ღვთის წმიდის ცხოვრებაში მკაცრი ცდუნებანი მოდის, ქრისტე ლოცულობს და ზეციერი მამა ჩვენდამი განსაკუთრებულ თანაგრძნობას განიცდის. სატანა სულს „სნეულებათ“ შეჰყრის, ღმერთი მოდის განსაკურნავად. როგორც ლუთერი ამბობდა: „ცდუნებანი ქრისტეს მკლავებისკენ გვიბიძგებს“. სწორედ ცდუნებათა დროს ვლინდება ყველაზე მეტად ქრისტეს თანდასწრება.
  7. ცდუნებები გვიბიძგებს იმისკენ, რომ უფრო მეტად გვქონდეს ზეცის წყურვილი. ზეცა არის სამუდამო სიმშვიდის ადგილი, სადაც ყოველგვარ ცდუნებათა და განსაცდელთაგან დახსნილნი ვიქნებით. როდესაც არწივი დაფრინავს ღრუბლებთან ან სადღაც მწვერვალზე ზის, მას არ აწუხებენ მტრები. მსგავსადვე, როდესაც მორწმუნეები ატაცებულნი იქნებიან ზეცაში, მათ უკვე ვეღარ აცდუნებს ძველი გველი – ეშმაკი. ამქვეყნად ერთ ცდუნებას მეორე მოსდევს და ამიტომ, დაღლილობა ცდუნებათაგან ღვთის შვილებს უბიძგებს იმისკენ, რომ უფრო მეტად სწყუროდეთ ზეცა.
  8. ცდუნებათა მოსვლის შემდეგ მოქმედებას იწყებს ქრისტეს ძალა. ქრისტე ჩვენი მეგობარია და ცდუნების წინაშე დგომისას, ის მთელ თავის ძალას აამოქმედებს, რათა დაგვეხმაროს. „რადგან, რაკი თვითონ ეტანჯა და გამოიცადა, განსაცდელში მყოფთა დახმარებაც ძალუძს“ (ებრ.2:18). ქრისტიანს რომ მარტო ებრძოლა „ჯოჯოხეთის გოლიათთან“, მას გამარჯვების არავითარი შანსი არ ექნებოდა, მაგრამ იესო ქრისტე უხვად გვაძლევს ძალას და გვანიჭებს მადლის ახალ რესურსებს. „მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით“ (რომ.8:37).

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

წყარო

ჩატვირთვა...