სამი ქარიშხალი ქრისტიანის ცხოვრებაში

362

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ დაცემულ სამყაროში ვცხოვრობთ და გვჭირდება რწმენა, რათა გაბედულად შევხვდეთ პრობლემებს და დავძლიოთ ისინი და არა გავექცეთ მათ. არ არსებობს ისეთი ლოცვა, რომელიც ჩვენ სამუდამოდ გვიხსნის სირთულეებისაგან ან პრობლემებისაგან.

ბიბლია ნათლად გვეუბნება და გვაფრთხილებს, რომ მორწმუნეებს დიდი სირთულეები შეხვდებათ, მაგრამ ღმერთი გვპირდება, რომ ის ჩვენ გვერდით იქნება:

 „მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისაგან იხსნის უფალი.“ (ფსალ. 33:20)

 „ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.” (იოანე 16:33)

მაშ ასე, რაკი ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ „ქარიშხლები“ (პრობლემები, სირთულეები) გვექნება, ჩვენ მზად უნდა შევხვდეთ და უნდა ვიცოდეთ მათი გადაჭრის გზები, ამისათვის მოდით, განვიხილოთ ქარიშხლის 3 სახეობა, რომელიც ბიბლიაშია აღწერილი.

I ტიპის ქარიშხალს შეიძლება დავარქვათ „იოანა წინასწარმეტყველის ქარიშხალი“.

იონას ღმერთმა მოუწოდა, ქალაქ ნინევიაში წასულიყო და იქ ხალხისათვის მოეწოდებინა მონანიებისაკენ. ნინევიას ცოდვები ძალზე დიდი გახლდათ და ღმერთი მზად იყო, მათზე გადმოეღვარა თავისი მრისხანება, მაგრამ უფლის გულს მათი შეწყალება სურდა, რადგანაც ღმერთს უყვარდა ისინი, ხოლო იოანას არ უყვარდა და არც ეცოდებოდა ნინევიას მცხოვრებნი.

ამიტომაც იოანამ არ შეასრულა უფლის დავალება და არ წავიდა საქადაგებლად, ამის ნაცვლად ის გემში ჩაჯდა და საპირსპირო მხარეს გაცურა, რათა უფრო შორს ყოფილიყო ღმერთის მოწოდებისგან.

„ამოაგდო უფალმა ძლიერი ქარი ზღვაზე. დიდმა ქარიშხალმა ააბობოქრა ზღვა; ცოტაც და, უნდა დალეწილიყო ხომალდი.“ (იონა1:4)

ეს ქარიშხალი იონას ცხოვრებაში მოვიდა დაუმორჩილებლობლის გამო. საინტერესოა, რომ იონამ სწორად განმარტა ეს სიტუაცია, მაგრამ არასწორი რეაგირება მოახდინა მასზე, იმის ნაცვლად, რომ დაუყოვნებლივ მოენანიებინა თავისი დაუმორჩილებლობა, მან სულ სხვა მარშრუტი არჩია. ის მზად იყო დაღუპულიყო, რათა თავისი გაეტანა და არ ჩამდგარიყო უფლის მოწოდებაში, მაგრამ უფალი სწყალობდა ნინევიასა და თავის დაუმორჩილებელ წინასწარმეტყველს – „მოავლინა უფალმა დიდი თევზი და შთაანთქმევინა იონა. სამი დღე და სამი ღამე დაჰყო იონამ თევზის სტომაქში.“

უფალი აგრძელებდა იონას გულთან მუშაობას. მან დაუშვა გასაჭირი მის ცხოვრებაში, მაგრამ ნება არ მისცა, რომ დაღუპულიყო. სამი დღე იონა უძალიანდებოდა უფალს, მაგრამ ბოლოს დანებდა და უფალს ლოცვით მიმართა:

„ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან: ‘ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. შავეთის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება. ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია.’“ (იონა 2:2-3). 

ეს გაკვეთილია ჩვენთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ სწრაფები მონანიებაში, როდესაც „ქარიშხალი” ჩვენი დაუმორჩილებლობის გამო მოდის. ჩვენ უნდა გავიქცეთ უფალთან. შეხედეთ, რა მოხდა იონას მონანიების შემდეგ? ღმერთმა მას მეორე შანსი მისცა.

„იყო მეორედ უფლის სიტყვა იონაზე. ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და იქადაგე საქადაგებელი, რასაც მე გეტყვი.“ (იონა 3:1-2).

როდესაც ჩვენ ვინანიებთ და უფალს ვუბრუნდებით, ის ჩვენ გვაძლევს ახალ დასაწყისს და ახალ შანსს თავისი ნების ასასრულებლად.

II ქარიშხლის მიზეზი ყოველთვის არაა დაუმორჩილებლობა, ხანდახან ქარიშხალი იმ ადამიანებსაც ეწვევა, ვინც უფლის სიტყვის შემსრულებელია. მარკოზის სახარების მე-4 თავის 35-ე მუხლში ჩვენ ვკითხულობთ ისტორიას, თუ როგორ გადაიტანეს მოწაფეებმა ქარიშხალი მიუხედავად იმისა, რომ ისინი ღმერთის ნების ცენტრში იყვნენ.

 „ამოვარდა დიდი ქარიშხალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდა, ისე, რომ ნავი უკვე ივსებოდა.“ (მარკ. 4:37)

მოწაფეებმა არ იცოდენ, როგორ მოქცეულიყვნენ და პანიკაში ჩაცვივდნენ; გააღვიძეს იესო, რომელმაც  შერისხა ქარიშხალი და ზღვაც დაწყნარდა. კიდევ ერთხელ, უფლის სიტყვა გვაჩვენებს გაკვეთილს, გაკვეთილს სულიერ ძალაუფლებაზე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პრობლემების და ქარიშხლების შერისხვა ჩვენს ცხოვრებაში. არის მომენტები, როდესაც შენ უნდა უბრძანო საკუთარ სხეულს, აზროვნებას, გულს, ფინანსებს და სხვადასხვა სფეროებს შენს ცხოვრებაში და მიიღებ იმას, რასაც შენ იტყვი, თუ არ შეეჭვდები მასში. როდესაც ღმერთის ნებაში ხარ, გაქვს ძალაუფლება, შეცვალო სიტუაცია შენ გარშემო. ასე რომ, ქარიშხალი, რომელიც არ იყო ვინმეს დაუმორჩილებლობით გამოწვეული, ჩადგა უფლის ცხებული სიტყვით.

III ქარიშხალი – რომელიც სხვისი დაუმორჩილებლობის გამო თავს გვატყდება. ეს მესამე ტიპის სულიერი ქარიშხალია და ამის მაგალითს ვხედავთ მოციქულთა საქმეების 27-ე თავში, როდესაც პავლე მოციქული მოხვდა უდიდეს ქარიშხალში, იგი უფლის ნებაში იმყოფებოდა და ქრისტეს დავალებას ასრულებდა.

პავლე სახარებას ქადაგებდა და გაგზავნილი იყო  თავისი ნების გარეშე. ის იძულებული იყო, დამორჩილებოდა ხელისუფლებას. გარდა ამისა, პავლე გაფრთხილებული იყო სულიწმიდის მიერ, რომ მას ხიფათი შეხვდებოდა ამ მგზავრობისას, მაგრამ პავლე პატიმარი იყო და ამის გამო მისი გაფრთხილება ყურად არავინ იღო და მაინც მოუწია გამგზავრება.

პავლე მთლიანად მიენდო ღმერთს. მან მტკიცედ და შეურყეველი რწმენით გადაიტანა ქარიშხალი.

ქარიშხლები ყველასთან მოდის, მაგრამ ყველაზე მრისხანე გარეგანი კი არა, შინაგანი ქარიშხლებია, რომლებიც ჩვენს გულებში, აზროვნებაში ბობოქრობს. ეს შეიძლება იყოს არასწორი დამოკიდებულება რაღაც საკითხის მიმართ, არასწორი ურთიერთობები, სტერეოტიპები…. იონას შემთხვევაში ეს მისი დაუმორჩილებლობა და ამბოხი იყო. როდესაც მან დაამარცხა თავისი „შინაგანი მე”, მაშინ ღმერთმაც მოაშორა გარემო ფაქტორები.

როგორიც არ უნდა იყოს გარეგნული ქარიშხლები და პრობლემები ჩვენს ცხოვრებაში, ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება ჩვენს გულში. თითოეულმა ჩვენგანმა ქარიშხალზე კი არ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება, არამედ ყოველთვის შევხედოთ იესოს,  ჩვენი რწმენის მიზეზს.

p.s. არ მისცეთ გარემოებებს უფლება, რომ შეგაჩერონ თქვენს მოწოდებაში.

ტონი კუკი

ჩატვირთვა...