დევიდ ვილკერსონი – „თქვენ ხართ წერილი, რომელსაც კაცობრიობა კითხულობს!”

448

„ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.“ (1 კორინთელთა 15:17).

პავლე ამბობს, რომ ჩვენ, როგორც ქრისტიანებმა, ვიცით მკვდრეთით აღდგომის შესახებ, გვჯერა და ვიღებთ მას რწმენით. „…მასთანვე აღდექით ღვთის ძალისადმი რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.“ (კოლასელთა 2:12).

თქვენ ხარობთ, რადგან ქრისტე აღდგა მკვდრეთით და თქვენ ამის გწამთ. მაგრამ საიდან მიიღეთ ეს რწმენა? იგი ღმერთის შესახებ ცოდნით მიიღეთ, ბიბლიის ცოდნით; თქვენ ის ქადაგებიდან მიიღეთ და მისი სიტყვის კითხვით, რომელიც სულიწმიდამ განამტკიცა თქვენში. განა არ ვხარობთ დღეს თქვენ და მე ცოცხალი ქრისტეთი, რომელიც მამის მარჯვნივ ზის?

„თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით, არა ქვის დაფებზე, არამედ გულის ხორციელ დაფებზე.“ (2 კორინთელთა 3:3)

არიან ადამიანები, რომლებიც არ ხელმძღვანელობენ ბიბლიით. მათ არ გააჩნიათ ქადაგება, რომელსაც მოუსმენდნენ, მაგრამ არის რაღაც, რისი წაკითხვაც შეუძლიათ; ისინი გკითხულობენ თქვენ და ისინი მკითხულობენ მე და, შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი წერილი, რომელიც დაამოწმებს იესოს აღდგომის შესახებ ამ უკანასკნელ დროში; ერთადერთი წერილი, რომელიც თქვენს გულებზე წერია.

თუ ღმერთის გწამთ და მისი შვილი ხართ, თქვენ ხართ მოწმობა და თქვენ ქადაგებთ ამ სამყაროში ყველაფრით, რასაც ამბობთ და აკეთებთ. „თქვენ ხართ წერილი, ჩვენს გულებში ჩაწერილი, რომელსაც კითხულობს ყოველი ადამიანი.“ ისინი თქვენ გკითხულობენ. ნაყოფს არ გამოიღებს მხოლოდ ქადაგება თქვენი შვილებისათვის, თუ მათ თქვენი ცხოვრებით არ მისცემთ მაგალითს.

„კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.“ (1 პეტრე 2:12). თუ გინდათ, რომ იყოთ წერილი, რომელშიც იესო თავის აღდგომას ამოწმებს, გაფრთხილდით, რომ არ დაისადგუროს თქვენში ანგარებამ, რომელმაც მთელი საზოგადოება მოიცვა. ის ამბობს: „თქვენ არ უნდა მიჰყვეთ ასეთ საქმეებს“, „ეს არ უნდა იყოს თქვენი ცხოვრების ამოსავალი წერტილი“, „ამან არ უნდა მოიცვას თქვენი აზრები და ფიქრები.“

და ადამიანებო, რა არის თქვენს გულში? რა არის ის, რაც მართავს თქვენს გულს, გონებას, ბაგეთ, ენას და ასე თქვენ საუბრობთ თქვენს სამსახურზე, სადაც არ უნდა იყოთ, და მათ, ვინც თქვენ გარშემოა, იციან, როგორებიც ხართ!

საღმრთო წერილი ამბობს: „ამრიგად, თუ ქრისტესთან ერთად აღდექით, ეძიეთ მაღლა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ.“ (კოლასელთა 3:1). „ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.“ (კოლასელთა 3:2). როდესაც თქვენ ქრისტეს მცნებებს ასრულებთ, თქვენი გარშემომყოფი ადამიანები ხედავენ, რომ სრული სიმშვიდით იესოზე ხართ მინდობილნი.

მადლობა შესწირეთ უფალს იმისთვის, რაც გაქვთ, არ იფიქროთ გამუდმებით სიმდიდრის მოხვეჭაზე. თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ სწორედ ანგარება ანადგურებს ჩვენს მოწმობას ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ძალის შესახებ, ალელუია.

ხალხი კითხულობს თქვენს და ჩემს ცხოვრებას. იაკობის წერილის მიხედვით, ზოგიერთი ქრისტიანის ქცევა არის სიცრუე ჭეშმარიტების წინააღმდეგ, ნამდვილი ტყუილი. „თუ გული მწარე შურითა და შუღლით გაქვთ სავსე, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ.“ (იაკობი 3:14).

ის, რაც დევს შენს გულში ვინმეს მიმართ, ეს ამ ადამიანის მიმართ კი არა, უფლის მიმართაა. გახსოვდეთ, ისინი დრტვინავდნენ მოსეს წინააღმდეგ, მათ ბოროტებით ჰქონდათ გული სავსე და მზად იყვნენ, ჩაექოლათ იგი. ისინი ეუბნებოდნენ მოსეს: „მოსაკლავად მოგვიყვანე აქ?!“ მოსემ შეჰღაღადა უფალს: „ღმერთო, მათ ჩემი ჩაქოლვა სურთ.“ და იცით, რა უთხრა ღმერთმა? „ისინი დრტვინავენ არა შენ წინააღმდეგ, არამედ ჩემ წინააღმდეგ.“

ყველაფერს, რასაც ადამიანებზე ვფიქრობთ, ვფიქრობთ მათ შემოქმედზე. თქვენი დრტვინვა თქვენი ზეციერი მამის მიმართაა, რადგან თქვენ არ გსურთ, რომ უფალი განაგებდეს თქვენს ცხოვრებას. არ გინდათ, რომ მთელი თქვენი გული გადასცეთ უფალს.

განა ბედავთ, იყოთ დაუმორჩილებელნი თქვენი ზემდგომების მიმართ? მაშ, რატომ არ ემხობით უფლის წინაშე მუხლებზე? ღმერთო, დაგვეხმარე, რომ ვიყოთ ცოცხალი წერილი, წმინდა, სრული, სანდო და სამაგალითო ჩვენი მოყვასის წინაშე.

ყოველდღე ვლოცულობ იმისათვის, რომ ადამიანებმა შეძლონ ქრისტესმიერი მორჩილების დანახვა. დაე, გარშემომყოფნი ხედავდნენ იმ ზრუნვას, რომელსაც მათი გასაჭირისადმი იჩენთ; ეს მოწმობს იესოს მკვდრეთით აღდგომას. სხვაგვარად ჩვენი ყოველი საუბარი აღდგომაზე ფუჭი იქნებოდა.

ღმერთო, მინდა ვიყო მოწმობა ქრისტეს ძალისა. უფალო, დამეხმარე, ვიცხოვრო წრფელად და შენი სიტყვის თანახმად. დამეხმარე, რომ ჩემი ოჯახი იყოს მტკიცებულება იესოს ძალმოსილებისა, რომელიც არის ხსნა და თავისუფლება.

ჩატვირთვა...