ბერი ბლეკი: „ვინ არის ქრისტე ჩემთვის” (ქადაგება აშშ-ს სენატში)

0

ბერი ბლეკი (ამერიკის შეერთებული შტატების სენატის პირველი აფრო-ამერიკელი სასულიერო პირი )

– პრეზიდენტო ტრამპ, ვიცე-პრეზიდენტო პენს, ქვეყნის მეთაურებო, კონგრესის წევრებო, პარლამენტის სპიკერებო, სასულიერო პირებო, ჩემი მამის შვილებო. დედაჩემს მხოლოდ ოთხი კლასის განათლება ჰქონდა. ის მოიჯარე-მონახევრე ფერმერის ქალიშვილი იყო. ამ საქმიანობას მარტინ კინგი მონობის ახალ, უფრო დახვეწილ ფორმას უწოდებდა, რადგან ასეთი ფერმერი იძულებული იყო, მოსავლის ნაწილი მიწის მფლობელისათვის მიეცა.

მე გავიზარდე რაიონში, რომელიც, დაახლოებით, 30 მილით იყო დაშორებული ვაშინგტონიდან. თექვსმეტ წლამდე არ მქონდა ხელი ჩამორთმეული თეთრკანიანი ადამიანისთვის. არც ჩემს ეკლესიაში, არც ჩემს რაიონში, არც ჩემს სკოლაში თეთრკანიანები არ იყვნენ. დედაჩემი გვიბიძგებდა მე და ჩემს და-ძმას იმისაკენ, რომ გვესწავლა უფლის სიტყვა. იგი 5 ცენტს გვაძლევდა თითოეული ნასწავლი ბიბლიური მუხლისთვის. თქვენ რომ მაშინ შემოსულიყავით ჩვენს სახლში, ნახავდით, როგორ ვისხედით და ვეძებდით წმინდა წერილში ყველაზე მოკლე მუხლებს. მე ზეპირად ვიცი ყველა მოკლე მუხლი. ჩემი საყვარელი მუხლი იოანეს სახარების მე-3 თავის მე-16 მუხლში კი არ არის დაწერილი, არამედ იოანეს მე-11 თავის 35-ე მუხლში: „აცრემლდა იესო.“ ძალიან ძლიერი მუხლია. მომწონდა ლუკას სახარების მე-17 თავის 32-ე მუხლი: „გაიხსენეთ ლოტის ცოლი.“ ძლიერი მუხლებია ჩაწერილი თესალონიკელთა მიმართ 1-ლი წერილის მე-5 თავში, აქ მიყოლებითაა მოკლე მუხლები: „იხარეთ მუდამ. სულს ნუ ჩააქრობთ. ილოცეთ განუწყვეტლივ. წინასწარმეტყველებას ნუ დაამცირებთ.“ მე ამ თავში არსებული ყველა მოკლე მუხლი ვისწავლე. დედა კი ამაში ფულს მიხდიდა. იგი ამბობდა: „გააგრძელე, არ მაინტერესებს, რამდენი ისწავლე, მთავარია, რომ 25 ცენტზე ნაკლები არ მიიღო.“

დედამ იცოდა, რასაც აკეთებდა. ერთხელ ვისწავლე პეტრეს 1-ლი წერილის 1-ლი თავის მე-18, მე-19 მუხლები. მე მხოლოდ 10 წლის ვიყავი. იქ ნათქვამია: „რადგან იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა.“ 10 წლის ასაკშიც კი საკმაოდ კარგად შემეძლო გამეანალიზებინა ეს სიტყვები, რათა გამეგო, რომ ესა თუ ის რაღაც ფასეულია იმის გამო, რომ ვიღაც მზად არის, ამაში გარკვეული ფასი გადაიხადოს, გარკვეული მსხვერპლი გაიღოს. მე, პატარა ბიჭი, ამან ამაღელვა. ღმერთმა გამოგზავნა მხოლოდშობილი ძე, როგორც ეს იოანეს სახარების მე-3 თავშია ნათქვამი. ბერძნულ ენაზე ეს სიტყვა ჟღერს ასე: „მონოგენეზი“, რათა ის მომკვდარიყო ჩემთვის და ამიტომ ვერავინ ვეღარასოდეს შეძლებდა, რომ თავი დამცირებულად მეგრძნო. უფრო მეტიც, მე გადავწყვიტე, რომ უნდა გამეცნო ის ადამიანი, რომელიც მოკვდა ჩემთვის. და ახლა მუხლებს 5 ცენტის გამო აღარ ვსწავლობდი, არამედ ვკითხულობდი უფლის სიტყვას იმისათვის, რომ გამეცნო ეს ადამიანი. წმინდა წერილის კითხვისას თითქოს ფილმს ვუყურებდი უსახელო ადამიანის შესახებ. დაბადების წიგნში იგი თავშესაფარია; გამოსვლის წიგნში – თვითარსი ღმერთი „მე ვარ“; რიცხვთა წიგნში – განთიადია; მეორე რჯულის წიგნში – კლდე; მეფეთა პირველ წიგნში – ცათა მხედრობის უფალი; იობის წიგნში – გამომსყიდველი; ფსალმუნებში – დიადი მწყემსი; იგავთა წიგნში – სიყვარული. კვალდაკვალ მივყვებოდი ამ ადამიანს! ესაიას წინასწარმეტყველების წიგნში ის დიადი მრჩეველია, ყოვლისშემძლე ღმერთი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი; დანიელის წიგნში იგი მეოთხეა აგიზგიზებულ ღუმელში მყოფთა გვერდით; მიქასთან – წინ მიმავალი, სამუდამო; ზაქარიასთან – ყლორტი; მალაქიასთან – აღთქმის მაუწყებელი; მათე მას მხსნელს უწოდებს; მარკოზი – კაცის ძეს; ლუკა – დიდ მკურნალს; იოანე – სიტყვას, რომელმაც ხორცი შეისხა; მოციქულთა საქმეებში ის გახლავთ ერთადერთი, ვინც გვიბიძგებს იმისკენ, რომ დავამოწმოთ. ფილიპელთა მიმართ წერილში ნათქვამია: „რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელელმა, ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.“ თესალონიკელთა 1-ლ წერილში ნათქვამია: „ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე…“ იუდას წიგნში დაწერილია: „ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისგან და უბიწონი წარგადგინოთ თავისი დიდების წინაშე სიხარულით.“ იოანე ამბობს: „ვიყავი სულში უფლის დღეს კუნძულზე, რომელსაც ეწოდება პატმოსი და მომემსმა ჩემს ზურგს უკან ხმა…. ის არის ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული…“

იმის გამო, რომ მე შევხვდი ამ პიროვნებას, ახლა ჩემი იმედი არ არის დამყარებული საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელ ორგანოებზე. ჩემი იმედი არც იმ გაერთიანებებს ემყარება, რომლებსაც ვქმნით. მე ვამოწმებ იმის შესახებ, რომ ჩემი იმედი ეფუძნება მხოლოდ იესოს სისხლს და მის სიმართლეს. მე მხოლოდ იესოსი მჯერა და მხოლოდ მის სახელზე ვარ დაიმედებული. იესო მყარი კლდეა, რომელზეც მე ვდგავარ. ყველაფერი დანარჩენი, რაზეც შეიძლება დავდგეთ, მოძრავი ქვიშაა, რომელიც მიწაში ჩაიტანს თავისზე დაიმედებულს. უფალმა გაკურთხოთ!

  • 75
    Shares