მირზა ჭაბუკაშვილი – ესაა დღე სიცოცხლის ზეიმისა

182

ჩემო ძვირფასებო, მინდა თქვენთან ერთად გავიზიარო ქრისტეს აღდგომის სიხარული.

ეს უდიდესი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. აღდგომა არის გვირგვინი გამოსყიდვისა, ესაა დღე სიცოცხლის ზეიმისა.

მინდა უფლის სიტყვიდან გაგიზიაროთ რამდენიმე ფაქტი და სულიერი ჭეშმარიტება.

“ვინაიდან როგორც კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ – მკვდრეთით აღდგომაც. და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა.” (1კორ. 15:21-22)

– ღმერთმა შექმნა ადამიანი, რომელიც დაფარა თავისი დიდებით, საუკუნო სიცოცხლის, თავისუფლებისა და სიწმინდის გვირგვინით.

მაგრამ ადამიანი განუდგა ღმერთს და სიკვდილი შემოუშვა სიცოცხლით სავსე სამყაროში.

ბიბლია ამბობს, რომ კაციდან მოვიდა ცოდვა და სიკვდილი, რომელიც გაბატონდა ადამის მოდგმაზე, მაგრამ უფალმა უდიდესი სიყვარულით წარმოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე ჩვენ საცხონებლად. ღმერთი გახდა კაცი და როგორც კაცმა, მოგვიტანა გამარჯვება სიკვდილზე.

აღდგომა არის ადამიანის გამარჯვება სიკვდილზე, მან გაგვათავისუფლა სიკვდილის მონობისა და შიშისაგან.

როგორც ადამში მოკვდა ყველა, ასევე ქრისტეში ვეზიარებით მკვდრეთით აღდგომასა და მარადიულ სიცოცხლეს.

მირზა ჭაბუკაშვილი – გორის “სიცოცხლის სიტყვის” ეკლესიის პასტორი
ჩატვირთვა...