რუსლან ჯაყელი – „პასექი, ანუ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა”

141

პასექი, რომელიც ებრაული დღესასწაულია, ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს. მისი დათარიღება ქრისტეშობამდე 1800-1400 წლებს მოიცავს. ადამიანი ცოდვის ქარცეცხლში მას შემდეგ გაეხვია, რაც ღმერთისგან დამოუკიდებლობა განიზრახა, რის გამოსასყიდად მას უდანაშაულო კრავი უნდა შეეწირა, „რამეთუ ღმერთს არ სურს შენი სისხლი, ანუ სიკვდილი, რაც ცოდვის საზღაურია“ (რომაელთა 6:23).

ეგვიპტის მონობაში ჩავარდნილმა ებრაელმა ერმა დასახსნელად თავის ღმერთს შეჰღაღადა, რომელმაც პასქალური სისხლით გათავისუფლება აღუთქვა მათ. კრავის სისხლი კარების თავზე და ორთავე წირთხლზე უნდა წაეცხოთ. დამღუპველი, რომელ სახლზეც დაინახავდა მონანიების სისხლს, გვერდს აუვლიდა ოჯახს. პასექიც ხომ ებრაულად „გვერდის ავლას, გადარჩენას“ ნიშნავს. (გამოსვლა 12:12 – 27) იმ ხანიდან მოყოლებული, ყოველ წელიწადს მიჰყავდათ  იერუსალიმში შესაწირად უბიწო კრავები ებრაელებს (და არა ბავშვები, რაც ჯოჯოხეთური სიცრუეა), ეგვიპტელთა მონობისგან გათავისუფლების აღსანიშნავად.

იუდეის ბეთლემში, დაახლოებით 2000 წლის წინათ, დაიბადა კაცობრიობის მხსნელი და მაცხოვარი – იესო ქრისტე. პირველნი, რომელთაც ეუწყათ ღმერთის ხორციელად შობა, ის მწყემსები გახლდათ, რომლებიც შესაწირად ამზადებდნენ მათ. ნისანის მე-10 დღეს (შეესაბამება ჩვენს აპრილს) იერუსალიმის ქუჩაში გამოჩნდა მხედარი – ვირზე მჯდარი (ვირი მშვიდობის მაუწყებელი სიმბოლოა, ცხენი – ომის), რომელსაც ზარ-ზეიმით შეხვდნენ. სამოსელსა და ხეების, ზეთისხილის (და არა მხოლოდ ბზის) ტოტებს უგებდნენ გზადაგზა, ღმერთის გამოგზავნილს დიდება და ოსანაო – გაჰკიოდა პათოსით განმსჭვალული ხალხი (მათე 21:7 – 9). მას ზოგი სასწაულმოქმედად მიიჩნევდა, ზოგი კი – ღმერთად და თაყვანს სცემდა. იესო განსაკუთრებული მისიისათვის განკაცდა დედამიწაზე. ის ღმერთის კრავის ამპლუისათვის მოგვევლინა შენ და მე, ძვირფასო. „…აი, ღმერთის კრავი, რომელიც იღებს ქვეყნიერების ცოდვას“ (იოანე 1:29). რაც იმას ნიშნავს, რომ იესომ პირადად შენი ცოდვების გამო, შენ მიერ გასავლელი გოლგოთა გაიარა. თუ მოინანიებ, ანუ მის სისხლს წაიცხებ „რწმენით“, მამა ზეციერი გაპატიებს და სატანაც გვერდს აგივლის უსათუოდ.

როგორც სამსხვერპლო კრავს, იესოსაც გულმოდგინედ ამოწმებდნენ სადუკეველნი თუ ფარისეველნი, იუდეველნი თუ რომაელნი. მასში კი ვერ პოვეს მანკიერება. შეპყრობამდე ერთი დღით ადრე, იესო პასქალური ვახშმით უმასპინძლდება თავის მოწაფეებს, სადაც პური მის სხეულს სიმბოლირებს, ღვინო კი – მის წმინდა სისხლს. შემდეგ იესო, იუდას მიერ გაყიდული, დაიჭირეს. მას ღმერთის გმობის დანაშაული წაუყენეს და პილატეს გადასცეს. რომის მეთაურმა და პროკურატორმა, ცოლის სიზმრისეულ გაფრთხილებაზე მაღლა ამქვეყნიური რეპუტაცია დააყენა და იესო მწიგნობართა და ფარისეველთა ბრბოს გადასცა.

იესო კი არ მოუკლავთ, მან თავისი სიცოცხლე ნებაყოფლობით შესწირა შენთვის, რამეთუ, რომ მოეთხოვა, ანგელოზთა ლეგიონები დაიხსნიდა მას (მათე 26:53). შენ კი ვეღარ გამოგიხსნიდა ვერც ერთი რელიგიური რიტუალი და ჩვეულებანი (მაგ. „ყურბანი, კვერცხის ღებვა, კულიჩი“ და სხვა), რომლებიც ადამიანს ღმერთთან ვერ აახლოებს. თუ შენ მთელი გულით ეძებ ღმერთს, მაშინ მონანიება უპირველესი რეაქციაა, რასაც ღმერთი შენგან ელოდება, რათა იესოს სისხლით წაგეშალოს ცოდვები. სხვანაირად საქმეს ვერავინ „ჩაგიწყობს“. იესოს გარეშე გადარჩენა და სამოთხე – გამორიცხულია! აბსოლუტურად გამორიცხული!..

კვერცხის შეღებვას წარმართული ფესვები აქვს. ის მზეს სიმბოლირებდა. „სააღდგომო კვერცხს“ არ ძალუძს ადამიანის სულის დახსნა, უშვილობის აღმოფხვრა, ხანძრის ჩაქრობა და მისთანები. მას მაგიური ძალა არ გააჩნია. არც „პასქალურ კულიჩს“ შეუძლია ადამიანის განკურნება. თითქოსდა  კარგად გამომცხვარს ბედნიერება მოჰქონდეს, დეფექტიანს კი – უბედურება. რაც შეეხება ქართულ ნეკროპოლებს, ანუ მიცვალებულთა „სასახლეებს“, მოვლილი სჯობია მოუვლელს, მაგრამ დაუსრულებელი სტუმრობანი მავნეა ჯანმრთელობისათვის, რამეთუ იქ მხოლოდ მიწადქცეული ხორცია და არა უკვდავი სული. გლოვის გამოსახატავად შავების წლობით ტარება ორმაგად მავნებელია, რამაც, სამწუხაროდ, ნეკროლატრია (მკვდართა გაღმერთება) ჩამოაყალიბა და განავითარა.

ძვირფასო მკითხველო, ზემოთ ხსენებული რეალობანი იმდენად ალოგიკური და ნონსენსური შეიქნება შენთვის, რამდენადაც მათ შესახებ ვერაფერს იპოვი ბიბლიაში. უფრო მეტიც, ნებისმიერ არაბიბლიურ რიტუალს იესომ ფუჭი, მკვდარი საქმეები უწოდა. (ებრაელ. 9:8 – 14). ყველა დენომინაცია იმართება საკუთარი დოგმებით, რამაც ჩრდილში მოაქცია პასექის ზემნიშვნელობა. მე მინდა გამცნოთ კიდევ ერთი სიახლე სახარებიდან: ხოჯა-მღვდლებს არ ძალუძთ ცოდვის მიტევება. იესომ კი მოსპო ის ჯვარზე. (ებრაელ. 10:7 – 14). დღევანდელი ანარქიის მიზეზთ-მიზეზიც ხომ ბიბლიის უცოდინრობაა და შეუსრულებლობა.

ნისანის მე-14 დღეს, დილით, გოლგოთის მთაზე ჯვარს აცვეს იესო. შუადღისას, როცა დაუწყიათ პასქალური კრავების დაკვლა, გაისმა ტანჯული იესოს შეძახილი „აღსრულდა“ და მან განუტევა უწმინდესი სული, რითაც საბოლოოდ დაამარცხა ცოდვა, ავადმყოფობა, წყლულება და სიკვდილიც. სწორედ ამიტომ არ გაუმართლებია თავი იესოს სასამართლოზე. შენ ხომ იოტისოდენა საბაბიც არ გაგაჩნია ცოდვათა გამო. ჯვარცმაზე უსაშინლესი სასჯელი არ არსებობდა მაშინდელ მსოფლიოში. მესამე დღეს კი მოხდა სასწაული: ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე, რომლის სამარხი – ცარიელია!!! (ლუკა 24:17). ჩვენ ვერ გადაგვარჩენს ვერც ერთი კეთილი საქმე. სიკეთის ქმნა ჩვენი აუცილებელი ვალდებულებაა. მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის უკიდეგანო მოწყალებითა და მადლით ვართ გადარჩენილნი (ეფესელ. 2:8 – 9). მოწყალება არის, ღმერთის სიყვარულის გამო, შენი არიდება ჯოჯოხეთს, რომელსაც იმსახურებ. მადლია -ღმერთის სიყვარულის გამო, შენი მოხვედრა სამოთხეში, რომელსაც არ იმსახურებ. ცოდვა მიზანზე აცდენას ნიშნავს. ღმერთის სიტყვის – ბიბლიის – დაუჯერებლობა და შეუსრულებლობა ცოდვაა. ბიბლიის უძლიერეს პერსონაჟს, სამსონს, სწორედ ცოდვის გამო დასთხარეს თვალები, დაადეს ბორკილები და ამუშავეს სატუსაღოში. ცოდვაც სულიერად აბრმავებს ადამიანს; ნარკომანიის, ლოთობის, მრუშობის, ქურდობის, ჭორიკნობის, ბილწსიტყვაობის, სიცრუის, ოკულტიზმის, უპატიებლობის და სხვათა უხილავ ბორკილებს ადებს, რის შედეგადაც სატანის სამეფოს ამსახურებს. ბრმას კი ბრმის ტარება არ შეუძლია, ორივე ორმოში ჩაცვივდებაო – ბრძანა იესომ, რომელიც შენს მონანიებას ელოდება, რათა პრობლემების ორმოდან ამოგიყვანოს, შეგირიგოს და ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენოს. შემდეგ კი შენივე ხელები გამოიყენოს სხვათა დასახსნელად. ენა – ღვთის საქებრად რომ გარდაგიქმნას; თვალები – უაზრო სერიალების, ეროტიკულ-საშინელებათა ფილმებისგან გაგითავისუფლოს და სულიერი ხილვით დაატკბოს; სხეული – გაგიჯანსაღოს, გაგიმრთელოს და გაგიახლოს; გული კი – რწმენით, სიხარულით, პატიებით, სიმშვიდით, მოფერებითა და სიყვარულით აგივსოს. გულში ხომ ადამიანის სული და სინდისია. სწორედ ღვთის მსგავსად შექმნილი ის უკვდავი სული, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვისაა განწირული ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში საარსებოდ.

„ღმერთის შეცნობა საკუთარი ცოდვების შეცნობის გარეშე მიგიყვანს ამპარტავნობამდე. საკუთარი ცოდვების ცნობა ღმერთის გარეშე – მიგიყვანს სასოწარკვეთამდე. იესო ქრისტეს შეცნობა კი მიგიყვანს ჭეშმარიტ გზამდე, რამეთუ მასში ვპოვებთ ღმერთს და საკუთარ ცოდვებს“ – უთქვამს პასკალს.

იესო დგას შენი გულის კართან და გიკაკუნებს. გაუგონე მას და გაუღე გულის კარი, გაიმეორე მონანიების ლოცვა: „მამაო ზეციერო, მე ვაღიარებ თავს ცოდვილად და გთხოვ, მაპატიო. გიღებ გულის კარს და განდობ ჩემს სიცოცხლეს. მწამს იესოს სანაცვლო სიკვდილი, რომელშიც მე მოვკვდი ცოდვისათვის. აგრეთვე მწამს მისი მკვდრეთით აღდგომა, რომელშიც მე დავიბადე ღმერთისათვის. მადლობა მისი წმინდა სისხლისთვის, რომლითაც გავთავისუფლდი სატანის კლანჭებისგან. მადლობა სულიწმიდისთვის, რომელიც გამაძლიერებს, რათა სამუდამოდ უარვყო „მკვდარი საქმეები“ და გემსახურო ბიბლიის მიხედვით. მადლობა, რომ გავხდი სამოთხის მოქალაქე და იესოს თანამემკვიდრე. ამინ!“

ირწმუნე იესო და დაუჯერე მას, რამეთუ მხოლოდ უფალს ხელეწიფება, გახადოს სატანა იძულებული – „გვერდი აგიაროს“, იესო ხომ შენ ნაცვლად შეწირული პასექია! (1 კორინთელთა 5:7). ამიტომ ნუ შედრკები. ის შენთვის მეოხებს განუწყვეტლივ. იესო აღდგა, ძვირფასებო, ჭეშმარიტად აღდგა!!!

P.S. ძვირფასო ქრისტიანებო! გილოცავთ აღდგომის უდიდეს დღესასწაულს, რომელიც ცოდვის მონობისგან გათავისუფლების და ახალი, კურთხეული სიცოცხლის დასაწყისის სიმბოლოა.

(სტილი დაცულია)

რუსლან ჯაყელი, ქობულეთის სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი, თეოლოგი.

რედაქტორი: მანანა ტვინიკაძე.

 

ჩატვირთვა...