ყოველდღიური საკითხავი – „…მრავალი ჭირით გვმართებსო ღვთის სასუფეველში შესვლა…“ (საქმეები 14:22)

60

ღვთის ერს თავისი განსაცდელები აქვს. ღმერთი როდესაც ირჩევდა თავის შვილებს, მის ჩანაფიქრში არ შედიოდა ის, რომ ეს იქნებოდა ერი, რომელსაც განსაცდელები არ შეეხებოდა. ისინი გამოიცადნენ სიმწრის ქურაში, ისინი ღმერთს არ აურჩევია ამქვეყნიური სიმშვიდისა და მიწიერი სიხარულისათვის. ღმერთს მათთვის არ აღუთქვამს თავისუფლება სნეულებათა და სიკვდილისწინა ტანჯვათაგან, მაგრამ მაშინ, როცა ღმერთი მათთვის მათ პრივილეგიათა ქარტიას ადგენდა, მან სასჯელიც ჩაურთო იმ ჩამონათვალში, რომელიც მათ გარდაუვლად უნდა ხვდომოდათ წილად.

განსაცდელი ჩვენი ხვედრის ნაწილია. განსაცდელები წინასწარ განსაზღვრული იყო ჩვენთვის ქრისტეს უკანასკნელ მემკვიდრეობაში. როგორც უდავოა ის, რომ ვარსკვლავები მის ხელთა ნამოქმედარია და მისივე დაწესებულია მათი ორბიტები, ასევე უდავოა ისიც, რომ ჩვენთვის განმზადებულია ტანჯვანი: ღმერთმა განსაზღვრა მათი ადგილი და ჟამი, მათი ძალა და მოქმედება.

ღვთისმოსავმა ადამიანებმა არასოდეს უნდა იფიქრონ, რომ მოახერხებენ უბედურებათა თავიდან აცილებას; თუ ისინი ასე ფიქრობენ, დიდად იმედგაცრუებულნი დარჩებიან, რამეთუ უბედურებას არც ერთი მისი წინამორბედისთვის არ აუვლია გვერდი. ყურადღება მიაქციეთ იობის სულგრძელობას; გაიხსენეთ აბრაამი, რადგან მასაც ხვდებოდა განსაცდელები და ვინაიდან მტკიცედ იდგა, გახდა „მამა ყოველი მორწმუნისა“. ყურადღებით წაიკითხეთ ყველა ბიბლიური პატრიარქის, ყველა წინასწარმეტყველის, მოციქულისა და მოწამის ცხოვრება და მათ შორის ვერ იპოვით მათ, ვინც ღმერთმა წყალობის ჭურჭლებად აქცია და ვინც არ იყო იმისთვის შექმნილი, რომ გაევლო ტანჯვათა ცეცხლში.

ჯერ კიდევ ძველ დროში იქნა დადგენილი, რომ წყალობის თითოეულ ჭურჭელზე ამოტვიფრული უნდა ყოფილიყო მწუხარებათა ჯვარი, სამეფო ნიშანი, რომლითაც განირჩევიან მეფის კუთვნილი ჭურჭლები, პატივდებული ჭურჭლები, ხელმწიფისათვის სახმარად გამზადებულნი.

მიუხედავად იმისა, რომ მწუხარებანია ღვთის შვილთა სავალი ბილიკი, მათ ანუგეშებს ის აზრი, რომ ამ გზით დადიოდა მათი უფალიც. მისი თანდასწრება და თანაგრძნობა ამხნევებს მათ, მისი მადლი მხარში უდგას მათ, მისი მაგალითი მოთმინებას ასწავლის მათ და როცა ისინი მიაღწევენ „სასუფეველს“, მათ უხვად აუნაზღაურდებათ „მწუხარებათათვის“, რომლებიც მათ სასუფეველში მოსახვედრად გაიარეს.

ჩარლზ სპერჯენი

ჩატვირთვა...