ყოველდღიური საკითხავი –  „მამა, შევცოდე“ (ლუკ. 15:18)

59

სავსებით ცხადია, რომ მათ, ვინც ქრისტემ განწმინდა თავისი ძვირფასი სისხლით, არ სჭირდებათ ცოდვების აღიარება მსაჯული ღმერთის წინაშე დამნაშავეთა ან ბოროტმოქმედთა მსგავსად, რადგანაც ქრისტემ სამუდამოდ გააბათილა მათი ცოდვები სამართლებრივი თვალსაზრისით, რათა აღარ იდგნენ იქ, სადაც მსჯავრდადებულნი იქნებიან, არამედ ისინი ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ მიიღო თავის საყვარელ ძეში, მაგრამ ახლა, როცა ისინი უკვე შვილები გახდნენ და სცოდავენ, როგორც შვილები, განა არ მართებთ ყოველდღე თავიანთი ზეციერი მამის წინაშე წარდგომა, რათა აღიარონ ცოდვები და გააცნობიერონ საკუთარი ცოდვილი მდგომარეობა?

ბუნება გვასწავლის, რომ დამნაშავე შვილის მოვალეობაა თავისი შეცდომის ხორციელ მამასთან აღიარება, ხოლო ღვთის მადლი ჩვენს გულში გვასწავლის, რომ ჩვენ, ქრისტიანებს, იგივე გვმართებს ჩვენი ზეციერი მამის წინაშე. ჩვენ ყოველდღე ვცოდავთ და არ უნდა მოვისვენოთ, თუ ყოველდღე არ მოვინანიებთ, ვინაიდან, თუ ჩემი მამის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს მაშინვე არ მივიტან მის წინაშე, რათა იესო ქრისტეს სისხლის ძალამ წარხოცოს ისინი, რა შედეგი მოჰყვება ამას?

პატიებას თუ არ ვითხოვ და არ განვიწმინდები ჩემი მამის წინაშე ჩადენილ ამ დანაშაულთაგან, ვიგრძნობ, როგორ გაიზრდება მანძილი ჩემსა და მას შორის. ეჭვი შემეპარება ჩემდამი მის სიყვარულში და გამიჩნდება შიში მის წინაშე ლოცვისა; დავემსგავსები უძღებ ძეს, რომელიც შვილი იყო, მაგრამ მაინც შორს იყო მამისაგან.

ასეთი დიდებული და მოსიყვარულე მშობლის მიმართ შემცოდე, თუ მივალ ბავშვური ტკივილით და ვეტყვი ყველაფერს და მხოლოდ მაშინ მოვისვენებ, როცა მივხვდები, რომ ცოდვები მეპატია, მაშინ ვიგრძნობ მამისადმი ჩემს წმინდა სიყვარულს და განვაგრძობ ჩემს ქრისტიანულ სვლას და მექნება სიმშვიდე ღმერთში, ჩემი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.

დიდი სხვაობაა: აღიარო ცოდვა, როგორც ბრალდებულმა და აღიარო ცოდვა, როგორც შვილმა. მოვინანიოთ მამის მკერდზე თავმიყრდნობილებმა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ განვიწმინდეთ, თუმცა ჩვენი ფერხნი კვლავ საჭიროებს განბანვას, რადგან ყოველდღიურად დავდივართ გზაზე და გვესვრება ისინი.

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

წყარო

ჩატვირთვა...