რუსლან ჯაყელი – „ბავშვის აღზრდის ქრისტიანული პრინციპები”

249

პირველი ინსტიტუტი, რომელიც ღმერთმა დედამიწაზე დააარსა, ოჯახია. სწორედ ოჯახია ის კერა, სადაც ბავშვის აღზრდა და პიროვნებად ჩამოყალიბება ხდება. ბავშვის აღზრდა მექოთნის შრომას წააგავს. მოზელილი თიხა რბილი და დამყოლია, რომლისგანაც ნებისმიერი ჭურჭლის გამოძერწვაა შესაძლებელი. მისი გამოწვის შემდეგ კი წუნის შესწორება უკვე გვიანია. ბავშვიც თიხას ჰგავს, ადრეულ ასაკში  ოჯახში უნდა ზრუნავდნენ მის ჩამოყალიბება-განვითარებაზე და უნერგავდნენ მას ღვთისადმი მოშიშებასა და სიყვარულს, ასწავლიდნენ უფლის სიტყვას.

ა. ს. პუშკინი  წერდა: „მე მგონია, რომ წმინდა წერილზე უკეთესს ვერაფერს მივცემთ ხალხს. მის გარეშე არ იქნებოდა არც ფილოსოფია, არც პოეზია, არც ზნეობრიობა. მან შექმნა ხელოვნებაც და ლიტერატურაც. ჩემი ბავშვები ჩემთან ერთად დედანში კითხულობენ ბიბლიას… ბიბლია საყოველთაოა… აი, ერთადერთი წიგნი მსოფლიოში და მასში არის ყველაფერი!“

ბავშვები მიბაძვის უბადლო ოსტატები არიან. რასაც ხედავენ, გაკეთება სურთ, რასაც ისმენენ – გამეორება. მისი პირველი მისაბაძი გმირები კი ოჯახში იყრიან თავს. დიახ, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ მასში საკუთარ თავს, რადგან მისი ქცევები, რომლებიც ზოგჯერ ასე გაღიზიანებთ, სწორედ თქვენგანაა გადაღებული.  თუ მას კამათი და ბილწსიტყვაობა ესმის, ნუღარ გაგიკვირდებათ უწმაწური სიტყვების არსებობა მის ლექსიკონში. ხშირად მშობლებისთვის გაუგებარია ბავშვის „უმიზეზო“ აგრესია, მაგრამ ავიწყდებათ, რომ განუსაზღვრელი დროით კომპიუტერული თამაშები, რომლებიც წამებასა და სიცოცხლის მოსპობაზე არიან ორიენტირებულნი, თავის კვალს ტოვებს მოზარდზე. ნუ დატოვებთ მედიასაშუალებებთან ბავშვს უკონტროლოდ, რათა მან ვერ შეძლოს წვდომა იმ უზღვავ ნეგატიურ ინფორმაციაზე, რომელიც შეიცავს მკვლელობას, მრუშობას, ოკულტიზმს, ანარქიას და სხვა.

ბავშვებს ყველაფერი აინტერესებთ, მათი ცნობისმოყვარეობა უსაზღვროა და თუ თქვენ არ იქნებით ის, ვინც მის კითხვებს დელიკატურად უპასუხებს, ის აუცილებლად მოძებნის პასუხებს ქუჩაში, ეზოში, თანატოლებთან. ეცადეთ, გქონდეთ დრო მასთან საუბრისთვის. ნუ აარიდებთ თავს უხერხულ კითხვებს, თუ თქვენი შვილი სექსუალურად მომწიფებულია, მას სჭირდება მართებული ინფორმაცია და სამედიცინო კონსულტაციები ნაცვლად იმისა, ინტერნეტში იქექებოდეს ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ესაუბრეთ მას ბიბლიიდან. პირველ რიგში, თავად იყავით ისეთი, როგორიც გსურთ, რომ თქვენი შვილი იყოს. რასაც მას აუკრძალავთ, თავადაც უარყავით. გამოყავით დრო ინდივიდუალური ურთიერთობისათვის. აუცილებლად ითხოვეთ პატიება, როცა შეგეშლებათ და მოეპყარით მას, როგორც პიროვნებას, თუმცა ნუ მოექცევით მისი მანიპულაციის ქვეშ. გახსოვდეთ, რომ თქვენი მისია მისი არა მარტო აღზრდაა, არამედ დაცვაც  სატანისგან, რადგან ის დაძრწის და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს; იდექით შვილების დაცვის სადარაჯოზე, ილოცეთ და იფხიზლეთ.

ბავშვი, როგორც სეისმოგრაფი, აფიქსირებს ყოველ ოჯახურ ძვრას. ის მტკივნეულად აღიქვამს განხეთქილებას ოჯახში, რაც მის ფსიქიკაზე წარუშლელ კვალს ტოვებს, მისი ფსიქიკური მდგომარეობა  დედ-მამის ურთიერთობის პირდაპირპროპორციულია. განქორწინებულთა ბავშვების 90 % იღებს ემოციურ შოკს, ამ ფაქტის გამო. 50% თავს გრძნობს მიტოვებულად და საკუთარ თავს ადანაშაულებს მშობლების გაყრაში. სტატისტიკა აჩვენებს, რომ განქორწინებულ ოჯახებში აღზრდილი ადამიანების ქორწინება ასევე ხშირად სრულდება გაყრით.

მოუფრთხილდით ოჯახს, შექმენით სასიამოვნო ატმოსფერო თქვენი შვილებისთვის. თუმცა ეს არ გულისხმობს ბავშვის თაყვანისცემის ობიექტად და ოჯახის ცენტრად გადაქცევას.  პირველი ადგილი ოჯახში ღმერთს ეკუთვნის, შემდეგ მეუღლეს. უფალს სურს გამოიყენოს მშობლების ურთიერთსიყვარული, რათა მისი მეშვეობით გაუცხადოს  ბავშვებს  თავისი მამობრივი სიყვარულის საიდუმლოება.

ბავშვობა ის ასაკია, როცა ადამიანში ღრმად ხდება გარკვეული პრინციპების ფორმირება, ადრეული ბავშვობის ხანა, როდესაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჯერ მას არაფერი ესმის, სინამდვილეში ყველაზე პროდუქტიული დროა – მივცეთ მას სწორი გეზი ცხოვრებაში. იგავებში ვკითხულობთ: „ყმაწვილი თავისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც  კი არ გადაუხვევს მას.“ (იგავ. 22:6). 

რუსლან ჯაყელი – თეოლოგი

ჩატვირთვა...