გია ჯვარშეიშვილი – ქრისტე აღდგა -ჭეშმარიტად!

191

ოცდამეერთე  საუკუნეში ამ სიტყვებით ვულოცავთ ერთმანეთს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას და ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად არის აღიარებული მის მორწმუნეთა  შორის. „ქრისტე აღდგა“ ამ სიტყვებს  და, შესაბამისად, მილოცვებს მთელი დღის განმავლობაში, ყოველი ჩვენგანი არაერთხელ ვამბობთ და არაერთხელ გვესმის, ამის გამო ხარობს ჩვენი გული. ხარობს ყოველი ადამიანი, ვის გულშიც სულიწმიდის მიერ არის აღბეჭდილი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის რწმენა.

წამოყენება, გამოღვიძება, აღდგომა, გამოფხიზლება, ძილის, ავადმყოფობისა თუ წარუმატებლობისგან თავის დაღწევა და წამოდგომა − ეს სიტყვები, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ, ჩვეულ მოქმედებას გადმოგვცემს, ძველ აღთქმაში გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენებოდა, როგორც მომავალი, ჯერ კიდევ ხორცშეუსხმელი, ამქვეყნიურ შესაძლებლობაზე აღმატებული სინამდვილის მიმანიშნებელი სახეები. ამ მეტაფორებით ახალი აღთქმა გამოხატავს გაუგონარ რამეს: ეს მოსალოდნელი რამ იესო ქრისტეს ცხოვრებაში უკვე განხორციელდა. ახალი აღთქმა განამტკიცებს არა მხოლოდ მოწაფეთა იმედს, არამედ უკვე ღმერთის მიერ განხორციელებულ და გარკვეულ მოწმეთათვის გაცხადებულ იესოს აღდგომას, როგორც სრულყოფილ რეალობას. ის, რომ ახალი აღთქმის ტექსტები იესოს აღდგომას, ამ რეალურ მოვლენას, მოწმობს, არ შეიძლება გონივრული ფორმით იქნეს უარყოფილი.

სახარების თანახმად, ქრისტიანული რწმენის საფუძველი არის ადამიანი-იესო, ოღონდ როგორც აღმდგარი უფალი, პირველი მოციქულების მიერ დამოწმებული და რწმენაში ქმედითად განცდილი. ასე აღწერს მკვდრეთით აღმდგარი უფლის გამოცხადებას მრავალთა შორის ერთ-ერთი მოწმე მოციქული პავლე, თავის პირველ წერილში კორინთოს ეკლესიის მიმართ მე-15 თავში: „გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას, რომლითაც გადარჩებით კიდეც, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გახარეთ, თუ ფუჭად არ ირწმუნეთ, ვინაიდან თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე  მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, როგორც წერილებშია, და რომ დაკრძალულ იქნა იგი და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია, და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს; შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთა უმრავლესობა აქამდე დარჩა, ზოგმა კი განისვენა; შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს; ხოლო ყველას შემდეგ გამომეცხადა მეც, როგორც უდღეურს.“

ყველასთვის ცხადია, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესოს გამოცხადება მოციქულთათვის იქცა ცოცხალი და ქმედითი რწმენის სათავედ, რის გარეშეც ჩვენი რწმენა ისეთივე უსუსური იქნებოდა, როგორ უსუსურადაც გამოიყურებოდნენ პირველი მოციქულები იესოს სიკვდილის შემდეგ, მის მკვდრეთით აღდგომამდე. ჩვენ გვახსოვს წმინდა წერილებიდან მათი შიში, ნერვიულობა, შფოთი, გაუგებარი მდგომარეობა; ზოგი მათგანი ძველ ხელობასა და ცხოვრებასაც კი დაუბრუნდა − ასეთი  უსუსური იყო მათი რწმენა უფლის მიმართ, მის მკვდრეთით აღდგომამდე. იესო რომ არ აღმდგარიყო, თავის მოწაფეებს რომ არ გამოსცხადებოდა, მათი რწმენა ვერასოდეს გახდებოდა ისეთი ქმედითი  და აქტიური, რომელიც დღეს ნებისმიერ ჩვენგანს აღაფრთოვანებს. განა უფლის აღდგომის რწმენას არ უნდა „დავაბრალოთ“, რომ მოციქული პეტრე, რომელიც იესოს სიკვდილის გამო სასოწარკვეთილი თავის ძველ ხელობას უბრუნდება, იესოს აღდგომით აღფრთოვანებული კი ის იღებს პასუხისმგებლობას, მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ემსახუროს მას; მისი თხოვნაც სიკვდილის წინ თავდაყირა ჯვარცმის შესახებ, განა აღმდგარი უფლის მიმართ მის რწმენაზე არ მეტყველებს? ანდა, თუნდაც ეკლესიის მდევნელი სავლე, რომელიც  ერთ დროს იწონებდა ქრისტეს პირველი მოწამის − სტეფანეს − ჩაქოლვას, განა არსებობდა სხვა რაიმე ძალა, გარდა აღმდგარი უფლის გამოცხადებისა დამასკოს გზაზე სავლეს ქრისტეს რწმენისკენ მოსაბრუნებლად? აღმდგარი უფალი იესო იყო, არის და იქნება ყოველთვის ჭეშმარიტი და ურყევი რწმენის საფუძველი; თუმცა აღდგომის წარსული  გამოცდილების მოწმობა არასოდეს წარმოადგენდა მოციქულთა შემდგომი დროის ქრისტიანების აღდგომის რწმენის საბოლოო საფუძველს. ამ საფუძვლად ნებისმიერი დროის ქრისტიანს, აღმდგარი უფლის გამოცხადების საკუთარი გამოცდილება სჭირდება. არ იქნება მართებული ვიფიქროთ, რომ  მხოლოდ მოციქულებს მიეცათ უფლის აღდგომის  რწმენის განსაკუთრებული გამოცდილება. მოციქულთა შემდგომი ქრისტიანებიც განიცდიდნენ და დღევანდელი ქრისტიანებიც განვიცდით აღმდგარ იესოსთან უშუალო, პირადად შეხვედრას, ჩვენს სულში მის სულთან ცოცხალ ურთიერთობას. მართალია, უფალი აღარ „გვეცხადება“ ზუსტად ისე, როგორც იგი პეტრეს ანდა პავლეს გამოეცხადა, თუმცა მისი თანდასწრება არის მორწმუნეთა ცოცხალ საკრებულოში, იქ, სადაც ორი ან სამი შეიკრიბა მისი სახელით, წმინდა წერილის თანახმად, პურის გატეხვასა და ზიარებაში, მისი სიტყვის დაცვასა და მცნებების შესრულებაში, ჩაგრულთა ყურადღებაში, ქვრივ-ობოლთა შემწეობაში  და  ა.შ.

იოანეს სახარების მე-14 თავის 21-ე და 23-ე მუხლებში წერია: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები. ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას.“ ჩვენი სიყვარული უფლის მიმართ, რაც გამოიხატება მისი მცნებების დაცვაში, წარმოქმნის ჩვენ მიმართ მისი მადლით მის გამოცხადებასა და მის თანდასწრებას, რაც მისი აღდგომის ძალის უტყუარი დადასტურებაა ჩვენს ცხოვრებაში. მართალია, ეს არ ჩანს ხილულად, როგორც მოციქულთა შემთხვევაში იყო, მაგრამ ეს ხდება უხილავად, სულიერად, რაც არანაკლებ სარწმუნო და დამაჯერებელია. ვისაც არ აქვს აღმდგარი იესოს გამოცხადება, მხოლოდ იმიტომ, რომ  მას არ უყვარს იესო, რადგან არ ასრულებს და პატივს არ მიაგებს  მის სიტყვას. ასეთი ადამიანი ჯერ  კიდევ თავის ცოდვებშია, ჯერ კიდევ ურწმუნოებაშია, ჯერ კიდევ დაღუპულია, ჯერ კიდევ უღმერთოდ ცხოვრობს. არადა ქრისტე აღდგა, ის ჭეშმარიტად აღდგა, მისი აღდგომა  ჩვენი აღდგომაცაა, ჩვენი გაცოცხლება, ჩვენი განკურება, ჩვენი გამარჯვება. მისი აღდგომა სახარების შუქის გამობრწყინებაა ჩვენს ცხოვრებაში, რათა გაქრეს ყოველგვარი სიბნელე, წარუმატებლობა  და წყევლა და ყველას ცხოვრებაში, ვისაც უფლის აღდგომის სწამს, გამეფდეს ჭეშმარიტი სიცოცხლე, რადგან იესო არის ნათელი სიცოცხლისა.

გია ჯვარშეიშვილი – თბილისის სახარების რწმენის ეკლესიის ხუცესი

რედაქტორი: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...