ვარლამ რამიშვილი – „ქრისტეს აღდგომა ჩვენი აღდგომის წინაპირობაა”

195

ქრისტე აღდგა!

ერთ-ერთ ეკლესიაში გადამღები ჯგუფი მივიდა აღდგომის ღვთისმსახურების გასაშუქებლად. ეკლესიას დიდი ასოებით გამოკრული ჰქონდა ანგელოზის სიტყვები: „ის (ქრისტე) აქ არ არის, ვინაიდან აღდგა“. წარმოგიდგენიათ, ეკლესიამ განაცხადა, რომ ქრისტე არ იყო მათთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წინადადება მათ გაუცნობიერებლად, ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე გამოფინეს საკრებულოში. მაგრამ ერთი წუთით დავფიქრდეთ. თუ ჩვენთან ქრისტე არ არის, მაშინ რა სახელიც არ უნდა გვერქვას, ვემსგავსებით იმ ცარიელ საფლავს, რომელზეც ანგელოზმა თქვა: ქრისტე აქ არ არის, ვინაიდან აღდგა მკვდრეთით. კვირას, აღდგომის დღეს, მოწაფეები მკვდარ ქრისტეს ეძებდნენ სამარხში, მაგრამ ის მათ იქ არ დაუხვდათ.

ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. დიდი ფრანგი რეფორმატორი – ჟან კალვინი – თავის განმარტებაში წმინდა იოანეს სახარებაზე წერს, რომ ქრისტეს აღდგომა ქრისტიანული რწმენის მთავარი არტიკულია (ლათ. „ნაწილი“), რომლის გარეშეც იმედი საუკუნო სიცოცხლეზე იმსხვრევა. ჩვენი ცოდვებისათვის ჯვარზე დასჯილი იესო ნაზარეველი აღდგა მარადიული სიცოცხლით. წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტეს აღდგომის დღე იყო დღე – ადამის გათავისუფლებისა, ევას ტანჯვისაგან დახსნისა; ეს იყო დღე, როდესაც მძვინვარე სიკვდილს შეეშინდა. პირველად, ადამიანური სხეული არ დაემორჩილა სიკვდილსა და ხრწნილებას და დაძლია ისინი.

ლაზარე აღდგა, მაგრამ კვლავ მოკვდა. ნაინელი ქვრივის ძე აღდგა, მაგრამ კვლავ მოკვდა. იაიროსის, სინაგოგის მთავრის, ქალიშვილი აღდგა, მაგრამ კვლავ მოკვდა. ქრისტე კი აღდგა და აღარასოდეს მოკვდება. ქრისტეს აღდგომა ჩვენი აღდგომის წინაპირობა და გარანტიაა. წმინდა პავლე მოციქული გვასწავლის: „მკვდრეთით აღდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველი.“ (1კორ.15:20).

ნეტარი ავგუსტინე განმარტავს: „მხსნელი მოკვდა, მაგრამ სიკვდილი დაამხო; თავის თავში გაუსწორდა მას, რისიც გვეშინოდა. მან აიღო იგი თავის თავზე და ძირს დასცა. როგორც საუკეთესო მონადირემ, დაიჭირა ლომი და მოკლა იგი. სად არის სიკვდილი? ეძებე ის ქრისტეში, რადგან ის უკვე აღარ არის: იგი (სიკვდილი) იყო, მაგრამ მასში (ქრისტეში) მოკვდა. ო, სიცოცხლე – სიკვდილის სიკვდილი! რაც მოხდა თავისში (ქრისტეში), მოხდება სხეულის (ეკლესიის) ნაწილებშიც: ჩვენშიც მოკვდება სიკვდილი. მაგრამ როდის? ქვეყნიერების აღსასრულს, მკვდართა აღდგომისას, რომელიც გვწამს და რომელშიც არ გვეპარება ეჭვი.“

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

ვარლამ რამიშვილი – ბათუმის წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესიის პასტორი.

ჩატვირთვა...