ოლეგ ხუბაშვილი – “მადლიერი გული”

168

1 თესალონიკელთა 5:18:

„მადლიერნი იყავით ყველაფრისთვის, ვინაიდან ასეთია თქვენზე ღმერთის ნება ქრისტე იესოში.“

ანუ თავად უფლის ნებაა, რომ ჩვენ, მორწმუნეები, ყველაფრისთვის ღვთის მადლიერნი ვიყოთ. მნიშვნელობა არა აქვს, რას გავდივართ ცხოვრებაში – სამადლიეროდ გვაქვს თუ არა საქმე. რა სირთულეებსაც არ უნდა გავდიოდეთ, ბიბილია გველაპარაკება, რომ ყველაფრისთვის ღვთის მადლიერნი უნდა ვრჩებოდეთ, რადგან ასეთია ღმერთის ნება.

მადლიერება ადვილია მაშინ, როცა ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გვაქვს, როცა ღმერთის კურთხევა და მადლი ცხადად იგრძნობა – ყველაფერი რიგზეა, არავითარი დაბრკოლება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო იოლია ღმერთის მიმართ მადლიერების გამოხატვა. რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს – მადლიერებას საჯაროდ უნდა გამოხატავდნენ ადამიანები ეკლესიაში, ამოწმებდნენ იმაზე, თუ რა მოიმოქმედა ღმერთმა მათ ცხოვრებაში.

ადამიანები პერიოდულად  ცხოვრებისეულ სირთულეებს გადიან და ასეთ დროს ნაკლებად თუ მოისმენთ ღმერთის მიმართ მადლიერ დამოკიდებულებას. მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს, რას გავდივართ ცხოვრებაში,  წარმატებული ეტაპი გვაქვს თუ პრობლემების ქარცეცხლში ვართ – ყოველთვის უფლის მადლიერნი უნდა ვრჩებოდეთ. შესაძლოა, ვინმეს პროტესტი გაუჩნდეს ამასთან დაკავშირებით და თქვას, რომ შეუძლებელია, ადამიანი მადლიერი იყოს ღმერთის, თუ ის ავადაა, ან რაიმე სერიოზულ პრობლემაშია. რა თქმა უნდა, შეიძლება სირთულეები იყოს ადამიანის ცხოვრებაში და მას სამადლიეროდ არც ჰქონდეს საქმე.  ავადმყოფობა, ტანჯვა და ყოველგვარი უბედურება ღმერთისგან არაა. ამ ყველაფრის საფუძველი ადამიანის დაუმორჩილებლობაა.  მაგრამ ბიბლია იმასაც გვეუბნება, რომ მორწმუნის თავიდან თმის ბეწვიც კი არ ჩამოვარდება, თუკი ღმერთმა არ დაუშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ცხოვრებაში არაფერი მოვა ისეთი, რაც ღმერთის კონტროლს არ ექვემდებარება. უფალი ყველაფერს ხედავს და ყოველივე მისი კონტროლის ქვეშაა. ამიტომაცაა, რომ წერილი გვასწავლის: „მადლიერნი იყავით ყველაფრისთვის, ვინაიდან ასეთია თქვენზე ღმერთის ნება ქრისტე იესოში.“

შესაძლოა,  ჩვენს ცხოვრებაში მოსული ყველა განსაცდელი ღვთის ნება არ იყოს; შესაძლოა, ბევრი რამ ეშმაკის მიერ იყოს მოტანილი, მაგრამ ამის მიუხედავად ღმერთი გვეუბნება, რომ ყველაფრისთვის მისი მადლიერნი ვიყოთ. ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ  ყოველთვის არ შეგვიძლია იმის გარჩევა, რა არის ღვთის ნება და რა ეშმაკის ხრიკი. ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ ბიბლიიდან – იოსების ისტორია. იოსების და დანიელის ცხოვრების მაგალითზე ვხედავთ, რამდენ სირთულეში მოუწიათ მათ გავლა, მაგრამ მაინც ღმერთის ერთგულები დარჩნენ. დანიელი ლომებით სავსე ორმოში ჩააგდეს, იოსებიც დიდი საშიშროების წინაშე იდგა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, როგორი დასასრული ექნებოდა მათ ისტორიას, ორივე ღმერთის ერთგული დარჩა ბოლომდე.  ჩვენ ვიცით, რომ დანიელის და იოსების ცხოვრება დიდებით დაგვირგვინდა.

იოსების ისტორიას როცა ვეცნობით, ვხედავთ, რომ მამას გამორჩეულად უყვარდა იგი, მაგრამ ძმებს არ ეხატებოდათ გულზე. თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება იოსების მიმართ მამამ იმითაც გამოხატა, რომ გამორჩეული ჭრელი სამოსი შეუკერა თავის საყვარელ ვაჟს. ძმების უკმაყოფილება უფრო მეტად მაშინ გაიზარდა, როცა იოსებმა თავისი სიზმარი უამბო, რომელშიც ძმები თაყვანს სცემდნენ მას. ამის შემდგომ იოსებმა მეორე სიზმარი ნახა, რომელშიც მზე, მთვარე და ვარსკვლავები თაყვანს სცემდნენ მას. ამ სიზმრის მოყოლის შემდეგ იოსებს მამაც გაუბრაზდა, მაგრამ შვილის ნათქვამი გულში ჩაიმარხა. ამის შემდგომ მოხდა ის, რომ იოსების ძმებმა იგი ხაროში ჩააგდეს, შემდეგ კი გაყიდეს ეგვიპტეში. იქ იოსები ერთ-ერთი მთავრის სახლში მოხვდა. ღმერთი არასდროს ტოვებდა იოსებს. ეს მხედველობიდან არ გამორჩენია იმ მთავარს და ამიტომ  ჩააბარა იოსებს თავისი სახლის მმართველობა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდგომ ვკითხულობთ, რომ სახლის პატრონის მეუღლემ მოისურვა იოსებთან დაწოლა. მან კი ასე უპასუხა ქალბატონს: შენმა ქმარმა ამ სახლში ყველაფერი მე გადმომაბარა შენ გარდა. ასეთ სისაძაგლეს არ ჩავიდენ და არ შევცოდავ ჩემი ღმერთის წინაშეო. აქ მშვენივრად გამოჩნდა იოსების ერთგული ბუნება როგორც ღმერთის, ისე თავისი ბატონის მიმართ. ჩვენ ვიცით ამ ისტორიის გაგრძელება: უდანაშაულო იოსები საპყრობილეში აღმოჩნდა. მაგრამ ბიბილია გველაპარაკება, რომ იქაც  არ ტოვებდა მას ღმერთი. საპყრობილის ზედამხედველმა იოსებს ჩააბარა პატიმრები: „საპყრობილის უფროსი აღარაფერზე ზრუნავდა, რადგან უფალი იყო იოსებთან და რასაც აკეთებდა, უფალი ყველაფერში ხელს უმართავდა. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის ფარაონის მწდეთუხუცესმა და მეპურეთუხუცესმა შესცოდეს თავიანთ ბატონს. და განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს:  მწდეთუხუცესსა და მეპურეთუხუცესს და გადასცა ისინი საპყრობილეში, მცველთა უფროსის სახლში, სადაც იოსები იყო დაპატიმრებული. და მცველთა უფროსმა მიუჩინა მათ იოსები, და ის ემსახურებოდა მათ. ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში. და ერთ ღამეს ორივეს ესიზმრა სიზმარი… და მივიდა დილით მათთან იოსები და ჰკითხა ფარაონის კარის კარისკაცებს:  ‘რატომ გაქვთ თქვენ დღეს სახე მწუხარე?’ და უთხრეს მას: ‘სიზმარი გვესიზმრა და არავინაა ამხსნელი.’  ‘განა უფლისგან არ არის მათი ახსნა?’ – უთხრა მათ იოსებმა: ‘მიამბეთ მე.’“ (დაბ. 39:23; 40:1-8). შემდგომ ვკითხულობთ, როგორ განუმარტა ფარაონის ორივე მსახურს იოსებმა სიზმრები: მწდეთუხუცესს უთხრა, რომ სამი დღის შემდეგ ფარაონი აპატიებდა მას და კვლავაც აამაღლებდა, ხოლო მეპურეთუხუცესს უთხრა, რომ სამი დღის შემდეგ მას თავს მოჰკვეთდნენ. ასეც მოხდა ყველაფერი. მაგრამ ფარაონის კარზე დაბრუნებულ მწდეთუხუცესს აღარ გახსენებია იოსები. ასე გვემართება ხოლმე ადამიანებს, მადლიერების დეფიციტს განვიცდით – ადვილად ვივიწყებთ მათ, ვინც სიკეთე გაგვიკეთა. ამ ამბების შემდეგ კიდევ ორი წელი გაატარა იოსებმა საპყრობილეში. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ორი წლის შემდეგ ფარაონი სიზმარს ნახულობს, რომლის ახსნასაც ეგვიპტის ვერც ერთი გრძნეული და ბრძენი ვერ ახერხებს. აქ ახსენდება მწდეთუხუცესს იოსები და ფარაონს ეუბნება მის შესახებ. „და მიავლინა ფარაონმა და იხმო იოსები. და უთხრა იოსებს ფარაონმა: ‘მესიზმრა მე სიზმარი და არავინაა მისი ამხსნელი. და მე გავიგე შენზე, რომ იცი სიზმრების ახსნა.’ და მიუგო იოსებმა ფარაონს: ‘მე რა შემიძლია, ღმეთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ.’“ (დაბ. 41:14-16).  მოისმინა ფარაონის სიზმარი და განუმარტა მისი მნიშვნელობა, თან რჩევაც მისცა, რომ გონიერი და ბრძენი კაცი დაეყენებინა ფარაონს ეგვიპტის განმგებლად, რათა სიუხვის შვიდ წელიწადში მოწეული მოსავლიდან მარაგი დაეგროვებინათ და მომზადებულები შეხვედროდნენ შვიდწლიანი შიმშილობის პერიოდს. „და უთხრა ფარაონმა იოსებს: ‘რაკი ღმერთმა გაუწყა ეს, არავინაა შენზე  გონიერი და ბრძენი! შენ იქნები ჩემს სახლზე და შენს ბაგეს დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი. და მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული.’“ (დაბ. 41:39-40).  

იოსები ფაქტობრივად პირველი კაცი გახდა  ფარაონის შემდეგ ეგვიპტეში. გავიდა დრო, დადგა შიმშიობის პერიოდი. იოსების მამის ოჯახსაც შეეხო ეს უბედურება. ის თავის ვაჟებს ეგვიპტეში გზავნიდა პურის საყიდლად, მაგრამ ისინი თავიანთ უმცროს ძმას ვერ ცნობდნენ.  ბოლოს, როცა იოსებმა თავი გაუმჟღავნა ძმებს და ნახა, როგორ შეცბნენ ისინი, უთხრა: „ახლა ნუ წუხხართ და ნუღარ ჯავრობთ, რომ აქ გამყიდეთ, რადგან თქვენი სიცოცხლის სახსრად მომავლინა მე ღმერთმა თქვენ წინაშე… და მომავლინა ღმერთმა თქვენ წინ, რათა დაგიტოვოთ ნატამალი ქვეყანაზე და შეგინარჩუნოთ სიცოცხლე დიდი შველით. თქვენ კი არ გამომგზავნეთ მე აქ, არამედ ღმერთმა და მან დამადგინა ფარაონის მამად და მთელი მისი სახლის ბატონად, და მთელი ეგვიპტის ქვეყნის მთავრად“ (დაბ. 44:5-8).

კარგად დავუკვირდეთ ამ სიტყვებს და ზოგადად იოსების ისტორიას. სიზმრებიდან მან ბავშვობიდანვე იცოდა, რომ დიდება ელოდებოდა, მაგრამ ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი მოუტანა – ისეთ სიტუაციებში მოუწია იოსებს ყოფნა, რომ დიდების აჩრდილიც კი არსად ჩანდა. როდის უნდა ყოფილიყო იოსები ღმერთის მადლიერი, როცა ორმოში ჩააგდეს ძმებმა, თუ ეგვიპტეში რომ გაყიდეს მონად? ან იქნებ მაშინ, როცა ღმერთის და თავისი ბატონის ერთგულების გამო საპყრობილეში აღმოჩნდა? იოსებს ამდენი არ უფიქრია – ღმერთისგან იყო ეს განსაცდელები, თუ ეშმაკის ხრიკებს ჰქონდა ადგილი. ის უბრალოდ  ყველგან და ყოველთვის  ღმერთის მადლიერი რჩებოდა. თქვენ კი არ გამომგზავნეთ მე აქ, არამედ ღმერთმაო, უთხრა დიდების მწვერვალზე მყოფმა იოსებმა თავის ძმებს. ხედავთ, როგორი ხედვა ჰქონდა მას იმ მოვლენებზე, რაც მის ცხოვრებაში მოხდა? მან ძმებს კი არ დასდო ბრალი, არამედ ღმერთის ნებად ჩათვალა ყოველივე. იოსების ცხოვრება ღმერთის ერთგული და მადლიერი გულის მქონე ადამიანის საუკეთესო ნიმუშია. ღმერთის ერთგულს ყოველივე სასიკეთოდ ეწია: მონად გაყიდვა, საპყრობილეში ყოფნა – ეს დიდებისკენ მიმავალი გზის ეტაპები აღმოჩნდა იოსებისთვის. მის მადლიერ გულს ღმერთი ხედავდა და ჯილდოც გაუმზადა.

ყოველ ჩვენგანს გველოდება ღმეთის დიდება, ცათა სასუფეველი. რაც ადამიანის ყურს არ სმენია და თვალს არ უნახავს, ის გაგვიმზადა უფალმა. ამ დიდებისკენ  მიმავალი გზა კი ორმოებზე, საპყრობილეებსა თუ სხვა სირთულეებზე გადის. ნუ შეგაშინებს შენი  დღევანდელი პრობლემა – ეს დიდებისკენ მიმავალი გზაა. ადიდე ღმერთი და ნუ დაკარგავ იმედს. ქრისტესთან ერთად ამ გზის გავლა სულაც არაა რთული, მასთან ერთად ყველაფერია შესაძლებელი. ერთგული მონისთვის ღმერთის დიდება არ დააყოვნებს. იყავი ერთგული და გქონდეს მადლიერი გული!

ღმერთი ყოველ ჩვენგანს თავისი მარადიული გეგმის პერსპექტივით უყურებს. მას სურს, რომ მარადისობაში მოვხვდეთ და იცის, ამისთვის რა სირთულეების გავლა სჭირდება თითოეულ ჩვენგანს. ღმერთს სურს, რომ სულიერად გაგვზარდოს, რათა, იოსების მსგავსად, ჩვენს მტრებს ვუთხრათ: თქვენ იარაღი იყავით ღმერთის ხელში ჩემი კეთილდღეობის საქმისთვის.

მიწის წიაღიდან ამოღებული ოქრო უამრავ მინარევს შეიცავს, მაგრამ ცეცხლში გამობრძმედის შემდეგ თანდათან იწმინდება და ბოლოს სუფთა ოქრო რჩება. ცეცხლში გამოცდილი ჩვენი რწმენა ამ ოქროზე ბევრად უფრო ძვირფასია.

რა მოხდებოდა იოსების ცხოვრებაში, მისი გული რომ გასასტიკებულიყო? მოხდებოდა ის, რომ ღმერთი აღარ იქნებოდა მასთან, არ მისცემდა წარმატებას და იოსები სამუდამოდ დარჩებოდა იმ ორმოში. მაგრამ იმის გამო, რომ იოსები მადლიერი იყო, არ გაისასტიკა გული და ყველაფრისთვის ღმერთის მადლიერი დარჩა, საზღაურმაც არ დააყოვნა. გვახსოვდეს, რასაც ბიბლია გვასწავლის: ღმერთის მორწმუნეს ყოველივე სასიკეთოდ ეწევა! მნიშვნელობა არა აქვს, ხედავ თუ არა შენს დღევანდელ სიტუაციაში ღვთის ნებას, მთავარია, მადლიერი დარჩე ბოლომდე.

ღმერთის სიტყვა გვეუბნება: „მადლიერნი იყავით ყველაფრისთვის, ვინაიდან ასეთია თქვენზე ღმერთის ნება ქრისტე იესოში.“  აქ სამსჯელო არაფერია, „ყველაფრისთვის“ ნიშნავს, რომ „ყველაფრისთვის“ ვიყოთ მადლიერნი და არა შერჩევით, ჩვენი მსჯელობებისა და დასკვნების მიხედვით. უთხარი უფალს განსაცდელის ჟამს: “უფალო, არ დავიწყებ წუწუნს, შენი მადლიერი დავრჩები, ღმერთო! შენ მომეცი გადარჩენა, ცოდვების პატიება, საუკუნო სიცოცხლე, უფალო!” ნუ მისცემთ ეშმაკს იმის უფლებას, რომ მადლიერი გული წაგართვათ. იყავით მადლიერნი! იყავით ერთგულნი და უფალი გეტყვით, როგორც ეს ფილადელფიის ეკლესიას უთხრა: „ვიცი შენი საქმენი. აჰა, შენ წინაშე დავდგი ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს… რაკი შენ დაიცავი სიტყვა  ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ.“ (გამოცხ. 3:8,10). იყავი ღმერთის მადლიერი და უფრო მეტად გაკურთხებს. მადლიერება არასდროს დაგტოვებს მოტყუებულს.

კიდევ ერთი ადგილი წერილიდან:

„კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესდებანი შენი“ (ფსალ. 118:71).

ამ სიტყვებს დავითი ლაპარაკობს. წამების პროცესი კი არ ჰგვრიდა მას სიამოვნებას და ამიტომ კი არ ამბობდა: კარგია ჩემთვის, რომ ვეწამეო. არა, ტკივილი კარგი არ ყოფილა დავითისთვის. იგი კვნესოდა: მტრები შემომერტყნენ გარსო. მისი სული გამწარებული იყო. მაგრამ, როცა განსაცდელები უკან დარჩა, მაშინ თქვა დავითმა: კარგია ჩემთვის, რომ ვეწამეო. მან ღმერთის წესები ისწავლა განსაცდელების ჟამს, მეტად გაიზარდა სულიერად.

ერთი რამ გვახსოვდეს მუდამ: ეშმაკი ვერაფერს გააკეთებს ჩვენს ცხოვრებაში, თუკი ღმერთი არ მისცემს მას ამის უფლებას. მოციქული პავლე კორინთელთა ეკლესიას ეუბნება: იმაზე მეტს არ დაუშვებს ღმერთი თქვენზე, რის ზიდვასაც ვერ შეძლებთ. ამიტომაც, იყავით მადლიერნი და ნუ შეგეშინდებათ. ღმერთზე დაიმედებულ ადამიანს სირთულეების არ შეეშინდება, რადგან იცის, რომ უფლის ხელია მასზე.

„მადლიერნი იყავით ყველაფრისთვის, ვინაიდან ასეთია თქვენზე ღმერთის ნება ქრისტე იესოში.“ (1 თესალ. 5:18).

ოლეგ ხუბაშვილი – საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი

06.09.2009

ჩატვირთვა...