მამუკა ჯებისაშვილი – “მამის აღსარება”

465

„შვილო, მე გელაპარაკები ახლა, როცა შენ გძინავს. ლოყა გიდევს პატარა ხელზე და თმის კულულები შუბლზე ჩამოგყრია. ჩუმად შემოვიპარე შენს ოთახში. რამდენიმე წუთის წინ, როცა მე ვიჯექი გაზეთით ხელში, მონანიების ტალღამ შემიპყრო და შემოვიპარე შენს საძინებელში, როგორც დამნაშავე. ვფიქრობ, რომ ძალზე მკაცრი ვიყავი შენ მიმართ.

მახსოვს გაგიწყერი, როცა სკოლაში მიდიოდი, რადგან პირსახოცი ლამის სახეში გამარტყი, გეჩხუბე, რადგან ფეხსაცმელი გასაწმენდი გქონდა, დაგიყვირე, როცა შენი ნივთები დაყარე ძირს. საუზმეზეც ვიპოვე მიზეზი, თუ რაზე მეჩხუბა, შენ რაღაც დაღვარე და დიდ ლუკმებს იდებდი პირში, იდაყვები მაგიდაზე გედო და კარაქსაც სქლად უსვამდი პურზე.

როცა მე მაგვიანდებოდა საქმეზე, შენ კი სასეირნოდ მიდიოდი, მომიტრიალდი, ხელი დამიქნიე და დამიძახე: ‘შეხვედრამდე, მამიკო’, მე კი უკმეხად მოგაძახე: ‘გასწორდი მხრებში და ბევრს ნუ ლაპარაკობ.’

საღამოს იგივე განმეორდა, როცა გვერდით ჩაგიარე, დავინახე მუხლებზე იდექი და ისე თამაშობდი, სპორტული შარვალი მუხლებთან დაგხეოდა, მე დაგამცირე შენს მეგობრებთან და როცა სახლისკენ გარბოდი, საყვედურით გითხარი: ‘ძვირიანი შარვალი იყო, შენ თვითონ რომ გადაგეხადა ფული, უფრო გაუფრთხილდებოდი… ისმინე, შვილო, რას გეუბნება მამაშენი…’

გახსოვს, მოგვიანებით, როცა მე ვკითხულობდი, შენ შემოხვედი და შემომხედე რაღაც ტკივილით თვალებში, მე გაზეთის ზემოდან მზერა გესროლე, მოუთმენლად და უკმაყოფილოდ გაგრძნობინე, რომ ხელს მიშლი! შენ კი ვერ გადაგეწყვიტა, ისე იდექი კართან. ‘რა გინდა?’ – წავიბურდღუნე მე. შენ კი არაფერი მითხარი, გამოქანდი, კისერზე შემომეხვიე და მაკოცე… შენი ხელები ჩამებღაუჭა სიყვარულით, რომელიც ღმერთმა აანთო შენს გულში და რომელიც არ შეუძლია ჩააქროს მამის უგულებელყოფამ.

მერე შენ წახვედი და მესმოდა, როგორ ადიოდი კიბეზე. ამ დროს, შვილო, გაზეთი გამივარდა ხელიდან და შიშმა მომიცვა. რა ხდება, რა მოგვდის?! რა საშინელი ჩვევა მაქვს! ჩვევა შეცდომების დანახვისა, დაუმთავრებელი შენიშვნების მოცემის. განა არ მიყვარხარ, უბრალოდ ძალიან ბევრს მოვითხოვ შენგან… ჩემი წლების საზომით გაფასებ. შენში და შენს ხასიათში იმდენი კარგია, მშვენიერი, წრფელი. შენი პატარა გული ჰგავს დიდ მზეს, რომელიც ველურ მთებზე ამოდის, ეს დავინახე, როცა ძილის წინ მაკოცე და მეტს არაფერს აქვს მნიშვნელობა.

შვილო, სიბნელეში მოვედი შენს საწოლთან მუხლმოდრეკილი. ეს საკმარისი არ არის გამოსყიდვისთვის. ვიცი, ვერ გამიგებდი, რომ არ გეძინოს. მაგრამ ხვალიდან ნამდვილი მამა ვიქნები, შენი მეგობარი, დავიტანჯები, როცა შენ იტანჯები და გავიცინებ, როცა შენ იცინი. ენას კბილებს დავაჭერ, როცა მოუთმენლობის სიტყვა უნდა აღმომხდეს და როგორც ფიცს, ხშირად გავიმეორებ: ‘ეს მხოლოდ ბავშვია, ჩემი პატარა ბავშვი’ … ვშიშობ, რომ მე წარმოგიდგინე დიდად. ახლა კი, როცა გიყურებ შენ, დაღლილს და საბანში გახვეულს, ვხედავ, რომ ჯერ ისევ ბავშვი ხარ, ჯერ კიდევ გუშინ დედა ხელით გატარებდა და შენი თავი მხარზე ედო. მე ბევრს მოვითხოვდი, ძალიან ბევრს….”

ჩვენც, იმის მაგივრად, რომ ვასამართლოთ ჩვენი ახლობლები, მოდით შევეცადოთ, გავუგოთ მათ და შევიდეთ მათ მდგომარეობაში. დღეს არის ის დრო, რომ გადავამოწმოთ ჩვენი ურთიერთობები ახლობლებთან, მშობლებმა შვილების მიმართ და შვილებმა მშობლების მიმართ. შეიძლება მკაცრი ტერმინია ბოროტება, მაგრამ პატარა ბოროტება დიდს ბადებს. ეშმაკი მოდის, რომ მოკლას და გაანადგუროს, იესო კი სიცოცხლეს უხვად იძლევა.

ზედაპირული ადამიანები  უფრო მეტად გამაღიზიანებლები და ფიცხები არიან და ალბათ, ეს დიდი ბოროტებაა. როდესაც სწრაფად გამოაქვთ დასკვნები, იქვეა მსჯავრდადებაც და ისინი, როგორც ყოველთვის, მართლები არიან. მაგრამ როდესაც საკითხს მეორე მხრიდან  დავინახავთ, მხილებულნი და შერცხვენილნი ვრჩებით ხოლმე.

ერთი მეგობარი კონფერენციაზე მიდიოდა, სიტყვა მოსამზადებელი ჰქონდა და იფიქრა, მატარებელში მოემზადებოდა. ამ დროს შემოვიდა ერთი კაცი სამი ბავშვით. ბავშვები მოუსვენრად იქცეოდნენ, ხმაურობდნენ და ყველას ხელს უშლიდნენ. კაცი არაფერს აკეთებდა მათ გასაჩუმებლად, ჩუმად ფანჯარაში იყურებოდა… გაბრაზდა მეგობარი და ნერვებმოშლილმა უთხრა: „ვერ ხედავთ, რა დღეში არიან თქვენი ბავშვები?” … „მაპატიეთ, რომ ასე იქცევიან ჩემი შვილები, არ შემიმჩნევია, ჩემი ცოლი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა და ჯერ არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო, ბავშვებსაც ჯერ არ ესმით სრულად, თუ შეიძლება მაპატიეთ…”

როცა ჩვენ გვგონია, რომ ყველაზე ჭკვიანი ექსპერტები ვართ და შეგვიძლია დიაგნოზი დაუსვათ მავანს და მავანს, ძალიან ვცდებით.

იყო  „სულიერი ადამიანი”, ნიშნავს განვითარებულ ინტუიციას და გაგებას უფრო ღრმად, ვიდრე ზედაპირულად.

მე ვსწავლობ, გავუგო ადამიანებს, რათა მათი დახმარება შევძლო. ადამიანებს კარგი ქადაგებით ვერ შეცვლი, მათ ტკივილს უნდა ჩასწვდე.

როდესაც იესო ემსახურებოდა ადამიანებს, ფარისევლები ბრაზობდნენ: „ის მებაჟეებთან შევიდა, ის სვამს და ჭამს ცოდვილებთან ერთად.”

იესო მიდიოდა მათთან არა იმიტომ, რომ მათი კულტურა მიეღო, არამედ იმისათვის, რომ დაემარცხებინა იქ გამეფებული ბოროტება…

მამუკა ჯებისაშვილი

ჩატვირთვა...