ოლეგ ხუბაშვილი – “მიეწებე უფალს”

127

უფალი ყოველ ჩვენგანს სიმტკიცისკენ მოგვიწოდებს.

იესო ნავეს ძის წიგნიდან მინდა ადგილი წაგიკითხოთ:

„გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ დაუნაწილებ ამ ხალხს იმ ქვეყანას, რომლის მიცემაც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს.“ (იესო ნავეს ძე 1:6).

ამ მუხლში უფალი იესო ნავეს ძეს იმ მსახურების შესახებ ელაპარაკება, რომელიც მას უნდა აღესრულებინა. იესო ნავეს ძეს ღმერთმა დაავალა ებრაელი ხალხის აღთქმულ ქვეყანაში გადაყვანა. ამ მისიის აღსასრულებლად მოუწოდებდა მას უფალი. ყოველ ჩვენგანს გვჭირდება სიმტკიცე და გამაგრება, რათა აღვასრულოთ უფლის ნება, მისი მოწოდება.

„ოღონდ გამაგრდი და ძალზე განმტკიცდი, რათა დაიცვა შესასრულებლად მთელი რჯული, რომელიც გიბრძანა შენ მოსემ, ჩემმა მსახურმა. ნუ გადაუხვევ მისგან მარცხნივ ან მარჯვნივ, რათა ყველგან ხელი მოგემართოს, სადაც კი წახვალ“ (იესო ნავეს ძე 1:7).

ამ მუხლში ყურადღება გამახვილებულია არა იესოს მოწოდებაზე, არამედ მის პირად მდგომარეობაზე. მე-9 მუხლში კი ეუბნება უფალი:

„აჰა, მე გიბრძანებ შენ: გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ“ (იესო ნავეს ძე 1:9).

ამ მუხლშიც სიმტკიცისკენ მოუწოდებს უფალი იესო ნავეს ძეს. დააკვირდით, როგორ იცვლება უფლის ტონი – მე-9 მუხლში იგი უკვე უბრძანებს, რომ გამაგრდეს და განმტკიცდეს.

ახლა გადავხედოთ მუხლებს, სადაც უკვე მოხუცებული იესო ნავეს ძე ეთხოვება ისრაელს შემდეგი სიტყვებით:

„და ძალზე განმტკიცდით, რათა დაიცვათ და შეასრულოთ ყველაფერი, რაც მოსეს რჯულის წიგნშია ჩაწერილი. არ გადაუხვიოთ მას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა არ შეერიოთ იმ ხალხს, თქვენ შორის რომ დარჩნენ. და მათი ღმერთების სახელს ნუ ახსენებთ, და ნურც დაიფიცავთ მათ, და ნურც ემსახურებით მათ, და ნურც თაყვანს სცემთ მათ. არამედ მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ დღემდე იქცეოდით… ამიტომ ყოველმხრივ ეცადეთ, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი“ (იესო ნავეს ძე 23:6-8; 11).

ეს სიტყვები დღესაც მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისთვის. მორწმუნეობა მხოლოდ „უფალო“-ს ძახილი და კვირის მსახურებებზე დასწრება არ არის. დამერწმუნეთ, რომ ფასი არ აქვს არაფერს, რასაც ვაკეთებთ, თუკი დავივიწყებთ მთავარს, თუ არ მივეწებებით უფალ ღმერთს.  გვიყვარდეს იგი, რათა არ გადავუხვიოთ მისი სიტყვიდან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.

ღმერთის მთავარი მიზანია, რომ თითოეული ჩვენგანი მარადიულობაში გვიხილოს, ჩვენთან ერთად გაატაროს მუდმივობა. ხშირად განსაცდელები მოდის ჩვენს ცხოვრებაში, სხვადასხვა პრობლემების გადალახვა გვიწევს, მაგრამ ეს ყველაფერი უფალი ღმერთის მთავარ მიზანს ემსახურება – ჩვენთან ერთად იყოს მარადისობაში. ღმერთის მცნებების დაცვას მართლაც სჭირდება სიმტკიცე. ცხოვრებაში უამრავი რამ ხდება, რაც მისი მცნებების დარღვევისკენ გვიბიძგებს. სწორედ ასეთ დროს გვჭირდება სიმტკიცე.

იოსების ცხოვრებას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მრავალჯერ ყოფილა იგი ისეთ მდგომარეობაში, როცა შეიძლებოდა ღმერთის გზიდან გადაეხვია, მაგრამ  სიმტკიცე არ დაუკარგავს და ამიტომაც უფალი ყოველთვის მასთან იყო.

ბიბლია გველაპარაკება: მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს. (იხილეთ იესო ნავეს ძე 22:5). მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, რომ ძლიერი ქრისტიანები ვიყოთ. მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებას. საფასურის გადახდა აუცილებელია. სხვაგვარად წარმატება ვერ მოვა. ზოგჯერ, შესაძლოა, გარეგნულად ისე ჩანდეს, რომ ვინმემ იოლად მიაღწია წარმატებას, მაგრამ ვინ რა იცის, ვის რა ფასად დაუჯდა იგი. მივეწებოთ ღმერთს და მოვა წარმატებები ჩვენს ცხოვრებაში. ბიბლია გველაპარაკება, რომ ცრემლით მთესველი სიხარულით მოიმკის. უფალს უნდა მივუძღვნათ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. რაც დრო გადის, ღმერთი მით მეტ სიმტკიცეს მოითხოვს ეკლესიისაგან, თითოეული მორწმუნისაგან.

„ასე გააკეთა იეხიზკიაჰუმ მთელ იუდეაში, და იგი სიკეთით, სისწორით და პატიოსნებით გააკეთა უფლის, თავისი ღმერთის წინაშე. ყველა საქმეში, რასაც კი წამოიწყებდა, ღვთის სახლის სამსახურში, რჯულში თუ მცნებებში, ყველგან თავის ღმერთს ეძებდა, მთელი გულით მოქმედებდა და იმარჯვებდა“ (2 ნეშტთა 31:20-21).

ხშირად ჩვენ ერთჯერადი გამარჯვებებით ვკმაყოფილდებით, მაგრამ, თუკი გვსურს, რომ ჩვენი ცხოვრება სტაბილურად წარმატებებით მიდიოდეს წინ, უნდა მივეწებოთ  ღმერთს. მას სურს, რომ არა ხანდახან, არამედ მუდამ გამარჯვებულებმა ვიცხოვროთ. ხშირად ჩვენ წარმატებებს ვეძებთ  მსახურებაში, არადა უპირველესად ღმერთის სახე უნდა ვეძიოთ. ზოგჯერ მცნებების დაცვისასაც კი გვავიწყდება უფალი – საკუთარი ძალებით ვცდილობთ ამას. ვის შეუძლია წმინდად ყოფნა ღმერთის, სულიწმიდის დახმარების გარეშე?

მოდით, ყველაფერში ვეძებოთ უფალი და რასაც ვაკეთებთ, მთელი გულით  გავაკეთოთ. მივეწებოთ ღმერთს.  მაშინ წარმატებაც არ დააყოვნებს, რადგან უფალი იქნება ჩვენთან და, როგორც მოციქული პავლე ამბობს, ვერავითარი ძალა ვერ ჩამოგვაშორებს მას.

ოლეგ ხუბაშვილი – საქართველოს სახარების რწმენის ეპისკოპოსი

26.11.2009

ჩატვირთვა...