კოტე ძებისაშვილი – “მინდორში დაფარული საუნჯე”

140

მათე 13:44-46:

„ცათა სასუფეველი წააგავს განძს, მინდორში დაფარულს, რომელსაც წააწყდება კაცი და ჩამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და ყიდულობს იმ მინდორს. კიდევ, ცათა სასუფეველი წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს. როცა წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იმას შეიძენს.“

ღმერთი ცოდნისა და გამოცხადების აურაცხელი სიმდიდრეა. ამ იგავში იესო გვეუბნება: არიან ადამიანები, რომლებიც არ მეძებდნენ და შემთხვევით მიპოვეს. მაგრამ არსებობს ადამიანთა სხვა კატეგორიაც, რომლებიც ვაჭრებს ჰგვანან – ეძებენ ძვირადღირებულ მარგალიტს. ასეთი ადამიანები ეძებენ უფალს და პოულობენ მას, ყველაფერს ყიდიან მის შესაძენად.

დღევანდელ ქადაგებაში ყურადღებას გავამახვილებთ არა განძზე, არამედ – მინდორზე. იესო ამბობს: „ცათა სასუფეველი წააგავს განძს, მინდორში დაფარულს.“  ეს განძი მინდორშია დაფარული. კაცზე, რომელმაც ეს განძი იპოვა, არ წერია, რომ გაყიდა და გამდიდრდა. ბიბლია ამბობს, რომ მან ყოველივე გაყიდა, რაც ებადა, რათა მინდორი შეეძინა. რას ლაპარაკობს ბიბლია მინდვრის შესახებ? უფალი გვეუბნება, რომ ცათა სასუფეველი წააგავს კაცს, რომელიც მუშაობს მინდორში. როცა განძს წააწყდა, ყოველივე გაყიდა, რათა მინდორი შეეძინა. ბოლო დროს მომრავლდა სწავლებანი იმის შესახებ, რომ ღმერთი ყველგანაა, ამიტომ არაა აუცილებელი ეკლესიაში ყოფნა. ბიბლია ორ რამეს ამბობს მინდვრის შესახებ: 1) მინდორი ეკლესიაა. იმისთვის, რომ იმ კაცს განძი შეეძინა, ყველაფერი გაყიდა. იესო ამბობს: ნეტარია კაცი, რომელსაც  ბატონი მოსვლის დროს თავის მინდორში მშრომელს პოვებს. მინდორი ეკლესიაა. იესო ხშირად ლაპარაკობდა ვენახსა თუ მინდორში შრომაზე. ღმერთს უამრავი სიმდიდრე აქვს ჩვენთვის გამზადებული, მაგრამ ერთი პირობით – მიდორში უნდა ვიყოთ, ეკლესიაში უნდა ვშრომობდეთ. თუ მინდორში ვიქნებით, განძი „არ აგვცდება“. 2) მინდორი ქვეყნიერებასაც ნიშნავს. გახსოვთ, რა თქვა იესომ? „სამკალი ბევრია, მუშაკი კი – ცოტა.“ მინდორში ყოფნა მხოლოდ ეკლესიაში ყოფნას და შრომას არ ნიშნავს. იგულისხმება ქვეყნიერებაზე მისი სიტყვის ქადაგებაც. არაა აუცილებელი, ქადაგებაში მხოლოდ ლაპარაკი ვიგულისხმოთ. იესოზე ჩვენი საქციელით უნდა „ვქადაგებდეთ“, სხვა ადამიანებთან ჩვენი დამოკიდებულება უნდა მეტყველებდეს უფალ იესოზე. ავირჩიოთ მინდორში ყოფნა და შრომა. იესომ თქვა: გგზავნით, როგორც ცხვრებს მგლებს შორის. პირველი საუკუნის ეკლესიას სხვა პრობლემები ჰქონდა. ქრისტიანებს დევნიდნენ, ხოცავდნენ, ლომებს უგდებდნენ შესაჭმელად. მაგრამ ეს ნათქვამი სხვაგვარადაც შეიძლება გავიგოთ: ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი მორწმუნეები, რომლებიც დისკომფორტს არ შევუქმნით ურწმუნოებს.

ქრისტეს მინდორში უამრავი განძია დაფარული. ბარნაბამ ყოველივე გაყიდა და მიიტანა მოციქულთა ფეხთა ქვეშ. იმ დღეს მას ბარნაბა ეწოდა – ნუგეშისცემის ძე. ეკლესიაში საპატიო ადგილი მისცეს. იგივე მცდელობა ჰქონდათ ანანიასა და საფირას. მათაც სურდათ ეკლესიაში საპატიო ადგილის დაკავება, მაგრამ ისინი ბარნაბასგან იმით განსხვავდებოდნენ, რომ განძი სურდათ მინდვრის გარეშე. ბარნაბა კი მინდორში შრომობდა. იესომ თქვა: ვისაც აქვს, იმას მიეცემა და ვისაც არა აქვს, ისიც კი წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს. ძველი აღთქმიდან მინდა წაგიკითხოთ რუთის შესახებ. რუთი მოაბელი წარმართი გოგონა იყო, რომელიც თავის დედამთილთან ერთად დაბრუნდა ისრაელში. იქ ერთი მდიდარი კაცი იყო, სახელად ბოყაზი.  რუთი მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ვშრომობდეთ მორწმუნეები მინდორში. რუთს თავის დედამთილთან ერთად მინდორში მოუწია გასვლა, რათა ნარჩენები მოეგროვებინათ და შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ერთ დღეს ბოყაზმა, რომელიც ძალიან მდიდარი კაცი იყო, დაინახა მინდორში მშრომელი რუთი. ეს ძალიან ლამაზი სახეა ქრისტესი და ეკლესიისა. ყველა ჩვენგანი მინდორში შრომის დროს დაინახა იესომ, იქ გვიპოვა უფალმა. ბოყაზმა – სასიძომ მინდორში მშრომის დროს დაინახა თავისი საპატარძლო რუთი.

„და მაშინ უთხრა ბოყაზმა რუთს: ‘გამიგონე,  ასულო ჩემო, ნუ წახვალ ასაკრეფად სხვა ყანაში. აქედან ნურსად გადახვალ, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი. თვალს ნუ მოაშორებ ამ ყანას, რომელსაც მკიან. იარე მომკელთა კვალზე.  ნაბრძანები მაქვს ბიჭებისათვის, არ დაგიშალონ, როცა მოგწყურდეს, მიდი წყლის ჭურჭლებთან და დალიე, საიდანაც ბიჭები იღებენ წყალს.’“ (რუთი 2:8-9).

დღეს უფალი გვეუბნება: „ნუ წახვალთ ნურსად.“ ეძებე შემთხვევა, რომ იშრომო უფლის მინდორში და განძი მიიღო მისგან. ერთხელ პეტრემ უთხრა: სად წავიდეთ უფალო, შენ გაქვს სიცოცხლის სიტყვებიო.

იარე მომკელთა კვალდაკვალ, უყურე იმ ადამიანებს, რომლებიც შენ წინ მიდიან. უყურე იესო ქრისტეს, რომელმაც შენ წინ გაიარა და გაჰყევი მის კვალს. ნუ იგონებ ნურაფერს. არიან ადამიანები, რომლებიც ახლ-ახალ გამოცხადებებს დასდევენ. ცდილობენ, რაღაც ისეთი ამოიკითხონ ღმერთის სიტყვაში, რაც არასდროს არავის ამოუკითხავს მანამდე. არა, გაჰყევი კვალდაკვალ ქრისტე იესოს, მოციქულთა მოძღვრებას, შენს დებსა და ძმებს, რომლებიც შენ წინ დგანან. იყავი მინდორში. კვალი ნიშნავს, რომ ვიღაცამ შენ წინ გაიარა. კვალს თუ არ გაჰყვები, დაიკარგები.

„ნაბრძანები მაქვს ბიჭებისთვის“ – ბოყაზის ბიჭები სულიერ სამყაროში ანგელოზები არიან. იესო ამბობს: „ნაბრძანები მაქვს ჩემი ანგელოზებისთვის, არ დაგიშალონ, როცა მოგწყურდეს, მიდი წყლის ჭურჭლებთან და დალიე. გვალვის დროს წყალი არ მოგაკლდება. როცა სხვა გამოშრება, შენ დალევ. ნაბრძანები მაქვს ჩემი ანგელოზებისთვის, ოღონდ მინდორში იყავი.“ ერთ-ერთ თარგმანში ეს მუხლი ასე ჟღერს: „ნაბრძანები მაქვს ჩემი ბიჭებისთვის, რომ დაგიცვან.“ ვიდრე მინდორში ხარ, ანგელოზები დაგიცავენ.

„და დაემხო რუთი პირქვე, და თაყვანი სცა მას მიწამდე და უთხრა: ‘რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხო ტომის ქალი მიმიღე?’ და მიუგო ბოყაზმა და უთხრა მას: ‘ყველაფერი გაგებული მაქვს, რაც შენი დედამთილისათვის გააკეთე ქმრის სიკვდილის შემდეგ – მამაშენი, დედაშენი და შენი სამშობლო ქვეყანა რომ მიატოვე და მოხვედი ხალხში, რომელსაც არ იცნობდი არც გუშინ და არც გუშინწინ.’“ (რუთ. 2:10-11).

რამდენმა თქვენგანმა მიატოვეთ ქვეყნიერება და მოხვედით უფლის სახლში? რამდენი თქვენგანი შეხვდა წინააღმდეგობას ახლობლებისგან, ნათესავებისა თუ ოჯახის წევრებისაგან? გახსოვდეს, რომ ნეტარი ხარ. იესოს გაგებული აქვს შენ შესახებ, მასთან მისულია ამბავი, რომ შენ ყველაფერი მიატოვე, რათა მის მინდორში მისულიყავი.

„’უფალმა გადაგიხადოს მაგ საქმისთვის, სრული საზღაური მოგეზღოს უფლისაგან ისრაელის ღმერთისაგან, რომლის ფრთებქვეშ შესაფარებლადაც შენ მოხვედი.’ და უთხრა: ‘მადლი მიპოვია შენს თვალში, ჩემო ბატონო, რაკი მანუგეშე და გულითადად მელაპარაკე შენს მხევალს, თუმცა კი შენი ერთი მხევლის ღირსიც კი არ ვარ.’“ (რუთ. 2:12-13).

ნახეთ, როგორი დამოკიდებულება აქვს რუთს – არა ამაყი, არა ამპარტავანი. მიუხედავად იმისა, რომ მიღებულია, ამბობს: ჩემს ყველა და-ძმაზე მცირე ვარ.

„და უთხრა მას ბოყაზმა: ‘მოდი და აქ ჭამე პური, და ლუკმა ამოაწე ძმარში.’ და დაჯდა რუთი მომკელთა გვერდით, და მიაწოდა მას ბოყაზმა ქუმელი. და მან ჭამა და დანაყრდა, და კიდეც დარჩა.“ (რუთ. 2:14).

გვახსოვდეს ერთი რამ: ვიდრე მინდორში ვართ, საკმარისზე მეტი გვექნება. ვიდრე მინდორში ვართ, ღმერთია ჩვენზე მზრუნველი. ვიდრე მინდორში ვართ, შევჭამთ, დავნაყრდებით და კიდეც დაგვრჩება.

1) ქრისტეს საპატარძლო მის მინდორშია.

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქრისტეს არმია ვართ. ქრისტეს მეომრად ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ მახვილები გვიჭირავს სულიერ სამყაროში და აქეთ-იქით ვიქნევთ. ჩვენი ჯარისკაცობა იმაში გამოიხატება, რომ ვილოცოთ და ვიშუამდგომლოთ. როცა იესო პილატეს წინაშე იდგა, ეს უკანასკნელი ეუბნებოდა მას: განა არ იცი, რომ მაქვს ძალაუფლება, მოგკლა ან ცოცხლად დაგტოვოო. იესომ ამაზე უპასუხა: ეს ძალაუფლება მე მაქვს, რადგან საკუთარი ნებით ვდებ სიცოცხლეს. რომ დამჭირდეს, 12 ლეგიონ ანგელოზებს დავუძახებდიო. იესოს არ უთქვამს, რომ თავის 12 მოწაფეს დაუძახებდა. მან თქვა: მე ჩემს ზეციურ ჯარს დაუძახებ, თუ დამჭირდაო.

გახსოვთ, ალბათ, ელისეს და მისი მსახურის ისტორია, როცა ელისემ სთხოვა უფალს, თვალები აეხილა მისი მსახურისთვის, რათა მასაც დაენახა ანგელოზთა ჯარი, რომელიც მათ დასაცავად იყო იმ ადგილას მისული.

2) ვიდრე ჩვენ მინდორში ვიმყოფებით, ღმერთს ნაბრძანები აქვს თავისი ანგელოზებისთვის, რათა მათ დაგვიცვან. ბიბლია ლაპარაკობს, რომ ერთ ანგელოზს უზარმაზარი მტრის ჯარის შეჩერება შეეძლო. 12 ლეგიონი 120 000 ანგელოზია.

3) არ მოგვაკლდება პური და წყალი, ვიდრე მინდორში ვრჩებით. ნუ გავხდებით ინერტულები. გამუდმებით ვეძებოთ ღმერთის სახე. მას უნდა, თავისი სიმდიდრე გაგვიმჟღავნოს. არ მოგვაკლდება ცხებულება.

4) ბოლომდე დავრჩეთ მინდორში. მნიშვნელობა არ ექნება ჩვენს ქრისტიანულ სტაჟს, რაც არ უნდა შთამბეჭდავი ციფრი იყოს ის, თუკი ბოლოს გადავუხვევთ. იესომ თქვა: „ბოლომდე მომთმენი გადარჩება.“ იესო დაბრუნდება მათთვის, ვინც მინდორში რჩება.

კოტე ძებისაშვილი – თბილისის სახარების რწმენის ეკლესიის ღვთისმსახური

11.10.2009

ჩატვირთვა...