მამუკა ჯებისაშვილი – „ნამდვილი და ყალბი ქრისტიანობა”

589

მან მისცა ყველა ადამიანს შესაძლებლობა, შეურიგდნენ ღმერთს იესო ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით.  

დღეს, როგორც არასდროს, ახლოა მისი მოსვლის დღე.

დროა, მივატოვოთ ქრისტიანობანას თამაში.

კაცობრიობამ უნდა განსაზღვროს, საით მიდის: მუდმივობაში ღმერთთან, თუ ჯოჯოხეთში ეშმაკთან.

ბიბლია მოგვითხრობს მწყემს დავითზე, რომელზეც ღმერთმა თქვა წინასწარმეტყველის პირით, რომ ის იქნებოდა შემდეგი მეფე ისრაელისა. მაშინ ეს ძნელი წარმოსადგენი იყო. გავიდა დრო და ღმერთმა დაიწყო ადამიანების მიყვანა თავისთან, რომლებიც იყვნენ მისი მორჩილნი. (1ნეშტ. 12:32) ისაქარის ძეთაგან ორასი მეთაური იყო, რომელთაც იცოდნენ დრო-ჟამთა გულისხმისყოფა და უწყოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით იქცეოდა.მათი სიბრძნე და წარმატება იყო იმაში, რომ ესმოდათ, რა და როდის უნდა გაეკეთებინათ.

ღმერთმა მოგვცა პრივილეგია, ვიცხოვროთ კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდში.

ჩვენ შეგვიძლია ჩვენი რწმენის თავისუფლად აღიარება, არ არის ომი, ცივილიზაცია თავისი განვითარების პიკშია… მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ჩვენ შევეჯახეთ უფრო დიდ გამოწვევებს, ვიდრე წინა თაობა.

ადამის ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად გახლდათ, მათ წინაშე მხოლოდ ერთი ცდუნება იყო – ხე შუაგულ ბაღში, თუმცა მათ ვერ აუარეს გვერდი მას.

ჩვენ კი დღეს უკმაყოფილებას გამოვთქვამთ ახალგაზრდების საქციელის გამო, მათ მანერებსა თუ ცხოვრების სტილზე. ჩვენ ისინი ისეთი გაუგებარნი გვეჩვენებიან… მაგრამ რამდენი ცდუნება ხვდებათ თანამედროვე ახალგაზრდებს? ასჯერ მეტი, ვიდრე ადამს.

ცხოვრება უცებ იცვლება. ეკლესია არ აღმოჩნდა მზად ახალი ცხოვრებისეული რეალობის წინაშე. ხშირად მორწმუნეებმა არ იციან, რა გააკეთონ.

ქრისტიანებმა კარგად ისწავლეს, გარეგნობით განასხვაონ ცოდვილები წმიდანებისგან. თუ ბიჭს ყურზე საყურე აქვს, გასაგებია – ცოდვილია. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გონიერნი, რომ გავიგოთ ამ ახალგაზრდების მოთხოვნილება, რათა ქვეყნიერებაში აბნეულთ მივცეთ რჩევა.

ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ეკლესიისათვის არის თვალთმაქცობა. ვინ არის თვალთმაქცი? ეს არის ის, ვინც თავის ბოროტ განზრახვებს და არაწრფელობას ფარავს სიკეთით.

ადამიანებს არ შეუძლიათ ამის გაგება და ამიტომ არ მიდიან ეკლესიაში. ბიბლია ამბობს, რომ ისაქარის ძეებმა იცოდნენ დროის ამოცნობა.

ამ ისტორიულ პერიოდში ღმერთმა განსაზღვრა ადგილი ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როდის რა გავაკეთოთ. ღმერთის მიზანი და ხედვა უნდა გაერთიანდეს ჩვენში. ეს აგვანთებს ჩვენ, მოტივაციას მოგვცემს და წამოგვაყენებს დილით თუ ღამით სალოცავად.

ყველაზე ძნელია ქრისტიანისთვის – დაეთანხმოს ღმერთის სიტყვას, რომელიც ამბობს “ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას” (რომ. 3:24)  ძნელია აღიარო, რომ ერთ-ერთი შენ ხარ მათში, ვინც შესცოდა.

მონანიება შეიძლება გვაშინებდეს, თუ ორმაგ ცხოვრებას ვეწევით. გარეგნულად ერთი ვართ და შინაგანად – სხვები. ჩვენ შეგვიძლია გავიღიმოთ, ვიღაცა ჩავიხუტოთ კიდეც, მაგრამ შინაგანად არ განვიცდიდეთ არანაირ სიყვარულს ადამიანისადმი. გარეგნულად სულიერ სახეს ვინარჩუნებთ, შინაგანში კი ომი მიმდინარეობს და ქარბუქია. რაც გვჭირდება ამ დროს არის ის, რომ უფალთან მივიდეთ ისეთნი, როგორნიც ვართ და ვაღიაროთ მასთან ჩვენი თვალთმაქცობა.

თუ გვინდა, გავიგოთ ხალხის საჭიროებები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, ჩვენ გვჭირდება ცვლილებები. თვალთმაქცობა რწმენას კლავს. გავიხსენოთ ისტორია ანანიასა და საფირაზე, საქმეების წიგნიდან. (საქ. 5:1–11).

პირველ ეკლესიას იესოს დაბრუნების მოლოდინი უფრო ძლიერ ჰქონდა, ვიდრე ჩვენ. მორწმუნეები ყიდდნენ თავიანთ ქონებას და საფასური მოციქულებთან მოჰქონდათ. ყველაფერი საერთო ჰქონდათ. ერთმა წყვილმა იფიქრა: „ყველას მიაქვს, ჩვენ  ვისზე ნაკლებნი ვართ?”

მათ მოინდომეს ადამიანების მოხიბვლა. გაყიდეს ქონება, მაგრამ გადაწყვიტს მთელი ფული არ მიეტანათ. ნაწილი დამალეს თავისთვის, დანარჩენი კი ეკლესიაში წაიღეს და თქვეს, რომ მთელი ფული მიიტანეს. მათ სურდათ არა ღმერთის მოხიბვლა, არამედ ადამიანებისა.

არავინ აიძულებდა მათ სახლის გაყიდვას და მით უმეტეს ფულის მოტანას. ამის გაკეთებით მათ სურდათ ხალხის თვალში ამაღლებულიყვნენ. როცა სერიოზული (გაბღენძილი) ანანია შემოვიდა ეკლესიაში, მოციქულმა პეტრემ უთხრა მას: (საქ. 5:3-4) „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა მიწის საფასურიდან?   განა რაც გქონდა, შენი არ იყო და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? ადამიანებს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.“ რისთვის იყო საჭირო ეს თამაში? ხომ შეეძლოთ, ეთქვათ: გავყიდეთ მთელი ქონება, მაგრამ ნაწილი მოვიტანეთ, რაზეც გული განგვეწყო, იმას ვწირავთ უფალს.

როგორც კი მოისმინა პეტრეს სიტყვები ანანიამ, უსულოდ დაეცა იმავე წუთს. ღმერთისთვის საზიზღრობა იყო მისი თვალთმაქცობა.

ცოლი, რომელმაც არაფერი იცოდა, რაც მოხდა, სამი საათის შემდეგ მოვიდა ეკლესიაში და მოციქულმა პეტრემ შეკითხვა დაუსვა. (საქმე 5:8-10) ჰკითხა მას პეტრემ: „მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?” თქვა: “დიახ, ამდენად.” პეტრემ უთხრა მას: “რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფერხნი, და შენც გაგიტანენ.”  დაეცა იგი უცბად მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს.” რატომ მოხდა ასე? თითქოს სასიკვდილო არაფერი გაუკეთებიათ, ეს ფული ხომ არ მოუპარავთ – უბრალოდ წაითამაშეს ღმერთთან.

მათ უნდოდათ ყოფილიყვნენ ისინი, ვინც არ იყვნენ.

დღეს რომ მოციქულ პეტრეს ეთქვა ჩვენთვის: „ვინც წრფელია, ღმერთისადმი მიძღვნილი, ცხოვრობს მართლის ცხოვრებით და სიწმინდეში, გამოდით წინ.” ვინ გამოვიდოდა? რამდენია ჩვენ შორის მოუმწიფებელი ქრისტიანი?

იესო ქრისტე ამხელდა ფარისევლებს. (მათ. 23:25) „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, მაგრამ შიგნით სავსენი ხართ მტაცებლობით და უსამართლობით.“  ფარისევლებმა კარგად იცოდნენ წერილები, გულმოდგინედ ლოცულობდნენ, ქუჩის კუთხეებში დგებოდნენ და ღვთისმსახურებას ასრულებდნენ. მაგრამ ეს იყო მხოლოდ გარეგნული მხარე, შინაგანად სულ სხვანი იყვნენ. იესო გვაფრთხილებდა, რომ არ დავემსგავსოთ ფარისევლებს.

შევძლებთ კი ვინმეს მიყვანას ქრისტესთან, თუ ნამდვილები არ ვიქნებით? ბევრი ჩვენგანი ზედმეტად დაკავებულია გარეგნულით, იმიჯით; ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხის აზრი, ვიდრე უფლისა. მაგრამ თუ გვინდა, შევიძინოთ ჩვენი ახლობლები და ნათესავები, ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ ქრისტეს, მაშინ უნდა შევწყვიტოთ ეკლესიობანას თამაში და გავხდეთ ისეთები, როგორებიც უნდა ვიყოთ.

ადამიანებს არწმუნებს არა ლამაზი სიტყვები, არამედ  ჩვენი ცხოვრების ნაყოფები. მრავალი ჩვენგანი გაოგნებული ადევნებს თვალს საკუთარ ნაკლს თავის შვილებში. ჩვენ კი გვსურს ყველაფერი სხვაგვარად იყოს.

ჩვენი შვილები იმახსოვრებენ არა იმას, რასაც ვასწავლით, არამედ იმას, რასაც ჩვენ თვითონ ვაკეთებთ. ჩვენ ვასწავლით ცოდვილთ, როგორ უნდა იქცეოდნენ, ჩვენ თვითონ კი სხვაგვარად ვიქცევით.

ეს სხვა არაფერია, თუ არა თვალთმაქცობა და ფარისევლობა.

ჩვენი ქცევები, სიწრფელე სიტყვებში და საქმეში მოიზიდავს ადამიანებს ქრისტესთან. თუ დაინახავენ ჩვენს მიძღვნას და წრფელ სურვილს ღმერთისადმი მსახურების, მათ მოუნდებათ ჩვენი მობაძვა. ადამიანებს არწმუნებს არა ჩვენი ლამაზი სიტყვები, არამედ ჩვენი გული.

მჯერა, რომ ყველ ადამიანში არის რწმენის ფესვი. ჩვენ მოვედით ამ ქვეყნიერებაზე არა მარტო მშობლების წყალობით, არამედ, პირველ რიგში, ღმერთისა, რომელმაც შთაგვბერა სიცოცხლის სუნთქვა.

ყველა ჩვენგანში არის შინაგანი ძიება, წყურვილი ღმერთისადმი, სურვილი, რომ მუდმივობა გავატაროთ ზეცაში მასთან ერთად. თუ გვინდა, ქვეყანა ქრისტესთან მივიყვანოთ, ჩვენ უნდა მოვეშვათ თამაშს და გავხდეთ ნამდვილნი და თუ ამისთვის საჭიროა ღრმა მონანიება ჩვენი ღმერთის წინაშე, მოვინანიოთ.

ჩვენ უნდა გავიგოთ მისი მიზნები ჩვენი ცხოვრებისთვის. ღმერთმა მოგვიყვანა ეკლესიაში არა იმისთვის, რომ მსჯავრი დაგვადოს, არამედ შეგვცვალოს და თავისი მსგავსი გაგვხადოს.

უფალს სურს, რომ ჩვენ შევძლოთ გავლენის მოხდენა ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე მის სადიდებლად.

მამუკა ჯებისაშვილი

                                                                                                                                           2013 წელი.

ჩატვირთვა...